"მამაკაცი ცოლ-შვილს ელოდებოდა, სალონში ჰყავდა მოყვანილი. 7 - 8 გასროლა იყო" - რას ჰყვებიან ადგილობრივები ბათუმში მომხდარ მკვლელობაზე - კვირის პალიტრა

"მამაკაცი ცოლ-შვილს ელოდებოდა, სალონში ჰყავდა მოყვანილი. 7 - 8 გასროლა იყო" - რას ჰყვებიან ადგილობრივები ბათუმში მომხდარ მკვლელობაზე

ბათუმში ე.წ ბონის ქუჩაზე, ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე, ხალხმრავალ ადგილას, შეიარაღებულმა დამნაშავემ 43 წლის მამაკაცს რამდენიმე ტყვია ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მამაკაცს სხეულის სხვადასხვა ადგილას ჭრილობები აღენიშნებოდა და ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

ტრაგედიის ადგილზე ამ დრომდე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. იქ სამართალდამცავები და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. მოკლული მამაკაცი როლიკა დავითაძეა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო გამოყენებას გულისხმობს.

ადგილობრივების თქმით, მამაკაცი ქუჩაში იდგა, როცა მისი მისამართით ატყდა სროლები და პირველადი ინფორმაციით, მას დამნაშავე ჩაუსაფრდა.

“რამდენიმე გასროლის ხმა გავიგე, 7 თუ 8 გასროლა იყო, მერე გავიგე, რომ ახალგაზრდა კაცი მოუკლავთ, რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილიო, მკვლელი გაიქცა იქიდან. ამბობენ, ცოლ-შვილს ელოდებოდა ეს კაცი, სალონში ჰყავდა მოყვანილი. როგორი საშიში გახდა ცხოვრება, ქუჩაში გადაადგილების უნდა გეშინოდეს ადამიანს, 8 გასროლა მაინც იქნებოდა, გამიზნულად ჰყავს მოკლული, ეტყობა განზრახ გამიზნული მკვლელობა იყო.

მიზეზი არ ვიცი და არც არაფერი ვიცი სხვა მომხდარზე, იმედია უმკაცრესად დაისჯება დამნაშავე და მას მალე დააკავებენ. წარმოუდგენელია, ასე დღისით მზისით კლავენ ქუჩაში უმოწყალოდ ადამიანს. მე არ ვიცნობდი ამ ბიჭს, საშინელება ტრიალებდა იქ, ახლოს მისვლაც ვერ შევძელი. მალევე გადაიყვანეს კლინიკაში, ცოცხალი იყო, მაგრამ იქ გარდაცვლილა. სადაც ეს ამბავი მოხდა, იქვეა სკოლა, დღეს საბედნიეროდ ბავშვები არ არიან სკოლაში, თორემ ხომ შეიძლება გასროლილ ბრმა ტყვიას კიდევ ვინმე მოეკლა. სულ ხალხმრავლობაა იქ, იქვეა ავტობუსების გაჩერება. როგორ დააობლეს ოჯახი, რატომ მოკლეს ეს არ ვიცი, ალბათ ამას პოლიცია გაარკვევს,”- ამბობს ადგილობრივი.

“როლიკა დავითიძეა მოკლული, ხელვაჩაურის სოფელ ფერიაში ცხოვრობს. ძალიან კარგი ბიჭი, არ ვიცი რატომ მოკლეს, ახლა სოციალური ქსელით გავიგე ეს ამბავი და ძალიან განვიცდი. შოკირებული ვარ და ძალიან განვიცდი”- ამბობს ჩვენთან საუბარში მოკლულის ნაცნობი და სამძიმარს უცხადებს ოჯახს.

"ძალიან მშრომელი და პატიოსანი ბიჭი იყო, ყველას გვიკვირს როლიკას მკლელობა, ახლა ამბობენ, ვინმეში ხომ არ შეეშალა მკვლელსო, ვერ აგვიხსნია რატომ უნდა მოეკლათ. შვილის თვალწინ არის მოკლული, ფერიაში ცხოვრობს და მართლა გაოგნებულები და გაკვირვებულები ვართ ამ ამბით" - ამბობს ჩვენთან საუბრისას ადგილობრივი.

კვირის პალიტრა სამძიმარს უცხადებს მოკლული მამაკაცის ოჯახს, ფაქტზე გამოძიება გრძელდება და მეტი დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი.