"შეშლილი პრეზიდენტი“, რომელმაც 150 ოპოზიციონერი შობის ღამეს მოკლა
ეს არის წარმოუდგენელი ისტორია ადამიანზე, რომელმაც თავისი ქვეყანა ტერორისა და სიგიჟის სპირალში ჩაითრია. ადამიანი, რომელიც მე-20 საუკუნის აფრიკის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ რეჟიმს მართავდა, ძალაუფლების შესანარჩუნებლად კი დაუნდობელ მეთოდებს იყენებდა. ეს კაცია ფრანსისკო მასიას ნგუემა - ეკვატორული გვინეის "შეშლილი დიქტატორი".
დიქტატორის აღზევება
ისტორია იწყება 1924 წლის ეკვატორული გვინეის პატარა სოფელში, რომელიც მაშინ ესპანეთის კოლონია იყო. ფრანსისკო მასიას ნგუემა დაიბადა მოკრძალებულ ოჯახში, საზოგადოებაში, რომელიც ჯერ კიდევ კოლონიური მმართველობის სისასტიკით იყო დათრგუნული. მამა სახალხო მკურნალი გახლდათ. პატარა ფრანსისკო კათოლიკურ სკოლაში სწავლობდა. მოგვიანებით ის სასამართლოს მდივანი, შემდეგ კი თარჯიმანი გახდა. კოლონიური ადმინისტრაციის მხარდაჭერით, სწრაფად დაწინაურდა: თავდაპირველად დედაქალაქ მალაბოს მერად, შემდეგ საზოგადოებრივი სამუშაოების მინისტრად და მმართველი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტადაც კი. როგორც მისი ბიოგრაფიის მკვლევარები აღნიშნავენ, ნგუემა ადრეული ასაკიდანვე ავლენდა თავისებურ ტემპერამენტს, ძალაუფლების წყურვილს და სხვების მიმართ ღრმა უნდობლობას. მისი მეთოდები იყო სასტიკი, ზოგჯერ მზაკვრული, მაგრამ ეფექტური.
1968 წელს ეკვატორულმა გვინეამ დამოუკიდებლობას მიაღწია და ნგუემა, თავისი ქარიზმის წყალობით, მთავარ პოლიტიკურ ფიგურად იქცა. პირველ საპრეზიდენტო არჩევნებში მგზნებარე ნაციონალისტური კამპანია ჩაატარა, ანტიკოლონიური რიტორიკის გამოყენებით, რომელიც სავსე იყო ესპანელი კოლონიზატორების მიმართ სიძულვილით. ის ხალხს ისეთ მომავალს დაჰპირდა, რომელშიც ეკვატორული გვინეა თავისუფალი და აყვავებული იქნებოდა. ნგუემამ პოტენციური მეტოქეები გაანადგურა. მის მთავარ ოპონენტს, ბონიფაციო ონდო ედუს შეთქმულებაში დასდეს ბრალი. მთავარი მეტოქის განადგურების შემდეგ, ნგუემამ ადვილად მოიგო არჩევნები და ეკვატორული გვინეის პირველი პრეზიდენტი გახდა.
სისხლიანი წმენდა
მაგრამ ის, რაც ახალგაზრდა ქვეყნისთვის ახალი ეპოქის დასაწყისი უნდა გამხდარიყო, სწრაფად გადაიქცა კოშმარად. ნგუემამ მალევე გამოავლინა თავისი ნამდვილი სახე. თავისუფლებისა და კეთილდღეობის ნაცვლად, მისი მმართველობა საშინელ დიქტატურაში გადაიზარდა. პრეზიდენტობიდან სულ რამდენიმე თვეში რეპრესიების უპრეცედენტო სისტემა შექმნა. კრიტიკოსები, პოლიტიკური ოპონენტები, ინტელექტუალები - ყველა, ვისაც შეეძლო ეჭვქვეშ დაეყენებინა მისი ავტორიტეტი - გაანადგურა. პრეზიდენტმა შექმნა ფაშისტურის მსგავსი საიდუმლო პოლიცია, რომელიც შედგებოდა უპირობო მორჩილებისთვის გაწვრთნილი ახალგაზრდა მამაკაცებისგან. ეს შეიარაღებული დანაყოფი გახდა ნგუემას რეპრესიების მთავარი საყრდენი, რომელიც აღწევდა უბნებსა და სოფლებში, აკონტროლებდა და აფიქსირებდა ნებისმიერ საეჭვო ქცევას.
ოპონენტების დევნამ კულმინაციას 1969 წელს მოწყობილი სასტიკი და სამარცხვინო ხოცვა-ჟლეტით მიაღწია: შობის ღამეს მალაბოს ეროვნულ სტადიონზე 150 პოლიტპატიმარი შეშინებული ბრბოს წინაშე აღლუმით ჩაატარეს. სანტა კლაუსის კოსტიუმებში გადაცმულმა ჯარისკაცებმა კი მათ ცეცხლი გაუხსნეს და ყველა, ვისაც ისინი "ერის მტრად" მიიჩნევდნენ, ადგილზე ჩაცხრილეს. ამ საჯარო ხოცვა-ჟლეტის მიზანი იყო გზავნილი მოწინააღმდეგეთათვის: ნებისმიერი ოპოზიცია სისხლით აგებდა პასუხს!
ხელისუფლების უზურპაცია
1971 წელს გამოიცა ბრძანება და კანონების სერია, რომლებიც ნგუემას შეუზღუდავ ძალაუფლებას ანიჭებდა. 415-ე დადგენილებით, პრეზიდენტს მთავრობის ყველა შტოსა და საზოგადოებრივ ინსტიტუტზე სრული კონტროლი მიენიჭა. ნგუემამ მოსპო ინსტიტუციური კონტროლის ნატამალიც კი და აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ძალაუფლება საკუთარ ხელში მოაქცია. იმავე წელს მიიღეს კანონი #1, რომლის მიხედვითაც დისიდენტობა კრიმინალად გამოცხადდა. პრეზიდენტის მიმართ მუქარა სიკვდილით დასჯადი დანაშაული გახდა, პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის სასჯელი კი 30 წლით თავისუფლების აღკვეთით განისაზღვრა. დაპატიმრების საფუძველი ხდებოდა პირადი შეხედულებები ან ხუმრობებიც კი.
ნგუემამ დააარსა ეროვნული მუშათა პარტია (PUNთ), რომელიც ერთადერთ ლეგალურ პოლიტიკურ ძალად გამოაცხადა. ყველა სხვა პარტია აიკრძალა, ხოლო მუშათა პარტიისადმი ერთგულება პრეზიდენტისადმი ერთგულებას გაუთანაბრდა.
1972 წლის 14 ივლისს, პრეზიდენტის დადგენილებით, ეკვატორული გვინეა ერთპარტიულ სახელმწიფოდ, თავად ნგუემა კი სამუდამო პრეზიდენტად და ქვეყნის ერთადერთი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელად გამოცხადდა. 1973 წლის ივლისში, ხმების 99.9%-ით დამტკიცებულმა პლებისციტმა პრეზიდენტს აბსოლუტური ძალაუფლება მიანიჭა.
განათლების აკრძალვა
დიქტატორი საკუთარი ერთპიროვნული ძალაუფლისათვის არანაკლებ საფრთხედ აღიქვამდა განათლებასაც, ამიტომ ინტელექტუალებისა და კულტურული ელიტის განადგურება დაიწყო - გააუქმა კერძო განათლება, დახურა ბიბლიოთეკები და სკოლები. მასწავლებლები დააპატიმრეს ან სიკვდილით დასაჯეს, წიგნები კი დაწვეს. ქვეყანაში აღარ არსებობდა არც ერთი უმაღლესი სასწავლებელი. დაიხურა გაზეთები. აიკრძალა სიტყვა "ინტელექტუალის" გამოყენებაც. ინტელიგენცია ქვეყნიდან გარბოდა.
პრეზიდენტმა ასევე აკრძალა ყველა თანამედროვე მედიკამენტი, რის შედეგადაც ქვეყნის ერთ-ერთი კუნძული ქოლერის ეპიდემიამ მთლიანად გაანადგურა. ნგუემამ ექიმები "არაპატრიოტული" იდეების გავრცელებაში დაადანაშაულა, რამაც მათი უმრავლესობა აიძულა, ქვეყანა დაეტოვებინა. გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფოში მხოლოდ ორი ექიმი დარჩა, რამაც ჯანდაცვის კატასტროფული კრიზისი გამოიწვია. დიქტატორი ვერ იტანდა ვერაფერ ევროპულს - ჯერ კიდევ 1973 წელს მან ყველა ესპანური ტოპონიმი აფრიკული სახელწოდებით შეცვალა. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ნგუემას უცხოელების, განსაკუთრებით თანამედროვე განათლების მქონე ადამიანების მიმართ არასრულფასოვნების კომპლექსი სტანჯავდა, რადგან მათგან ერთგვარ საფრთხეს გრძნობდა.
რელიგიის აკრძალვა
პრეზიდენტმა მიზნად დაისახა რელიგიის კონტროლიც. დაპატიმრების მუქარით, მღვდლები იძულებული იყვნენ გაემეორებინათ ლოზუნგები: "არ არსებობს ღმერთი, გარდა ფრანსისკო მასიას ნგუემასი", "ღმერთმა შექმნა ეკვატორული გვინეა ნგუემას წყალობით და მის გარეშე ეკვატორული გვინეა არ იარსებებდა", 1975 წელს კი მან უბრალოდ, აკრძალა კათოლიკური ეკლესია! სიკვდილით დასჯის შიშით მღვდლები ქვეყნიდან გაიქცნენ ან გააძევეს და ეკლესიები ცარიელი დარჩა. მალაბოს საკათედრო ტაძარი იარაღის საწყობად გადაიქცა...
პიროვნების კულტი
დიქტატორმა საკუთარ თავს მიანიჭა გრანდიოზული ტიტულები: "სამუდამო პრეზიდენტი", "უზენაესი ლიდერი", "განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დიდი ოსტატი", "რევოლუციის ყველა ძალის მბრძანებელი", "ერის მამა", "უკვდავი",„"უძლეველი" და "უნიკალური". საკუთარ თავს ღვთისგან გამოგზავნილად მიიჩნევდა, რომელიც ხალხის სამართავად იყო მოვლენილი. სამუდამო პრეზიდენტმა მოითხოვა მისი პორტრეტები საზოგადოებრივ ადგილებში განთავსებულიყო...
ეკონომიკის ნგრევა
ნგუემამ უცხოური, განსაკუთრებით ესპანელების საკუთრებაში არსებული კომპანიების ექსპროპრიაცია ბრძანა. მოხდა მათი აქტივების კონფისკაცია, რაც შემდგომ გადაეცა ნგუემას ოჯახს და მის მოკავშირეებს, რომლებსაც მართვის უნარები არ გააჩნდათ. კაკაოს, ყავისა და ბანანის აყვავებული პლანტაციები გაჩანაგდა და ეკვატორული გვინეა, რომელიც ოდესღაც ამ ძვირფასი რესურსის ექსპორტს ახორციელებდა, საკუთარი მოსახლეობის საკვებით უზრუნველყოფას ძლივს ახერხებდა. ქვეყანაში შიმშილობა დაიწყო. სამინისტროებს საბიუჯეტო დაფინანსება მოეხსნათ. მხოლოდ პრეზიდენტი, სამხედროები, პოლიცია და დაზვერვის ოფიცრები იღებდნენ რეგულარულ ხელფასებს. ბევრი სამინისტრო და საჯარო უწყება დაიხურა, მინისტრების უმეტესობა კი სიკვდილით დასაჯეს. 1976 წელს ცენტრალური ეროვნული ბანკის დირექტორის საჯაროდ სიკვდილით დასჯის შემდეგ არსებობა შეწყვიტა ეროვნულმა ბანკმაც. მისი ფუნქციები თავად ნგუემამ აიღო, ეკვატორული გვინეის ყველა ვალუტის რეზერვი კი საკუთარ სასახლეში გადაიტანა. ქვეყნის შემოსავლის ერთ-ერთი წყარო უცხოელების მძევლად აყვანა გახდა, გამოსასყიდის მოთხოვნით.
1970-იანი წლების ბოლოსთვის ეკვატორული გვინეა უკიდურესად ღარიბ სახელმწიფოდ გადაიქცა.
პარანოიის ტყვეობაში
წარმოსახვითი შეთქმულებებით შეპყრობილი ნგუემა ყველგან მტრებს ხედავდა, ოჯახშიც კი. დიქტატორის გარშემო ყველა მორჩილებას ავლენდა, თუმცა, ზოგიერთი ნათესავი მის რისხვას მაინც ვერ ასცდა და ისინი საჯაროდ დასაჯეს სიკვდილით, მათ შორის დიქტატორის ძმისშვილებიც...
საქმე იქამდე მივიდა, რომ დევნის მანიით შეპყრობილმა პრეზიდენტმა დედაქალაქი ყველასთვის ჩაკეტა, გარდა უახლოესი წრისა, თავი მცველებითა და ოკულტური რელიკვიებით შემოიფარგლა და სჯეროდა, რომ მტრის ძალას მათი თავის ქალებისა და ნეშტების მეშვეობით დაამარცხებდა. დადიოდა წარმოუდგენელი ხმები, რომ ნგუემას რეზიდენცია სავსე იყო ამ საშინელი "ექსპონატებით"... ეთნიკური უმცირესობები იდევნებოდნენ, მთელი სოფლები მიწასთან გაასწორეს. მცირეწლოვან ბავშვებსაც კი აიძულებდნენ, ხის თოფებით სამხედრო წვრთნები გაევლოთ, დაუმორჩილებლობისთვის კი დასჯით ემუქრებოდნენ. დიქტატორმა აკრძალა ოკეანეში თევზაობა, რათა არ გაეშვა ნავები, რომლებიც ხალხს ეკვატორული გვინეიდან გაქცევის საშუალებას აძლევდა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, 1977 წლისთვის ქვეყნის კანონმდებლების 65%-ზე მეტი და მთავრობის სულ მცირე ათი მინისტრი მოკლეს. 400 000-იანი მოსახლეობიდან კი 80 000 დაიღუპა - ცნობილია, რომ როდესაც სტატისტიკის სახელმწიფო ბიუროს დირექტორმა დემოგრაფიული ანგარიში გამოაქვეყნა, პრეზიდენტმა მისი დანაწევრება ბრძანა, რათა მას დათვლა ესწავლა... ნგუემამ სიკვდილით დასაჯა ყველა ყოფილი საყვარელი.
თავდაპირველად, ზოგიერთი აფრიკელი ლიდერი ნგუემას თანაუგრძნობდა და მას ნეოკოლონიური გავლენის მოწინააღმდეგე ნამდვილ აფრიკელ ნაციონალისტად თვლიდა. თუმცა, როდესაც მისი სისასტიკის შესახებ ცნობები გახშირდა და მეზობელი ქვეყნები ლტოლვილებით გაივსო, საერთაშორისო საზოგადოება მის წინააღმდეგ შემობრუნდა. გასაკვირი არ არის, რომ ნგუემა აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნებს დაუახლოვდა, საბჭოთა კავშირის, კუბისა და ჩრდილოეთ კორეის მხარდაჭერა მოიპოვა და დასავლეთთან კავშირები გაწყვიტა. აფრიკელი დიქტატორი აღფრთოვანებული იყო ჩრდილოეთ კორეელი ლიდერის კიმ ირ სენის პიროვნებით. ალბათ, ამ მოკავშირეობით აიხსნება ის ფაქტიც, რომ სწორედ ჩრდილოეთ კორეამ მისცა ნგუემას ცოლსა და ოთხიდან სამ შვილს პოლიტიკური თავშესაფარი, სადაც ისინი დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ. თუმცა, წერენ, რომ როდესაც მეუღლემ ნგუემას დამხობის შესახებ შეიტყო, ეკვატორულ გვინეაში დაბრუნდა, რათა მათი უფროსი ვაჟი დაეცვა...
აღსასრული
მმართველობის ბოლო დღეებში ნგუემა აღარავის ენდობოდა. ამბობდნენ, რომ რეზიდენციაში გამოკეტილი და ძალაუფლების შენარჩუნების სასოწარკვეთილი წყურვილით შეპყრობილი, საშინელ რიტუალებს ატარებდა. ამასობაში, მისი ძმისშვილი, თეოდორო ობიანგი, გადატრიალებას გეგმავდა... დასასრული 1979 წლის აგვისტოში დადგა. პრეზიდენტის ძმისშვილი და ეროვნული გვარდიის მეთაური (რომლის ძმებიც დიქტატორმა ბიძამ სიკვდილით დასაჯა), სამხედრო აჯანყებას ჩაუდგა სათავეში, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა. ირონია ის იყო, რომ კაცი, რომელმაც ეჭვისა და პარანოიის გამო ამდენი ოჯახი გაანადგურა, საბოლოოდ საკუთარმა ძმისშვილმა დაამხო, რომელსაც სამხედრო მეთაურობა ანდო.
დიქტატორმა გაქცევა სცადა, თუმცა, ჯუნგლებში შეიპყრეს, როგორც ჰყვებოდნენ, ჩემოდნებით, რომლებშიც 4 მილიონი დოლარი იდო... იგი სამხედრო ტრიბუნალის წინაშე წარდგა გენოციდის, სახელმწიფო სახსრების მითვისებისა და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ბრალდებით. სასამართლო პროცესი კი მისი განკითხვის დღედ იქცა. ხმაურიანმა პროცესმა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების სრული მასშტაბი გამოავლინა: სისტემური წამება, მასობრივი მკვლელობები და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური სტრუქტურის განზრახ განადგურება... დიქტატორს სიკვდილით დასჯა მიესაჯა. თუმცა, არც ერთ ეკვატოგვინეელ ჯარისკაცს არ სურდა განაჩენის აღსრულება, რადგან სიკვდილის შემდგომი წყევლის ეშინოდა. საბოლოოდ, მაროკოელი დაქირავებულების მოყვანა გახდა საჭირო, რათა თერთმეტწლიანი ტირანია დასრულებულიყო...
1979 წლის 29 სექტემბერს ფრანსისკო მასიას ნგუემა დახვრიტეს. ეკვატორული გვინეის ახალი პრეზიდენტი მისი ძმისშვილი გახდა. იქცა თუ არა ის ბიძაზე უკეთეს მმართველად, მომდევნო ნომერში გიამბობთ...
შორენა ბიწაძე