წარუმატებელი ეტიუდით დაწყებული წარმატებული სამსახიობო კარიერა და სცენაზე ნაპოვნი სიყვარული - კვირის პალიტრა

წარუმატებელი ეტიუდით დაწყებული წარმატებული სამსახიობო კარიერა და სცენაზე ნაპოვნი სიყვარული

შაკო მირიანაშვილის ბავშვობამ 90-იანების მძიმე პერიოდში გაიარა, თუმცა იყო საბავშვო თეატრი - „მეორე სახლი“, სადაც ის მთელ დღეებს მეგობრებთან ერთად ატარებდა. თეატრის აშენებასა და მოწყობაშიც აქვს თავისი წვლილი შეტანილი. იმ დროზე და თავის თაობაზე ასე ამბობს: იცით, რას ვფიქრობ ხოლმე იმ წლებზე? მაშინ ყველაფერი მოშლილი იყო, ქაოსსა და უსისტემობაში გავიზარდეთ და აქედან გამომდინარე, მგონია, რომ უფრო მეტად თავისუფლები ვართო. როცა სკოლა დაამთავრა, არჩევანის წინაშე არ დამდგარა. სად უნდა ჩაებარებინა, თუ არა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. დღეს შაკო მირიანაშვილი თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობია, მის ყოველ ახალ როლს მაყურებელი ინტერესით ელოდება.

- მისაღებ გამოცდებზე სანამ გავიდოდი, მიუხედავად იმისა, რომ საჭირო უნარ-ჩვევები უკვე მქონდა, მაინც მომამზადა ქალბატონმა მაია კიკნაძემ (ვასო კიკნაძის შვილმა). კარგად ვიმუშავეთ... შალვა გაწერელიამ მომცა ეტიუდი - ლომი ხარ, რომელიც სერენადას უმღერის თავის შეყვარებულსო. ძალიან გამიჭირდა ეტიუდის შესრულება. რომ მოვრჩი, ბატონმა შალვამ მითხრა: ასეთი საშინლად გაკეთებული ეტიუდი, წლებია არ მინახავსო. თავადაც ვგრძნობდი, რომ არ გამომდიოდა, მაგრამ მაინც ვაკეთებდი.

sh-1780487342. მირიანაშვილი.jpg

ფოტო: შაკო მირიანაშვილი

შალვა გაწერელიას ჯგუფში ვსწავლობდი, საკმაოდ მკაცრი პედაგოგი იყო. წინა კურსელები გვეუბნებოდნენ - ადრე უნდა გენახათ, თქვენ უკვე ბაბუას მოესწარითო. გზრდიდა როგორც პიროვნებას. ჩემს თავს ვუყურებდი და ვხედავდი, რომ როგორც ადამიანს, ბევრი რამ გამომისწორა, რაღაც სისტემაში მომაქცია. პროფესია მასწავლა.

ბატონი შალვა მესამე კურსიდან დაწყებული, უკვე ხშირად იყო ცუდად და სულ წამლებს სვამდა, მაინც ყველა რეპეტიციაზე მოდიოდა. ზოგჯერ რეპეტიციაზეც გამხდარა შეუძლოდ. ის უძღვებოდა სარეჟისორო და სამსახიობო მაგისტრატურას. იქაც ვისწავლე 2 წელი. სტუდენტებმა, შეიძლება ითქვას, ბატონი შალვას ბოლო ამოსხივებას მივუსწარით. მისი სამაგისტრო კურსი დავამთავრეთ და იმ წელს გარდაიცვალა.

491932460-9982363921782261-3020662405984381847-n-1780487557.jpg

- ახალბედა მსახიობს რომელმა თეატრმა გაგიღოთ კარი?

- თავიდანვე გამიმართლა, სამეფო უბნის თეატრში იმართებოდა 25-წუთიანი სპექტაკლების ფესტივალი „არდიფესტი“, სადაც მივიღე მონაწილეობა და აღმოვჩნდი მათთან. იქ გავატარე ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი პერიოდი, ის ხალხი ძალიან მიყვარს. თემურ ჩხეიძესთან ურთიერთობის ბედნიერებაც მქონდა. მერე თავისუფალ თეატრსა და ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში ვთამაშობდი.

- მარჯანიშვილის და თუმანიშვილის თეატრების სპექტაკლებშიც მონაწილეობთ. სხვადასხვა სცენას, ალბათ, განსხვავებული მიდგომა სჭირდება. ეს სირთულეს ხომ არ გიქმნით?

- ყველა თეატრს აქვს თავისი ესთეტიკა, თამაშის წესი, ემოციის გრადაციის საზღვრები (როგორც ყველა რეჟისორს). ვთვლი, რომ საზღვრები აქვს როლსაც და სხვადასხვა სცენაზე თამაში მავსებს, ჩემს სხვადასხვა ვნებას აკმაყოფილებს. რა თქმა უნდა, გამოცდილებასაც ვიძენ. საერთოდ კრიტიკული ვარ საკუთარი თავის მიმართ, თუმცა ამპარტავანიც ვარ, ვერ მოვიტყუები. ადრე ძალიან ბევრ შეკითხვას ვუსვამდი რეჟისორებს, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს არ „მუშაობს“, მაგით უბრალოდ საკუთარ ეგოს იკმაყოფილებ. ყველა რეჟისორს თავისი რაღაც მარცვალი აქვს შენი როლისთვის და ის მარცვალი კი არ უნდა გაჯიჯგნო, პირიქით, უნდა მოეფერო, რომ გაიხსნა.

- რა თქმა უნდა, გაქვთ სურვილი რუსთაველის თეატრის სცენაზეც ითამაშოთ.

- ამ თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე მონოსპექტაკლი „ძაღლი“ გადიოდა, ინგლისელმა ახლგაზრდა რეჟისორმა ელენ მაკდუგალმა დადგა და მან ამომარჩია კასტინგზე. ბრიტანელი დრამატურგის ჰეტი ნეილორის ცნობილი პიესა „ივანე და ძაღლები“ ნამდვილ ამბავს ეფუძნებოდა - მაწანწალა ძაღლებთან იზრდებოდა ბავშვი, რომელიც იპოვეს და ის ჰყვება თავის ისტორიას.

scenaze-shako-mirianashvili-da-nino-kasraze-lurcvera-1780487414.jpg

- კიდევ რომელ უცხოელ რეჟისორთან გიმუშავიათ?

- ესტონელმა ტიიტ პალუმ თავისუფალ თეატრში დადგა კომედია „მთავარი გზის გასაყართან“, დღემდე გადის ეს სპექტაკლი, მე და ჩემი ცოლი (ნუცა სულაბერიძე) ვთამაშობთ. ბოლოს ანდრი ჟოლდაკთან ვიმუშავე, მან ახალ თეატრში (ძველი სახელია - მუსკომედიის თეატრი) დადგა „ლურჯწვერა“. ალბათ, ხუთჯერ მოვასწარით თამაში... ვთვლი, რომ ეს არის ჩემი ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარი. რომ მეგონა ყველაფერი ვიცოდი და ამაყად ვიყავი, თურმე, რამდენი რამ არ მცოდნია. ჟოლდაკი დიდი შემოქმედია.

scenaze-shako-mirianashvili-da-nino-kasraze-1780487300.png

ფოტო: შაკო მირიანაშვილი და ნინო კასრაძე სპექტაკლში “ლურჯწვერა“

- მეუღლეები როლის მომზადების პროცესში ეხმარებით ხოლმე ერთმანეთს? ანდა, როცა პარტნიორები ხართ, ეს ორმაგი ნერვიულობაა?

- ჩვენ ჯერ პარტნიორები ვიყავით და მერე გავხდით ცოლ-ქმარი. ერთმანეთი გავიცანით სცენაზე, ეს იყო თავისუფალ თეატრში ვანო ხუციშვილის სპექტაკლი „ჩემი საუკეთესო მეგობარი“, სადაც ვთამაშობდით მე, ნუცა და ილია ქორქაშვილი. იქ მოგვეწონა ერთმანეთი და პარტნიორობის ეტაპიც თავიდანვე გავიარეთ. როგორც მსახიობს იმას თავისი გზა აქვს, რაშიც ხელს ვუწყობ, რა თქმა უნდა და ასევეა, ნუცაც ჩემს მიმართ. ერთმანეთის როლებში ნაკლებად ვერევით. სიმართლე გითხრათ, ხანდახან მიკითხავს რაღაცა და ძალიან კარგ შენიშვნებს იძლევა ხოლმე.

nuca-da-shako-1780487318.jpg

ფოტო: ნუცა და შაკო

- რა თვისება მოგწონთ ყველაზე მეტად ამა თუ იმ რეჟისორში?

- თავისუფალ თეატრში ჩემი პირველი სპექტაკლი იყო „წვიმის გამყიდველი“, დადგა ნუგზარ ლორთქიფანიძემ. ცოტა დაძაბული ვიყავი და ბატონი ნუგზარი ბევრს მაცინებდა, მის იუმორზე ვგიჟდებოდი. მწარე ენა ჰქონდა, თუმცა სულ სიცილ-სიცილით დავდგით სპექტაკლი.

ავთო ვარსიმაშვილში მომწონდა ის, რომ რეპეტიციების დაწყებამდე ძალიან ბევრს ემზადებოდა, სპექტაკლის დადგმაზე უკვე დიდ დროს აღარ ხარჯავდა და შენც თავისთავად მიყვებოდი. ეს ძალიან დასაფასებელია. ავთო ვარსიმაშვილი და დათო დოიაშვილი არაჩვეულებრივად ახერხებდნენ იმას, რომ კოლექტივში მეგობრული ურთიერთობები გვქონოდა. ვინც ცოტა გაქაჯდებოდა, იმას წაარტყამდნენ... ეს დოის ისე კარგად გამოსდიოდა, რომ ტაშს დავუკრავდი სიამოვნებით. მუშაობის დროს, დოი თვალებში გიყურებდა და სულში გიძვრებოდა - მომყევიო...

გოგი მარგველაშვილი რომ დგამდა „სამანიშვილის დედინაცვალს“ თავიდან ნერვები მეშლებოდა, თითოეულ მოძრაობას და საერთოდ, ყველაფერს იწუნებდა. ვფიქრობდი, ამას პირველკურსელი ხომ არ ვგონივარ-მეთქი. აი, ასე გექცევა და ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყავხარ შედეგამდე.

- სცენაზე გასვლის წინ ღელვას როგორ უმკლავდებით?

-დაახლოებით ნახევარი საათით ადრე იწყება ადრენალინის მოზღვავება, თითქოს სპორტსმენივით ემზადები, ამას „ხოდს“ ვეძახი. თუ ვერ გაუძლებ - გული ამოვარდნაზე გაქვს. თუ გაუძლებ, პირიქით გეხმარება და მობილიზებული ხდები.

- ბოლოს მითხარით, ახლა რაზე მუშაობთ?

- ჩემი დიდიხნის მეგობარი ილია ქორქაშვილი, რომელიც ჯერ მსახიობი იყო და მერე ძალიან კარგი რეჟისორი გახდა, მარჯანიშვილის თეატრში დგამს იტალიურ პიესას „კლინიკური შემთხვევა“, სადაც მეც ვმონაწილეობ.

ნანული ზოტიკიშვილი

(სპეციალურად საიტისთვის)