"მგონია, რომ უნდა გაჩერდეს ნიკა მელია - წარსული შეიძლება გავარკვიოთ იმის მერე, რაც საქართველოს მომავალი იქნება გარკვეული" - რას ამბობს გედევან ფოფხაძე?
ჩვენი სამშობლო გაჭირვებაშია და უნდა დავდგეთ იმაზე მაღლა, ვიდრე იმის გარკვევაა, ვის უფრო მეტი დანაშაული გვაქვს იმაში, რომ საქართველო ამ დღეშია - თუ ვინმეს რაიმე მიქარული აქვს, მისთვის ახლა არის შანსი, წარსული გამოასწოროს , - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გედევან ფოფხაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტქალაქში” “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერის, ნიკა მელიასა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაპირისპირების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ფოფხაძის თქმით, ის მიიჩნევს, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა მელია „უნდა გაჩერდეს“.
“მე მგონია, რომ ეს ემოციური ამბავია. ჩემს აზრს ვამბობ, რადგან ამ კამათში მხარე არ ვარ. მიმაჩნია, რომ ახლა ერთიანობა არის საჭირო საქართველოსთვის. ჩვენ ერთად ვდგებით არა ერთმანეთის სიყვარულით, არამედ საქართველოს სიყვარულით, ეს არის ვალდებულება, ამიტომ მე ვიღაც ჩემს გვერდით მომწონს თუ არა, იმას მოვწონვარ თუ არა, ეს უნდა იყოს მეორეხარისხოვანი.
თუ შენ შენი სამშობლო გიყვარს და გინდა რეალური ცვლილებები, რაღაცებს უფრო პრაგმატულად უნდა შეხედო და თუ მერე იქნება კონკურენტული გარემო და თავისუფალი გარემო… ახლა ეს ყველაფერი არ არის.
მე მგონია, რომ უნდა გაჩერდეს [ნიკა მელია] და უნდა შეწყდეს ეს ყველაფერი, ეს არ არის გარკვევა, ამით არაფერი არ ირკვევა. მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ მაგისი [ნიკა მელიამ ყველაფერი გაასაჯაროოს] იმიტომ, რომ მაგ პრინციპით ყველანი ჩასარეცხები გავხდებით, ყველას რაღაც აქვს [ჩადენილი], ცხოვრება არის ისეთი, 50 წელი ვიცხოვრე და რაღაც მეც მაქვს, შეცდომა დაშვებული…
მგონია, ჩვენ ყველა ერთმანეთს ვჭირდებით და ყველა ერთად ვჭირდებით საქართველოს, ამიტომ უნდა გამოვიდეთ ამ პრინციპიდან, ვის რა გვქონდა შეცდომა დაშვებული, არ განიკითხო და არ განიკითხების პრინციპით უნდა იხელმძღვანელოს ყველამ. უნდა გავიაზროთ, რომ წარსული შეიძლება გავარკვიოთ იმის მერე, რაც საქართველოს მომავალი იქნება გარკვეული, თორემ საქართველოს წარსულად ვაქცევთ ჩვენ ამ ყველაფერს”, - აცხადებს ფოფხაძე. გააგრძელეთ კითხვა