რას უმზადებს პატარებს „კეთილი“ მულტფილმები
ბავშვისთვის გაჯეტების მოხმარების დამაზიანებელ საფრთხეებზე არაერთხელ თქმულა, თუმცა შესაძლოა ბევრმა არ იცის, რომ უახლესი კვლევებით უდიდეს საფრთხედ აღიარეს არა აგრესიული, არამედ კეთილი, ე.წ. განმავითარებელი მულტფილმები. ეს ის მულტფილმებია, რომელთაც სამი წლის ასაკის ჩათვლით უშიშრად აყურებინებენ მშობლები შვილებს, რადგან მათი აზრით "კეთილი" მულტფილმები არ შეიცავს ნეგატივს და სასარგებლოა ბავშვის განვითარებისთვის. გაჯეტებს ჩაბღუჯული ბავშვები თითოეულ ჩვენგანს არა მხოლოდ საახლობლოში, საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც ხშირად უნახავს. არადა, როგორც პედიატრები და ფსიქოლოგები ამბობენ, მშობლებმა რომ იცოდნენ, რას უმზადებს მათ პატარებს "სასარგებლო" მულტფილმები, 3 წლამდე ბავშვებს სიახლოვეს არ გააკარებენ. გვესაუბრება ფსიქოლოგი ნონა ლომთაძე.
- ხშირად გვსმენია, რომ სკოლამდელ ასაკში განვითარების მასობრივი შემაფერხებელი არა აგრესიული, არამედ ბავშვების საყვარელი მულტფილმებია და მშობლებს ეს როგორმე უნდა გავაგებინოთ. აქამდე ხომ პირიქით ითვლებოდა?
- აქამდე ითვლებოდა, რომ ორი წლის ასაკის ჩათვლით ბავშვები კატეგორიულად უნდა აგვერიდებინა ნებისმიერი ეკრანისათვის, ვინაიდან ამ ასაკის ბავშვის გონებრივ განვითარებაზე ეკრანს მიჯაჭვულობა ნეგატიურ კვალს ტოვებს. მშობელთა ნაწილი თითქოს ცდილობდა ეს მითითება შეესრულებინა, ორ წლამდე ასაკის ბავშვი ტელეფონის შეჩეჩებით არ გაეჩუმებინა. თუმცა
ბოლო დროს, და არა მხოლოდ ჩვენთან, სამი წლის ასაკის ბავშვების განვითარებაში იმდენად მასობრივი შეფერხებაა, რომ სპეციალისტები კვლევას კვლევაზე ატარებენ. თუკი ამ ასაკის ბავშვებს დავაკვირდებით, ბევრი ვერ მეტყველებს ისე, როგორც ამ ასაკისთვის ბუნებრივია.
ამჟამად მიდის დაკვირვება საბავშვო ბაგა-ბაღების სამი წლის ასაკობრივ ჯგუფებზე და უმრავლესობამ არ იცის ლაპარაკი. უფრო მეტიც, არცთუ იშვიათად შეიმჩნევა აუტიზმისთვის დამახასიათებელი ნიშნები, მაგალითად, სახელზე რეაქციის არარსებობა, თვალით კონტაქტის უქონლობა, სათამაშოებით დაუინტერესებლობა და ა.შ. კვლევებით დადგინდა, რომ საქმე გვაქვს არა ნამდვილ, არამედ ხელოვნურ აუტიზმთან, რომელიც გამოწვეულია ეკრანზე მიჯაჭვულობით და ამას ეკრანის აუტიზმსაც კი უწოდებენ. რა არსებითი მნიშვნელობა აქვს მსგავსი ნიშნები პოზიტიური მულტფილმების ცქერით იქნება გამოწვეული თუ ნეგატიურით? ამ კონკრეტულ შემთხვევაში საერთო სურათს ეკრანდამოკიდებულება ქმნის.
ახალი კვლევებით დადგინდა, რომ სამი წლის ჩათვლით ბავშვებისთვის მულტფილების ყურება უნდა აიკრძალოს და ეს მშობლებს როგორმე უნდა გავაგებინოთ.
ამ საქმეში ფსიქოლოგებთან ერთად მასობრივად უნდა ჩაერთონ პედიატრებიც, რომლებიც მშობლებს სათანადო მითითებებს მისცემენ.
- რატომ არის ასე განსაკუთრებით საშიში სამი წლის ასაკის ბავშვებისთვის მულტფილმების ცქერა?
- დაახლოებით სამი წლის ასაკში ბავშვის თავის ტვინი, მისი ნეირონები ისეთი მაქსიმალური დოზით ვითარდება, რომ შეიძლება ეს შევადაროთ ვულკანის ამოფრქვევას, და თუ ვულკანი არ გადმოიფრქვა, ხომ წარმოუდგენელია?! ანუ სამი წლის ასაკის ბავშვს ტვინის ამ ტემპით განვითარების გამო ესაჭიროება მოძრაობა, ენერგიის დახარჯვა და ცოცხალი კონტაქტები, რათა მისი განვითარება არ დაყოვნდეს. ჩვენ კი რას ვშვრებით?! ამ ასაკის ბავშვს ვაჯაჭვავთ მულტფილმებს, რომელთა კადრები 2-3 წამში ერთხელ იცვლება; ვაიძულებთ დაკარგონ მოძრაობის, გარემოს მიმართ ინტერესი, სადაც კადრები ამ სიჩქარით არ მოძრაობს და სწორედ ამიტომ არის ბავშვის ტვინისთვის განმავითარებელი და არა მოძრაობების დამბლოკავი. სწორედ ასეთ დროს ხდება ამ ასაკის ბავშვის ტვინის იმ ნეირონების განბლოკვა-განადგურება, რომლებიც სინამდვილეში განვითარებისთვის არიან დაძრული. ამის გამო ბავშვის არა მხოლოდ განვითარება დაყოვნდება, არამედ აგრესიაც დაუგროვდება, ამიტომაც ზიანდება ბავშვის გონება და არა აქვს მნიშვნელობა, ბავშვი "კეთილ" მულტფილმს უყურებს თუ არა. ამ ასაკში ეს ბავშვს ვნებს, სიტყვებს ავიწყებს, გარეთ გასვლისა და ახლობლებთან კონტაქტის სურვილს უკარგავს.
ჩვენ განა იმას ვამბობთ, რომ მულტფილმი ბავშვს საერთოდ არ უნდა აჩვენო, ეს ხომ ნიშნავს ხელოვნურად გადავეღობოთ სამყაროს პოზიტიურ აღქმას. რა თქმა უნდა, უნდა ვაჩვენოთ, ოღონდ ხუთი წლის ასაკიდან, დასაწყისში 15 წუთით და ჩვენც მასთან ერთად ვიყოთ...
- შეიძლება თუ არა ასეთ ვითარებაში ბავშვის განვითარება ჩარჩეს ხელოვნური აუტიზმის ჩარჩოებში?
- არა. თუმცა, თუ შემდგომში ამ პრობლემას განსაკუთრებული ყურადღება არ მივაქციეთ, ეკრანზე დამოკიდებულება წლობით გაგრძელდა, შესაძლოა ბავშვს მეტყველების შეფერხება მუდამ დარჩეს. მას გაუჭირდება მეგობრების შეძენა და საზოგადოებაში ადაპტაცია, ექნება ყურადღების კონცენტრაციის პრობლემა. რა თქმა უნდა, არავის ვაშინებ, უბრალოდ, განგაშის ზარებს ვრეკავ და მინდა მისი ხმა ყველა მშობლის ყურს მისწვდეს. შესაძლოა ბევრი მათგანი მართლაც დაქანცულია არცთუ მარტივი ცხოვრებით, თუმცა ძალიან დაგვიანებულად აღიარებული შეცდომა, გადატანითი მნიშვნელობით თუ ვიტყვით, ყველაზე დიდ დაქანცულობას იწვევს.