თუ სოცქსელებში ბულერების სამიზნე გავხდით - კვირის პალიტრა

თუ სოცქსელებში ბულერების სამიზნე გავხდით

კიბერბულინგი დღევანდელი სამყაროს პრობლემური საკითხია. მისი მსხვერპლი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, განურ­ჩევლად ასაკისა და პროფესიისა. ბულერების მიზანი სხვადასხვაგვარია: ადამიანის დამცირება, ფსიქოლოგიური ზეწოლა, დაშინება, ფულის გამოძალვა. განსაკუთრებით მძიმეა ბულინგი მოზარდისთვის და შესაძლოა უდიდესი გავლენა მოახდინოს მის ცხოვრებაზე. როგორ ვებრძოლოთ კიბერბულინგს ისე, რომ არ დავაზარალოთ მოზარდის ფსიქიკა, ამ საკითხზე ფსიქოთერაპევტ ბესო ჭიღვარიას ვესაუბრეთ.

- კიბერბულინგი ისეთივე ნეგატიური ეფექტების მომტანია, როგორიც რეალურ ცხოვრებაში ჩადენილი მსგავსი ქმედება. კიბერბულინგი როგორც ბავშვებში, ისე მოზარდებში გრძელვადიან ნეგატიურ შედეგებს იძლევა. შეიძლება განვითარდეს შფოთვა, დეპრესიული განწყობა, უსაფრთხოების განცდის დაკარგვა, თვითშეფასების დაქვეითება, რაც თითოეულ ადამიანს, მით უფრო ბავშვებს, ყოველდღიურ ცხოვრებაში უშლის ხელს. ეს შეიძლება გამოიხატოს სწავ­ლასა და ყოველდღიური საქმიანობის შეფერხებაში. კვლევები აჩვენებს, რომ ბავშვობის ასაკში განცდილი ბულინგი საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ მომავალში ადამიანს დეპრესიული განწყობა ან შფოთვითი აშლილობა განუვითარდეს.

ბულინგის არსი ის არის, რომ მეორე ადამიანში გამოიწვიონ შიში, შფოთვა და ამის ხარჯზე დაიმორჩილონ. სოციალურ ქსელებში ხალხს აქვს წვდომა ჩვენს პროფილებზე, სადაც მომხმარებლებს განთავსებული აქვთ გარკვეული ტიპის ინფორმაცია - ფოტო, ვიდეო ან სტატუსი. ამიტომ ბულერი, რომელიც მოტივირებულია, რომ დაგაშინოთ, თუნდაც ფულის გამოძალვის მიზნით, ამ მასალას ამუშავებს იმგვარად, რომ შანტაჟისთვის გამოიყენოს. იმის მიუხედავად, რომ არის უამრავი გაფრთხილება, არასრულწლოვნების ფოტოები ან პირადი ინფორმაცია არ განთავსდეს სოციალურ ქსელში, მაინც აზიარებენ. ეს მასალა კი ნებისმიერ დროს შეიძლება ვინმემ თქვენს წინააღმდეგ გამოიყენოს.

განსაკუთრებით სენსიტიურია ამ ყველაფრის მიმართ ბავშვი და მოზარდი. ამ მასალებზე, თუნდაც ტიკ-ტოკზე, ხელი მიუწვდება ნებისმიერს, ასაკობრივი შეზღუდვა ხშირად არ არის დაცული, რადგან ბავშვებს სხვა დაბადების თარიღებით აქვთ ანგარიშები გახსნილი და ჩვეულებრივად მოიხმარენ სოცქსელებს, თან ისე, რომ არ კონტროლდება.

როდესაც ბულინგის შემცველი ვიდეოები ვრცელდება, შემდეგ ვითარდება ისეთი ემოციები, როგორიც არის შიში და შფოთვა. ამან შეიძლება მძიმე შედეგები გამოიწვიოს - შესაძლოა შეზღუდონ კომუნიკაცია საზოგადოებასთან, მოერიდონ აქტიურობას როგორც სოცქსელებში, ასევე მეგობრებთან. ბულინგით მიღებული ტრავმის აღმოფხვრაში სასურველია სპეციალისტის ჩართვა, რადგან შეიძლება ყველა ვერ გაუმკლავდეს თავისი რესურსით. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მშობლები ყურადღებით იყვნენ, თავადაც ნაკლებად განათავსონ შვილებზე ისეთი ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა მსგავსი ტიპის კონტენტისთვის იყოს გამოყენებული... თუ ბავშვი მშობელს ბულინგის ფაქტებს დაუმალავს, უნდა დავაკვირდეთ იმ მანიშნებლებს, რამაც შეიძლება ეჭვი მიგვატანინოს, რომ ჩვენს შვილს აბულინგებენ.

ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებს შვილებთან ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა ჰქონდეთ. ხშირად შანტაჟისა და ბულინგის მსხვერპლი ბავშვი ვერ ახერხებს ინფორმაციის გაზიარებას, ან რცხვენია, ან ეშინია მშობლების რეაქციის. ასეთ შემთხვევაში უფრო დიდია ნეგა­ტიური შედეგები, თუმცა შესაძლოა, ერთჯერადი ზეგავლენაც ისეთივე მატრავმირებელი იყოს, როგორიც გრძელვადიანი ბულინგი.

იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ციფრული სამყაროს ნაწილი ვართ, ადამიანების უმრავლესობას არა აქვს სწორი ინფორმაცია, თუ როგორ დაიცვან თავი ამ ყველაფ­რისგან, არ იციან, როგორ დაძლიონ როგორც იურიდიულად, ისე ფსიქოლოგიურად, მით უფრო ჩვენს საზოგადოებაში - ქართველები სპეციფიკური კულტურის ხალხი ვართ, ძალიან გვაინტერესებს და განვიცდით სხვის მოსაზრებას, გვაქვს გამძაფრებული სირცხვილის გრძნობა.

ზოგჯერ მსგავსი ძალადობის ობიექტები არიან ისეთი ადამიანები, რომლთაც წინას­წარ არჩევენ - ამ ტიპის კრიმინალური საქმიანობის პირი წინასწარ სწავლობს მსხვერპლის სოციალურ ქსელებს და ცდილობს ინფორმაციის მოძიებას.

ხშირად ბულინგით შევიწროებული პირი ცდილობს თავად გაუმკლავდეს ამ პრობ­ლემას, თუმცა ეს უფრო ჩაკეტილობას იწვევს და მსხვერპლი მოჯადოებულ წრეში ექცევა. უფრო მეტად უჭირს ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რაც საქმის მოგვარებაში დაეხმარება, რაც უფრო ამწვავებს დეპრესიულ განწყობას, საკუთარი თავის ზიზღს. შეიძლება ადამიანმა დაიწყოს თვითდაზიანებაზე ფიქრიც. თვითშეფასების დაქვეითებას შეიძლება მოჰყვეს სუიციდური აზრები ან სუიციდის მცდელობა. ეს ყველაზე მძიმე მდგომარეობაა. ასეთ დროს აუცილებელია მეგობრებისა და ოჯახის მხარდაჭერა, რათა მსხვერპლი არ დარჩეს მარტო ამ ჩაკეტილ წრეში და არ მივიდეს ფატალურ გადაწყვეტილებამდე.

"ტიკ-ტოკზე" კიბერბულინგის პოპულარიზაცია ხდება, რადგან ხალხს აინტერესებს ნეგატივი..."

როგორ დავიცვათ თავი და გარშემომყოფები კიბერბულინგისგან და როგორ მოვიქცეთ მსგავსი ქმედების შემთხვევაში, ამ საკითხზე კიბერუსაფრთხოების სპეციალისტს შოთა აბჟანდაძეს ვესაუბრეთ.

- რასაც ვაქვეყნებთ ინტერნეტში, ის იქ სამუდამოდ რჩება. ამიტომ უნდა დავფიქრდეთ, რას ვაქვეყნებთ ინტერნეტში, ფოტო ან ვიდეომასალა ხომ არ არის ისეთი, რომ შეიძლება გამოიყენონ ბოროტმოქმედებმა.

ყოფილა შემთხვევა, რომ ბავშვის კლასელს აუღია მისი ფოტო და გამოუყენებია ნეგატიურ კონტექსტში, ბავშვს კი არ უთქვამს მშობლისთვის. ამიტომ მთავარია, მშობელსა და შვილს შორის იყოს ისეთი ურთიერთობა, რომ შვილმა მშობელს არ დაუმალოს, რაც მის თავს ხდება.

იმ შემთხვევაში, თუ გავხდით კიბერბულინგის მსხვერპლი, პირველ რიგში, არ შევიდეთ კომუნიკაციაში ბოროტმოქმედთან. შეიძლება მათ მოგწერონ ბევრი პროფილით, მაგრამ ისინი უნდა დაბლოკოთ. შემდეგ ასეთი მასალა უნდა დარეპორტდეს, უნდა გასაჩივრდეს სოციალური ქსელის პლატფორმაზე. ვიდეო-ფოტომასალის დარეპორტება თითქმის ყველა მსხვილ პლატფორმაზეა შესაძლებელი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ როგორც ინგლისურ ენას აღიქვამს ალგორითმი, ისე ვერ აღიქვამს ქართულ შრიფტს. ამიტომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა დაარეპორტოს ასეთი ვიდეო ან ფოტომასალა და ის გვერდი, რომელზეც აღნიშნული მასალა გამოქვეყნდა. რეპორტების შემდეგ ასეთ ვიდეოები უფრო მალე წაიშლება.

იქიდან გამომდინარე, რომ ქართულს კარგად ვერ აღიქვამს ალგორითმი, კარგი იქნება, თუ დარეპორტების დროს კომენტარს მივწერთ, თუ რა აწერია ქართულად ვიდეო ან ფოტომასალას. ეს ტექსტი უნდა ვთარგმნოთ ინგლისურად და გავგზავნოთ. ასეთ დროს უფრო დიდი შანსია, რომ სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ სწრაფად მოახდინოს რეაგირება.

ასევე, უნდა გადავუღოთ სქრინშოთი, შევინახოთ ბმულები, კომენტარებიც უნდა შევინახოთ, რათა შემდეგ შესაბამის ორგანოებს მივმართოთ რეაგირებისთვის.

როდესაც ვსაუბრობთ მიზანმიმართულ ბულინგზე, ისინი იყენებენ სხვადასხვა ხელსაწყოს, რათა მაქსიმალურად დაფარონ კვალი, თუმცა არიან ისეთი მომხმარებლებიც, რომლებიც ბოროტად არიან განწყობილი გარკვეული პირების მიმართ და აქვეყნებენ ამ ხელსაწყოების გამოყენების გარეშე. ამ შემთხვევაში შესაბამისი უწყებები უფრო მარტივად აგნებენ, ვინ გამოაქვეყნა მსგავსი კონტენტი და რეაგირებაც მალე ხდება.

კიბერბულინგის შემთხვევები ყველაზე ხშირია "ტიკ-ტოკზე". იქ ასეთი ქმედების პოპულარიზაცია ხდება, რადგან ხალხს აინტერესებს ნეგატივი. როდესაც არის დიდი ჩართულობა, ის უკვე ტრენდული ხდება. ბულერები ხშირად ლაივებშიც გადიან, რათა დააგროვონ ქულები და ტიკ-ტოკისგან გარკვეული თანხები მიიღონ. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ არ ვკვებოთ ტროლები ჩვენი კონტაქტით.

- რა უნდა ვქნათ, თუ ბულერების სამიზნე გავხდით, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, თუ ბულერი საზღვარგარეთ ცხოვრობს?

- შესაბამის ორგანოებს შეუძლიათ უფრო მარტივად დაუკავშირდნენ უცხოელ კოლეგებს და დროულად მოახდინონ რეაგირება. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ძალიან რთულია უცხოეთში მყოფი პირების ჯერ პოვნა და შემდეგ დასჯა.

ასევე აუცილებელია ჩვენი გარემოცვა ჩავრთოთ და არა მხოლოდ იმისთვის, რომ მხარდაჭერა გამოგვიცხადონ, არამედ იმისთვისაც, რომ ბევრმა მომხმარებელმა დაარეპორტოს გვერდი და დროულად წაიშალოს. ეს არის პრობლემა, რომელიც დღეს ძალიან მწვავეა და გაკონტროლებაც ძალიან რთულია.

სოფო კაჭარავა