ირანისგან და ჩინეთისგან იარაღს სომხეთი ყიდულობს, ჯოხი კი საქართველოზე ტყდება ანუ ისევ ორმაგი სტანდარტი?!
საქართველოს უცნაურ(სხვა უფრო „მძიმე“ შეფასება რომ არ მივცეთ) პოლიტიკურ ცხოვრებაში გუშინ ერთგვარი „გამოცოცხლება“ შეიმჩნეოდა იმასთან დაკავშირებით თუ რა განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მოსმენის დროს,აშშ-სა და საქართველოს შემდგომი ურთიერთობების გაგრძელებაზე...
საქართველოში,როგორც ხელისუფლების,ისე ოპოზიციის წარმომადგენლებმა, როგორც მოსალოდნელი გახლდათ თავისებური და ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებები მისცეს მარკო რუბიოს განცხადების კომენტირებისას,თუმცა მათ რატომღაც არ გაუჩნდათ ერთობლივი პროტესტი,ჩვენი საქართველოს მიმართ მორიგი ორმაგი სტანდარტის გატარების თაობაზე...
AD-08 Majid-ის ტიპის ახლო მოქმედების რადიუსის ირანულმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებმა ერევანში სამხედრო აღლუმზე მაშინ ჩაიარეს, როდესაც ანალოგიური საზენიტო დანადგარებიდან “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი” ირანის ციდან ამერიკულ სადაზვერვო „პრედატორებს“ აგდებდა-გაუჩინა თუ არა ამან პროტესტის გრძნობა 79 წლის ამერიკელ კონგრესმენს ჯო უილსონს?
საქმე ის არის,რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მოსმენის დროს,საქართველოსთან ურთიერთობების საკითხზე სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მხოლოდ მას შემდეგ ილაპარაკა,როდესაც პასუხი გასცა რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის კითხვას, რომელიც ასე ჟღერდა: “პრო-ირანული რეჟიმისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მხარდამჭერი “ქართული ოცნების” არალეგიტიმური მთავრობა საფრთხეს უქმნის აშშ-ის წვდომას. გაყალბებული არჩევნები იყო საქართველოში. ამის გათვალისწინებით, ისინი ეხმარებიან ირანულ “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს” სანქციებისთვის გვერდის ავლაში. თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს, რათა მოვაგვაროთ საქართველოს რესპუბლიკაში “ქართული ოცნების” მთავრობის მიერ მხარდაჭერილი სწრაფი რადიკალიზაცია?”
79 წლის ედისონ გრეივს „ჯო“ უილსონ-უფროსი ამერიკელი პოლიტიკოსი-რესპუბლიკელია,რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი და კონგრესის, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის,კომისიაშიც შედის.
კვირა არ გავა,რომ ჯო უილსონმა საქართველო რამდენჯერმე არ ახსენოს,ძირითადად საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მკაცრი კრიტიკის კონტექსტში და ასევე ხშირად „კოპირებული“ ბრალდებებით,რაც ძალაუნებურად აჩენს იმის ეჭვს,რომ ეს ხანდაზმული ამერიკელი კონგრესმენი საქართველოს თემაზე ვინმესთვის რაიმეს საფასურის დაპირების „გამომუშავებას“ ხომ არ ახდენს?
მისმა ბოლო ბრალდებამ,რომელმაც მარკო რუბიოსთან კითხვის დასმისას გაიჟღერა, ასეთ სიტყვებს შეიცავდა-“პრო-ირანული რეჟიმისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მხარდამჭერი “ქართული ოცნების” არალეგიტიმური მთავრობა საფრთხეს უქმნის აშშ-ის წვდომას...“
ეს ბრალდება ძალიან უცნაურად მოჩანს იმის ფონზე,როდესაც სამხრეთ კავკასიაში საქართველოს მეზობელმა სომხეთმა 28 მაისს ერევანში სამხედრო აღლუმზე ჩაატარა სწორედ ირანული და ჩინური წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები და სადაზვერვო-დამრტყმელი დრონები,რომლებიც სომხეთის მთავრობამ ახლახან შეიძინა, სხვათა შორის ძალზე გასაიდუმლოებულად,განსხვავებით ინდური და ფრანგული წარმოების შეიარაღებისა,რომელთა ყიდვაზე ხელშეკრულებებისა დადებას დელისთან და პარიზთან,ერევანი დიდად არც ასაიდუმლოებდა.
რა გამოდის,ამერიკელი კონგრესმენი საქართველოს ბრალს დებს იმ ირანთან და ჩინეთთან „ჩახუტებას“,რომლებსაც აშშ-ის მტრებად მიიჩნევს და ამასთან ვერ ხედავს მეზობელი სომხეთის მიერ სწორედ იმ ირანული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების შეძენას,რომლებმაც ამერიკელებს უკვე ჩამოუგდეს 25 ერთეულამდე „პრედატორის“ ტიპის დრონი ირანის ციდან და ჰორმუზის სრუტის თავზე?ან ჩინური ანტირადიოლოკაციური ბარაჟირებადი, ასევე დიდი სადაზვერვო-დამრტყმელი დრონების გამოჩენას სომხეთის არმიის შეიარაღებაში?
სომხეთი დამოუკიდებელი ქვეყანაა,რომელსაც სურს თავი დააღწიოს რუსეთის „მარწუხებს“ და ყარაბაღის მეორე ომში წაგების შემდეგ, ცდილობს გადააიარაღოს თავის არმია,რისი სრული უფლებაც აქვს.
ფაშინიანის მთავრობის მიერ რუსულის ნაცვლად ინდური,ჩინური,ირანული და ფრანგული შეიარაღების შესყიდვა განსაკუთრებულ გაღიზიანებას მოსკოვში იწვევს,თუმცა არც ბაქოში რჩებიან ამით ძალიან აღფრთოვანებულები.
ხოლო ამერიკელი მხცოვანი კონგრესმენი კი ჩვენ საქართველოზე ტეხავს ჯოხს,ირანთან და ჩინეთთან დაახლოების ბრალდებით,მაშინ როდესაც ეს ორი ქვეყანა რეალურად ჩვენ საქართველოს კი არა,არამედ მეზობელ სომხეთს აიარაღებს და აძლიერებს,რასაც 79 წლის ჯო უილსონი ვერ ან უფრო სწორედ არ ხედავს,რაც ორმაგი პოლიტიკური სტანდარტის თვალსაჩინო მაგალითია...
როგორ თვლის კონგრესმენი უილსონი,როდესაც საქართველოს ბრალს დებს-„...ისინი ეხმარებიან ირანულ “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს” სანქციებისთვის გვერდის ავლაში...“,სომხეთის მიერ ათეულობით მლნ დოლარს, გადახდილს ირანული შეიარაღების შესასყიდად,განა სწორედ “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” გაძლიერებას არ მოხმარდება,თუნდაც იმავე აშშ-თან საბრძოლო მოქმედებების განახლების შემთხვევაში და ეს უნდა შეფასდეს თუ არა ირანისადმი დაწესებული ამერიკული სანქციების გვერდის ავლად ერევნის მხრიდან?
ის,რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ძალიან რთული ურთიერთობა აქვს ვაშინგტონთან და მითუმეტეს ბრიუსელთან,ამას ყველა ვხვდებით,ისევე როგორც იმას,რომ ასე უსასრულოდ გაგრძელება აღარ შეიძლება,თუნდაც მხოლოდ ერთი უმთავრესი მიზეზის გამო-საქართველოს ორი რეგიონი მოსკოვს აქვს ოკუპირებული და არა ბრიუსელსა თუ ვაშინგტონს,შესაბამისად ამითაც ჩანს ვინ არის ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი მტერი...
და ამ ისედაც არასახარბიელო სიტუაციის დროს,როდესაც მხცოვანი ამერიკელი კონგრესმენი დამატებით იმას აბრალებს საქართველოს,რომ თურმე „ირანულ “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს” სანქციებისთვის გვერდის ავლაში...“ ვეხმარებით(მაშინ როდესაც სახეზეა სომხეთ-ირანის ინტენსიური სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა),მართლა „ბლენა“ ?!
ირანზე რა მოგახსენოთ,მაგრამ ჩინეთთან საქართველოს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავება ჩინური წარმოების თანამედროვე კამიკაძე-დრონების, ანტიდრონების, მობილური რადიოლოკაციური სადგურების,საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისა და 300 კმ-მდე მოქმედი ოპერატიულ-ტაქტიკური მართვადი სარაკეტო შეიარაღების შესყიდვა ქართული არმიისთვის,მართლაც ძალიან წაადგებოდა საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებას იმის ფონზე,როდესაც სომხეთმა და მითუმეტეს აზერბაიჯანმა სერიოზულად გადაგვისწრეს ამ სფეროში და სამხრეთ კავკასიის რეგიონში დარღვეულია სამხედრო-პოლიტიკური ბალანსი...