"ზვიადმა მოსკოვიდან ჩამოტანილი სტენოგრამა მაჩვენა, ეს იყო გეგმა, რომელიც აფხაზეთის ჩაბარებას ეხებოდა“ - კვირის პალიტრა

"ზვიადმა მოსკოვიდან ჩამოტანილი სტენოგრამა მაჩვენა, ეს იყო გეგმა, რომელიც აფხაზეთის ჩაბარებას ეხებოდა“

"მიხეილ თუმანიშვილი და ზვიად გამსახურდია არიან ის ადამიანები, რომლებიც არასდროს დამავიწყდება და გამორჩეულად მახსოვს ორი ეპიზოდი ჩემი ცხოვრებიდან, რომლის შესახებაც ახლა გიამბობთ", - ამბობს მსახიობი პაატა ბარათაშვილი.

მიხეილ თუმანიშვილი

- თეატრალურში რომ ჩავაბარე, ჩემი ჯგუფი მიხეილ თუმანიშვილმა აიყვანა და მადლობა ღმერთს, ასე რომ მოხდა. მსგავსი ფიგურა თეატრალურ ხელოვნებაში მხოლოდ საქართველოში კი არა, მსოფლიო მასშტაბითაც რთულად მოიძებნება. პიტერ ბრუკი მსოფლიო დონის რეჟისორი იყო, ნომერ პირველად აღიარებული ლეგენდა. საქართველოში რომ ჩამოვიდა და მიხეილ თუმანიშვილი გაიცნო, თქვა, მე ვიპოვე ჩემი პედაგოგიო. ასეთი ბუმბერაზი იყო ეს კაცი.

უდიდესი შთაბეჭდილება პირველი შეხვედრიდანვე მოახდინა თავისი პროფესიონალიზმით, ცოდნით, მიდგომებით. მან ქართულ თეატრს უდიდესი არტისტები გაუზარდა - მხოლოდ რამაზ ჩხიკვაძისა და ეროსი მანჯგალაძის დასახელება რად ღირს. რაც შეეხება თუმანიშვილის სახელობის თეატრის არსებობას, ეს თავიდან ბოლომდე ბატონი მიშას დამსახურებაა. ის იყო პედაგოგი, რომელსაც თეატრის იქით არაფერი აინტერესებდა და შენც ამ თავდადებას გინერგავდა. ინტელიგენტი კაცი იყო, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით - ზრდილობიანი, ცუდ სიტყვას მისგან ვერასდროს გაიგონებდი, გაგეცინებათ და, მის სტუდენტებს ისიც ვერ წარმოგვედგინა, საპირფარეშოში თუ დადიოდა... ერთხელ მოსკოვში მატარებლით წავედით, 3 დღე მოვუნდით მგზავრობას და ამ 3 დღის განმავლობაში ერთხ­ელ მაინც ხომ უნდა დაგვენახა საპირფარეშოში შესული?! ხანგრძლივი მგზავრობის დროსაც კი მხოლოდ თეატრი იყო ჩვენი საუბრის თემა. მზე, მთვარე ყველაფერი თეატრი იყო...

4rb265ni582e1-1780841604.jpeg

მიშა თუმანიშვილი ჩვენს სპექტაკლებს სტუდენტობის წლებში ყოველთვის ესწრებოდა და დასრულების შემდეგ, ნიშნებს გვიწერდა. მაშინ 5 უმაღლესი შეფასება იყო. ვინ მიიღებდა ამ ნიშანს, ყველანი ძალიან ვნერვიულობდით... მეთერთმეტე აუდიტორია გახსნა, თეატრივით იყო, იქ იდგმებოდა სპექტაკლები, ნაწყვეტებსაც ვთამაშობდით.

იმ წლებში, სახელმწიფო გა­დატრ­ი­ა­ლება რომ მოხდა, თეატრიდან წასული ვიყავი, როცა დავბრუნდი, ბატონი მიშა უკვე გარდაცვლილი იყო. ველოდი იმ ატმოსფეროს, რომელიც დავტოვე, მაგრამ ყველაფერი შეცვლილი დამხვდა...

მიხეილ თუმანიშვილის დროს პრემიერის წინა ღამეებს თეატრში ვათევდით, თავადაც ჩვენს გვერდით იყო, შინ არ მიდიოდა. შეუძლებელი იყო ამ ადამიანის გვერდით ყოფილიყავი და თეატრი არ გყვარებოდა.

ზვიად გამსახურდია

- ზვიად გამსახურდია იყო მაგალითი იმისა, როგორი უნდა იყოს ქართველი, როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო, როგორ უნდა მოუარო, გაუფრთხილდე, იზრუნო... ის იყო ადამიანი, რომელმაც ჩემში სულ სხვა ენერგია გააჩინა.

გამსახურდიას გვერდით ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის საწყისი ეტაპიდან ვიყავი. მისი მიწვევით "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს" წევრი გავხდი, არჩევნებში ისეთი შედეგი დავდეთ, არც კი ველოდით... ისეთი განათლებული ადამიანი, როგორიც ზვიადი იყო, არ შემხვედრია. ძალიან სამწუხაროა, რომ მას ბევრი კარგი საქმის გაკეთება არ დასცალდა.

ხან რუსეთის აგენტად მოიხსენიებდნენ, რას აღარ უგონებდნენ და ეს ყველაფერი მოდიოდა უცხოეთიდან, როგორც დღეს მოდის, ყველაფერი მეორდება... როდესაც ხელისუფლებაში მარიონეტი შევარდნაძე მოვიდა, რას წარმოვიდგენდი, რომ მომავალში კიდევ მასზე უარესი გახდებოდა ქვეყნის მმართველი, მაგრამ მოვიდა სააკაშვილი, უცხოელების მონა.

- ზვიადს საქართველოში გავლენების მოპოვებაზე თქვენთან საუბარი ჰქონდა?

- მხოლოდ პირად საუბარში კი არა, ამ ყველაფერს მიტინგებზეც აცხადებდა. პირად საუბრებში კი ამბობდა, რა ჯანდაბა უნდათ ამ პატარა ქვეყნისგანო! თუმცა იცოდა, რაც უნდოდათ. საქართველო ისეთი გეოპოლიტიკური ადგილია, ყველა ამისთვის იბრძოდა... ხშირად ამბობდა, აქ უნდათ შევარდნაძე, მათი ბრძანებები რომ შეასრულოსო. როდესაც შევარდნაძე კრემლიდან გამოუშვეს, ზვიადმა მაშინვე თქვა, მას საქართველოსთვის ამზადებენო. გაკვირ­ვებულებმა შევხედეთ, თურმე გასაკვირი არაფერიც არ იყო, ზვიად გამსახურდია ამ ყველაფერს წინსწრებით ხედავდა. შემიძლია ვთქვა, რომ მას არც ერთი პოლიტიკური შეცდომა არ დაუშვია.

- როგორ ფიქრობთ, გარემოცვის ნდობის თვალსაზრისითაც არ დაუშვია შეცდომები?

- ვინც მივიდა, ის მიიღო, იქ სუფთა ხალხი ძალიან ცოტა იყო, მას არჩევანი არც ჰქონდა.

თქვენ წარმოიდგინეთ, 70-წლიან საბჭოთა პერიოდში "კაგებეს" რამდენი აგენტი ჰყავდა... გზავნიდნენ და გზავნიდნენ. ეს ზვიადმა განა არ იცოდა?.. ძალიან კარგად ხედავდა, რაც ხდებოდა და იმასაც ჭვრეტდა, რაც უნდა მომხდარიყო. ამიტომ ჩქარობდა, გამოეცხადებინა საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩაეტარებინა რეფერენდუმი.

ვამაყობ, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტზე ჩემი ხელმოწერაა...

არასდროს დამავიწყდება, პირველი უზენაესი საბჭოს წევრები გროზნოში დაგვიბარა, სესია ქვორუმის დაცვით ჩატარდა, სადაც ის სიტუაცია შეფადა, რაც ქვეყანაში ხდებოდა. ფაქტს მიეცა სახელმწიფო გადატრიალების კვალიფიკაცია. სესიის შემდეგ 7-8 კაცს ზვიადმა თავისთან დაგვიძახა. მივედით. ჯოხარ დუდაევის სასახლეში სუფრა გაიშალა და სუფრასთან იჯდა ორი ტიტანი, თამადა იყო ჯოხარ დუდაევი, გვერდით ეჯდა ზვიად გამსახურდია. ეს ამბავი არასდროს დამავიწყდება. მე უბრალო მოკვდავი ორ ბუმბერაზთან ერთად ვიჯექი. რა ბედნიერი ვარ, რომ მათთან ურთიერთობის საშუალება მქონდა.

- რაზე საუბრობდით?

- ლაპარაკი იყო იმ ბინძურ მეთოდებზე, რომელსაც რუსეთი იყენებდა საქართველოსა და მთლიანად კავკასიის წინააღმდეგ. დუდაევმა თქვა, რაც თქვენთვის არის ედუარდ შევარდნაძე, ის არის ჩვენთვის რუსლან ხაზბულატოვიო. ლაპარაკი იყო ჩვენს ქვეყნებზე, ურთიერთობებზე...

გამორჩეულად კიდევ ერთი ამბავი მახსოვს, მე და ჩემი მეუღლე აფხაზეთის ომის დაწყებამდე ორთვენახევრით ადრე გროზნოში ჩავედით. ზვიადმა მითხრა, მოდი, მეუღლეები დავტოვოთ და რაღაც უნდა განახოო. გავყევი და მოსკოვიდან ჩამოტანილი სტენოგრამა მაჩვენა, ეს იყო მთელი გეგმა რომელიც აფხაზეთის ჩაბარებას ეხებოდა. ეს იყო ელცინის, შევარდნაძისა და არძინბას ლაპარაკი. ელცინი ამბობდა, როგორ უნდა შესულიყო ქართული ჯარი აფხაზეთში ვითომ რკინიგზის მაგისტრალის დასაცავად, როგორ უნდა დაწყებულიყო ომი, რომელიც მალე უნდა დამთავრებულიყო, როგორ უნდა ჩამოეშორებინათ აფხაზეთი საქარ­თველოსთვის და ჩაებარებინათ რუსეთისთვის. ეს ყველაფერი მე წავიკითხე ორთვენახევრით ადრე, სანამ აფხაზეთში ომი დაიწყებოდა... ზვიადმა მითხრა, ხედავ, რისი გაკეთება უნდათო? ისეთი არეული იყო ყველაფერი, უკვე გვიანი იყო, მაგრამ მცდელობას მაინც არ აკლებდა. აფხაზებს აფრთხილებდა, პროვოკაციებს არ აჰყოლოდნენ, აფხაზურ ენაზე მიმართა, ქართველებსაც აფრთხილებდა, მაგრამ...

- როგორ მოიპოვა თავად ეს ჩანაწერი, ამაზე გქონდათ საუბარი?

- ამას როგორ მეტყოდა? მას თავის ხალხი ყველგან ჰყავდა, მათ შორის - კრემლშიც. ზვიადი პოლიტიკოსი იყო, ამბის გამომტანებისგან ინფორმაციას იღებდა...

თამუნა კვინიკაძე