ლენინი მავზოლეუმში გადატრიალდებოდა-მის „ბოლშევიკური რევოლუციის აკვანს“ უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა ისევ დაარტყეს...
რას იფიქრებდა ვლადიმერ ლენინი, რომ „ბოლშევიკების რევოლუციის აკვანში“- პეტროგრადში, რომელსაც შემდეგ მისივე სახელი ეწოდა და ათწლეულები საბჭოთა იმპერიის მექას წარმოადგენდა, მისი სეხნია- ვლადიმერ პუტინი ვერ შესძლებდა ელემენტარული საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას...
სანკტ-პეტერბურგს უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა შეუტიეს 3 ივნისის გამთენიისას, საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის გახსნის დღეს, პუტინის ჩასვლამდე და 6 ივნისის დილას, პუტინის „ლენინის ქალაქიდან“ წამოსვლის შემდეგაც...
ეს შემთხვევით მოხდა თუ განზრახულად, ძნელი სათქმელია, მაგრამ ამ ფორუმზე ჩასულ პუტინს ზელენსკიმ ღია წერილი გაუგზავნა, ომის შეწყვეტისა და პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების წინადადებით, რაზეც ფაქტობრივად უარი მიიღო და უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმაც გაიმეორეს „დიდი შესევა“ ხან პეტრე პირველისა და ხანაც ლენინის სახელის მატარებელ, რუსეთის სიდიდით მეორე მეგაპოლისზე...
დღეს დილიდან უკრაინული საჰაერო დარტყმები განხორციელდა ლენინგრადის ოლქის ქალაქ ლომონოსოვში მდებარე საზღვაო თბოტექნიკის სამეცნიერო-საკვლევ ინსტიტუტზე (სადაც წყალქვეშა იარაღს ქმნიან,მათ შორის მართვად ტორპედოებს), კრონშტადტში არსებულ კადეტთა კორპუსზე და პეტერგოფის ნავთობაზაზე...
ისევე როგორც 3 ივნისს,დღესაც სანკ-პეტერბურის მილიონობით მაცხოვრებებელი ცაში აჭრილ შავ კვამლს უყურებს, რომლებიც უკრაინული კამიკაძე-დრონების შეტევებისა და აფეთქებების შედეგად გაჩენილი ხანძრებიდან ამოდის.
თვითონ ის ფაქტი,რომ სამი დღის წინადელი საჰაერო თავდასხმის კიდევ უფრო დიდ მასშტაბებში გამეორება შესძლეს უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა უკრაინის საზღვრიდან ათას კმ-ზე შორ მანძილზე, ნამდვილად მეტყველებს რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის სერიოზულ კრიზისზე, უფრო სწორედ კი ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ პუტინის ბრძანებით, მთელი რუსეთიდან მოხიკეს საზენიტო-სარაკეტო დანადგარები და ისინი დედაქალაქის-მოსკოვის გარშემო რამდენიმე რკალად „შემოაწყვეს“, რითაც მართლაც ძალზე გააძლიერეს მოსკოვის საჰაერო თავდაცვა, მაგრამ სამაგიეროდ „გააშიშვლეს“ ცა რუსეთის სხვა რეგიონებში და როგორც აღმოჩნდა, თვით სანკტ-პეტერბურგის თავზეც კი...
საგულისხმოა, რომ კოტლინის კუნძულზე განთავსებული კრონშტადტში დისლოცირებულია რუსეთის ბალტიის ზღვის ფლოტის სამხედრო-საზღვაო ბაზა და უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა სწორედ ამ ბაზას შეუტიეს ანუ გაიმეორეს ის,რაც მანამდე არაერთხელ გაუკეთებიათ შავ ზღვაში სევასტოპოლისა და ნოვოროსიისკის, ხოლო კასპიის ზღვაში კი კასპიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზების წინააღმდეგ...
გამოდის, რომ დღევანდელ უკრაინას შესწევს ძალა აგრესორ რუსეთს სერიოზული საჰაერო დარტყმები მიაყენოს სამ-შავ,კასპიისა და ბალტიის ზღვებში და პუტინს რჩება მხოლოდ ორი „დაუბომბელი“ ფლოტი-ჩრდილოეთის და წყნარი ოკეანის,რომლებიც უკრაინის საზღვრიდან შესაბამისად 1 400 კმ(სევეროდვინსკი) და 6 700 კმ(ვლადივასტოკი) არიან დაშორებულნი.
სევეროდვინსკში, ჩრდილოეთის ფლოტის სამხედრო-საზღვაო ბაზამდე მისაღწევად უკრაინულ კამიკაძე-დრონებს ყოფნით ფრენის სიშორე, ვლადივასტოკამდე-რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის შტაბამდე კი არა, მაგრამ საჰაერო და საზღვაო კამიკაძე-დრონების სტარტი იაპონიის ზღვაში მცურავი სავაჭრო გემებიდანაც ხომ შეიძლება?!