შეუძლია თუ არა მამას, დეკრეტული შვებულებით ისარგებლოს - კვირის პალიტრა

შეუძლია თუ არა მამას, დეკრეტული შვებულებით ისარგებლოს

თქვენს შეკითხვებს უპასუხებს ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მოქმედი წევრი ნუგბარა როსტიაშვილი.

მქონდა სესხი, რომელსაც 4 წელია არ ვიხდი და ველოდებოდი ხანდაზმულობის ვადის გასვლას, რომ ჩამოწერაზე შემეტანა განაცხადი. ამ დროს ვიგებ, რომ ვიღაცას ჩაურიცხავს მიზერული თანხა ქუჩის აპარატიდან ანგარიშზე. მითხრეს, რომ გაცოცხლებულია ეს სესხი, როგორ შემიძლია გარკვევა, ვინ შეიტანა და სად შემიძლია ამის გასაჩივრება?

- ვალდებულების აღიარებით ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება და იწყება თავიდან. თუმცა ვალდებულების აღიარება უნდა მოხდეს თავად მოვალის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ. სწრაფი გადახდის აპარატიდან ნებისმიერი უცხო პირის მიერ 1 ან 2 ლარის შეტანა არ ითვლება მოვალის მიერ ვალის აღიარებად, თუ არ დამტკიცდება, რომ ეს თანხა თქვენი დავალებით ან თქვენი ჯიბიდან იქნა შეტანილი. შესაბამისად, ასეთი ქმედება სამართლებრივად ვერ აცოცხლებს ხანდაზმულობის ვადას. მიმართეთ იმ ბანკს/ორგანიზაციას, სადაც სესხი გაქვთ და მოითხოვეთ ანგარიშის ამონაწერი დეტალური რეკვიზიტებით. ამონაწერში გამოჩნდება ტერმინალის აიდი-ნომერი, თარიღი და ზუსტი დრო.

მამა გარდამეცვალა და სამკვიდროს მიღების 6-თვიანი ვადა გასულია ისე, რომ არ მიგვიმართავს ნოტარიუსისთვის. მინდა ამ მემკვიდრეობის საკითხის მოგვარება, მაგრამ მითხრეს, რომ რადგან ვადა გასულია, უნდა მივმართო სასამართლოს. ვცხოვრობ თბილისში, ქონება არის რაიონში, შემიძლია თუ არა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართო და შემიძლია თუ არა პირდაპირ ჩემს შვილზე გადავიდეს ქონება?

- თუ თქვენი მამის გარდაცვალებიდან გასულია სამკვიდროს მიღებისათვის კანონით დადგენილი 6-თვიანი ვადა და ამ პერიოდში არც ნოტარიუსისთვის მიგიმართავთ და არც ფაქტობრივად დაუფლებიხართ სამკვიდრო ქონებას, სამკვიდრო უფლებების რეალიზებისთვის უნდა მიმართოთ ნებისმიერ ნოტარიუსს სამკვიდროს გახსნაზე. ვადის დაუცველობის გამო ნოტარიუსი გეტყვით უარს სამკვიდროს მიღებაზე, შემდეგ უნდა მიმართოთ სასამართლოს სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დადგენის მოთხოვნით. რაც შეეხება განსჯადობას, მემკვიდრეობასთან დაკავშირებული სარჩელები, რომლებიც ეხება უძრავ ქონებას, ჩვეულებრივ განიხილება იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს სადავო უძრავი ქონება. შესაბამისად, თუ სამკვიდრო ქონება მდებარეობს რაიონში და დავა უკავშირდება ამ უძრავ ქონებას, დიდი ალბათობით საქმე უნდა აღიძრას შესაბამის რაიონულ სასამართლოში და არა თბილისის საქალაქო სასამართლოში. რაც შეეხება ქონების პირდაპირ თქვენს შვილზე გადასვლას, თუ თქვენ ხართ მემკვიდრე, სამკვიდრო ქონება თავდაპირველად უნდა მიიღოთ თქვენ, როგორც მემკვიდრემ. ამის შემდეგ უკვე შეგიძლიათ თქვენი წილი აჩუქოთ, მიჰყიდოთ ან სხვა სამართლებრივი საფუძვლით გადასცეთ შვილს. პირდაპირ შვილზე სამკვიდროს გადასვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ მას უდასტურდება სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა, ასეთ შემთხვევაში მან უნდა მიმართოს ნოტარიუსსაც და სასამართლოსაც.

ჩემს ბინადრობის საბუთს გაუვიდა ვადა, შემიძლია თუ არა გავაგრძელო? იუსტიციას მივმართე რომ გაეგრძელებინათ ბინადრობა, მაგრამ უარი მითხრეს.

- თუ თქვენ საქართველოში არაკანონიერად ყოფნის დროს მიმართეთ იუსტიციის სახლს ანუ სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს, მაშინ ბინადრობის გაგრძელებაზე უარის თქმის საფუძველი შესაძლოა სწორედ ეს გარემოება იყოს. ბინადრობის ნებართვაზე უარის თქმის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს. თუ გასაჩივრების ვადა ჯერ არ არის გასული, შესაძლებელია ადმინისტრაციული აქტის სასამართლოში გასაჩივრება, შესაბამისად, სანამ სასამართლოს მიერ არ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, არ ჩაითვლებით არალეგალად. მნიშვნელოვანია ასევე იმის ცოდნა, თუ რა სახის ბინადრობის ნებართვას ფლობდით. თუ საქართველოში ბინადრობის ნებართვის ვადა გაგივიდათ და ახალი ნებართვა არ გაქვთ მიღებული, თქვენი საქართველოში ყოფნა ითვლება კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნად. ეს თავისთავად არ ნიშნავს, რომ ავტომატურად ან დაუყოვნებლივ მოხდება თქვენი დეპორტაცია, თუმცა არსებობს რისკი, რომ მიგრაციის დეპარტამენტმა დაიწყოს თქვენი გაძევების (დეპორტაციის) პროცედურა.

შეგვეძინა შვილი, ვარ ბავშვის მამა და მეუღლესთან ოფიციალურ ქორწინებაში ვიმყოფები. როგორც მამას, მომცემენ თუ არა დეკრეტს და ეს იქნება თუ არა ანაზღაურებული? ასევე მაინტერესებს, რამდენი ხანი შემიძლია ავიღო დეკრეტული შვებულება?

- საქართველოს შრომითი კანონმდებლობის მიხედვით, ბავშვის მამასაც აქვს უფლება ისარგებლოს ბავშვის მოვლის გამო შვებულებით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა შემთხვევაში მიიღებს იმავე ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას, რომელიც კანონით დედისთვის არის გათვალისწინებული. ოფიციალურ ქორწინებაში ყოფნა და ბავშვის მამობა თავისთავად გაძლევთ უფლებას მოითხოვოთ ბავშვის მოვლის გამო შვებულება. დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ბავშვის მოვლის გამო შვებულება 604 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში −587 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 57 კალენდარული დღე. შვებულება ბავშვის მოვლის გამო შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენოს ბავშვის დედამ ან მამამ. თუმცა ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებით სარგებლობა ბავშვის დედის ექსკლუზიური უფლებაა, თუმცა ბავშვის მამას უფლება აქვს, ისარგებლოს აღნიშნული შვებულების იმ დღეებით, რომლებიც ბავშვის დედას არ გამოუყენებია. რაც შეეხება ანაზღაურებას, სახელმწიფო კომპენსაცია, რომელიც ორსულობისა და მშობიარობის შვებულებას უკავშირდება, ძირითადად დედისთვის არის განკუთვნილი. მამისთვის ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა დამოკიდებულია კონკრეტულ გარემოებებზე, შვებულების სახეზე და იმაზე, თუ რა შიდა პოლიტიკა აქვს თქვენს დამსაქმებელს. ბევრ შემთხვევაში ბავშვის მოვლის გამო აღებული შვებულება ანაზღაურებადი არ არის, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან დამსაქმებლის შიდა წესებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გრძელდება მკითხველებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემა. თუ გაქვთ შეკითხვა იურისტთან და გჭირდებათ კომპეტენტური პასუხის მიღება, შეგახსენებთ ჩვენი ფოსტის მისამართს.Tea.khurtsilava@gmail.com ამ ფოსტასა და ასევე ჩვენი საიტის ვებგვერდზე, სტატიის ქვეშ, შეგიძლიათ მოგვწეროთ შეკითხვები და შევეცდებით უმოკლეს დროში მიიღოთ პასუხები