რა წერია საქართველო-აზერბაიჯანის საიდუმლო ხელშეკრულებაში?!
„საქართველოს სტრატეგიული ინტერესები ამ გასაიდუმლოებულ-გახანგრძლივებულ ხელშეკრულებაში ხელყოფილია“, - ასე აფასებს „ბიზნესპრესნიუსთან“ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ინიციატივა „ჯერ საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკოლოზ ალავიძე აზერბაიჯანთან გაზის ყიდვა-გაყიდვის თაობაზე გაფორმებულ ხელშეკრულებას.
შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თბილისი და ბაქო აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების 20 წლით გაგრძელებაზე შეთანხმდნენ, რაც სოციალური გაზმომარაგების უსაფრთხოების გარანტიებს გულისხმობს.
ცნობისთვის, სამხრეთ კავკასიური მილსადენის კონსორციუმთან დადებული ხელშეკრულებით საქართველო გაზს ორი შეთანხმებით იღებს: ერთი ე.წ. ოფციური გაზია და აზერბაიჯანიდან თურქეთისა და ევროპის მიმართულებით გატარებული გაზის 5%-ს შეადგენს, ხოლო მეორე - დამატებითი გაზი, რაც ყოველწლიურად 500 მლნ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს. სწორედ, ამ შეთანხმებას გასდის ვადა 2026 წლის ბოლოს.
როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ ნიკოლოზ ალავიძე აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, აღნიშნული შეთანხმება მხოლოდ ცალმხრივ ინტერესებზეა გათვლილი და საქართველოს მომგებიან პოზიციაში არ აყენებს.
მისივე განმარტებით, ქართულ მხარეს შეეძლო, მოლაპარაკება ევროკავშირის ჩართულობით ეწარმოებინა და საკუთარი პოზიციონირება ბევრად უფრო გაემყარებინა ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხში.
„მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და დიდი მეგობარია (მათ მიმართ უდიდესი პატივისცემა მაქვს და ამ ქვეყანას იმედით ვუყურებ), ეს გადაწყვეტილება, რომელიც გასაიდუმლოებულია, მთლიანად სახელმწიფო ინტერესების დარღვევითაა მიღებული. ამ ნაწილში, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები შელახულია.
უფასო არაფერი არსებობს. ცნობილი გამოთქმაა: „უფასო მხოლოდ ის ყველია, რომელიც სათაგურშია“. შესაბამისად, მსგავსი ახსნა-განმარტებები, პირიქით, ჩრდილს აყენებს საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფოებრივ, სტრატეგიულ პარტნიორობას. ამასთან, ჩვენს ქვეყანას უქმნის ძალიან სერიოზულ პრობლემებს როგორც მოკლე, ისე საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში.
ვიდრე ამ საკითხში ასეთი ბუნდოვანებაა, ეს პროცესი ჩვენი ქვეყნისთვის კარგად ვერ წარიმართება. რეალურად, საქართველომ თუნდაც ამ ბუნდოვანი განცხადებების ფონზე, უკვე მიიღო დიდი ზარალი, რადგან როგორც უკვე გითხარით, სამყაროში უფასო არაფერია. ეს არის სათაგურში არსებული ყველი, რომელიც, რა თქმა უნდა, ვიღაცის კერძო ინტერესებს მოემსახურება.
ამ შემთხვევაში, დათმობაზე არცერთი მხარე არ უნდა წასულიყო, რადგან გლობალურმა პოლიტიკამ და გეოპოლიტიკამ ორივე ქვეყნისთვის ურთიერთმომგებიანი პოზიცია შექმნა. საქართველოსაც გააჩნია თავისი უპირატესობები (თუმცა არა აბსოლუტური) და აზერბაიჯანსაც. ორივე მხარის ინტერესს ამ ბუნებრივი აირის ევროპისთვის მიწოდება წარმოადგენდა, რომელსაც ის მნიშვნელოვნად სჭირდება.
სწორედ ამიტომ, არაფრის „გადამლაშება“ საჭირო არ იყო. არსებობს ასეთი მოცემულობა, „ბანტა“ (მოლაპარაკების საუკეთესო ალტერნატივა) და საქართველოს შეეძლო, ბევრად უკეთესი პოზიციიდან, აზერბაიჯანთან და ევროკავშირთან ერთად წარემართა ეს მოლაპარაკება.
მოეზიდა დამატებითი ინვესტიციები ამორტიზებული, საბჭოთა დროინდელი მილსადენის განახლებისთვის, საიდანაც საქართველო მიიღებს ბუნებრივ აირს და რომლის ექსპლუატაციის ვადა, დიდი ხანია გასული და შეზღუდულია.
ასევე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენს ქვეყანას აზერბაიჯანთან ერთად, პირიქით, უფრო აქტიურად უნდა მოეხდინა პოზიციონირება ამ გამტარუნარიანობის მოცულობის გაზრდაზე. ეს, პირველ რიგში, სწორედ ევროპული ქვეყნების ინტერესებში შედის, რათა შეამცირონ დამოკიდებულება ერთ კონკრეტულ ენერგოწყაროზე.