რუსული "ისკანდერებით" კიევზე...ისევე როგორც გერმანული "ფაუ-2"-ებით ლონდონზე... - კვირის პალიტრა

რუსული "ისკანდერებით" კიევზე...ისევე როგორც გერმანული "ფაუ-2"-ებით ლონდონზე...

ომების ისტორიებს შორის პარალელები ხშირად ივლება, მიუხედავად იმისა, რომ ამ ომებს ერთმანეთს საუკუნეები აშორებთ...

ასეა ამ შემთხვევაშიც - როგორც 1944 წელს ჰიტლერის გერმანიამ დაიწყო ლონდონის დაბომბვა „ფაუ-2“-ის ბალისტიკური რაკეტებით, ისე 2022 წლიდან პუტინის რუსეთი კვაზიბალისტიკური „ისკანდერებით“ ბომბავს კიევს...

მაშინ, მერე მსოფლიო ომის დროს „ფაუ-2“, უფრო სწორედ კი V-2 — Vergeltungswaffe-2 ანუ ჰიტლერის „შურისძიების იარაღი“, მსოფლიოში პირველი შორი მოქმედების ბალისტიკური რაკეტა გახლდათ, რომლის საბრძოლო გამოყენება 1944 წლის 8 სექტემბერს დაიწყო ინგლისის წინააღმდეგ, ძირითადად კი, მისი დედაქალაქის-ლონდონის მიმართულებით. 1945 წლის 27 მარტის ჩათვლით, გერმანელებმა ინგლისისკენ 1 359 ბალისტიკური „ფაუ-2“ გაუშვეს, რომლებიდანაც კუნძულამდე 1 054 რაკეტამ მიაღწია, ხოლო უშუალოდ ლონდონში 517 რაკეტა აფეთქდა, რის შედეგადაც ლონდონში 2 724 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 6 467 კი დაიჭრა ანუ თითოეული გერმანული 12,5 ტონიანი ბალისტიკური „ფაუ-2“ ლონდონში აფეთქებისას სამ-ოთხ კაცს კლავდა და ათიოდეს ჭრიდა...

ფრთოსანი რაკეტების „ფაუ-1“ებისა და ბალისტიკური „ფაუ-2“-ების მასიურმა გამოყენებამ ლონდონის წინააღმდეგ ჰიტლერს იმ ომში გამარჯვება ვერ მოუტანა, თუმცა ლონდონელებმა ომის შვიდი ურთულესი თვე გაატარეს გერმანული „ფაუ“-ების ყოველღამისეული თავდასხმების შიშში...

და, 82 წლის შემდეგ ,რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ერთ-ერთზე იმეორებს ჰიტლერის „ფაუ“-ების „სარაკეტო ისტერიას“, როდესაც კვაზიბალისტიკური „ისკანდერებითა“ და აერობალისტიკური „კინჟალებით“ უკრაინის დედაქალაქის სისტემატური დაბომბვის ბრძანებას გასცემს...

2026 წლის 2 ივნისის გამთენიისას, პუტინის რაკეტებმა კიდევ ერთხელ დაუნდობლად დაბომბეს უკრაინა და მისი დედაქალაქი კიევი-73 რაკეტითა და 656 დრონით, მათ შორის იყო 33 ერთეული „ისკანდერ-მ“-იც...

სიმბოლურია ისიც, რომ პუტინის დღევანდელი „ისკანდერის“ პირველი „წინაპარი“ სწორედ ჰიტლერის „ფაუ-2“ იყო, რადგან მეორე მსოფლიო ომში დამარცხებული გერმანიიდან ალაფად წამოღებული, სწორედ „ფაუ-2“ების ბაზაზე შექმნეს საბჭოთა კონსტრუქტორებმა პირველი საბჭოთა ბალისტიკური რაკეტები...

სამწუხაროდ, ერთმანეთს ასევე წააგავს ჩერჩილისა და ზელენსკის გასაჭირიც - მაშინ, რვა ათეული წლის წინ საერთოდ არ არსებობდა იმის ტექნიკური შესაძლებლობა, რომ სტარტის შემდეგ ბალისტიკური ტრაექტორიით მფრენი და 80-90 კმ-ის სიმაღლეზე ასული 12,5 ტონიანი „ფაუ-2“, როდესაც 450 მ/წმ სიჩქარით ეცემოდა ლონდონს, ის რამენაირად ჰაერშივე გაენადგურებინათ, შესაბამისად ლონდონის ქუჩაზე დაცემული და დეტონირებული „ფაუ-2“-ის ერთტონიანი საბრძოლო ქობინი 25-30 მ დიამეტრისა და 15 მ სიღრმის ღრმულს აკეთებდა და ორ-სამ სართულიან სახლს „მარხავდა“...

დღეს მართალია უკვე არსებობს ბალისტიკური რაკეტების გადამჭერი ანტირაკეტები, მაგრამ მათი ჩამონათვალი ერთი ხელის თითების რაოდენობას არ აღემატება და ამასთან, ისინი თავად ბალისტიკურ რაკეტაზე ბევრად ძვირი ღირან...

ამასთან, „რუსული „ისკანდერ-მ“ უკვე არა ბალისტიკური, არამედ კვაზიბალისტიკური ანუ ცრუ ბალისტიკური ტრაექტორიით მიფრინავს და მიზანში მოხვედრამდე ახდენს ანტისაზენიტო მანევრს, რაც კიდევ უფრო აძნელებს მის გადაჭერას.

თუკი ჩერჩილმა არ იცოდა რითი ჩამოეგდო ჰიტლერის ბალისტიკური „ფაუ-2“-ები, ზელენსკის კარგად მოეხსენება, თუ რა სჭირდება უკრაინის არმიას პუტინის „ისკანდერებისა“ და „კინჟალების“ მოსაგერიებლად, მაგრამ მის მეზენიტეებს თითქმის აღარ დარჩათ ამერიკული „პეტრიოტების“ ანტირაკეტები, რის გარეშეც შეუძლებელია ამ რუსული რაკეტებისგან თავის დაცვა...

არადა, უახლოეს მომავალში არც გამოსავალი მოჩანს - ირანთან შეიარაღებულ დაპირისპირებაში „შეტოპილ“ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტს იქით სჭირდება „პეტრიოტის“ ანტირაკეტები ირანული ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებლად და ტრამპი მათ ზელენსის არაფრის დიდებით არ მიყიდის, ჩუქებაზე ხომ ლაპარაკიც არ არის...