„ის დღეები მახსოვს ჯერარსის ძიებით ვერის ბაღში...“ - კვირის პალიტრა

„ის დღეები მახსოვს ჯერარსის ძიებით ვერის ბაღში...“

მართალია, ამ თემაზე მწერალსა და სოციალურ მეცნიერ ირაკლი კაკაბაძეს სხვა დროს უსაუბრია, თუმცა, რადგან ქვეყანას ახალი პატრიარქი ჰყავს, მის შესახებ მეგობრის მოგონებები მაინც საინტერესოა.

- როგორ და სად გაიცანით დღეს უკვე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III?

- თუ არ ვცდები, 1982 წელი იყო. ელიზბარი ვნახე პირველად გიო მგელაძესთან ერთად. გიომ გამაცნო თავისი ძმაკაცი. ელიზბარს ხელში დიდი მუსიკალური ინსტრუმენტი ეჭირა, 53-ე სკოლასთან ვნახეთ მე და გიომ და ეტყობა, მუსიკის გაკვეთილიდან ბრუნდებოდა. მახსოვს, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომ ამ ასაკში უკვე ძალიან სერიოზულად უდგებოდა მუსიკას. მისი თვალები ასხივებდა დიდ მისწრაფებას. მაშინ ჩვენ კლასიკური მუსიკით ვიყავით გატაცებული. ელიზბარს "მომავალ რასტროპოვიჩს" უწოდებდნენ.

- მაშინვე დამეგობრდით?

- კი ბატონო. გიოსთან ერთად ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს. ეს ბატონი პავლე ინგოროყვას ცხოვრების უკანასკნელი წელი იყო და ხშირად ვლაპარაკობდით საქართველოს ისტორიასა და ხელოვნებაზე. ის ყოველთვის დაფიქრებულობითა და სიდინჯით გამოირჩეოდა და ძალიან ანთებული იყო იდეით. მუსიკა მაშინ ჩვენთვის დიდი იდეა იყო - ვუსმენდით ბეთჰოვენს, მოცარტს, ვერდის, ჰენდელს... მან ზედმიწევნით კარგად იცოდა ქართული მრავალხმიანი სიმღერებიც. ელიზბარის მამა, ბატონი თეიმურაზი, არაჩვეულებრივი მომღერალიც იყო, გარდა იმისა, რომ არქეოლოგიური აღმოჩენები ჰქონდა... ოჯახიდანაც მოსდგამდა სულიერება და კრეატიულობა.

- კონტაქტში ადვილად შემოდიოდა? ლიდერის თვისებები თუ ჰქონდა.

- დიახ, კონტაქტში შემოდიოდა ზომიერად. ზომიერება მისი ღირსება იყო, ზედმეტებში გადაჭრა არ უყვარდა. ლიდერის თვისებები, ცხადია, ჰქონდა, ამის გარეშე როგორ იქნებოდა... ელიზბარის გამორჩეული თვისება იყო, რომ არასდროს ჩქარობდა და ემოციურ გადაწყვეტილებებს არ იღებდა, რასაც ჩვენ ხშირად ვაკეთებდით.

- გარდა მუსიკისა, რა იყო მისი ინტერესის სფერო?

- ბავშვობიდანვე იყო დაინტერესებული ფილოსოფიითა და ხელოვნებით. ძალიან ნაკითხი ადამიანი იყო. მუსიკისგან თავისუფალ დროს ბევრს კითხულობდა. მახსოვს, ვლაპარაკობდით ვაჟა-ფშაველაზე, გალაკტიონზე, აგრეთვე გიორგი მერჩულეზე, გრიგოლ ხანძთელზე. 1983 წელს დაიწყო გამოსვლები "გეორგიევსკის ტრაქტატის" წინააღმდეგ. ჩვენ მაშინ ბავშვები ვიყავით, მაგრამ მაინც წავედით დაგეგმილ მცირერიცხოვან პროტესტზე. იქ ვნახეთ პირველი პროკლამაციები. 1983 წლის ნოემბერში (თუ არ ვცდები) ბატონი პავლე ინგოროყვა გარდაიცვალა და მისი შვილიშვილი, გიო მგელაძე, სასწრაფოდ უნდა მონათლულიყო. იმ დღეს მე და ელიზბარი აღმოვჩნდით გიოს ნათლიები. ბატონი პავლეს დაკრძალვა დიდი ტრანსფორმაციული მომენტი იყო ჩვენთვის. პროცესია ფეხით მიდიოდა მწერალთა სახლიდან დიდუბის სასაფლაომდე. იქ იყვნენ ზვიად გამსახურდია, მიხეილ ქურდიანი, როსტომ ჩხეიძე და ბევრი სხვა იმ დროის გამოჩენილი მოღვაწე. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ჩვენთვის იმ დღეს დაიწყო, 14 წლის ასაკში. ელიზბარი მუდამ ჩაბმული იყო ამ საქმეში.

23846135-10212790120960982-1812603163-n-1780840558.jpg

- მის ოჯახზე რას გვეტყვით - მშობლებზე, დაზე... ახლოს იცნობდით?

- საოცარი ტრადიციების მქონე ოჯახი იყო. მშობლები უგანათლებულესი ადამიანები - ორივე მხრიდან უგანათლებულესი ხალხი. მისი დის ოჯახიც საოცარია. ბევრი მისი ნათესავი დღესაც ცნობილი მოღვაწეა. მაგალითად, მოქანდაკე ირაკლი ჟვანია.

- გავიხსენოთ ცნობილი ფოტო, სადაც მეგობრები ერთად ხართ. სად არის გადაღებული?

- ვერის ბაღში, 1987 წლის ბოლო დღეებში. ინტერვიუს ვაძლევდით გაზეთ "თბილისს" და ამ ინტერვიუსთვის გადაიღეს. ჩვენ მანამდეც ხშირად ვიკრიბებოდით და ვმსჯელობდით იმ ეგზისტენციურ კრიზისზე, რომელშიაც კაცობრიობა ცხოვრობს. როგორც ჩვენი მეგობარი დიმიტრი მამულია ამბობდა, "გვახრჩობდა ეგზისტენციური კრიზისი", რადგან მაშინაც და ახლაც რთული იყო ადამიანური ცხოვრების ჯერარსის პოვნა და ელიზბარი ყოველთვის მაძლევდა იმედს, რომ ჩვენ ვიპოვიდით ამ ჯერარსს. ჩვენ შორის, იმ დროისთვის, წამყვანი პლატონისტი თითქოს "მარგველა" იყო, მან კარგად იცოდა პლატონი. თუმცა, მე მახსოვს, რომ სწორედ ელიზბარმა გაიხსენა "სოკრატეს აპოლოგია" და კერძოდ ის ადგილი, როდესაც სოკრატე კრიტონს სთხოვს, მისი სიკვდილის შემდეგ მამალი დაუკლან ასკლეპიოზს. ვკითხე, რატომ გახსენდება ეს ახლა ვერის პარკში-მეთქი>? იმიტომ, რომ სოკრატე უკვდავების ძიებაში იყოო... დავიბენი, ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა. აი, ახლა, 40 წლის მერე, ძალიან კარგად ვხვდები, როგორ განჭვრიტა არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს მომავალი მაშინ 18 წლის ბიჭმა. ცხოვრების ჯერარსი სწორედაც უკვდავების ძიებაშია და ამას ყოველდღიური დიდი შრომა სჭირდებაო. ამას ამბობდა მაშინაც და ეს შრომა დღესაც არ წყდება. სულის უკვდავება და სასუფეველში მოხვედრა არ არის ადვილი, მაშინ როდესაც ირგვლივ ამდენი უსამართლობაა, ამდენი ადამიანია სიღატაკეში, ჩაგვრის ქვეშ. ელიზბარი მაშინაც ამბობდა, რომ ეს მუდმივი პროცესია, რომ ჩვენ უფალს კარი უნდა გავუღოთ. ის დღეები მახსოვს ზუსტად ამ ჯერარსის ძიებით ვერის ბაღში... საბოლოოდ, დიმიტრი მამულიას კითხვას "მხრჩოლავი ეგზისტენციური კრიზისის" შესახებ ყველაზე დამაჯერებელი პასუხი ელიზბარმა გასცა თავისი წასვლით შიომღვიმის მონასტერში და ბერად აღკვეცით...

- პატრიარქ ილია II-სთან შეხვედრა როგორ მოხდა. მან მიგიწვიათ?

- დაიხ, უწმინდესმა მიგვიწვია იმ ინტერვიუს შემდეგ უკვე 1988 წლის იანვარში. ძალიან თბილი შეხვედრა იყო. მახსოვს, პატრიარქი გვესაუბრებოდა სნოს შესახებ და გვიყვებოდა საოცარ ამბებს. ეს მანიშნებელია, რომ პატრიარქმა ილია მეორემ სწორედ სნოში აღმართა მეორედ მოსვლის ჯვარი. ამ შეხვედრამ ნამდვილად დიდი გავლენა მოახდინა ჩვენს ცხოვრებაზე.

- ერთ-ერთ გადაცემაში აღნიშნეთ, რომ პატრიარქთან შეხვედრისას ელიზბარი ილია II-ს ხელზე არ ეამბორა... რატომ, ათეისტი იყო?

- ელიზბარმა მაშინ პატრიარქს ხელი ჩამოართვა. ამის შესახებ ბევრი დაიწერა. და ილია მეორის რეაქციაც ძალიან კეთილშობილური იყო. წლების მერე თქვა: ნეტაი იმ დანარჩენებსაც არ ეკოცნათ და ამას უფრო დამსგავსებოდნენო და აბსოლუტურად მართალი იყო. რაც შეეხება ელიზბარს, ის არასდროს იყო არც ათეისტი, არც ბიოპოლიტიკის მიმდევარი, არც დარვინისტი და არც ფიზიოკრატი. ის ყოველთვის სულისმიერი ადამიანი იყო. უბრალოდ, იმ დროს ეკლესიაში სიარულს კრძალავდნენ და ჩვენს ირგვლივ უამრავი კარიერისტი კომკავშირელი ტრიალებდა, რომლებიც მუდმივად ამტკიცებდნენ, რომ "ღმერთი არ არსებობს". თუმცა, ელიზბარს არასდროს სჯეროდა კარიერისტი კომკავშირელი ვოუქების და ყოველთვის სწამდა სულის უკვდავების. ასე რომ, ათეისტი არასდროს ყოფილა.

- როგორი იყო თქვენი რეაქცია, როდესაც გაიგეთ მისი ბერული ცხოვრების შესახებ? ასეთ მეტამორფოზას ელოდით მისგან?

- განცვიფრებული ვიყავით. მან ხომ ყველა პრივილეგიაზე უარი თქვა და შიო მღვიმელის გზას დაადგა. ასურელი ბერების მიერ საქართველოში სამონასტრო ცხოვრების დაარსება დიდი მოვლენა იყო. თუმცა 1990-იან წლებში ამაზე ბევრი არ ფიქრობდა და ეს ნამდვილად შოკი იყო ჩვენთვის.

- როგორც სასულიერო პირისთვის, რაიმე პრობლემის გადასაჭრელად თუ მიგიმართავთ?

- კი ბატონო. პატრიარქი შიო ძალიან დამეხმარა დიდი სულიერი კრიზისის გადალახვაში, რაც “ილუმინატების ლაბორატორიასთან“ ურთიერთობისას დამემართა 1990-იანი წლების ბოლოს. მაშინ მე ვთანამშრომლობდი დოქტორი გრეგ ედვარდსის სტრატეგიული კვლევების აკადემიასთან“"მაუნტ პლეზანტში" და იქ დადიოდნენ მომავლის მეცნიერების ისეთი წარმომადგენლები, როგორებიც იყვნენ დეივიდ სნაიდერი, ბილ როუ და სხვები. ამავე დროს ჰუბერტ ჰამფრის ერთ-ერთ ასისტენტთან ვმუშაობდი მსოფლიო ბანკის შენობის პირდაპირ NPF-ში. პატრიარქმა, როგორც მოძღვარმა, მაშინ დიდი დახმარება გამიწია ილუმინატების მიერ თავსმოხვეული მატერიალისტური სინდრომის გადალახვაში. ეს "წარმატების დაავადება" ბევრ ახალგაზრდას უსპობს სიცოცხლეს და ბედნიერებას, და მაშინ პატრიარქმა ძალიან დიდი დახმარება გამიწია ამ დაავადებისგან გამოჯანმრთელებაში. წარმატება, თავისი არსით, წარმართული ფენომენია და ამაში სწორედ შიო მესამემ დამარწმუნა. არ არსებობს პატივმოყვარეობაზე დიდი ცოდვა. ექსტრემალური ილუმინატობის ყველაზე დიდი ცდომილება სწორედ იმის წარმოდგენაა, რომ ადამიანი ჭკუით ღმერთზე მაღლა დგას. ეს არის დღევანდელი დღის მთავარი პრობლემაც და ამან მაშინ კინაღამ ცხოვრება მომისწრაფა. მადლობა ღმერთს, რომ შიო მესამე დამეხმარა ამ საშინელი კრიზისიდან გამოსვლაში.

- დღეს რა გამოწვევების წინაშეა პატრიარქი შიო III?

- გამოწვევები უამრავია - ყოველ წუთს და შეიძლება ყოველ წამსაც. მოგეხსენებათ, ფიზიოკრატი ლუციფერი როგორ ფხიზლობს. მას ქართული ეკლესიის დანგრევა უნდა ყოველწუთიერად. ამაში ეჭვიც არავის უნდა ეპარებოდეს. საქართველოს მთავარი ძალა მის ეკლესიაშია და მტრებს სწორედ ამ ეკლესიის დანგრევა უნდათ - გარე და შიდა მტრებსაც. მაგრამ ამაზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თითოეული ჩვენგანის სულში არსებულ ტექნოკრატს თუ ბიოპოლიტიკოსს, სოციალურ თუ ფიზიკურ დარვინისტს, ყოველ წამს შეუძლია ბოლო მოგვიღოს. თუ ეს ყოველი ჩვენგანისთვის ინდივიდუალური გამოწვევაა, პატრიარქისთვის ეს უდიდესი და უმძიმესი შრომაა ყოველდღიურად და ყოველწამიერად. ეშმაკს არ სძინავს, ის ყოველთვის ფხიზლობს და სულ შეტევაზეა - მით უმეტეს დღეს, როცა მის ხელთაა ხელოვნური ინტელექტიც, გენეტიკური ინჟინერიაც და თანამედროვე ტექნიკური პროგრესის სხვა საშუალებებიც.

- რას ურჩევდით მას ამ რთულ გზაზე?

- არ გავკადნიერდები და საჯაროდ რჩევებს არ გავცემ. მინდა ვუსურვო მას უფლის წყალობა და ყველაფერი კარგი. დღეს ჩვენ ბევრი გამოწვევა გვაქვს - ყველა ჩვენგანს ებრძვის ფიზიოკრატიისა და ტექნოკრატიის დემონები - იერარქია, დომინაცია, ძალმომრეობა, გულგრილობა, ამპარტავნება და სხვა მანკიერებანი. ამ გამოწვევებთან გამკლავება არ არის მარტივი. დიახ, კაცობრიობას დღესაც ახრჩობს “ეგზისტენციური კრიზისი - სულიერების მკვეთრი დეფიციტია. საქართველო უნდა გახდეს მაგალითი. ილია მეორის გლოვის დღეებში ჩვენი ქვეყანა იყო ასეთი მაგალითი... ახლა საჭიროა ზოგადსაკაცობრიო პრობლემების ჭრილში ჩვენ მოვნახოთ ნამდვილი ჯერარსი - ცხოვრების გზა, იმისათვის, რომ სასუფეველში ადგილი დავიმკვიდროთ. ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისათვის.