"სამი კაკალი კონკიასთვის" და ორი "თხილი" პუტინისთვის ანუ კატა ვერ შესწვდა ძეხვსაო... - კვირის პალიტრა

"სამი კაკალი კონკიასთვის" და ორი "თხილი" პუტინისთვის ანუ კატა ვერ შესწვდა ძეხვსაო...

ამ ნახევარი საუკუნის წინ გადაღებული გერმანულ-ჩეხოსლოვაკიური მხატვრული ფილმი-ზღაპარი „სამი კაკალი კონკიასთვის“, მთელი თაობების საყვარელ ფილმად იქცა და ეტყობა რუსეთის დღევნდელი, უფრო სწორედ კი „მუდმივი“ პრეზიდენტისთვისაც, რადგან პუტინი თავის ახალ ზღაპარს თხზავს „ორი თხილის“ შესახებ, თუმცა თავიდან დავიწყოთ:

გუშინ, 4 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიის მიერ უკრაინაზე „ორეშნიკის“ სარაკეტო სისტემის გამოყენებით განხორციელებული დარტყმები ამ იარაღის საბრძოლო გამოყენებას არ წარმოადგენდა. „მათ დარტყმები განახორციელეს იქ, სადაც შედეგების დანახვა მოსახერხებელი იყო“, - განაცხადა პუტინმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

პუტინის თქმით, ერთ-ერთი დარტყმა „ფარდულზე“ განხორციელდა რაკეტის ქობინების დაცემის ადგილების შესამოწმებლად. მისი მტკიცებით, დრონებმა მოგვიანებით ამ თავდასხმის შემდგომი მოვლენები დააფიქსირეს. პუტინის თქმით, ეს აუცილებელი იყო „ორეშნიკის“ რაკეტის შემდგომი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებების მისაღებად.

„ჩვენ მსგავსი სისტემები გამოვცადეთ პოლიგონებზე, მაგრამ „ორეშნიკი“ არ გამოგვიცდია“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინის თქმით, რუსეთის არმიამ „ორეშნიკის“ დარტყმები ბილა ცერკვას (კიევის ოლქი) და დონეცკის ოლქებზე განახორციელა. პუტინმა აღიარა, რომ მომავალში „ორეშნიკის“ დარტყმები შესაძლოა, ურბანულ ტერიტორიებზეც განხორციელდეს.

რუსეთის არმიამ ბილა ცერკვას 24 მაისს „ორეშნიკის“ ტიპის რაკეტით შეუტია. OSINT-ის მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ორი რაკეტა გაუშვეს, რომელთაგან ერთი დონეცკის რეგიონში, რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაეცა. თუმცა, არც რუსეთმა და არც უკრაინამ ოფიციალურად არ განაცხადეს ორი რაკეტის გაშვების შესახებ და არა ერთის.

უკრაინასთან ომის დროს რუსულმა ძალებმა „ორეშნიკის“ რაკეტა კიდევ ორჯერ გამოიყენეს. 2024 წლის ნოემბერში მათ ქალაქ დნეპრს დაარტყეს, ხოლო 2026 წლის იანვარში - ლვოვის ოლქს.

რა კომენტარი შეიძლება გაკეთდეს რუსეთის პრეზიდენტის იმ ფაქტობრივ აღიარებასთან დაკავშირებით, რომ 24 მაისს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ სინამდვილეში ერთი კი არა, არამედ ორი საშუალო სიშორის მოქმედების ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკი“ გაუშვია?

პირველი - რუსეთის კაპუსტინ იარის სარაკეტო პოლიგონიდან უკრაინის მიმართულებით გაშვებული პირველი „ორეშნიკის“ საბრძოლო თავაკი გაიხსნა დონეცკის ოლქის ოკუპირებული ტერიტორიის თავზე და ექვსი ჰიპერბგერითი ქობინი თავის მხრივ კიდევ ექვს ნაწილად გაიშალა და საერთო ჯამში 36 დარტყმა განხორციელდა მიწაზე...

პუტინს სურს ყველა დააჯეროს იმ სისულელეში, რომ რუსეთის გენშტაბმა წინასწარ სპეციალურად დაგეგმა „ორეშნიკის“ 36 დამაზიანებელი ქობინით რუსეთის არმიის მიერვე ოკუპირებული უკრაინული მიწის დაბომბვა? სად იყო იმის გარანტია,რომ ამ 36 ერთეული მინი-ქობინიდან,რომელიმე ჰიპერბგერითი სიჩქარით თავში არ დაეცემოდა ამა თუ იმ მაღალჩინოსან რუს ოკუპანტს?

მეორე-სინამდვილეში,დიდი ალბათობით პირველ „ორეშნიკს“ ტექნიკური პრობლემა გაუჩნდა, რის გამოც ის ჩამოვარდა დასახულ მიზნამდე მიუღწევლად, რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკის ოლქში და სწორედ ამის გამო, რუსეთმა მეორე „ორეშნიკიც“ გაუშვა, ამჯერად ბილა ცერკვას (კიევის ოლქი) მიმართულებით.

2-oreshniki-1780650977.jpg
რუსული ბალისტიკური რაკეტის „ორეშნიკის“ მოქმედების პრინციპი-სტარტის შემდეგ რაკეტა გადის ახლო კოსმოსში,საბრძოლო ნაწილი სცილდება რაკეტის კორპუსს,ბალისტიკური ტრაექტორიით ბრუნდება დედამიწის ატმოსფეროში,საბრძოლო ნაწილიდან გამოდის ექვსი ქობინი,რომლებიც თავის მხრივ კიდევ ექვს-ექვს მინი-ქობინად იშლებიან და სამიზნეს ფართობზე 36 სხვადასხვა ადგილას ეცემიან...

მესამე-„ორეშნიკის“ თემის გახსენება პუტინს სწორედ სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე ჟურნალისტებთან შეხვედრისას იმიტომაც დასჭირდა,რომ ორიდე დღით ადრე მის მშობლიურ სანკ-პეტერბურგ-ლენინგრადს უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა საჩვენებელი „დასჯა“ მოუწყვეს,სწორედ ამ საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, როდესაც ააგიზგიზეს პეტერბურგის ნავთობტერმინალი და ააფეთქეს მშრალ დოკში მდგარი რუსული სარაკეტო კორვეტი...

პუტინმა „ორეშნიკებით“ უკრაინაზე ბოლო დარტყმების გახსენებით სცადა სანქტ-პეტერბურგზე ორი დღით ადრე უკრაინული წარმატებული საჰაერო შეტევის საინფორმაციო გადაფარვა.

მეოთხე- უკრაინელმა სპეციალისტებმა შეისწავლეს რუსული „ორეშნიკების“ მინი-ქობინების დაცემის ადგილები და მივიდნენ შემდგომ დასკვნამდე-36 ერთეულად გაშლილი „ორეშნიკის“ მინი-ქობინები შეიძლება კი ავითარებენ ჰიპერბგერასთან მიახლოებულ სიჩქარეს, მაგრამ მათ არ შეუძლიათ შეასრულონ ბუნკერსაწინააღმდეგო მოქმედება, რადგან ისინი დამზადებულნი არიან არა მაღალი სიმტკიცის ფოლადისგან ან მით უმეტეს ვოლფრამისგან თუ გაღარიბებული ურანისგან, არამედ ჩვეულებრივი თუჯისგან(ამასთან არ შეიცავენ ასაფეთქებელ ნივთიერებას) და მიწაზე დიდი სიჩქარით დაცემისას ისინი ძალიან წვრილ ფრაგმენტებად იშლებიან, ხოლო ზედაპირზე ტოვებენ მაქსიმუმ ერთი მეტრი სიღრმისა და ორიოდე მეტრი დიამეტრის ღრმულს ანუ დაახლებით იგივე შედეგს იძლევიან, როგორც 50 კგ-იანი საბრძოლო ქობინის მქონე „შაჰიდის“ აფეთქება...

3-oreshniki-1780650977.jpg
ეს ალექსანდრე ნადირაძის „პიონერის“ „სამთავიანი“ ბალისტიკური რაკეტაა,რომლის შემდგომ მოდერნიზებულ ვარიანტს წარმოადგენს პუტინის „ორეშნიკი“...

მეხუთე- ის, რომ „ორეშნიკი“ რუსეთმა პოლიგონებზე არ გამოსცადა და ამისთვის უკრაინის ტერიტორიას იყენებს,მთლად სიმართლე არ არის, მაგრამ ასეც რომ იყოს, გამოდის, რომ აგრესორი რუსეთი თავდაცვაში მყოფ უკრაინას ერთ დიდ პოლიგონად მიიჩნევს, რაც კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს რუსეთის ხელისუფლების მთელ არსს...

მეექვსე-გამოჩნდა, რომ 50 მლნ დოლარამდე ღირებულების „ორეშნიკის“ საბრძოლო ეფექტიანობა დიდად არ აღემატება ათასჯერ უფრო იაფი კამიკაძე-დრონისას, თუმცა თუკი ეს რუსული „ორეშნიკი“ ბირთვული ქობინებით იქნება აღჭურვილი,მაშინ ყველაფერი კარდინალურად შეიცვლება, თუმცა ეს უკვე მესამე მსოფლიოს დაწყებაზე „განაცხადის“ გაკეთება იქნება...

პუტინმა აღიარა, რომ მომავალში „ორეშნიკის“ დარტყმები შესაძლოა უკრაინის ურბანულ ტერიტორიებზეც განხორციელდეს.

რა იგულისხმა და რითი დაიმუქრა ის?

ბირთვული ქობინებით აღჭურვილი „ორეშნიკებით“ პუტინი უკრაინას არ და ვერ შეუტევს (კრემლს სურს თუ არა, უწევს ვაშინგტონისა და პეკინის პოზიციების გათვალისწინება, რომლებმაც კულუარულად გააფრთხილეს მოსკოვი,უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის არგამოყენების თაობაზე), რჩება ვარიანტი, რომ „ორეშნიკის“ საბრძოლო ნაწილში თუჯის იმიტატორებიის ნაცვლად განთავსდეს ასაფეთქებელი ნივთიერების შემცველი 36 მინი-ქობინი, თითოეული 100 კგ-მდე მასის, რაც ასეთი „ორეშნიკის“ იგივე კიევის წინააღმდეგ გამოყენების შემთხვევაში იდენტური გახდება 36 ერთეული „გერან-2“-ის ტიპის კამიკაძე-დრონის ერთდროულად შეტევისა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ უკრაინის დედაქალაქზე მიმართულ რუსული „გერანების“ 80-90%-ს უკრაინელი მეზენიტეები ჯერ კიდევ კიევის მისადგომებამდე წარმატებით აგდებენ, ხოლო ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკიდან“ „გამობნეული“ და თითქმის ჰიპერბგერითი სიჩქარით დედაქალაქის საცხოვრებელი უბნებისკენ მფრენი 36 მინი-ქობინის მოგერიების ტექნიკური შესაძლებლობა უკრაინელ სამხედროებს არ აქვთ...

სხვათა შორის, ისევე, როგორც აშშ-ის, ისრაელის თუ თავად რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რადგან „ორეშნიკის“ ან სხვა ამგვარი ტიპის საშუალო სიშორის მქონე ბალისტიკური რაკეტის გარანტირებულად ნეიტრალიზება შეიძლება ჯერ კიდევ ატოსფეროს ზემოთ, ახლო კოსმოსში, სანამ რაკეტა ბალისტიკური ტრაექტორიით დაიწყებს დედამიწისკენ დაშვებას,განავითარებს ჰიპერბგერით სიჩქარეს და საბრძოლო ნაწილიდან დაიწყებს მინი-საბრძოლო ქობინების გაფანტვას...