კრიმინალის ახალი გეოგრაფია - კვირის პალიტრა

კრიმინალის ახალი გეოგრაფია

ბ ოლო წლებში მსოფლიოს რამდენიმე ქალაქი უკიდურესი ძალადობისა და ორგანიზებული დანაშაულის სიმბოლოდ იქცა. ნარკოკარტელების ომები, სუსტი სახელმწიფო კონტროლი, კორუფცია და ეკონომიკური კრიზისი _ ეს ყველაფერი ყოველდღიურ ცხოვრებას განსაკუთრებით საშიშს ხდის როგორც ადგილობრივებისთვის, ისე უცხოელი ვიზიტიორებისთვის.

კოლიმა - მექსიკის სისხლიანი ქალაქი

კოლიმა დღეს მექსიკის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ქალაქად ითვლება. მკვლელობების მაჩვენებელი იმდენად მაღალია, რომ ქალაქი ხშირად მსოფლიოს ყველაზე მაღალი ჰომიციდის მაჩვენებლის მქონე ადგილებს შორის სახელდება. მთავარი მიზეზი ნარკოკარტელებს შორის მიმდინარე დაპირისპირებაა. კოლიმას განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ აქ მდებარეობს მანზანილიოს პორტი _ მექსიკის უდიდესი საზღვაო პორტი, რომელიც აზიიდან შემოსული ფენტანილის პრეკურსორებისა და სხვა ნარკოტიკების მთავარი შესასვლელი წერტილია. ქალაქში ძალაუფლებისთვის ერთმანეთს ორი გავლენიანი კარტელი ებრძვის. მათ დაპირისპირებას ხშირად შეიარაღებული შეტაკებები, გატაცებები და გამოძალვა ახლავს.

ზაკატეკასი - კარტელების ომის ეპიცენტრი

ზაკატეკასი მექსიკაში კვლავ ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური რეგიონია. ქალაქი სტრატეგიულად მნიშვნელოვან სატრანზიტო მარშრუტზე მდებარეობს, რაც ნარკოკარტელებისთვის ძალზე ხელსაყრელია.

ძალადობა ხშირად ქუჩებში ღიად ვლინდება და საფრთხეს მშვიდობიან მოსახლეობასაც უქმნის. ქალაქში განსაკუთრებით მაღალია გატაცებების, გამოძალვისა და მკვლელობების მაჩვენებელი, რის გამოც საერთაშორისო უწყებები მოგზაურებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

დურანი - ეკვადორის „მკვლელობის დედაქალაქი“

დურანი ბოლო წლებში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ქალაქად ჩამოყალიბდა.

2023 წელს მკვლელობების მაჩვენებელმა 100 000 მოსახლეზე 147-ს გადააჭარბა.

კოლუმბიიდან და პერუდან შემოსული კოკაინი სწორედ აქედან იგზავნება წყნარი ოკეანის გავლით ევროპასა და ამერიკაში.

დურანში რამდენიმე კრიმინალური დაჯგუფება აკონტროლებს ტერიტორიებს, ნარკომარშრუტებსა და გამოძალვის სქემებს. ადგილობრივ მოსახლეობას ხშირად "დაცვის ფულის" გადახდა უწევს. ძალადობა იმდენად მასშტაბურია, რომ თავდასხმების სამიზნე არაერთხელ გამხდარან საჯარო მოხელეებიც, მათ შორის ქალაქის მერიც.

კარაკასი - კრიზისისა და დანაშაულის ქალაქი

კარაკასი წლების განმავლობაში მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დედაქალაქად მიიჩნევა. ქალაქში განსაკუთრებით გავრცელებულია შეიარაღებული ძარცვა, გატაცებები და მკვლელობები.

ექსპერტები კრიმინალის ზრდას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებენ: ეკონომიკურ კრიზისს, ინფლაციას, სიღარიბეს, კორუფციასა და სამართალდამცავი სისტემის სისუსტეს.

ქალაქის ღარიბ უბნებში დღემდე ძლიერ გავლენას ინარჩუნებენ ქუჩის ბანდები. მიუხედავად იმისა, რომ ვენესუელის დედაქალაქში ბოლო წლებში უსაფრთხოების მდგომარეობა ნაწილობრივ გაუმჯობესდა და ღამის ცხოვრება შედარებით გააქტიურდა, უცხოელი მოქალაქეებისთვის კარაკასი კვლავ მაღალი რისკის ზონად ითვლება.

კესარია ხოსიტაშვილი