სახელმწიფოვ, ესენიც ჩვენები არიან!
საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას! - რეზიუმე, რომელიც ქართველი საზოგადოებისათვის დამატებითი სტრესის საგნად იქცა, სამწუხაროდ, არ იცვლება. ჯერჯერობით კი (ვიმედოვნებთ, დროებით!) არც ახალი ხელისუფლება გამოსულა რაიმე ინიციატივით ამ პრობლემასთან დაკავშირებით. არადა, დიდი ხანია უკვე წესად იქცა, რომ მრავალშვილიანი ოჯახების აბსოლუტური უმრავლესობა აუცილებლად გაჭირვებულია. ამიტომაც ძალაუნებურად ლოგიკურად გეჩვენება დასკვნა, რომელსაც ახლა ჩვენში ხშირად გაიგონებთ: "სულელი უნდა იყო, ახლა ბევრი შვილი რომ გააჩინო!"
მე იმათ შორის ვარ, ვინც ასე არ ფიქრობს, მაგრამ როცა მრავალშვილიან ოჯახებს ვსტუმრობ, ამ დასკვნის საწინააღმდეგო არგუმენტების მოხმობა მიჭირს და თავს უმწეოდ ვგრძნობ. ზუსტად ასეთი გრძნობა დამეუფლა, როცა თბილისის ძველ უბანში - ხარფუხში ანუაშვილების თერთმეტშვილიანი ოჯახის მცირეწლოვან ბავშვებს შევცქეროდი, - სიცივისაგან აცახცახებული, ძველმანებში ჩაცმული პატარები ნაგვით სავსე აღმართზე თავპირისმტვრევით დარბოდნენ და შინ დიდი ხვეწნის მიუხედავადაც ვერ შევიყვანე. კაცმა რომ თქვას, მეც ზრდილობის ხათრით ვეხვეწებოდი, თორემ მშვენივრად ვხვდებოდი, დამპალი ხისა და ტალახისაგან შეკრულ, გვერდზე გადაწოლილ საცხოვრებელ ფარდულში ყოფნას, რაღა თქმა უნდა ჭუჭყიან დაღმართზე სირბილი ერჩივნათ, ცოტათი მაინც თბებოდნენ. ცოტა ხანს გარეთ ვიდექი და პატარებს შევცქეროდი, ამასობაში ოჯახის დიასახლისი მაია ანუაშვილიც მოვიდა მეზობელთან ერთად. მაიამ მომიბოდიშა, - უმცროსი ბავშვები უფროსებს დავუტოვე და მეზობელთან წავედი. მათ უფასო სასადილოში კერძს აძლევენ, იქიდან ცოტაოდენი რჩებათ ხოლმე და ჩემი შვილებისთვის მატანენო. სახტად დავრჩი, - გაჭირვებულს ისევ გაჭირვებული უმართავდა ხელს ანუ როგორც ჩვენში ამბობენ: "ყვავს რა ჰქონდა, ბუს გაჰქონდა, სარგებელი არა ჰქონდა".
ღმერთმა დამიფაროს, იმას ვამბობდე, რომ მოყვასის მოწვდილს, სიღატაკის მიუხედავად ფასი არ ჰქონდეს, - პირიქით, ანუაშვილებს თავიანთი გაჭირვებული მეზობლები გაცილებით მეტ საქმეს უკეთებენ, ვიდრე მთელი სახელმწიფო, მაგრამ უფასო სასადილოს მორჩენილი სადილი განა რამდენს უნდა ეყოს?! ყველას კარგად მოგვეხსენება, რა სრულფასოვანი კვება სჭირდებათ ბავშვებს, რომ მოზრდილობაში ავადმყოფებად არ იქცნენ. მიჭირს ამის თქმა, მაგრამ ანუაშვილების შვილები ალბათ პრაქტიკულად ასეთი მომავლისთვის არიან განწირული თუ სახელმწიფომ მათ (და სხვა მრავალშვილიანების) დასაცავად რაიმე არ მოიმოქმედა.
- ჩემი მეუღლე თავს არ ზოგავს, თუ ვინმეს რაიმე სამუშაო გამოუჩნდა, მათ შორის მეზობლებს, გარბის, რომ იშრომოს. მეზობლებთან მუშაობა კიდევ უფრო ურჩევნია, მათ ჩვენი მდგომარეობა იციან და საღამოს, ფულთან ერთად რაიმე საჭმელსაც ატანენ შინ. ამ სურათს თითქმის ყოველდღე ვუყურებ, მაგრამ მაინც მეტირება იმის დანახვაზე, როგორ შემოეხვევინ ხოლმე ჩემი შვილები სამუშაოდან დაბრუნებულ მამამისს. ისიც ისეთი ბედნიერია, როცა შვილებისთვის რაიმე მოაქვს!.. მე სულ ვარიგებ ჩემს შვილებს, - არ უნდა გატყდეთ, გაჭირვებას უნდა გაუძლოთ, ისწავლეთ და როცა დაიზრდებით ყველაფერი გექნებათ-მეთქი, მაგრამ სასწავლებლადაც რომ ვეღარ მიდიან სკოლაში, უკვე ისტერიკა ემართებათ, - ამას წინათ ბიჭს ფეხსაცმელები შემოეხა და ორი კვირა ვეღარ წავიდა სკოლაში. ის ორი კვირა ან ეძინა, ან ტიროდა და ასე ტირილში ჩაეძინებოდა ხოლმე. მერე მეზობელმა მისცა ნახმარი "ბოტასები" და ამოისუნთქა. არადა, 11 შვილისთვის ტანსაცმლის შეძენა არც ისე ადვილია. ძონძებშიც ხომ ფული უნდა გადაიხადო.
მე თავს არავის ვახვევ ჩემს გაჭირვებას, არც სამათხოვროდ ვუწვდი ვინმეს ხელს, თავად თუ არ მოინდომა დახმარება, მაგრამ რამდენადაც ვიცი, დღეს საქართველოში 11-შვილიანი ოჯახი მხოლოდ ორია და თუნდაც იმისთვის, რომ უკვე განახევრებული ჩვენი ერი გამრავლდეს, სულ მცირედით მაინც არ უნდა წაახალისო ასეთი ოჯახები?!
სახლიც ისეთი ავარიულია, სადაცაა თავზე დაგვექცევა, იმასაც კი ვერ ვამბობ გაბედულად 11 შვილის დედა ვარ-მეთქი. იმიტომ, რომ რამდენჯერაც ჩემი შვილები ვახსენე, იმდენჯერ მომიგეს, კარგია, რომ ბევრი შვილი გყავთ, მაგრამ თუ რჩენა არ შეგეძლოთ, ამდენ შვილს რატომ აჩენდითო?
ასეთები ნამდვილად ვერ გაიგებენ, რატომ ვაჩენდი, ღვთის შინაგანი რწმენა არ აქვთ და იმიტომ. უფალმა უთხრა ადამიანს, - ნუ გეშინია და ნუ ზრუნავ ხვალისთვის, თუ ველად სუმბულს ვმოსავ და ვუვლი, შენ, - ჩემს სახესა და ხატს, როგორ არ მოგივლიო. მართლა უფალი გვეხმარება, თორემ აქამდე ნამდვილად ვერ მოვიდოდით.
უფლის მადლით ანუაშვილები თავადვე ეხმარებიან თავიანთ თავს რომ იარსებონ, - მრავალშვილიანი ოჯახების შვილებს ერთმანეთის მიმართ ისეთი თანადგომა და სიყვარული აქვთ, სხვაგან იშვიათად ნახავ. 7 წლის ბიჭი და გოგონა ჯართის შესაგროვებლად იმიტომ დადიან, რომ შინ პურის ფული მიიტანონ, ზოგჯერ დღეში დაახლოებით ხუთი ლარის ჯართს აგროვებენ. ამით ოთხი ლარის პურსა და ერთლარიან "კარაქს" ყიდულობენ, მერე პურზე უსვამენ და მიირთმევენ. მართალია, სინამდვილეში კარაქს კი არა, მარგარინს ჭამენ, მაგრამ იციან, იმ დღეს სულაც რომ აღარაფერი ჰქონდეთ საჭმელი, იოლას გავლენ. ბავშვები ჩემი იქ ყოფნის დროსაც ზეზეულად მიირთმევდნენ ამ "კარაქს". მერე კვლავ ჯართის შესაგროვებლად გაიქცნენ. გოგონას თვალი გავაყოლე და გულში რაღაც ჩამწყდა, - ის ხომ მომავალში დედა უნდა გახდეს, ამ მძიმე ლითონის ზიდვით კი მიჰყვება ეს სილამაზე და ჯანმრთელობა დედობამდე?
ასე დამძიმებული წამოვედი ანუაშვილებისგნ. ერთადერთი, რაც მახარებდა, მათ ფარღალალა აივანზე ფოტოს გადასაღებად გამწკრივებული პატარების გახსენება იყო.
მართალია, ფოტო 11 ანუაშვილისაგან მხოლოდ უმცროსებმა გადაიღეს (უფროსებმა დაირცხვინეს), მაგრამ ბავშვები ხომ ყოველთვის ბავშვები არიან და ანუაშვილების სასურათედ მზადებამ ამ სიღატაკეშიც კი გამამხიარულა. მეც მეკითხებოდენ, - როგორ დავდგე ისე, რომ ლამაზად გამოვიყურებოდეო. თუმცა მათ სულაც არ სჭირდებათ პოზირება, ისედაც ლამაზები არიან.
მართლა უფალი წყალობს ადამიანს, თორემ ასეთ სიღატაკეში ასეთი სილამაზე როგორ ყვავის, ნამდვილად მიკვირს!
(სპეციალურად საიტისთვის)