ჯაშუშების სკანდალი: რომელი ორგანიზაცია აფინანსებს რუსულ "რბილ ძალას" საქართველოში?! - კვირის პალიტრა

ჯაშუშების სკანდალი: რომელი ორგანიზაცია აფინანსებს რუსულ "რბილ ძალას" საქართველოში?!

ყველა დიდი საერთაშორისო კულტურულ-სპორტული ღონისძიების (ეს ტეილორ სვიფტის კონცერტი იქნება, თუ პროფესიული კრივისა და UFC-ის საჩემპიონო შეხვედრები) წინ, მაყურებლის ექსტაზში შესაყვანად და „გასახურებლად“ ჯერ მცირე კალიბრის კონცერტ- ბრძოლები იმართება. 2026 წლის 30 მაისამდე მთელი საქართველო ფეხბურთით და ფინალის ავ-კარგი მოლოდინით ცხოვრობდა, როცა ამ სტრესულ განცდებს სუსმაც თავისი, უკვე ჩვეული რებუს-კროსვორდები დაუმატა.

22 აპრილიდან დაწყებული, თითქოს მძინარე გოლიათმა გაიღვიძაო, სუსი ჯაშუშებს დაერია და დასტა-დასტად, უფრო სწორად - დუეტ-დუეტ აკავებს. 30 მაისს სასიხარულო ფაქტი ბუდაპეშტში მოხდა, რომელსაც მთელი საქართველო მოლოდინ/განცდებით შორიდან ადევნებდა თვალს. ორ, ელვა ჭექა-ქუხილივით მოსალოდნელ/მოულოდნელი ფაქტის შესახებ კი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შტაბ-ბინიდან გახდა ცნობილი.

წინასწარ ჩანიშნული ბრიფინგები ყოველთვის რაღაც სენსაციურ/სკანდალურის მოლოდინს ქმნის, მით უფრო, თუ ეს სუსს ეხება. ამჯერადაც ასე მოხდა: სუსმა, რამდენიმესაათიან შუალედში ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქის დაკავების შესახებ აცნო მსოფლიოს და ეს ინფორმაცია უკვე SPY NEWS-ზე იძებნება.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ჯაშუშობის ბრალდება იმდენად სენსიტიური და რეზონანსული საკითხია, რომ თითოეულ დეტალს, სიტყვას, თუ პაუზას დიდი მნიშვნელობა აქვს და დეტალურ ანალიზს საჭიროებს. ამიტომ სრულად მოვიყვან 30 მაისის პირველ ბრიფინგზე სუს-ის უფროსის მოადგილის, ლაშა მაღრაძის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას:

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ჯაშუშობის ბრალდებით, დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე, რომელიც დაკავშირებული იყო ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი წლების განმავლობაში, მატერიალური სარგებლის მიღებისა და უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების მიზნით, სისტემურად ახორციელებდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებასა და გადაცემას.

დაკავებულს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენელებთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა როგორც პირისპირ შეხვედრების, ასევე - ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ამასთან, პერიოდულად, კონსპირაციის დაცვისა და ინსტრუქტაჟის ჩატარების მიზნით, შეხვედრები ტარდებოდა ქვეყნის საზღვრებს გარეთ.

ჯაშუშობაში ბრალდებულ პირს, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დავალებითა და დაფინანსებით, შესაბამისი აქტივობების წარმართვის მიზნით, შექმნილი ჰქონდა საინფორმაციო პლატფორმები და ორგანიზებას უწევდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებასაც.

საყურადღებოა, რომ ბრალდებული ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურებთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ – განაცხადა ლაშა მაღრაძემ.

ბრიფინგზე ჯაშუშობაში ბრალდებულის ვინაობა კვლავ არ დასახელდა და ზოგადად გაურკვეველია, თუ რა მიზანი აქვს ამგვარ „დამალობანას თამაშს“: თბილისი იმაზე პატარა ქალაქია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია და აქ რა დაიმალება? უკვე ერთი საათის შემდეგ ცნობილი გახდა დაკავებულის ვინაობა და ის ათწლეულების მანძილზე ოკუპანტი რუსეთის ღია მხარდამჭერი გულბაათ რცხილაძე აღმოჩნდა. ეს იყო პირველი მოულოდნელობა.

picture1-1780379882.jpg

ფოტო: რუსული „რბილი ძალის“ ერთ-ერთ ქართველი მებრძოლი

პირდაპირ ვიტყვი: უდანაშაულოდ ციხეში არავის ყოფნაა გასახარი, მაგრამ თუ ადამიანი თითქმის ოცი წელია (ეს რაც ოფიციალურადაა დადასტურებული), ღიად თანამშრომლობს ოკუპანტი ქვეყნის სპეცსამსახურების (რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური და უშიშროების ფედერალური სამსახური ) მიერ ორგანიზებულ საფარ სტრუქტურებთან, თავად არის რუსეთი „ჰიბრიდული ომის“ კონკრეტული ოპერაციების ინიციატორ-შემსრულებელი და ოკუპანტი რუსეთის „რბილი ძალის“ აქტიური წარმომადგენელი, მას პასუხი აქამდე არ უნდა ეგო? რატომ მაინც და მაინც 2026 წლის 30 მაისს და არა ორი, ხუთი, ათი თუ თხუთმეტი წლის წინ არ მოხდა მისი მხილება ოკუპანტი ქვეყნის სასარგებლო საქმიანობისთვის? აქამდე რატომ არ აღძრავდა ეჭვს მისი ხშირი ვიზიტები მოსკოვში, საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში ჩატარებული პრორუსული კონფერენციები, უკრაინის წინააღმდეგ გადაღებული სატელევიზიო ფილმი (!)? ვინ აფინანსებდა წლების მანძილზე გ. რცხილაძის პრორუსულ აქტივობებს? ამ კითხვებზე დოკუმენტურად დადასტურებული (!!!) პასუხები ჯერ კიდევ შარშან არსებობდა.

2025 წლის დასაწყისში დანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის - „რადიო დანიის“ ჟურნალისტების ხელში აღმოჩნდა რუსეთის სახელისუფლებო სტრუქტურების: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და “დამოუკიდებელი ქვეყნების თანამეგობრობის, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული თანამშრომლობის ფედერალური სააგენტოს” (შემდგომში – Россотрудничество) მიერ ერთობლივად დაფუძნებული “უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა სამართლებრივი დახმარებისა და უფლებების დაცვის ფონდის ” (შემდგომში - „ფონდი“) შიდაელექტრონული მიმოწერის ფაილები.

დოკუმენტების მასივი მოიცავს, დაახლოებით, 50 000 ელექტრონულ წერილს და ასახავს „ფონდის“ საქმიანობას 2012 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის ნოემბრამდე. „რადიო დანიამ“ შემდგომ ეს არქივი საერთაშორისო საგამოძიებო ჟურნალისტიკის ჯგუფ OCCRP-ს გაუზიარა. მათ მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ მიუხედავად ძალზე ჰუმანური დასახელებისა, რეალურად ეს „ფონდი“ რუსეთის სპეცსამსახურების საფარი ორგანიზაცია და რუსული „რბილი ძალის“ სპეცდანაყოფია. წლების მანძილზე ამ „ფონდიდან“ ფინანსდებოდა ადვოკატების ჰონორარები და იურიდიული დახმარების ხარჯები იმ პირებისთვის, რომლებიც ევროპის ქვეყნებში დაკავებულნი იყვნენ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით. ასევე, ეს „ფონდი“ აფინანსებდა: პრორუსულ ბეჭდვით გამოცემებსა და პროპაგანდისტულ ვებგვერდებს; „ანტიფაშისტური კონფერენციების“ ჩატარებას; პრორუსულად განწყობილ ჟურნალისტებს და ექსპერტ/ანალიტიკოსებს და ა.შ.

საქართველოში „ფონდის“ შიდაელექტრონული მიმოწერის ფაილების ღრმა ანალიზი გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი ფაქტმა“ ჩაატარა, რომლის შესახებაც შემდეგ იქნება საუბარი.

ჩვენს ბლოგში არა ერთხელ მისაუბრია იმ საფრთხეებზე, რასაც ათწლეულების მანძილზე რუსეთის „ჰიბრიდული ომის“ ერთ-ერთი კომპონენტის - „რბილი ძალის“ თავისუფალი და უკონტროლო მოქმედებები გვიქმნიდა. რუსული "რბილი ძალის" მართვის ცენტრი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოქმედებს, საიდანაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, რუსული გავლენის გასაძლიერებლად, ცენტრალიზებულად ხდება ინფორმაციის მიღება და დავალებების განაწილება. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პუტინმა შეძლო ადრე დაქსაქსულად მოქმედი "რბილი ძალის" ელემენტების გაერთიანება და ის პირად კონტროლს დაუქვემდებარა. ამავე დროს გაფართოვდა რუსეთის სპეცსამსახურების მუშაობა სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები "რუსი თანამემამულეების" "მეხუთე კოლონად” გადაქცევისთვის. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ პუტინთან შეთანხმების გარეშე არ იგეგმება "რბილი ძალის" არც ერთი მნიშვნელოვანი ოპერაცია. შეტევა, როგორც წესი, ორი მიმართულებით იგეგმება და ხორციელდება: პირველი - ესაა ლეგალური სამთავრობო და ვითომ "არასამთავრობო" ორგანიზაციები, რომლებიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად შეთანხმებულად მოქმედებენ. რუსული "რბილი ძალის" მეორე მიმართულება რუსეთის სპეცსამსახურების ფარული სპეცოპერაციებია.

რუსული “რბილი ძალის” სპეცოპერაციები განაწილებულია რუსეთის სპეცსამსახურების საფარ საგანმანათლებლო, კულტურულ და სამეცნიერო ორგანიზაციებზე. ოპერატიულ-აგენტურული ოპერაციების შესანიღბად ამ პრაქტიკას საბჭოთა კავშირში ჯერ კიდევ 1920-იანი წლების დასაწყისიდან იყენებდნენ.

რუსეთის ხელისუფლების რომელი სტრუქტურები არჩევენ მომავალ „გავლენის აგენტებს“ ყოფილი საბჭოთა რეპუბლიკების პოლიტელიტაში შესაგზავნად? ეს მიმართულება რუსული „რბილი ძალის“ იმდენად მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, რომ მას საერთო კოორდინაციას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უწევს. ამ სტრუქტურაში შექმნილია რეგიონული დანაყოფები პოსტსაბჭოთა ქვეყნების (სომხეთი, ყაზახეთი, საქართველო, ყირგიზეთი და ა.შ.) წინააღმდეგ „რბილი ძალის“ ოპერაციების დასაგეგმად და განსახორციელებლად. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანტონ ვაინო ან მისი პირველი მოადგილე, საქართველოში (სოხუმში) დაბადებული სერგეი კირიენკო საბოლოო გადაწყვეტილებას პუტინთან ათანხმებენ. კვლავ ძალზე აქტიურად მოქმედი Россотрудничество 2008 წელს შეიქმნა და იყო პერიოდი, როდესაც 81 ქვეყანაში მოქმედებდა Россотрудничество-ს 98 ოფისი (74 რუსული მეცნიერებისა და კულტურის ცენტრი, 62 ქვეყანაში და 24 სააგენტოს წარმომადგენელი, რომლებიც რუსეთის საელჩოების თანამშრომლები იყვნენ). უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ ბევრმა ქვეყანამ ამ რუსული სადაზვერვო სტრუქტურის მუშაობა შეაჩერა. 2020 წლის 25 ივნისიდან Россотрудничество-ს ევგენი პრიმაკოვის შვილიშვილი, ევგენი (სანდრო) პრიმაკოვი-უმცროსი ხელმძღვანელობდა, რომელიც ერთი თვის წინ რუსეთის ფედერაციის ყოფილი გენერალური პროკურორის, იური ჩაიკას უმცროსმა ვაჟმა, იგორ ჩაიკამ შეცვალა.

picture2-1780379913.jpg

ფოტო: იგორ ჩაიკა: მოერევა კი ამ დიდ საქმეს ახალგაზრდა ჩაიკა?

Россотрудничество-მ და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ერთობლივად დაფუძნებულმა “უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა სამართლებრივი დახმარებისა და უფლებების დაცვის ფონდმა” საქმიანობა 2012 წლის 1 იანვრიდან დაიწყო. სწორედ აღნიშნული “ფონდია” რუსული “რბილი ძალის” მთავარი დამფინანსებელი. მიუხედავად სახელწოდებების ხშირი ცვლისა, განვლილ პერიოდში არ იცვლებოდა “თანამემამულეთა დახმარების საზოგადოებრივი ორგანიზაციების” მთავარი მიზანი: საზღვარგარეთ რუსეთის, იმპერიული რეჟიმისთვის ხელსაყრელი ინფორმაციის გავრცელება და უცხოელი “პროგრესული” მწერლების, მეცნიერების თუ პოლიტიკოსების რუსეთში მიწვევა და მათი შესაბამისი იდეოლოგიურ-ოპერატიული დამუშავება/გადაბირება. ამიტომაც არიან გამოცდილი დიპლომატ-მზვერავები „ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე უდალცოვი, მისი პირველი მოადგილე ვლადიმერ პოზდროვკინი და სხვა ხელმძღვანელები.

picture3-1780379936.jpg

ფოტო: ალექსანდრე უდალცოვი

ეცნობი მათ ბიოგრაფიულ მონაცემებს და ერთი საერთო ნიშანი ცხადი ხდება: ისინი ათწლეულების მანძილზე, ჯერ კა-გე-ბეს საფარ ორგანიზაციებში მოღვაწეობდნენ, შემდეგ კი -რუსეთის სპეცსამსახურების “ფრთებს” შეეფარნენ. დღეს კი, საპენსიო ასაკს მიღწეულ-გადაცილებული “ძველი ჩეკისტები”, ჩემი აზრით, “ოდეერების” სტატუსით მოღვაწეობენ “ფონდში”. ეს, “დიპლომატის ფრაკს” შეფარებული სპეცსამსახურების თანამშრომლები განსაზღვრავენ, თუ რა “კულტურულ”, უფრო მართებული იქნება, რა ოპერატიულ-აგენტურულ ღონისძიებებს დააფინანსებს “ფონდი”. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ ბევრმა ქვეყანამ შეაჩერა „ფონდის“ საქმიანობა. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა ფინანსურმა სანქციებმაც სერიოზულად იმოქმედა და ამის შემდეგ „კრემლმა“ დაფინანსების სქემა შეცვალა. სხვადასხვა ქვეყანაში განლაგებული რუსეთის საელჩოები იღებენ “ფონდიდან” ფულს, შემდეგ კი “დიპლომატი ჩეკისტების” კოტროლის ქვეშ ხდება ნაღდი ფულის გადაცემა უშუალო შემსრულებლებზე. ფინანსური რესურსების მოძრაობის მარტივი სქემაა და წესით, “რბილი ძალის” სამიზნედ შერჩეული ქვეყნების სპეცსამსახურებს არ უნდა გაუჭირდეთ ამ სქემის კონტროლი. საინტერესოა ჩვენთან რა ხდება?

picture4-1780379963.jpg

ფოტო: რამდენ ვერცხლად შეფასდა ოკუპანტი ქვეყნისთვის სამსახური?

2025 წლის დეკემბრის მიწურულს საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელმა დიმიტრი ოლისოვმა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ჯილდო გადასცა ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორს და „საქართველოს უკვდავი არმიის“ მოძრაობის დამფუძნებელს გულბაათ რცხილაძეს. არ გაინტერესებთ რა დამსახურებისთვის? - საიუბილეო ღონისძიებების მომზადებაში და ახალგაზრდობის პატრიოტულ აღზრდაში შეტანილი წვლილისთვისო. გულაჩუყებულმა გულბაათმა საპასუხო სიტყვაში განაცხადა: „კიდევ ერთხელ გამოვხატავ მადლიერებას და, მეორე მხრივ, ეს უზარმაზარი, მძიმე ტვირთია, მაგრამ ვეცდები, ეს საქმე გავაგრძელო ჩემს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად, რომელთაგან მხოლოდ მე წარმოვადგენდი დღეს და ასევე ვითანამშრომლებთ ჩვენს რუს მეგობრებთან. მაგრამ გვახსოვდეს, რომ ეს, პირველ რიგში, საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის კეთდება, რადგან ეს, პირველ რიგში, საქართველოს სჭირდება.“ რა სჭირდება საქართველოს და ქართველ ხალხს - მოძალადე ოკუპანტის ფეხებში კოტრიალი და წკმუტუნი? - ვერ ეღირსებით!

picture5-1780379995.jpg

ფოტო: გ. რცხილაძეს საამაყო ნამდვილად აქვს, თუმცა მხოლოდ მას?

მაშინ გ. რცხილაძის „დაუვიწყარი ემოციები“ და ზღვარგადასული სიხარული ალბათ იმითაც იყო გამოწვეული, რომ დაჯილდოების განკარგულებას ხელს თავად მისი მთავარსარდალი აწერდა. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ იმ დღეს პუტინის საჩუქარი სხვა ფორმითაც იქნა მიღებული. საინტერესოა, კიდევ რამდენ „ქართველს“ ხვდა წილად ამგვარი „ბედნიერება“?

(პირველი ნაწილის დასასრული)