"გასაგებია, რომ თავისუფლებაშეზღუდული ადამიანის ემოციური მდგომარეობა უარყოფითია, მაგრამ..." - რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით?! - კვირის პალიტრა

"გასაგებია, რომ თავისუფლებაშეზღუდული ადამიანის ემოციური მდგომარეობა უარყოფითია, მაგრამ..." - რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით?!

მოსამართლე ნინო თარაშვილმა სხდომის დარბაზიდან გაძევებული პოლიტიკოსის, ტერორისტული აქტის განხორციელებაში ბრალდებულ, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის პროცესებზე დაბრუნების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ალეკო ელისაშვილი მისი საქმის განხილვაზე დასწრებას მომდევნო სხდომებიდან შეძლებს.

პოლიტიკოსი დარბაზიდან გასულ სხდომაზე მოსამართლე მეია მელქაძემ სასამართლოს უპატივცემლობის გამო გააძევა. დღევანდელ პროცესზე კი, ადვოკატებმა მისი სხდომათა დარბაზში დაბრუნების თაობაზე იშუამდგომლეს.

მოსამართლე ნინო თარაშვილმა მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებამდე განმარტება გააკეთა.

„საქმის განხილვაში მონაწილეობა გულისხმობს წესრიგის დაცვას. ეს მხოლოდ მოსამართლის მოთხოვნა არაა, ეს მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელების ერთ-ერთი გზაა.

ვიდრე ალეკო ელისაშვილს გააძევებდნენ, ორჯერ მისცეს შენიშვნა და მან ეს არ მიიღო მხედველობაში.

გასაგებია, რომ თავისუფლებაშეზღუდული ადამიანის ემოციური მდგომარეობა უარყოფითია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელებას ხელი შეეშალოს",- განაცხადა მოსამართლე ნინო თარაშვილმა.

აღნიშნულის შემდეგ, მან ადვოკატებს უთხრა, „კარგი იქნებოდა, რომ ბრალდებულის პოზიცია წერილობით წარედგინათ და თავის პირობა დაეფიქსირებინა“.

შემდეგი სხდომა 19 ივნისს, 10:30 საათზე ჩატარდება.

აღნიშნული ეპიზოდი ამჯერად, თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივის შენობაში ხანძრის გაჩენას ეხება.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა