როგორ  შეძლო პირველი ბირთვული აფეთქება „ავიამზიდების რისხვამ“ - თბილისურმა „შებოლილმა თევზმა“ - კვირის პალიტრა

როგორ  შეძლო პირველი ბირთვული აფეთქება „ავიამზიდების რისხვამ“ - თბილისურმა „შებოლილმა თევზმა“

1962 წლის 22 აგვისტოს კრემლში ნიკიტა ხრუშჩოვიც კი ანერვიულდა, როდესაც თავდაცვის მინისტრმა მოახსენა, ფრთოსან რაკეტაზე ბირთვული ქობინი საბრძოლო მზადყოფნაშია, მაგრამ ბომბდამშენის ეკიპაჟი მის გაშვებას ვერ ახერხებს, ასეთ მდგომარეობაში კი თვითმფრინავის აეროდრომზე დაბრუნება უდიდეს საფრთხეს შეგვიქმნის, შეიძლება ახალი „ჰიროსიმა“ მოგვიწყოსო.

ამ დროს კი საბჭოთა კავშირის ჩრდილოეთით, კარის ზღვის თავზე, დიდი ტრაგედია მწიფდებოდა - ჩრდილოეთ ფლოტის 924-ე საზღვაო რაკეტმზიდი საავიაციო პოლკის Ту-16К-10 ბომბდამშენის ეკიპაჟის შვიდივე წევრს სიმწრის ოფლი ასხამდა, რადგან მათგან რამდენიმე მეტრში ჩამოკიდებული იყო ათიოდე მეტრის ფრთოსანი რაკეტა, რომლის ბირთვულ ქობინს მოხსნილი ჰქონდა დაცვის პირველი საფეხური და გამზადებული იყო ასაფეთქებლად, მაგრამ რაკეტას არ „სურდა“ მოსცილებოდა ბომბდამშენს და გაფრენილიყო ნოვაია-ზემლიას პოლიგონისკენ ასაფეთქებლად. გაჯიუტებული“ რაკეტა, რომელსაც არ სურდა“ "ბირთვული კამიკაძეობა"... თბილისის საავიაციო ქარხანაში გახლდათ აწყობილი.

საიდუმლო ბირთვული საგამოცდო ოპერაცია, სახელწოდებით "შკვალი", თავიდანვე დაითარსა - ბომბდამშენის აეროდრომიდან აფრენამდე გაირკვა, რომ წინადღეს სავარჯიშო ფრენის დროს, როდესაც თვითმფრინავზე ჩამოკიდებულ ფრთოსან რაკეტას ჯერ მხოლოდ ბირთვული ქობინის იმიტატორი ეყენა, რაკეტის ტექნიკურ პარამეტრებში უზუსტობები დაფიქსირდა და სათუო გახდა რეალური ბირთვული ქობინით აღჭურვილი რაკეტით გაფრენა. არადა, ამ საიდუმლო საგამოცდო ოპერაციის„"შკვალის"“ შედეგებს მოუთმენლად ელოდნენ მოსკოვში, რადგან მისი წარმატებით დასრულების შემთხვევაში საბჭოთა კაშირის უმთავრეს ბირთვულ მოწინააღმდეგეს - აშშ-ს უზარმაზარი პრობლემები შეექმნებოდა.

„პირველი "ცივი ომის" საწყის ეტაპზე ამერიკელთა უმთავრესი დამრტყმელი ძალა ავიამზიდები იყვნენ, რადგან 1960-იანი წლების დამდეგს ბირთვული ქობინებით აღჭურვილ ბალისტიკურ და ფრთოსან რაკეტებს ჯერ კიდევ არ შეეძლოთ ძალიან შორს ფრენა, ხოლო საბჭოთა კავშირის სანაპიროებთან რამდენიმე ასეულ კმ-ში მოდრეიფე ამერიკული ავიამზიდებიდან აფრენილ საგემბანო "ფანტომებს"“ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული და თერმობირთვული საავიაციო ბომბების ჩამოგდება ძალუძდათ მურმანსკის, არხანგელსკის, ლენინგრადის თუ ვლადივოსტოკის თავზე. შესაბამისად, კრემლი ძალიან უფრთხოდა ამერიკული საავიამზიდო დამრტყმელი საზღვაო ჯგუფების გამოჩენას საბჭოთა კავშირის მიმდებარე ოკეანეებისა და ზღვების აკვატორიებში და საბჭოთა ავიაკონსტრუქტორებს მიეცათ დავალება, რაც შეიძლება მალე შეექმნათ ისეთი ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტები, რომლებიც რამდენიმე ასეული კმ-ის სიშორიდან გაშვების შემდეგ ზუსტად მოხვდებოდნენ ღია ზღვაში მცურავ ამერიკულ ავიამზიდებს და მათ მწყობრიდან გამოიყვანდნენ ან ჩაძირავდნენ.

2-prtosani-1780253861.png
თბილისის საავიაციო ქარხანაში აეწყო 1 669 ერთეული ასეთი К-10С ტიპის ფრთოსანი რაკეტა, რომლებიც ჯერ საბჭოთა კავშირისა და შემდეგ რუსეთის შეიარაღებაში 1962 -დან 1994 წლის ჩათვლით ირიცხებოდა...

მაგრამ ასი ათას ტონამდე წყალწყვისა და სამას მეტრამდე სიგრძის ატომური ავიამზიდის ჩაძირვა ადვილი არ არის - საბჭოთა სამხედრო სპეციალისტებმა გამოთვალეს, რომ ერთი ასეთი ამერიკული ატომური ავიამზიდის ჩასაძირად არანაკლებ 10-12 ფრთოსანი რაკეტის ზუსტი მოხვედრაა საჭირო, თუმცა ეს იმ შემთხვევაში, თუკი რაკეტები მხოლოდ ჩვეულებრივი ასაფეთქებელი ნივთიერებების, ტროტილისა და ჰექსოგენის მქონე საბრძოლო ქობინებს შეიცავენ. თუკი ფრთოსან რაკეტას საბრძოლო ნაწილში დაუყენდება ბირთვული ქობინი, მაშინ ავიამზიდზე არაპირდაპირი მოხვედრის შემთხვევაშიც კი საკმარისი იქნება ნამდვილი „ჰიროსიმის“ მოწყობა.

1962 წლის 22 აგვისტომდე, ანუ ოპერაცია "შკვალის" დაწყებამდე, საბჭოთა კავშირს სემიპალატინსკისა და ნოვაია-ზემლიას პოლიგონებზე უკვე ჰქონდა გამოცდილი 154 ატომური, ბირთვული და თერმობირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოცდა მიწაზე, მიწის ქვეშ, წყალზე, წყალქვეშ, ჰაერში და კოსმოსშიც კი, მაგრამ„"შკვალის" დანიშნულება სულ სხვა რამ გახლდათ. სწორედ ოპერაცია "შკვალი" უნდა ყოფილიყო პირველი გამოცდა იმის დასადასტურებლად, რომ თბილისის საავიაციო ქარხანაში აწყობილ К-10С ტიპის საჰაერო ბაზირების მართვად ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსან რაკეტას, იმავე Комета-10-ს, შეეძლებოდა თუ არა უსაფრთხო სტარტის აღება ბომბდამშენიდან, რამდენიმე ასეული კმ-ის გაფრენა და ნოვაია-ზემლიას პოლიგონზე წყალზედა სამიზნეზე რეალური ბირთვული ქობინის ზუსტად მიტანა და აფეთქება - თუკი ეს გამოვიდოდა, მაშინ საბჭოთა კავშირს თავის არსენალში ექნებოდა მრისხანე იარაღი ამერიკული ავიამზიდების წინააღმდეგ საბრძოლველად!

თბილისის საავიაციო ქარხანაში იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული შეიარაღების სახეობის ბირთვული ქობინის მატარებელი К-10С ტიპის საჰაერო ბაზირების მართვადი ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტის სერიული წარმოების ისტორია ასე დაიწყო: 1959 წლიდან თბილისის საავიაციო ქარხანას დაევალა იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული მასობრივი განადგურების იარაღის, "ჰაერი-ხომალდის" კლასის К-10С ტიპის ფრთოსანი რაკეტების სერიული წარმოების დაწყება. მაშინ თბილისში სერიულად აწყობდნენ МиГ-21У ტიპის ორადგილიან სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავებს, რომლებიც საბჭოთა სამხედრო-საჰაერო ძალების გარდა, სხვა ქვეყნების შეიარაღებაშიც ხვდებოდა და მასზე დიდი მოთხოვნაც იყო, რადგან ფართოდ გამოიყენებოდა ახალბედა სამხედრო მფრინავების გადამზადებისთვის. თუკი ორადგილიანი რეაქტიული МиГ-ების თბილისის საავიაციო ქარხნის მეხუთე საამქროდან გამოგორება და "ველის" საცდელ აეროდრომზე ბუქსირება დიდი საიდუმლო არ იყო, ჩვენი ქარხნის კიდევ ერთი ნაწარმი - ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა К-10С, იგივე "კომეტა 10", დიდი საიდუმლო გახლდათ. თითქმის ათი მეტრი სიგრძისა და 4,5 ტონა მასის "კომეტა" აწყობისა და შემოწმებისთანავე იშლებოდა, სპეციალურ ყუთებში იფუთებოდა და ქარხნის ტერიტორიიდან ღამით გაჰქონდათ. ასეთი გასაიდუმლოება იმით იყო განპირობებული, რომ თბილისში აწყობილი ფრთოსანი რაკეტები 350 კილოტონა ტროტილის ეკვივალენტი სიმძლავრის თერმობირთვული ქობინის გადამტანი იყო, რომელთა მთავარი სამიზნე... ამერიკული ატომური ავიამზიდები გახლდათ.

ნატომ თბილისის საავიაციო ქარხანაში აწყობილი ბირთვულქობინიანი "კომეტები" თავისი კლასიფიკაციის შესაბამისად Aშ-2 Kიპპერ-ად მონათლა, რაც ქართულად შეიძლება დაახლოებით ითარგმნოს როგორც "შებოლილი თევზი". თბილისის საავიაციო ქარხნის "შებოლილი თევზები" იგზავნებოდა საბჭოთა კავშირის სამხედრო-საზღვაო ფლოტის საზღვაო ავიაციის რაკეტმზიდ საავიაციო პოლკებში Ту-16К-10 ტიპის რეაქტიული ბომბდამშენების შესაიარაღებლად. ამ რაკეტმზიდ-ბომბდამშენების ერთ-ერთი პოლკი, სადაც თბილისის საავიაციო ქარხანაში აწყობილი ფრთოსანი "კომეტები" გამოიცდებოდა, უკრაინის ქალაქ მიკოლაევის სიახლოვეს იყო. აქედან აფრენილი Ту-ების ეკიპაჟები თბილისურ "შებოლილ თევზებს" უშვებდნენ კასპიის ზღვაში ნაწილობრივ ჩაძირული და საზღვაო სამიზნედ ქცეული ტანკერი "ჩკალოვის" მიმართულებით. თბილისური რაკეტებით აღჭურვილი ბომბდამშენები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კიდევ ორი წელი - 1994 წლამდე დარჩა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების შეიარაღებაში.

ყველაზე მეტად კი თბილისურმა "შებოლილმა თევზმა" სახელი 1964 წელს გაითქვა, როდესაც იაპონური შხუნა "შინო მარუს" სიახლოვეს აფეთქდა და იაპონელების ოფიციალური პროტესტის ნაცვლად ამომავალი მზის ქვეყნის მცხოვრებთა გულისტკივილი გამოიწვია... საბჭოთა პილოტის დაღუპვის გამო.

საქმე ასე იყო: წყნარი ოკეანის ფლოტის ბომბდამშენმა თბილისური ფრთოსანი რაკეტა სახალინის პოლიგონისკენ გაუშვა, მაგრამ რაკეტის რადიოლოკაციურმა სადგურმა ზღვაში ახალი სამიზნე აღმოაჩინა და უფრო მისკენ "გაუწია გულმა". შესაბამისად, რაკეტის 900 კგ-იანი საბრძოლო ქობინი იაპონური შხუნიდან 400-ოდე მეტრში აფეთქდა. რაკეტის საბრძოლო ქობინის ამფეთქი სპეციალურად ნაადრევ ინიცირებაზე იდგა, რათა პოლიგონზე სასწავლო სამიზნეზე ზუსტად მოხვედრისა და აფეთქების შედეგად ის მთლიანად არ გაენადგურებინა და სამიზნე სხვა სწავლებისთვისაც გამოეყენებინათ. ამ საბჭოთა "ყაირათიანობამ" "შინო მარუს" ეკიპაჟი გარდაუვალი დაღუპვისგან იხსნა, თუმცა ჰაერში აფეთქებული და ფრაგმენტებად დაშლილი რაკეტის ძრავის ნაწილმა ტრაექტორიით ფრენა გააგრძელა და იაპონური შხუნა შუაში გახვრიტა. დაზიანებული შხუნით ეკიპაჟმა მაინც მოახერხა ახლო პორტამდე მიღწევა და დაჭრილების შველა. მოსალოდნელი იყო იაპონიას ოფიციალური ნოტა გაეგზავნა საბჭოთა კავშირისათვის და დიდი საერთაშორისო სკანდალიც ატყდებოდა სამოქალაქო გემის საბრძოლო რაკეტით დაზიანების გამო, მაგრამ პროტესტის ნაცვლად იაპონელებმა საბჭოთა პილოტის დაღუპვის გამო სინანული გამოთქვეს(?!). მათ რატომღაც დაიჯერეს, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო. მოსკოვს, ცხადია, იაპონელების გადარწმუნება არ უცდია, თუმცა მათი შეცდომის გაგება შეიძლება - თბილისში აწყობილი ფრთოსანი "კომეტა-10" ფიუზელაჟითა და მოკლე ფრთით ძალიან წააგავდა საბჭოთა მსუბუქ რეაქტიულ გამანადგურებელ МиГ-15-ს. ასე რომ, თბილისის საავიაციო ქარხანასაც თავისი არცთუ მცირე წვლილი აქვს შეტანილი პირველი "ცივი ომის" ბირთვულ მილიტარიზაციაში.

დავუბრუნდეთ იმას, თუ როგორ დამთავრდა თბილისში აწყობილი საბჭოთა ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტის პირველი და უკანასკნელი რეალური ბირთვული გამოცდა. მიუხედავად იმისა, რომ წინადღეს სავარჯიშო ფრენის პარამეტრების ჩანაწერები არასახარბიელო იყო, ოპერაცია "შკვალის"“ ჩატარება მაინც გადაწყდა და 79-ტონიანი რაკეტმზიდ-ბომბდამშენი Ту-16К-10 აფრინდა და გეზი ნოვაია-ზემლიას ბირთვული პოლიგონისკენ აიღო.

ეკიპაჟი მოემზადა თბილისური „"შებოლილი თევზის" გასაშვებად, მაგრამ ჯერ შტურმან-ოპერატორმა ზუსტად ვერ გამოთვალა რაკეტის სტარტის მომენტი, შემდეგ არ იმუშავა თვითმფრინავის რადიოლოკაციურმა მოწყობილობამ, არადა, ბომბდამშენზე ჩამოკიდებული ათმეტრიანი "შებოლილი თევზის"“ ბირთვული ქობინი უკვე საბრძოლო მდგომარეობაში იყო და უკან გაბრუნება და აეროდრომზე ამ სახით დაშვება გამორიცხული გახლდათ, რადგან რეალური ბირთვული აფეთქება შეიძლებოდა მომხდარიყო. დაძაბული ათეული წუთების შემდეგ ეკიპაჟმა მაინც მოახერხა ფრთოსანი რაკეტის სტარტის აღება და სასწრაფოდ უკან შემობრუნდა, რათა არ მოხვედრილიყო ბირთვული აფეთქების დროს წარმოქმნილი საჰაერო ტალღის დარტყმის ქვეშ.

თბილისში აწყობილმა ფრთოსანმა რაკეტამ კი ბირთვული ქობინი ამჯერად "თავგადასავლების" გარეშე „მიიტანა“ პოლიგონამდე და ბირთვული აფეთქება მოხდა 60 მ სიმაღლეზე, ზუსტად იქ, სადაც სამიზნეებს, ჩამოწერილ სამხედრო ხომალდებს ჰქონდათ ღუზა ჩაშვებული...

ამ რეალურმა ბირთვულმა გამოცდამ აჩვენა, რომ თბილისის საავიაციო ქარხანაში აწყობილ და ბირთვული ქობინით აღჭურვილ К-10С ტიპის ფრთოსან რაკეტებს მართლაც შეეძლოთ ამერიკული ატომური ავიამზიდების განადგურება ერთი რაკეტის მოხვედრის შემთხვევაშიც კი.