"მეამაყება, კავსაძეების შთამომავალი რომ ვარ“
"როდესაც ადამიანის ცუდ თვისებებს ვეჯახები, ვცდილობ, ცალი თვალი მონადირესავით მოვხუჭო და მხოლოდ კარგი დავინახო", - ამბობს მომღერალი იმერი კავსაძე.
- დაბადების თარიღი...
- 1937 წლის 16 ივნისი. ჰოროსკოპით მე და ჩემი ძმა (მსახიობი კახი კავსაძე) ორივე ტყუპის ნიშნით დავიბადეთ.
- ბავშვობაში მინდოდა...
- არტისტი გამოვსულიყავი, სცენა მიყვარდა. პიონერთა სასახლის თეატრალურ ჯგუფში დავდიოდი და სპექტაკლებში ვთამაშობდი. უმეტესად მეორეხარისხოვანი როლები მხვდებოდა, მაგრამ მაინც ბედნიერი ვიყავი. როცა პროფესიული არჩევანის წინაშე დავდექი, გეზი უკვე სიმღერისკენ მქონდა აღებული. ძალიან მინდოდა დირიჟორი ვყოფილიყავი, მაგრამ ხელი შემეშალა.
ვერც მე და ვერც კახიმ მუსიკალური განათლება იმის გამო ვერ მივიღეთ, რომ მუსიკალური ათწლედიდან გაგვრიცხეს როგორც ხალხის მტრის შვილები. მე რომ ეს განათლება მქონოდა, სიმღერასთან ერთად, დირიჟორიც ვიქნებოდი.
- ჩემზე ამბობენ...
- ძალიან განსხვავებულიაო. ხანდახან გულჩათხრობილი ვარ, სენტიმენტალურიც, ძალიან ხშირად ვარ ჩემს თავთან მარტო და თან ნაღვლიანი. სულ ვცდილობ, ეს არ გამოჩნდეს, ამიტომ ყველა მიცნობს, როგორც მხიარულ ადამიანს. არ მინდა ჩემი გულჩათხრობილობა სხვებს გადავდო, ახლობლებს ნეგატიურ ემოციას არასდროს გადავცემ. მგონი, ეს ჩემი ძლიერი მხარეა.

- რა პიროვნული სისუსტე გაქვთ?
- სიყვარულია ჩემი სისუსტე. ადამიანი, ცხოვრება, გარემოცვა იმდენად მიყვარს, ხანდახან გავიფიქრებ, ეს ემოცია სისუსტე ხომ არ არის-მეთქი? ცხოვრება გართულდა და ჩემი "რბილი" გული ხანდახან რაღაც საქმეებში ხელის შემშლელიც კი არის.
- სიყვარული ეს...
- ღმერთის უდიდესი საჩუქარია. ადამიანს თუ არ აქვს უნარი უყვარდეს, უბედურია, ამ განცდის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. როდესაც ადამიანის ცუდ თვისებებს ვეჯახები, ვცდილობ, ცალი თვალი მონადირესავით მოვხუჭო და მხოლოდ კარგი დავინახო...

- პირველად რომ შემიყვარდა...
- ეს სკოლაში იყო. მაშინ ქალები და ვაჟები ცალ-ცალკე ვსწავლობდით. 23-ე სკოლა ქალების იყო, მე-19 - ვაჟების. იყო პარალელური დასწრებებიც. იმ სკოლიდან ერთი გოგო შემიყვარდა. მისგან წიგნი ვითხოვე და დაბრუნების წინ წარწერები გავაკეთე, ვიცოდი გადაფურცლავდა და ნახავდა, თუმცა ამ ამბავს დიდი ამბები არ მოჰყოლია. მეგობრობა გაგრძელდა, სიყვარული - არა. ეს თან გამიხარდა, მეშინოდა, ჩვენი ურთიერთობა არ გაფუჭებულიყო, ამას ძალიან ვუფრთხილდებოდი.
მოგვიანებით ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი. მაშინ რუსეთში ვიყავი. ორკესტრი რომ უკრავს, თითოეული ბგერის ჟღერადობა მესმის. ერთი ბგერა ძალიან მომეწონა, გავგიჟდი, იმდენად კარგი იყო. ჩემი მეუღლე არფაზე უკრავდა. მისმა პროფესიონალიზმმა მომხიბლა, გავიფიქრე, რა კარგი ბგერაა... და ასე დაიწყო ურთიერთობა. ერთი ვაჟი შეგვეძინა.

- ბედნიერი ვარ, რომ...
- მყავს ძალიან კარგი შვილი და შვილიშვილი. შვილიშვილი რომ დამირეკავს და მეტყვის, ბაბუ, როგორ ხარო, ვცოცხლდები. ჩემი შვილი თავდაცვის სამინისტროში მუშაობს.
- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- ჩემი წარმომავლობა, ჩემი გვარი. გრიგოლ მღვდელი ჩემი დიდი პაპა იყო, ხოვლეში წერა-კითხვის გამავრცელებელი, განმანათლებელი კაცი. 5 შვილი ჰყავდა. ჩემმა წინაპრებმა დიდი კვალი დატოვეს ამ სამყაროში. მეამაყება, კავსაძეების შთამომავალი რომ ვარ.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ადამიანებთან დამოკიდებულება, თუმცა, ყოფილა, რომ შევმცდარვარ, იმედგაცრუებული, მოტყუებული დავრჩენილვარ.
- პატიება შემიძლია...
- მარტივად. სულ ვცდილობ, ვაპატიო და ეს უკვირთ, მეუბნებიან, რატომ ხარ ასეთი მიმტევებელიო? მადლობა ღმერთს, რომ ეს უნარი მაქვს... ადამიანებს სიკეთე ავიწყდებათ, უმადურობა გულს მტკენს, ვერ ვიტან, ვერ ვეგუები.
- წონასწორობიდან გამოვყავარ...
- ერთხელ წონასწორობიდან გამოსვლამ თეატრიც კი გამომაცვლევინა. მაშინ გორკის პუშკინის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი ვიყავი. თქვეს, "ქეთო და კოტე" უნდა დაიდგასო. გავგიჟდი სიხარულით, თეატრის დირექტორს ველაპარაკე, გენიალური სპექტაკლია, ბედნიერი ვარ-მეთქი. სცენარი მოვითხოვე, იქ ბევრი რამ გადაკეთებული იყო, შემდეგ ესკიზები მოვითხოვე, მოიტანეს და რა აღმოჩნდა - სპექტაკლი ისე იყო დაქუცმაცებული, იქ "ქეთო და კოტეს" 10% თუ იყო დარჩენილი. გავაპროტესტე, ლამის ჭკუიდან შევიშალე. მე ამ სპექტაკლში არ ვითამაშებ-მეთქი. ამის გამო თეატრი დავტოვე. ვფიქრობ, ზედმეტად გავფიცხდი, თუმცა არა უსაფუძვლოდ. სხვაგვარად ვერ შევძელი, თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი და წამოვედი.
- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...
- მუსიკამ. მუსიკაზე ვგიჟდები. სადღეგრძელო მაქვს: გიყვარდეთ მუსიკა, როგორც უყვარს იმერი კავსაძეს.
- როცა მაქებენ...
- მრცხვენია. სადღაც მიხარია კიდეც, მაგრამ უხერხულობის განცდა აჭარბებს. ხშირად ქუჩაში სრულიად უცნობი ადამიანებისგან დიდ სიყვარულს ვიღებ. მორწმუნე კაცი ვარ, ჯერ კიდევ ახალი ჩამოსული ვიყავი საქართველოში, უწმინდესთან რომ მივედი. მას მერე საღამოს ლოცვებს ვესწრებოდი, ვსაუბრობდით, ხელზე ვეამბორებოდი. ძალიან მეიმედება ჩვენი ახალი პატრიარქი. შიო III-ის ინტრონიზაციის შემდეგ მთაწმინდაზე ბანკეტსაც დავესწარი. ძალიან თბილად შემხვდა...
- თქვენთვის რით არის გამორჩეული?
- ის აუცილებლად იქნებოდა ძალიან კარგი მუსიკოსი, მაგრამ ღმერთმა უფრო დიდი მისია დააკისრა. პატრიარქს მომღიმარი თვალები აქვს, უზომოდ დიდი სითბო გამოსჭვივის, თვალები კი მთავარია! ჩვენი პატრიარქი გულიდან იღიმის...
- დარიგება, რომელიც არ დამავიწყდება.
- სკოლა რომ დავამთავრე, ძალიან აცვენილი ბიჭი ვიყავი - სულ სუფრები, გართობა, სიმღერა, დალევა... მაშინ მომღერლის კარიერაზე არ ვფიქრობდი, მაგრამ მუსიკალურში ანა გიორგიევნა ჩიჯავაძესთან აღმოვჩნდი და ყველაფერი შეიცვალა. ათწლედშიც და კონსერვატორიაშიც მასთან ვიყავი და მისი ყველა გაკვეთილი იყო დარიგება, უდიდესი სკოლა...
- მეშინია...
- უცნაური შიში მაქვს, გაგიმხელთ, წლებია ფიქრი მაწუხებს, რომ გარდავიცვლები და დამკრძალავენ, მერე იქ არ გამეღვიძოს...
- მენატრება...
- ჩემი კარიერა, მაგრამ ყველაზე მეტად იცით, რა მენატრება? მე, ჩემი ძმა, დედაჩემი და მამაჩემი, ჩვენ ოთხი, ერთად არ მახსოვს ვყოფილიყავით, ერთი მომენტიც არ მახსენდება. იმედი მაქვს, იმ ქვეყნად მაინც შევხვდებით ერთმანეთს.
- დაბოლოს, გეტყვით...
- ეს არის ინტერვიუ ადამიანის, რომელსაც უყვარს სიცოცხლე, უყვარს ადამიანი... 89 წელი ისე ვიცხოვრე, ვცდილობდი, შეცდომა არ დამეშვა, ვინმესთვის ტკივილი არ მიმეყენებინა.
P.S. ინტერვიუს ჩაწერიდან მეორე დღეს ბატონი იმერი დამიკავშირდა და მთხოვა, მომესმინა: - პირველ სიყვარულზე რომ ვსაუბრობდით, იმდენად დავიბენი, მოგვიანებით განცდილზე გიამბეთ, არადა, მანამდე იყო ჩემს ცხოვრებაში გოგონა, რომელზეც მინდა ახლა გითხრათ. ღამე გამოცხადებასავით მქონდა - რა უცნაურია, არა? მთელი ღამე არ მომცა მოსვენება. მესამე-მეოთხე კლასში ვიქნებოდი, ეს გოგო რომ გავიცანი, იმდენად ლამაზი ბავშვი იყო, დავინახე და გავშრი, მაგრამ მისთვის არაფერი მითქვამს, ვიყავი ასე დამუნჯებულ-შეყვარებული. იმ წელს არდადეგებიდან რომ დავბრუნდი, გავიგე, ეს ბავშვი გარდაცვლილა... სახელი და გვარი ახლაც მახსოვს. მოგვიანებით ვაკის სასაფლაოზე მივდიოდი და სრულიად შემთხვევით, ამ ბავშვის სურათს წავაწყდი, შევცბი... წლები გავიდა, საქართველოდან წავედი, ცხოვრებამ სად არ მატარა... წლების შემდეგ მოვინდომე, ის საფლავი მენახა და ვეღარ ვიპოვე, იქაურობა ძალიან შეცვლილია. წუხელ თქვენთან საუბრის შემდეგ, გამოცხადება ვნახე, მოვიდა და სულ სამი სიტყვა მითხრა: "ბიჭო, როგორ დაგავიწყდი?!" ვერ მოვისვენე, სანამ არ დაგირეკეთ და ეს ამბავი არ გიამბეთ.
თამუნა კვინიკაძე