გულბაათ რცხილაძის საქმე: "გაუმარჯოს რუსეთსაც და საქართველოსაც, მარადჟამს ერთად" - ჯაშუშობაზე უარესი?! - კვირის პალიტრა

გულბაათ რცხილაძის საქმე: "გაუმარჯოს რუსეთსაც და საქართველოსაც, მარადჟამს ერთად" - ჯაშუშობაზე უარესი?!

ჯაშუშობის ბრალდებით გულბაათ რცხილაძის დაკავების შემდეგ სოციალურ ქსელებში დიდი დისკუსია გაჩაღდა: არის კი რცხილაძე ჯაშუში? იქნებ საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების საჯაროდ დაფიქსირებისთვის და რუსეთისადმი (პარალელურად, ირანისადმი) „უანგარო“ სიყვარულის გამოა დაკავებული? სადაა სიტყვის თავისუფლება? და ა.შ. ამ „ფილოსოფიურ წიაღსვლებსა“ და ‘შუბების მტვრევას“ აზრი იმ შემთხვევაში ექნებოდა, ცნობილი რომ არ იყოს გ. რცხილაძის არა მარტო საჯარო განცხადებები, არამედ - მისი აქტიური მოქმედებები (!!!) საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და ოკუპანტი რუსეთის სასარგებლოდ.

თუ უკანასკნელი 17-18 წლის მანძილზე მის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ აქტივობებს (კონფერენციები, სემინარები, საავტორო გადაცემა, ერთ-ერთ ტელეარხზე, მოსკოვში ვიზიტები, თბილისში რუს და ირანელ „დიპლომატებთან“ ხშირი „ჩახუტება“, საქართველოს რეგიონებში შეხვედრები; უკიდეგანო და აგრესიული აქტივობა სოციალურ ქსელებში – ეს, რაც ჩანდა. დანარჩენი სუსმა უნდა გვითხრას და თუ მუდმივად მზარდ პრორუსულ სიტყვა/მოქმედებებს გავიხსენებთ, მაშინ არ იქნება რთული, პასუხი გავცეთ კითხვას: ვინ არის გუგა რცხილაძე? ის რუსეთის „ჰიბრიდული ჯარების“ ერთ–ერთი სტაჟიანი „ოფიცერია“, რომელიც წლების მანძილზე რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებისგან მიღებული დაფინანსებით ოკუპანტი ქვეყნის (ამ ტერმინს ის საშინლად ვერ იტანს, იმიტომ, რომ საქართველოს ოკუპაციას არ აღიარებს!) „რბილი ძალის“ გავლენის ოპერაციებში მონაწილეობს. კარგად ვიცით, რომ „კრემლის“ მთავარი მიზანი აშშ-ის, ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთიანობის განადგურება და აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში მოსკოვის დომინირების აღდგენაა. რუსეთის ხელისუფლება უკვე ათწლეულების მანძილზე აწარმოებს „ჰიბრიდულ ომს“ საქართველოში. თუმცა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ, ღია და ფარული სპეცოპერაციების ამ ერთობლიობას, ადრე ტერმინით – “ჰიბრიდული ომი” არ ავღნიშნავდით.

რა არის “ჰიბრიდული ომი” ?

“აწარმოე ომი ისე, რომ დანაშაულის ფაქტზე ვერავინ წაგასწროს” -დაახლოებით, ასეთია “ჰიბრიდული ომის” არსი. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, აშშ-ის სამხედრო ექსპერტებმა სამხედრო დაგეგმარების პრაქტიკაში შემოიღეს “ჰიბრიდული საფრთხეების” და, შესაბამისად, მასთან დაკავშირებული “ჰიბრიდული ომების” ახალი ცნება – როგორც საომარი მოქმედების ფორმა, რომელშიც ჩართულია სხვადასხვა შემადგენლობის, საშუალებების, მომზადების დონისა და ხასიათის ძალები.

აშშ-ის მსგავსად, “ჰიბრიდული საფრთხის” ტერმინი ბრიტანული სახმელეთო ძალების დოქტრინაში განმარტებულია, როგორც ”კონფლიქტი, რომლის დროსაც სახელმწიფო თუ არასახელმწიფო მოთამაშეები პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ერთი და იგივე საბრძოლო სივრცეში ერთდროულად იყენებენ ომის ყველა მეთოდს, მოწინავე საომარ ტექნოლოგიებს და შეიარაღების სისტემებს, ტერორიზმს და კრიმინალურ დაჯგუფებებს”. რუსეთში “ჰიბრიდული ომების” კონცეფციის შემუშავებასა და მის პრაქტიკაში გასსტარებლად აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის (გე-ერ-უ) ყოფილი უფროსი, გენერალი იგორ სერგუნი, რომელიც 2016 წლის დასაწყისში მოულოდნელად და საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.

ყირიმის ანექსია, უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებები, ხოლო 2022 წლის 24 თებერვლიდან სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია, “ფსიქოლოგიური ომი” და დივერსიები უკრაინის მთელ ტერიტორიაზე – ესაა სწორედ იმ “ჰიბრიდული ომის” არასრული შედეგი, რომელმაც ნატოს მხედართმთავრებს მრავალი თავსატეხი გაუჩინა. “ჰიბრიდულ ომს” ახასიათებს კარდინალური ცვლილებები შეიარაღებული კონფლიქტის ტრადიციულ გაგებაში, რადგანაც თანამედროვე კონფლიქტები მზადდება და იწყება გაცილებით ადრე, ვიდრე იარაღს გაისვრიან. როგორც წესი, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს ზღვარი მშვიდობასა და “ფარულ ომს” შორის, ვინაიდან შეუძლებელია, დაადგინო მათ შორის გარდამავალი მდგომარეობა.

მოცემული ტერმინის სხვადასხვა განმარტება არსებობს, თუმცა “ჰიბრიდული ომის” შესახებ გავრცელებული შეხედულებებიდან ერთი საერთოს პოვნა ნამდვილად შეიძლება: ეს არის ომი მართვადი ქაოსის მეშვეობით, რომლის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი საინფორმაციო ომია, მოწინააღმდეგის სრული დემორალიზების მიზნით.

ჰიბრიდული ომის” შემადგენელი ელემენტები, პირობითად, შემდეგნაირად შეიძლება ჩამოვაყალიბოთ:

1. სამიზნე ქვეყანაში საზოგადოების სხვადასხვა ფენაში ისტორიული და რელიგიური ფაქტორების გამოყენებით "დასაყრდენი ჯგუფების" შერჩევა, მათი დაფინანსება და მომზადება მომავალი პროვოკაციებისთვის;

2. ქვეყნის შიდა სიტუაციის შერყევა და პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და ა.შ. კრიზისების ინსპირირება;

3. ქვეყნის დეგრადაცია, გაღატაკება და დაშლა;

4. “ჰიბრიდული ომის” ავტორისათვის სასურველი პოლიტიკური ძალის მოყვანა სამიზნე ქვეყნის ხელისუფლების სათავეში.

“ჰიბრიდული ომის” პირველი ნიშნები, ერთი შეხედვით, უწყინარი და უმტკივნეულოა, და მისი დაფიქსირება ხშირად მხოლოდ უკვე მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის სტადიაშია შესაძლებელი. “ჰიბრიდული ომის” დამახასიათებელი ნიშნებია:

ა) მთავარი მიზანი არა სამხედრო გამარჯვება, არამედ -სახელმწიფოებრიობის ჩამოშლა;

ბ) ფრონტის ხაზის არარსებობა და მშვიდობიანი მოსახლეობის პროვოკაციებისთვის მსხვერპლად გაწირვა;

გ)საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფა-მანიპულაცია;

დ) ამოუცნობი ჯარისკაცებით (ე.წ. მწვანე კაცუნებით) შენიღბული რეგულარული სამხედრო დანაყოფების ფარულად გამოყენება;

ე) სეპარატისტული წარმონაქმნების, „პროქსი“- ჯგუფების ღია და ფარული მხარდაჭერა;

ვ) ტერორიზმის გამოყენება.

თუ მიზნის მისაღწევად არასამხედრო ელემენტები არაეფექტიანია, მაშინ გამოიყენება სამხედრო-შეიარაღებული ელემენტები.

“ჰიბრიდული ომის” დეფინიცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ აგრესიული ზემოქმედების მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენების შემდეგ გახდა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი. ეს 2014 წელს მოხდა, თუმცა, როდესაც უკან “გადავახვევთ” მოვლენათა ქრონიკას, დავრწმუნდებით, რომ რუსეთის ხელისუფლება “ჰიბრიდულ ომის” სხვადასხვა ელემენტს (ეკონომიკური ზემოქმედება, დეზინფორმაცია, მოსახლეობის ურთიერთდაპირისპირების ინსპირირება, სეპარატისტების ფარული წახალისება, ოპერატიულ-აგენტურული ოპერაციები და ა.შ.) უკრაინის (ისევე, როგორც საქართველოსა და სხვა ქვეყნების) წინააღმდეგ, ფარულად და ღიად, ათწლეულების მანძილზე ახორციელებდა.

“ჰიბრიდული ომის” სხვადასხვა ელემენტს სახელმწიფოები ოდითგანვე იყენებდნენ, თუმცა ზემოქმედების მეთოდებისა და ხერხების ამგვარი კომბინაციური მრავალფეროვნება მხოლოდ XXI საუკუნის დასაწყისიდან ფიქსირდება.

ჩემი აზრით, “ჰიბრიდული ომი” არის სამხედრო და არასამხედრო მეთოდებისა და ხერხების კომპლექსური გამოყენებით სხვა ქვეყნის ხელისუფლებაზე ზემოქმედების ან (და) ხელისუფლების შეცვლის წინასწარდაგეგმილი პროცესი და ხელისუფლების დამხობის არაპირდაპირი გზა.

“ჰიბრიდული ომის” ამგვარი განმარტებაც მისაღები უნდა იყოს: წინასწარ დასახული სტრატეგიული მიზნის მიღწევა ზემოქმედების მრავალფეროვანი (სამხედრო, არასამხედრო და სპეციალური) მეთოდებისა და ხერხების გამოყენებით. ისტორიული გამოცდილება ადასტურებს, რომ “ჰიბრიდული ომი”, როგორც წესი, არასამხედრო ფაქტორების (მეთოდების) ამოქმედებით იწყება, რომელთა შორის უნდა გამოვყოთ:

1. ეკონომიკური ზემოქმედების მეთოდები (ეკონომიკური სანქციები, ეკონომიკური ბლოკადა და ეკონომიკური ომი). რომელთა მიზანია მოცემული ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის შესუსტება ან(და) განადგურება;

2. შიდაპოლიტიკურ სისტემაზე ზემოქმედების მეთოდები (პოლიტიკური სისტემის სტაბილურობის დარღვევა - სხვადასხვა, ღია და ფარული, ხერხების გამოყენებით). რომელთა მიზანია, სხვა ქვეყნის ხელისუფლებაზე ზემოქმედება ან (და) ხელისუფლების შეცვლა. ასევე, მოცემული ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ კურსზე ზემოქმედება;

3. საგარეო პოლიტიკური დისკრედიტაციის მეთოდები, რომელთა მიზანია საერთაშორისო მასშტაბით მოცემული ქვეყნის პრესტიჟისა და პოზიტიური იმიჯის შერყევა. ამ დროს გამოიყენება დეზინფორმაციის მრავალფეროვანი ხერხები.

“ჰიბრიდული ომის” ზემოაღნიშნული არასამხედრო მეთოდები აერთიანებს შემდეგ კონკრეტულ ხერხებს: ტერორისტულ აქტებს, “ფსიქოლოგიურ ომს”, „გავლენის აგენტურის“ ამოქმედებას, კიბერტერორიზმს, დეზინფორმაციას, მოცემული ქვეყნის შიგნით სეპარატისტულად განწყობილი ჯგუფების დახმარებას და მარიონეტული “მთავრობების” შექმნას, საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების ფარულ მხარდაჭერას და ა.შ. “ჰიბრიდული ომის” არასამხედრო მეთოდები ამზადებენ შესაბამის წინაპირობებს ღია ან ფარული სამხედრო ექსპანსიისთვის. პირდაპირი სამხედრო ჩარევის შესანიღბად გამოიყენება “დემოკრატიული პრინციპებისა” და “ეროვნული უმცირესობების უფლებების” დაცვის დეზინფორმაციულად გამყარებული ლეგენდები. დეზინფორმაცია (შემოკლებით “დეზა”) ჯერ ბოლშევიკებისა და საბჭოთა კავშირის, შემდეგ კი - რუსეთის სპეცსამსახურების მუშაობის ერთ-ერთი უმთავრესი მეთოდი და ამავე დროს - “ჰიბრიდული ომის” მძლავრი იარაღი იყო და არის. რუსეთის დეზინფორმაციული ოპერაციები წინ უსწრებს ღია და ფარულ სამხედრო მოქმედებებსა და ეკონომიკურ ბლოკადებს. ამ დროს ხდება სიტუაციის მომზადება მომდევნო, უფრო აგრესიული ეტაპისთვის, რისთვისაც მაქსიმალურადაა გამოყენებული სოციალური ქსელებით.

ხომ გაგიგიათ: „შეძახილმა ხე გაახმოო?“ - დღეს სიტყვაც უკვე ბასრი იარაღია, მით უფრო - სოციალურ ქსელებში ნასროლ/დათესილი. სოციალური ქსელები, ე.წ. ფორუმები და ინტერესთა ჯგუფები სპეცსამსახურების მიერ ორი მიზნით იქმნება/გამოიყენება: ჯერ ერთი, ისინი ინფორმაციის შეგროვების მშვენიერი წყაროა. რადგანაც ადამიანები ნებაყოფლობით და დიდი სიამოვნებით ავრცელებენ ინფორმაციას საკუთარი თავისა და მეგობრების შესახებ, რითაც ძალზე უიოლებენ საქმეს დაინტერესებულ პირებსაა თუ სტრუქტურებს.

მეორეც, სპეცსამსახურები სოციალურ ქსელებს ადამიანის ფსიქიკის მანიპულაციისთვისაც დიდი წარმატებით იყენებენ. დეზინფორმაცია ძალიან დიდი სისწრაფით ვრცელდება ინტერნეტგამოცემებითა და სოციალური ქსელებით. სოციალურ ქსელებს დიდი მუხტის შეტანა შეუძლიათ საზოგადოებაში. რუსეთის სპეცსამსახურები სოციალურ ქსელებს იყენებენ პუტინისტური რუსეთის უფრო ნათელ ფერებში დასახატავად და დასავლეთის უფრო მუქ ფერებში წარმოსაჩენად.

იგივე ხდება საქართველოშიც. “ინტერნეტფორუმებზე” ყველაზე მეტად აქტიურობენ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული ჯგუფები, რომლებიც ყველანაირი ფორმებით და ფსევდოპატრიოტული მოწოდებებით ებრძვიან საქართველოს სტრატეგიულ კურსს. ამისთვის ისეთ ინფორმაცია ავრცელებენ, რაც დასავლეთის პირდაპირ დისკრედიტაციას წარმოადგენს. ჩვენი მოქალაქეებიც, ემოციების გამო, საკმაოდ მარტივად წამოეგებიან ხოლმე ასეთ შემოგდებულ სატყუარაზე. ასე რომ, ინტერნეტი და სოციალური ქსელები რუსეთის მიერ წარმოებული “ჰიბრიდული ომის” მძლავრი იარაღია. ამ „ომს“ კი თავისი წესები აქვს: რუსეთის სპეცსამსახურები მკაცრად აღრიცხავენ ყველა „მებრძოლის“ აქტივობას, როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე საქართველოს საზოგადოებრივ–პოლიტიკურ პროცესებში და გამარჯვებულებს ხშირად აჯილდოებენ კიდეც. ასე იყო გასული წლის 25 დეკემბერს, როდესაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელმა დიმიტრი ოლისოვმა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ჯილდო გადასცა გულბაათ რცხილაძეს, რომელმაც სოციალურ ქსელში ამგვარი სამადლობელო პოსტი დადო:

„მადლობა გამოჩენილ მსოფლიო ლიდერს ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინს! მადლობა მოძმე და დიად რუს ხალხს!“ – ვითომ გუგა რცხილაძემ არ იცის, რომ ამ „გამოჩენილ მსოფლიო ლიდერზე“ 2023 წლის 17 მარტიდან, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაპატიმრების ორდერი აქვს გაცემული და მას ბრალი სამხედრო დანაშაულში ედება! ამიტომაა, რომ გუგას ლიდერი ჩინეთი–ბელორუს–ყაზახეთ–ყირგიზეთის ტრაექტორიას ვერ ცდება. იცის, როგორ არ იცის, თუმცა კვლავ: ფული და მუსიკა!

ჯერ უცნობია, თუ რატომ მისდგა ამ ბოლო დროს გ. რცხილაძე საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას: როგორც კონკრეტულ პირებს, ასევე ქვეყნის საგარეო–პოლიტიკურ კურსს. ამის დასადასტურებლად ქვემოთ მხოლოდ ორი პოსტი მომყავს.

გუგა რცხილაძეს პროკურატურამ ბრალი ერთდროულად ორი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობაში წაუყენა. უკვე ნათელია, რომ ეს ქვეყნები რუსეთი და ირანია.ბრალდებული სოციალურ ქსელებში აქტიურ პროირანულ კამპანიასაც ეწეოდა. შეხედეთ, წაიკითხეთ და კითხვა აღარ დაიბადება.

ირანის ელჩს თანამოაზრეები უმშვენებენ გვერდს.

“ჰიბრიდული ომის” ერთ-ერთი მთავარი მიზანი მოწინააღმდეგის ეროვნული თვითშეგნებისა და მენტალიტეტის დეგრადირება, ასევე ფსევდო ეროვნული ინტერესებითა და ღირებულებებით მანიპულირებაა. ეს კი ფსიქოლოგიური და იდეოლოგიური ზემოქმედების წინსწარ შემუშავებული გრძელვადიანი სტრატეგიითა და მავალწლიანი პრაქტიკული მოქმედებებით ხორციელდება.

ზემოთ უკვე ითქვა, რომ „ჰიბრიდული ომის“ მთავარი ამოცანა სამიზნე ქვეყნის შიდა სიტუაციის შერყევა, მოსახლეობაში დაპირისპირების გაღვივება და პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, რელიგიური და ა.შ. კრიზისების ინსპირირებაა.

თქვენი აზრით, რა შეფასება უნდა მიეცეს გუგა რცხილაძის ამ პოსტ/შეხედულებას:

picture2-1780639560.png

კომენტარი თქვენთვის დამითმია!

არ დაგიმალავთ და პირველად ვეწვიე გ. რცხილაძის ფესიბუქ–გვერდს და უამრავი პრორუსული პოსტი ვნახე, თუმცა ამ სისტემურ და კარგად ორგანიზებულ ანტიქართულ საშინელებაში ერთმა

picture1-1780639560.png

პოსტმა ნამდვილად შემძრა. გაეცანით თქვენც. ნამდვილად არ ვიცი: როგორ შეიძლება ეროვნებით ქართველს, შენი თანამემამულის და თანაც მსოფლიოს ძიუდოს დიდოსტატის, ტატო გრიგალაშვილის დამარცხება გაგიხარდეს? ხოლო ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლის გამარჯვებით იამაყო? არა ეს ჯაშუშობა არ არის, ეს გაცილებით საშიში სენია!

პ.ს. გუშინ საღამოს გულბაათ რცხილაძის დაკავებაზე კომენტარი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ გააკეთა და ძალზე მნიშვნელოვანი მინიშნებებიც მოვისმინეთ: „ის რამდენიმე დღეში დააკავეს მას შემდეგ, რაც საქართველოს საჯარო სივრცეში რუსოფობიის მონიტორინგის პროექტი დააანონსა. როგორც ჩანს, გარკვეული ძალები დაინტერესებული არიან საერთაშორისო საზოგადოებისგან ქსენოფობიის გამოვლინებების შესახებ ინფორმაციის დამალვაში. და, რა თქმა უნდა, არ შეიძლება მისი ბედი არ გვაღელვებდეს“.

(მეორე ნაწილის დასასრული)