ძაღლების სასტუმრო - "მცირე ზომის ძაღლების დღეღამური დაბინავების ფასი ჩვენთან 50 ლარი გახდა, დიდი ჯიშის ძაღლის დაბინავება 60 ლარი, აგრესიულის ცალკე დაბინავებით კი 70 ლარი"
ფასების მატება ცხოვრების ყველა სფეროში მყისიერად ვრცელდება, იმის მიუხედავად, პირდაპირ კავშირშია თუ არა გაძვირებული პროდუქტების შეძენასთან. იგივე ითქმის მომსახურების სფეროზე. მაგალითად, რადიკალურად გაძვირდა ბინის დამლაგებლების მომსახურება (კვ/მ 5-დან 10 ლარამდე), იმის მიუხედავად, რომ ძვირადღირებული სარეცხი საშუალებების შეძენა დამლაგებელს არ ევალება. იგივე ხდება მომსახურების სხვა სფეროებში, მათ შორის, ცხოველთა მომსახურებაში, სადაც ძაღლების სასტუმროების მომსახურება დღე-ღამე 40-დან 70 ლარამდე გაძვირდა, რაც ძაღლის ჯიშზე, მომსახურების სახეობაზე, ასევე ადგილმდებარეობაზეა დამოკიდებული. ძაღლის სასტუმროს მომსახურება დედაქალაქის ცენტრში გარეუბნებზე მეტად ფასობს. დედაქალაქში ცხოველთა დღეღამური მომსახურების მინიმალური ფასი 40 ლარია; რუსთავსა და ბათუმში ეს ზღვარი 30 ლარს შეადგენს, შედარებით პატარა ქალაქებში კი 25 ლარს.
"დღეღამური დაბინავების ფასი დამოკიდებულია ძაღლის ჯიშზე, ზომასა და ხასიათზე"
ჯუბა დეკანოიძე, ძაღლების სასტუმროს კონსულტანტი: - პროფესიით ინჟინერი ვარ. რადგან ჩემი პროფესია, სამწუხაროდ, ვერაფერში გამოვიყენე, კინოლოგია შევისწავლე და ძაღლების სასტუმროში ვმუშაობ. არა ვარ უკმაყოფილო, მით უფრო ზაფხულის პერიოდში, როდესაც ხალხი ქალაქიდან და ქვეყნიდანაც გადის დასასვენებლად და ამ დროს ძაღლებს ჩვენს სასტუმროში აბინავებს.
მუშაობას მიადვილებს კერძო სახლი და ეზო, სადაც ძაღლებს ვასეირნებ და ვართობ. საქმიანობაში მეუღლეც მეხმარება. კორპუსების სასტუმროებიდან ძაღლების ეზოებში ჩამოყვანა და გასეირნება თუნდაც დროის თვალსაზრისით ცოტა მეტი დატვირთვაა, ჩვენთან დაბინავებული ძაღლები კი, როდესაც საჭიროა, მუდამ ეზოში არიან.
ეს საქმე აუცილებლად ცხოველის სიყვარულს, ხასიათის ცოდნას და მეპატრონესთან კონსულტაციას მოითხოვს. შესაძლოა ცხოველი მთელი თვით დავიტოვო, გავწვრთნა, მაგრამ ჩემი გაწვრთნილი ძაღლი პატრონმა ისე მაინც ვერ დაიმორჩილოს, როგორც საჭიროა. როგორც ბავშვი გრძნობს პატრონის სისუსტეს და მანიპულირებს მასზე, ასევეა ცხოველიც.
პატრონს ცხოველი კონკრეტულად გასართობად მოჰყავს მთელი დღით და ჩვენ მათთან ერთად, ასე ვთქვათ, ვთამაშობთ, დავრბივართ. ამ მომსახურების ფასი ყოველთვიურად 500 ლარია. რაც შეეხება დღეღამური დაბინავების ფასს, ეს დამოკიდებულია ძაღლის ჯიშზე, ზომასა და ხასიათზე და გაძვირებითაც ამ მონაცემების მიხედვით გაძვირდა. მოვლა და გაფრთხილება ყველა ჯიშს სჭირდება, მაგრამ თუ ძაღლი დიდია და ამასთან აგრესიული, მას სხვა ტიპის მომსახურება სჭირდება. მას პატრონთან შეთანხმებით ცალკე გალიაში ვაბინავებთ, დეკორატიულ ძაღლებს კი ერთადაც ვამყოფებთ. ფასებიც ამის მიხედვითაა: მცირე ზომის ძაღლების დღეღამური დაბინავების ფასი ჩვენთან 50 ლარი გახდა, დიდი ჯიშის ძაღლის დაბინავება 60 ლარი, აგრესიულის ცალკე დაბინავებით კი 70 ლარი.
- ეს, ალბათ, ცხოველის საკვების გაძვირებამაც გამოიწვია.
- ძაღლების მეპატრონეების უმეტესობა წინასწარ ამოწმებს სასტუმროს. რაც შეეხება გაძვირებას, ძაღლების სასტუმროების მომსახურება დაახლოებით 15 ლარით გაძვირდა, რაც ცხოველების საკვების გაძვირებასთან კავშირში არ არის. საქმე ის არის, რომ სასტუმროებს ძაღლების პატრონები თავად ამარაგებენ ცხოველების საკვებით. მე კინოლოგიური მომსახურების დროს ცხოველებს ჩემი შეძენილი საკვებითაც ვკვებავ.
- როდესაც პატრონი ცხოველის სასტუმროში სოლიდურ თანხას იხდის, საკვებით რატომღა უნდა მოამარაგოს?
- იმიტომ, რომ განსხვავებულმა საკვებმა შესაძლოა ძაღლს კუჭ-ნაწლავი აუშალოს. გარდა ამისა, ნაცნობი საკვები ცხოველებს სასტუმროსთან შეგუებაში ეხმარება. ძაღლი ხომ უცხო ადგილზე დატოვებისას სტრესს განიცდის. გაძვირება ზოგადმა გაძვირებამაც გამოიწვია. გაძვირებულია ელექტროენერგია, რაც ცხოველთა მოვლისას ძალიან ბევრი იხარჯება, ასევე საწვავი. ესაა ძაღლების სასტუმროების გაძვირების მიზეზები...
"როდესაც ადამიანს ცხოველი უყვარს, მისთვის ყველაფერს აკეთებს"
პაატა წამალაშვილი, ძაღლების სასტუმროს კონსულტანტი: - ძაღლების სასტუმროში გადმოსაყვანად და დასაბინავებლად ხშირად საკუთარ ტრანსპორტს ვიყენებთ, რითაც მათ პატრონებს კომფორტს ვუქმნით. ჩვენ ქალაქიდან მოშორებით ვართ, საკმაო ტერიტორია გვაქვს ძაღლების შესანახად, ამიტომ კლიენტი არ გვაკლია. პირიქით, ზაფხულში ცხოველის დასატოვებლად ადგილი არა გვაქვს ხოლმე.
- მომსახურების ფასი გარეუბანში როგორია?
- მცირე ზომის ძაღლებისთვის დღეღამური მომსახურება 40 ლარია, დიდი ძაღლებისთვის კი 60 ლარი. პატრონისგან ცხოველის პასპორტს და ვაქცინაციის დადასტურებას ვითხოვთ. მინიატურული ძაღლები, მაგალითად, შპიცები ან იორკშირ-ტერიერები ძალიან მგრძნობიარენი არიან დაავადებების მიმართ, აქვთ სუნთქვის გაძნელება, სახსრების ამოვარდნილობა და ა.შ., შესაძლოა ვარჯიშის დროს გულიც კი წაუვიდეთ. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რა სახის მკურნალობა აქვთ ჩატარებული ან რა სახის სჭირდებათ, რათა საჭიროებისას მომსახურება გავუწიოთ. როდესაც ადამიანს ცხოველი უყვარს, მისთვის ყველაფერს აკეთებს.
"ძაღლი პატრონს რომ ვერ ხედავს, ისტრესება, ამიტომ დიდი მოთმინება გვმართებს, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს"
ლოლა ბლიაძე ჭიათურაში აბინავებს ცხოველებს და დღეღამური მომსახურების ფასი 25 ლარია: - ძაღლს სასტუმროში ის აბინავებს, ვისაც საყვარელი ცხოველისთვის ყველაფრის გაღება შეუძლია. მქონდა შემთხვევა, როდესაც დედაქალაქელმა პატრონებმა ძაღლის ჩემთან მოყვანა არჩიეს. ეს ხალხი მთელი ზაფხულის განმავლობაში მიემგზავრებოდა აჭარის ზღვისპირეთში სამუშაოდ, ძაღლს კი ვერავის უტოვებდნენ. ვინაიდან ჩემზე რეკომენდაცია ჰქონდათ, ძაღლი სიხარულით დამიტოვეს, და ხანგრძლივი შენახვისთვის ფასი მნიშვნელოვნად დავუკელი. ჩაბარებული ძაღლი პატრონს რომ ვერ ხედავს, დასტრესილია, ამიტომ დიდი მოთმინება გვმართებს, რომ ჩვენთან თავი უსაფრთხოდ იგრძნოს!