"გიორგი მანქანის ფანჯარაზე მჯდარა... გოგომ საჭე ვერ დაიმორჩილა, შეჯახებისას გიორგი მანქანიდან გადავარდა და..." - ქუთაისში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები
ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვნის, 16 წლის გიორგი ხურციძის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცნობილია, რომ იმავე დღეს სამართალდამცავებმა დააკავეს საჭესთან მჯდომი გოგონა. გუშინ ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ დაკავებული გოგონა 14 წლის იყო, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ დაკავებული გოგონა 16 წლის არის. დაღუპული არასრულწლოვანი გიორგი ხურციძე ქუთაისის მე-11 საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლე იყო. ავარიის დროს მსუბუქად დაშავდა მანქანაში მყოფი კიდევ ერთი გოგონა, რომელსაც სამედიცინო დახმარება გაეწია, მას დაზიანება თვალის არეში აღენიშნება.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. როგორც ადგილობრივები ამბობენ, შემთხვევა საფიჩხიაზე გვიან ღამით მოხდა, არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტომობილში 4 არასრულწლოვანი იჯდა.
ერთ-ერთი ადგილობრივი ტრაგედიის დეტალებს გვიყვება:
" ორი ბიჭი და ორი გოგო იყვნენ მანქანაში. ბიჭმა, რომელიც ავარიის დროს გადარჩა, თურმე, დაუკითხავად წამოიყვანა დედის მანქანა თავისი სახლიდან. ამ ბიჭის ანუ მეგობრის მშობლის მანქანის საჭესთან დამჯდარა გოგონა, რომელიც ახლა დაკავებულია. გავიდნენ ქალაქში და მოხდა ეს უბედურება. დაეჯახნენ გაჩერებულ მანქანას. ბავშვები მეზობლები და ერთად გაზრდილები არიან. ყველა მათგანს ვიცნობ. საოცარი ბიჭი იყო გიორგი, ძალიან საყვარელი, სიცოცხლით სავსე, თბილი.
დაიღუპა მთელი ოჯახი, როგორ უნდა გაუძლოს დედამ?! ამ ამბის გაგების შემდეგ სასოწარკვეთილ გიორგის დედას თვითდაზიანება მიუყენებია, კლინიკაში რომ მიიყვანეს იძახდა, თურმე, მე თავი დამანებეთ, ჩემი გიორგი გადამირჩინეთო. საუბედუროდ, გიორგი ამ დროს უკვე გარდაცვლილი იყო.
გიორგი მანქანის ღია ფანჯარაზე მჯდარა, თორემ გადარჩებოდა. ამბობენ, ხერხემალშია გადატეხილი ბავშვიო. ღამით მოხდა ეს დიდი ტრაგედია. ეტყობა, საჭე ვერ დაიმორჩილა იმ გოგომ და დაეჯახა ქუჩაში გაჩერებულ მანქანებს. შეჯახების დროს გადმოვარდა გიორგი მანქანის ფანჯრიდან და შემდეგ მანქანის ქვეშ მოჰყვა. ამბობენ, რომ ადგილზე დაიღუპა.
ძალიან კარგი მშობლები ჰყავს გიორგის. მამამისი სასწრაფოს მძღოლია, რამდენიმე დღის წინ, თურმე, მამამისს მოუხდა ავტოსაგზაო შემთხვევა და იმ ავარიის დროსაც დაიღუპა ერთი ადამიანი, ამიტომ გიორგის მამაც ციხეშია და ახლა მას ეს თავზარდამცემი ამბავი დაემართა. დედამისი არაჩვეულებრივი ქალბატონია, არ ვიცი, როგორ გადაიტანს ამ ტრაგედიას. ორ შვილს ზრდიდნენ. გიორგის პატარა და ჰყავს.
დაკავებული გოგოს მშობლები ემიგრაციაში არიან. ეს ბავშვი ბებიასთან იზრდება. სიმართლე უნდა ითქვას - ყველანი ნასვამები ყოფილან. ექსპერტიზა რომ ჩაუტარდათ, თურმე, ყველას აღმოაჩნდა ანალიზებში ალკოჰოლი, მათ შორის - საჭესთან მყოფ გოგოსაც...
ეს არ უნდა მომხდარიყო... მით უმეტეს ამ გოგოს, რომელიც დააკავეს, ადრეც ჰქონდა მსგავსი შემთხვევა. მან, თურმე, თავის მეგობარს (გოგონას, რომელიც ახლა, ამ ავარიის დროს იჯდა იმ მანქანაში და მსუბუქად დაშავდა), ცოტა ხნის წინ, თურმე, მოაპარვინა დედის მანქანის გასაღები, გამოიყვანეს ის მანქანა - "ტოიოტა ქემრი" , თვითონ დაჯდა საჭესთან. საბედნიეროდ, იმ დღეს შორს ვერ წავიდნენ, რადგან სახლთან ახლოს იქვე მდგარ მანქანებს გაუსვა და დააზიანა მეგობრის დედის მანქანა....
ასეთ დროს ყველა თავისი შვილის გამართლებას ცდილობს, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი ზედმეტია, დიდი უბედურებაა დატრიალებული...
მაშინ, როგორც ვიცი, მანქანის პატრონს, მეგობრის დედას არც უჩივლია. ამბობდა, მთავარია, გადარჩნენო და ახლა იგივე განმეორდა. ნეტავ, მაშინ მოეთხოვათ პასუხი, იქნებ ეს უბედურება არ მომხდარიყო. არ ვიცი, როგორ გადაიტანს გიორგის ოჯახი ამას," - გვიყვება ერთ-ერთი ადგილობრივი.
გიორგი ხურციძეს ემშვიდობებიან ახლობლები. სოციალური ქსელი სავსეა ტკივილიანი სტატუსებით. გუშინვე გამოაქვეყნა სამძიმრის წერილი საქართველოს მეკლდეურობის ეროვნულმა ფედერაციამ. ისინი ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ახალგაზრდა სპორტსმენის, გიორგი ხურციძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.
"სამძიმარს ვუცხადებთ გიორგის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და ქუთაისის სპორტულ საზოგადოებას. ზოგი ადამიანი ასაკით ახალგაზრდაა, მაგრამ თავისი ხასიათითა და დამოკიდებულებით დიდ კვალს ტოვებს. გიორგი სწორედ ასეთი ადამიანი იყო. მშვიდობით, ჩემპიონო…" - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გიორგის დედა იმ სკოლის პედაგოგია, სადაც ახალგაზრდა ბიჭი სწავლობდა.
(სპეციალურად საიტისთვის)