"რასობრივი გამოხტომებია, შენ რუსს იმიტომ რომ დაჩაგრავ, რომ რუსია და ამერიკელს დაჩაგრავ, რომ ამერიკელია, რამდენად მართებულია ეგ?" - რა თქვა გულბაათ რცხილაძემ: ადვოკატის განმარტება
ბრალდებულმა აღნიშნა, რომ არ იყო დამნაშავე, არ იყო ჯაშუში, არ იყო მოღალატე და მზადაა ითანამშრომლოს. მან კატეგორიულად უარყო რომელიმე ქვეყნის ჯაშუშობა ან სხვა ქვეყნის სასარგებლოდ მოქმედება. ქართველია, პატრიოტი ადამიანია და მზადაა ითანამშრომლოს ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურებთან,- ამის შესახებ ჯაშუშობისთვის ბრალდებული გულბაათ რცხილაძის ადვოკატმა ლაშა გოლუბიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ადვოკატის განმარტებით, გულბაათ რცხილაძემ „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შექმნა, რათა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზება მოეხდინა და საქართველოში არ მომხდარიყო ის, რაც ადვოკატის თქმით, „უკრაინაში ხდება ან სომხეთში შეიძლება მოხდეს.“
„თუ რამით დაეხმარება, გულბაათი მზადაა გამოკითხონ ორი დღის განმავლობაში, თუ უნდათ, იქ ვიქნები მეც და თუ რამე კითხვები აქვთ, გამოკითხონ. პირდაპირ რომ გაქანდნენ და განჩინება აიღეს დაკავებაზე და შუაღამით შეუვარდნენ ჩხრეკაზე, რა საჭიროება იყო ამისი? ჯერ დაებარებინათ, გამოეკითხათ. გამოძიება მიმდინარეობს დიდი ხნის განმავლობაში.
დაკავების შემდგომ მან გამოიყენა დუმილის უფლება, ბრალი არ აღიარა, ეს არის დაფიქსირებული გამოკითხვის ოქმში“,- განაცხადა ადვოკატმა.
მისი თქმით, გულბაათ რცხილაძეს სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან კავშირი არ ჰქონდა და მათი დავალებით არ მოქმედებდა.
„რასობრივი გამოხტომებია, შენ რუს იმიტომ რომ დაჩაგრავ, რომ რუსია და ამერიკელს დაჩაგრავ, რომ ამერიკელია, რამდენად მართებულია ეგ? ეგ აზიანებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას. პირიქით, ბატონი გულბაათ იყო იმისკენ მოწოდებული, რომ ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობა არ ყოფილიყო, ნორმალიზება მომხდარიყო ორი ქვეყნის ურთიერთობის და ჩვეულებრივად ქართველები პაპუასებივით არ წარმოვჩენილიყავით საერთაშორისო არენაზე, რომ იმიტომ რომ რუსია, მაგის გამო ვდევნოთ და ჩავქოლოთ. არ არის ნორმალური ეს და ეს ფაქტები უნდა გამოევლინა, რათა ის ვითარება არ მიგვეღო, რაც დღეს უკრაინაშია და შეიძლება სომხეთში იყოს.
არანაირად სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან კავშირი არ ჰქონდა და მათი დავალებით არ მოქმედებდა. ჯაშუში არ არის ეგ ადამიანი!
თვითონ აღიარა პროკურორმა რეპლიკების დროს, რომ დაშვება არ ჰქონდა ბატონ გულბაათს საიდუმლო ინფორმაციასთან, მაშინ რა ინფორმაცია გადასცა, მათ ლოგიკას რომ მივყვეთ?! ერთია რას შეკერავენ და მეორეა რა გახდა დაკავების რეალური მიზეზი. რა საჯარო აქტივობაც ჰქონდა გულბაათს, ეგენია მტკიცებულებებში, თუ მაგის გამოა დამნაშავე, აქამდე რატომ არ დაიჭირეს?! არ არის კონსპირაციული შეხვედრები, საჯარო შეხვედრებია. მისი საჯარო აქტივობები კონკრეტული ჩანაწერებია იქ და ვერ ვიტყვი დეტალურად რა ჩანაწერებია, მაგრამ ამ მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ რაიმე დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა ან რომელიმე ქვეყნის ჯაშუშია“,- განაცხადა ადვოკატმა.
"ინტერპრესნიუსი"