გალის სკოლებს „საეჭვო პედაგოგებისგან“ წმენდენ
ოკუპირებული გალის სკოლებში აფხაზებმა რეპრესიების მორიგი ტალღა დაიწყეს. გალის დე ფაქტო საგანმანათლებლო ცენტრში დაიბარეს სკოლის დირექტორები და კატეგორიულად აუკრძალეს თბილისთან ნებისმიერი კომუნიკაცია - მიმოწერა, ანგარიშების გაგზავნა და თანამშრომლობა. შეხვედრის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორი სკოლის დირექტორი სწორედ ქართულ მხარესთან კავშირის ბრალდებით გაათავისუფლეს. რეპრესიები ბავშვებსაც შეეხო. მაისში რამდენიმე გალელი მოსწავლე ზუგდიდში სუფრაზე შესრულებული სიმღერის "აფხაზეთი საქართველოა" გამო გააძევეს. აფხაზეთში შესვლა აუკრძალეს მათ მშობლებსაც. ტერორის კამპანია 6 მაისიდან დაიწყო, როცა აფხაზურ ტელეგრამარხებზე დაიწყეს დოკუმენტების გამოქვეყნება, რომლებიც, მათი მტკიცებით, გალის სკოლების დირექტორების თბილისთან თანამშრომლობას ადასტურებს. ერთ-ერთი დოკუმენტი გაგიდის სკოლის დირექტორის წერილია, სადაც ის თხოვნით მიმართავს ქართულ მხარეს, გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ნონა შონიას, რომ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ სკოლებისთვის საკანცელარიო ნივთები მიაწოდოს. "ეს არის აფხაზური სკოლის დირექტორის მიერ გაგზავნილი დოკუმენტები, რომლებიც აშკარად უგულებელყოფს აფხაზეთის რესპუბლიკას", - წერდნენ ტელეგრამარხები "აიაშარა" და "გაზეტა აბჰ". სხვა არხები უკვე "მოღალატე პედაგოგებზე" ლაპარაკობენ.
"გასულ კვირას გალის რაიონში გაათავისუფლეს რამდენიმე დირექტორი და მასწავლებელი, რომლებიც თანამშრომლობდნენ ე.წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან, - წერდა "სუხუმსკი სვეტილნიკი" და პედაგოგების გვარებსაც ასახელებდა, - გალის რაიონში საგანმანათლებლო პროცესში აქტიურად ჩართული რამდენიმე მნიშვნელოვანი ფიგურა გამოირჩევა. მაგალითად, ზემო ბარღების საშუალო სკოლის დირექტორი კობა რიგვავა, გაგიდის საშუალო სკოლის დირექტორი ხვიჩა ჩიტაია და მაია შონია, გალის მე-2 საშუალო სკოლის მასწავლებელი". არხის მტკიცებით, ქართველი დირექტორები და მასწავლებლები "ორ ხელფასს" იღებენ - ერთს აფხაზური სისტემიდან, მეორეს კი - თბილისიდან. განსაკუთრებულ საფრთხედ კი იმას მიიჩნევენ, რომ მოსწავლეებს ქართულ უნივერსიტეტებში სწავლისთვის ამზადებენ.
კიდევ უფრო მკაცრად წერს "ამრა ლაიფი" და თვლის, რომ "გალის სკოლები საქართველოს გავლენის გამყარების ფრონტად იქცა"... "2025 წლის შემოდგომაზე გალისა და ტყვარჩელის რაიონებში ჩატარდა ინსპექტირება, რამაც დაადასტურა სკოლის დირექტორებსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის დოკუმენტირებული მიმოწერა. თუმცა მიღებული ზომები გასაკვირად ლმობიერი იყო. კვალიფიციური მასწავლებლების დეფიციტის მოტივით ხელისუფლება შემოიფარგლა პრევენციული მოლაპარაკებებით. დირექტორებმა "ჩვეულებისამებრ" ბოდიში მოიხადეს და კონტაქტის შეწყვეტის პირობა დადეს. გალის რაიონში მთელი თაობა რისკავს გაიზარდოს იმ რწმენით, რომ აფხაზეთი საქართველოს დროებით გამოყოფილი ნაწილია. ნიჭიერი ბავშვები სასწავლებლად საქართველოში იგზავნებიან, აფხაზეთი კარგავს ადამიანურ კაპიტალს. დამოუკიდებლობა მოპოვებულია ბრძოლის ველზე, მაგრამ მისი შენარჩუნება მხოლოდ საკლასო ოთახებშია შესაძლებელი", - წერს გამოცემა.
ქართველი პედაგოგების წინააღმდეგ კამპანია განსაკუთრებით გასული წლის შემოდგომიდან გამწვავდა. 1-ლ ოქტომბერს გალის სოფელ შაშიკვარაში დააკავეს რუსულის მასწავლებელი, 39 წლის შალვა ხიზანიშვილი. მას "ჯაშუშობა" დასდეს ბრალად, რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პარალელურად აფხაზურ ტელეგრამარხებზე ვრცელდებოდა ბრალდებები, რომ ქართველი მასწავლებლები თბილისს ინფორმაციას აწვდიან, ბავშვებს ფარულად ქართულად ასწავლიან და წარჩინებულ მოსწავლეებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში აბარებინებენ. დე ფაქტო განათლების მინისტრმა ხანა გუნბამ განაცხადა, რომ გალის სკოლების "საეჭვო პედაგოგებისგან გაწმენდა" უნდა მომხდარიყო და გამოძიებას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შემდეგ დაკითხვებზე დაიბარეს თითქმის ყველა პედაგოგი, ვინც იმხანად ენგურის ხიდი გადაკვეთა და არაოკუპირებულ საქართველოში იმყოფებოდა. "გალის გააფხაზება ვერ შეძლეს და გარუსებაზე გადავიდნენ"
მიხეილ კვატაშვილი, ქართულ-აფხაზური ორგანიზაცია "ამრას" თანადამფუძნებელი: "როდესაც აფხაზებმა დაინახეს, რომ გალის რაიონის გააფხაზება ვერ ხერხდებოდა, გადაწყვიტეს გარუსება და რეგიონში არაერთი რუსული პროექტი აამოქმედეს, მათ შორის, "რუსული სახლის", რომლებიც გალელი ქართველების რუსულ სივრცეში ჩართვას ემსახურება.
7 მაისს აფხაზეთის დე ფაქტო განათლების მინისტრმა ხანა გუნბამ და გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ფილიამ სკოლის დირექტორებთან შეხვედრა გამართეს. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გაათავისუფლეს რამდენიმე დირექტორი და პედაგოგი. დე ფაქტო ხელისუფლება ქართველ პედაგოგებს პირდაპირ ეუბნება, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ნებისმიერი ანგარიშვალდებულება და მიმოწერა უნდა შეწყვიტონ. აფხაზეთში ქართველი მოსახლეობის დაშანტაჟება ძალიან ადვილია, თუნდაც საბუთებითა და დოკუმენტებით. ქართველებს ე.წ. აფხაზეთის მოქალაქეობას არ აძლევენ და, როგორც რუსულად იტყვიან, გალის მოსახლეობა იქ ფაქტობრივად "на птичьих правах" ცხოვრობს - ყოველგვარი უფლებებისა და დაცვის გარეშე... გავიხსენოთ ნათია ბახტაძის საქმე - გალის სკოლაში რუსულის მასწავლებელი იყო, 2023 წელს 28 წლის გოგო აფხაზმა მოკლა და მისი ცხედარი დღესაც არ არის ნაპოვნი. მკვლელს წლების განმავლობაში ხელს აფარებდნენ, წელს კი საქმე მოულოდნელად განაახლეს და 7,5 წლით მიუსაჯეს პატიმრობა. თუმცა, დიდი ალბათობით, სასჯელს სრულად არც მოიხდის.
"ჩვენთან ურთიერთობის გამო პედაგოგებს სჯიან"
ნონა შონია, გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი: - დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს ჩვენთან თანამშრომლობა ყოველთვის ეზღუდებოდათ. წლების განმავლობაში არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ჩვენთან ურთიერთობის გამო ისჯებოდნენ - ზოგს თანამდებობიდან ათავისუფლებდნენ, ზოგს საათებს უმცირებდნენ. ბოლო პერიოდში შეზღუდვები უფრო გამკაცრდა - განსაკუთრებით აეკრძალათ სამუშაო საათებში ენგურს აქეთ გადმოსვლა და შეხვედრები. ახლა ვრცელდება ინფორმაცია ზემო ბარღებისა და გაგიდის სკოლების დირექტორების გათავისუფლების შესახებ, ითქვა, რომ მასწავლებლებად დარჩებიან და საათებს შეუნარჩუნებენ. ჯერჯერობით გათავისუფლების შესახებ ბრძანებაზე ოფიციალურად ხელი მოწერილი არ არის. ხშირია ადგილობრივი განათლების განყოფილებაში დირექტორების დაბარება. აფრთხილებენ, რომ ბავშვებმა არ დატოვონ აფხაზეთი და სასწავლებლად ენგურს აქეთ არ გადმოვიდნენ. სურთ მეტმა ახალგაზრდამ გააგრძელოს სწავლა სოხუმის უნივერსიტეტში.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ გალის ერთ-ერთ სოფლის ბავშვებმა ქართულად იმღერეს და ამის გამო გამოასახლეს. რა იცით ამ ფაქტზე?
- ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ ბავშვებს სოფელი დროებით დაატოვებინეს და ორ კვირაში დააბრუნებდნენ. შეიძლება უკვე დააბრუნეს კიდეც... თუ ატესტატს არ მისცემენ, მაქსიმალურად ვეცდებით ხელი შევუწყოთ.
- გასულ წელს დააკავეს მასწავლებელი შალვა ხიზანიშვილი. რა ეტაპზეა ეს საქმე?
- მხოლოდ ის ვიცით, რაც საჯარო სივრცეში გავრცელდა. ინფორმაცია პრაქტიკულად არ გამოდის. შალვა ხიზანიშვილი სოფელ სიდაში Aრუსულის მასწავლებლად მუშაობდა, მისი დედაც პედაგოგია, გალის პირველ საშუალო სკოლაში ბიოლოგიას ასწავლის და მუშაობას კვლავ აგრძელებს. ჩვენ მასთან კონტაქტი არა გვაქვს.
- სკოლის დირექტორების წინააღმდეგ სკანდალი ტელეგრამარხებზე დაიწყო. წერდნენ, რომ ისინი აფხაზეთის ა/რ მთავრობას დახმარებას სთხოვენ და ანგარიშებს აბარებენ. დიდი ალბათობით, დე ფაქტო ხელისუფლებაში ეს წლებია იციან და რატომ გახდა ახლა სკანდალის მიზეზი?
- რა თქმა უნდა, აქამდეც იცოდნენ. უბრალოდ, პერიოდულად ვითარება მწვავდება და ახლა ერთ-ერთი ასეთი ეტაპია. ე.წ. ხელისუფლება შეიცვალა, ახალი ხალხი მოვიდა და, ალბათ, ახალი მიდგომებიც აქვთ. იმედია, შერიგების სახელმწიფო სტრატეგია იმუშავებს და გალელებს შეუმსუბუქდებათ ცხოვრების პირობები.
"გალელ ბავშვებს ეუბნებიან, რომ მათი ქვეყანა საქართველო აღარ არის"
მარიამი, გალის რაიონის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრები:
"რამდენიმე კვირის წინ ჩვენი სოფლიდან მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა ენგურს აქეთ სუფრაზე იმღერეს "აფხაზეთი საქართველოა", რის გამოც ბავშვები მშობლებთან ერთად გაასახლეს და აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს. გასახლებულმა ბავშვებმა ჯერაც არ იციან, საატესტატო გამოცდებზე დაუშვებენ თუ არა. სკოლის დირექტორიც დაიბარეს. აფხაზებმა ქართველ მასწავლებლებს პირდაპირ უთხრეს, თქვენი გაზრდილი ბავშვები საქართველოში მიდიან სასწავლებლად და რატომ უნდა გიხადოთ ხელფასი, თუ სხვა ქვეყნისთვის ამზადებთო. ისინი ითხოვენ, რომ მასწავლებლებმა დანარჩენ საქართველოსთან კავშირი გაწყვიტონ და მოსწავლეებს ისეთი აზროვნება ჩამოუყალიბონ, რომ აფხაზები მტრები არ არიან, აფხაზეთია მათი ქვეყანა და არა საქართველო და გალელები სოხუმში უნდა წავიდნენ სასწავლებლად.
ყოველ წელს მოდიან და აგიტაციას ატარებენ, რომ იქ გავაგრძელოთ სწავლა, თუმცა მე და ჩემს მეგობრებს ამის სურვილი არასდროს გაგვჩენია. რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა ახალგაზრდებმა სწავლა სოხუმში გააგრძელეს, მაგრამ უმეტესობა საქართველოში მიდის...
სკოლებში ქართული ენა კვირაში მხოლოდ ორჯერ ისწავლება, როგორც უცხო ენა. მერე მასწავლებლები ჩუმად, დამატებით ამეცადინებენ ბავშვებს ქართულად. სწორედ ეს არ მოსწონთ აფხაზებს და ამიტომ კონტროლი სულ უფრო მკაცრდება. სოფელ გაგიდის სკოლის დირექტორი გაუშვეს თანამდებობიდან, თბილისში აფხაზეთის მთავრობას სთხოვდა ცარცებს და საკანცელარიო ნივთებს და ამის გამო გაათავისუფლეს. ახლა სხვა პედაგოგებს და დირექტორებს ეშინიათ, ყველა მიმოწერა იშიფრება, ტელეფონი ისმინება და არ გვინდა პრობლები შეგვექმნასო.
ეკატერინე ბასილაია