"თუ პოლიციელი ვინმეს დაჩაგრავს და დაასახიჩრებს, როგორ შეიძლება ამაზე ხმა არ ამოვიღოთ?!“
გორში მომხდარი ამბავი თითოეული ჩვენგანის მეხსიერებიდან კარგა ხანს არ წაიშლება: ყველამ დავინახეთ, როგორ სცემდა ათამდე პოლიციელი ორ უმწეო ადამიანს, დავინახეთ უსამართლობა, რომელსაც ვერ ერევი და ამის გამო შენც უმწეო ხდები... რას ფიქრობენ საზოგადოების ცნობილი წევრები ამგვარ ფაქტებზე.
"რა გინდათ, ძალოვანი სტრუქტურები კეთილშობილ ქალთა პანსიონს დაემსგავსოს?"
ზაზა პაპუაშვილი, მსახიობი: - მე იმ დროში გავიზარდე, როცა პოლიციის ნაცვლად, მილიცია იყო და წარმოიდგინეთ, შეგნებული, წესიერი ადამიანები იქაც იყვნენ, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვინც ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებოდა. ცხადია, მე ამგვარ ფაქტებს ყოველთვის ნეგატიურად ვაფასებდი, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ პროგრესი, რომელიც ქართულმა პოლიციამ განიცადა. როგორ შეიძლება ძალადობა მოგწონდეს, მაგრამ გადახედეთ, რა მოხდა ცოტა ხნის წინ დანიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ამერიკაში... ისიც ვნახეთ, პოლიციელის შეურაცხყოფა იქ როგორ ისჯება. ვინც გორში ძალას გადაამეტა, დაკავებულია, მაგრამ რატომღაც ამას ხაზს არ უსვამთ. რუსთაველზე, აქციების დროს დაკავებული "ბავშვები" სამართლიანობისთვის მებრძოლებად რომ მონათლეთ, რატომ არ ამბობთ, რომ ამ "ბავშვებმა" 147 პოლიციელი დააზიანეს?! მათ უკან ოჯახები, მათი შვილები და ახლობლები დგანან. პოლიციელს რომ აგინებ, სახეში აფურთხებ და "მოლოტოვის კოქტეილებს" ესვრი, დაუსჯელი უნდა დარჩე? პოლიცია ყოველდღე ათას განსაცდელს უმკლავდება და ხშირად სიკვდილზეც მიდის. ერთეული შემთხვევა თუ მოხდება, ეს სისტემური პრობლემა არ არის. ჩემს დროს რომ მილიცია იყო, თანამედროვე პოლიციისგან ისე განსხვავდება, როგორც ცა დედამიწისგან. დღევანდელი პოლიცია აშკარად მაღლა დგას განათლებით, ზრდილობით და ოპერატიულობით. შეიარაღებულ ადამიანს ქვებს და ლოდებს რომ ესვრი, ის ყვავილებით ხომ არ გიპასუხებს? ჩვენი ქვეყანა ისედაც ათასნაირ განსაცდელშია, შინაური და გარეშე მტრები ყველა მხრიდან ესევიან და რა გინდათ, ძალოვანი სტრუქტურები კეთილშობილ ქალთა პანსიონს დაემსგავსოს? თვალებში ნაცარს ვერავინ შემაყრის და რასაც ვფიქრობ, ახლაც გულწრფელად ვამბობ.

"თუ ათი პოლიციელიდან რვა დამნაშავეა, ეს უკვე სისტემური პრობლემაა"
დიმიტრი ტატიშვილი, მსახიობი: - როცა ერთი ადამიანი მეორეს სცემს, ეს შეცდომა კი არა, დანაშაულია და, რა თქმა უნდა, დამნაშავე უნდა დაისაჯოს. დანაშაულს სჩადის ის ხალხიც, რომელიც მოძალადეს სამსახურში იღებს და მსგავს დავალებებს აძლევს. რაც არ უნდა ამტკიცონ, რომ ეს სისტემური პრობლემა არ არის, ფაქტი ჯიუტია: თუ ათი პოლიციელიდან რვა დამნაშავეა, ეს უკვე სისტემური პრობლემაა. ყველამ კარგად ვიცით, მოქალაქეებზე ძალადობის რამდენი ფაქტი გახმაურდა. სამწუხაროდ, ამაზე ასჯერ და ათასჯერ მეტი უკანონობა ხდება, რომელიც არ გახმაურებულა და ვერასდროს ვერავინ გაიგებს. უფრო მეტიც, ხშირად მსხვერპლი ისჯება და არა მოძალადე! ჩვენდა სამწუხაროდ, ეს რუსული მოდელია და სწორედ ამიტომ ჰგავს ჩვენი პოლიციელების ქმედება რუსული პოლიციის ქმედებებს. ჩვენს ძალოვან სტრუქტურებში სწორედ ამიტომ უშვებენ ძალადობისკენ მიდრეკილ ადამიანებს: ასე იმართება რუსეთი და ბელარუსი, ასე იმართება საქართველოც. შეიძლება პოლიციაში პატიოსანი ადამიანებიც არიან, მაგრამ ეს საერთო სურათს ვერ ცვლის: ჩვენი ქვეყნის პოლიცია ადამიანების დამორჩილებას, გაჩუმებას და დათრგუნვას ემსახურება.
"როცა პოლიციის სანდოობა იკარგება, ცუდის ნიშანია"
ლიზა ვადაჭკორია, ტელეწამყვანი: - ყველაზე დიდი უსამართლობა იქ ხდება, სადაც კონტროლი არ არის. როცა ძალოვნები ხედავენ, რომ შეუძლიათ ნებისმიერს გაუსწორდნენ, როცა მოძალადემ იცის, რომ ამას ვერავინ გაიგებს, დაუსჯელობის სინდრომი უჩნდება. ისეთ თემაზე ვმსჯელობთ, რომ მინდა ობიექტური ვიყო: მე ვიცი ძალიან ბევრი პოლიციელი, რომელიც მოქალაქეებს ეხმარება. ეს მახარებს და იმედს მაძლევს. ყველა ისეთი ნაძირალა ხომ არ არის, გორის კადრებში რომ ვნახეთ, მაგრამ ჩვენ მოქალაქეები ვართ და როცა უკანონობა ხდება, სწორედ ამაზე უნდა ვისაუბროთ. ეს არის ჩვენი მისია, თორემ პოლიციელი თავის საქმეს კარგად რომ ასრულებს, ეს მისი მოვალეობაა, მაგრამ თუ პოლიციელი ვინმეს დაჩაგრავს და დაასახიჩრებს, როგორ შეიძლება ამაზე ხმა არ ამოვიღოთ?! მე თვითონ შევეჯახე ასეთ ფაქტს: ჩემი ახლობელი გაძარცვეს და პოლიციელებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ საქმე არ გამოეძიებინათ: ეუბნებოდნენ, ბინას დაგილუქავენ და თანაც, გამოძიებას აზრი არა აქვსო. რამდენიმე ფაქტი ვიცი, როცა კამერებიდან ამოღებული მასალები ჰქონდათ, ისიც იცოდნენ, დამნაშავე ვინ იყო, მაგრამ ხელი დააფარეს. გახშირდა შემთხვევები, როდესაც პოლიციელი თავის მოვალეობას გულგრილად ეკიდება. გადასახადებს იმიტომ ვიხდით, რომ პოლიციამ და სახელმწიფო სტრუქტურებმა თავიანთი საქმე აკეთონ.
"როგორც ყველა ექიმი ვერ გახდება, ისე ვერ უნდა გახდეს ყველა პოლიციელი"
თათა ვარდანაშვილი, დიზაინერი: - მართალია, ცუდი და კარგი პოლიციელები ყოველთვის იყვნენ, მე ბევრი წესიერი პოლიციელიც შემხვედრია, მაგრამ რიგითი მოქალაქის პოლიციელად ჩამოყალიბებაზე სახელმწიფო უფრო მეტად უნდა ზრუნავდეს. პოლიციელმა თავიდანვე უნდა იცოდეს თავისი როლი და ფუნქცია - მან თითოეული ადამიანის ღირსება უნდა დაიცვას და სხვებისთვის კეთილსინდისიერების მაგალითი უნდა გახდეს. სამწუხაროა, რომ ყოველთვის ასე არ არის - ძალოვან სტრუქტურებთან შეხება ადრეც მქონია და კარგად ვიცი, რომ ბევრი პოლიციელი თავის მისიას სათანადოდ არ ასრულებს. როგორც ყველა ექიმი ვერ გახდება, ისე ვერ უნდა გახდეს ყველა პოლიციელი, რადგან ამ ორი პროფესიის ადამიანს საზოგადოების ბედი და მომავალი აბარია. ჩემი აზრით, 19-20 წლის ახალგაზრდა პოლიციელი არ უნდა გახდეს, ის უკვე ჩამოყალიბებული, ზრდასრული პიროვნება უნდა იყოს, რომ ნაკლები შეცდომა დაუშვას. ძალოვანთა ნებისმიერი გადაცდომა შეიძლება საზოგადოებაში პროტესტის ახალი ტალღის მიზეზი გახდეს, ამიტომ რიგით პოლიციელზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. მან კარგად უნდა იცოდეს, რომ აგრესია აგრესიას შობს და შენი ქვეყნის მოქალაქეებთან დაპირისპირებას კარგი არაფერი მოაქვს.
ხათუნა ჩიგოგიძე