პაატა შეშელიძე: "ტარიფის დაწევა კი არა, განულებაც შეიძლება, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

პაატა შეშელიძე: "ტარიფის დაწევა კი არა, განულებაც შეიძლება, მაგრამ..."

დენისა და გაზის ტარიფი შემცირდება, მაგრამ ვერ განახევრდება; პენსიები გაიზრდება, მაგრამ ვერ გაორმაგდება; ამის შესახებ ახალი ხელისუფლების წევრები უკვე საუბრობენ, – ზოგი "გულწრფელად", ზოგიც უბრალო ადამიანისთვის გაუგებარ ენაზე. ამ საკითხზე მომუშავე თემატურ ჯგუფს შეეშალა თუ ასეთი განცხადებები პროპაგანდისტულ მიზანს ემსახურებოდა, ამის შესახებ საზოგადოებაში ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები ვრცელდება. ეკონომიკის ექსპერტი პაატა შეშელიძე იმ მიზეზებზე საუბრობს, რომელმაც ახალ ხელისუფლებას საზოგადოებისთვის მიცემული პირობების შესრულებაში ხელი შეუშალა.

– დენის ტარიფის დაწევა კი არა, განულებაც შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტმა უნდა გადაიხადოს და სხვა საკითხია, რამდენად საჭიროა ამის გაკეთება. თავისუფალი ბაზრის პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი რასაც მოიხმარს, უნდა გადაიხადოს ან ეკონომია უნდა გააკეთოს. ამ შემთხვევაში, ჩემთვის სწორი გამოსავალის პოვნა უფრო მნიშვნელოვანია.

– რაში მდგომარეობს ეს "სწორი გამოსავალი?"

– ჩვენი რეალობის თანახმად, ელექტროენერგიასა და გაზსაც მონოპოლიური მომწოდებელი ჰყავს. ფასს ადგენს სახელმწიფო და მომხმარებელი ინდივიდუალურ კონტაქტებს არ ეძებს. ჩვენ მერიასთან ვართ მიბმული და ამ უწყებას რაღაც გაუგებარი ვალდებულების საფუძველზე, ჩვენი სახელით აქვს მომწოდებელთან ურთიერთობა... არადა, ბევრად მომგებიანი იქნებოდა კონკურენციის, კონტაქტებისა და პირდაპირი ვალდებულების საკითხები შეგვესწავლა. შემდეგ მივხვდებოდით, რომელია სამართლიანი ფასი, რომელიც ჯერჯერობით ჩვენ არ ვიცით, რადგან თავისუფალი ბაზარი არ გვაქვს.

– როგორ ფიქრობთ, თემატურ ჯგუფს, რომელიც საოცნებო ფასებს გვპირდებოდა, ეს საკითხები არ შეუსწავლია?

– არც კი დაფიქრებულან. სამართლიანი ფასის დარეგულირებისთვის აუცილებელია, გაჩნდეს კონკურენცია და ალტერნატიული მომწოდებელი. თუ ახლა ამის გაკეთება ტექნიკურად შეუძლებელია, ხელისუფლების მხრიდან ინტერესი მაინც უნდა არსებობდეს. მაგალითად, თუ მსურველი დააფუძნებს კომპანიას, რომელიც თბილისის ერთ-ერთ უბანს მაინც მოამარაგებს ელექტროენერგით, ამის გაკეთებას ახალი ტექნიკა არ დასჭირდება. ეს მეთოდი მთელ ევროპაში აპრობირებულია და საკმაოდ მომგებიანად არის აღიარებული.

რაც შეეხება ფასს, მე მათ კიდევ ერთ გამოსავალს ვთავაზობდი, – დარჩეს ყველაფერი ისე, როგორც ახლა არის, ფასსაც ნუ შევეხებით, რადგან ტარიფის ცვლილების შემთხვევაში, არ ვიცით, რა შედეგს მოგვიტანს ჩვენი ენერგოსისტემა. ანუ დენის გაიაფების შემთხვევაში, საზოგადოება ბევრად მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, ამან კი შესაძლოა, რაღაც რყევები გამოიწვიოს. ამიტომ, ნუ შევეხებით ტარიფებს, სამაგიეროდ ინსტიტუციური სისტემა მოვაწესრიგოთ, შემოვიყვანოთ ალტერნატიული მომწოდებელი და მერე მივხვდებით, რამდენად სამართლიანია ფასი. თუ ამას გაითვალისწინებენ, კარგი იქნება, თუ არა, მოუწევთ წინა დღის ნათქვამი სიტყვების შელამაზება. საინტერესოა, მოსწონს პრემიერ-მისნიტრს თავისი გუნდის წევრები, ერთ დღეს ნათქვამს მეორე დღეს რომ უარყოფენ?!

– პენსიების გაზრდასთან დაკავშირებითაც უამრავი შეკითხვა წარმოიშვა...

– ის, რასაც ჩვენ პენსიას ვუწოდებთ, არის სოციალური დახმარება ასაკის გამო. დიახ, იყო საუბარი მის გაზრდაზე, მაგრამ იმ გზით, როგორც მათ წარმოდგენილი ჰქონდათ, ამ თანხის მექანიკურად გაორმაგება ან გასამმაგება, დროის მოკლე მონაკვეთში, სხვა ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიუღებლად, არასწორი იქნება. ასეთ შემთხვევაში, მოქალაქეთა ერთ ნაწილს გაუჩნდება უფრო მეტი მოთხოვნა, ვიდრე მანამდე ჰქონდათ და ეს მძიმედ დააწვება პირველადი მოხმარების საქონელს. საპენსიო ასაკის ადამიანები ამ თანხას სურსათის, მედიკამანტებისა და სხვა პირველადი მოხმარებისთვის მოიხმარდნენ. ამ სეგმენტსაც კი ეს მოთხოვნა მძიმედ დააწვება და თუ საჭირო საქონლის მოწოდებას ვერ უზრუნველყოფენ, სავაურაუდოდ, ფასს გააძვირებენ.

– რუსეთის ბაზრის გახსნა ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ქართული მხარის მიერ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, შემხვედრი ნაბიჯები არ ჩანს. თქვენი აზრით, რამდენად აუცილებელია ქართული ეკონომიკისთვის რუსეთის ბაზარში დაბრუნება და რა უშლის ხელს, რომ ქართული პროდუქცია ევროპის ბაზარზე უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი?

– სინამდვილეში, საქართველოს ბაზარი ღიაა რუსეთისთვის, ახლა რუსეთმა უნდა გახსნას, მაგრამ ისინი ამას არ გააკეთებენ, რადგან ჩვენი მხრიდან პოლიტიკურად არაფერი იცვლება. თუ გახსნიან, ამის სანაცვლოდ რაღაც ცალმხრივ დათმობაზე უნდა წავიდეთ. ბოლოდროინდელი განცხადებებით ისინი მზად არიან, რუსულ ბაზარზე შეუშვან ის ქართული მწარმოებლები, რომლებიც მათ მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ. თუმცა, სხვა საკითხია რამდენად დააკმაყოფილებს ქართველი გლეხი მათ კრიტერიუმს. მას, რა თქმა უნდა, არ აქვს საშუალება განაცხადი გააგზავნოს გენადი ონიშენკოსთან, იქიდან მისი წარმომადგენელი გამოაგზავნინოს და მის მიერ მოკრეფილი ვაშლი და მანდარინი შეამოწმებინოს.

არავინ იცის, კონკრეტულად რა მოთხოვნები აქვს რუსეთის ბაზარს ასეთი, რომ ვერ ვაკმაყოფილებთ, მაშინ როდესაც ევროპული ბაზრისთვის მისაღებია ქართული პროდუქცია... ეს არის პოლიტიკა. მათ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე მეტი უნდათ, თორემ აქამდე გამოსავალს როგორღაც იპოვიდნენ.

საქართველომ თავისუფალი ბაზრის პირობებში ალტერნატიული ბაზარიც იპოვა. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ არის ქართული პროდუქცია ევროპის ბაზარზე უფრო ფართოდ წარმოდგენილი – რუსეთის ბაზარი ჩაკეტილია, თხილს თუ არ ჩავთვლით, სოფლის მეურნეობის პროდუქტისთვის ჩაკეტილია თურქეთის ბაზარიც, ევროპაშიც შეზღუდულად შევდივართ, რადგან თავიანთი მოთხოვნები აქვთ და რუსეთისგან განსხვავებით, ვიცით, რა უნდათ. ეს რეალობა კი იმას გვეუბნება, რომ ის დრო, როდესაც ადამიანს თავად გაჰქონდა თავისი პროდუქცია, წავიდა. გამოსავალი ის არის, რომ გლეხმა თავისი თავი ფერმერად უნდა აქციოს, შექმნას ბრენდი და ბრენდული პროდუქცია უნდა გაყიდოს. მთავრობამ უნდა იმუშაოს და ევროკავშირთან და დანარჩენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოახერხოს კარების გახსნა და ქვეყნიდან ბრენდული ნაწარმის გატანა. ეს რთული, მაგრამ მომგებიანი ნაბიჯები იქნება.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)