"ორი ცოლ-ქმარია გარდაცვლილი და ერთი გოგონა... მეგობრის გაცილების სუფრა უნდა გაეშალათ" - ლისის ტბის მიმდებარედ მომხდარი ავარიის ახალი დეტალები - კვირის პალიტრა

"ორი ცოლ-ქმარია გარდაცვლილი და ერთი გოგონა... მეგობრის გაცილების სუფრა უნდა გაეშალათ" - ლისის ტბის მიმდებარედ მომხდარი ავარიის ახალი დეტალები

საშინელი ტრაგედია დატრიალდა გუშინ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ თბილისიდან ლისისკენ მიმავალი ავტომობილი, რომელშიც 6 ადამიანი იჯდა, სიმაღლიდან ხევში გადავარდა და ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავებული მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი. ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვლილები ახალგაზრდები არიან. ისინი ერთმანეთის მეგობრები იყვნენ.

“ამ დიდი ტრაგედიის შესახებ დღეს შევიტყვეთ, ჩვენს კორპუსში ცხოვრობდა ულამაზესი ცოლ-ქმარი, რომლებსაც თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით. ჰყავდათ ძაღლი და ეზოში ერთად ასეირნებდნენ ხოლმე. ისინი ბალანჩივაძის ქუჩაზე, ხილიანზე, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. დღეს გავიგეთ ამ საშინელი ტრაგედიის შესახებ. გუშინ მეგობრებთან ერთად წასულან ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, თურმე სამსახურიდან წასულა ერთი თანამშრომელი და გაცილების სუფრა უნდა გაეშალათ, ერთმანეთის მეგობრები არიან როგორც ვიცით. ორი წყვილი ცოლ-ქმარია გარდაცვლილი, ჩვენი მეზობელი ცოლ-ქმარი და კიდევ ერთი წყვილი, ცოლ-ქმარი, მათ თურმე ორი შვილი დარჩათ. გარდაცვლილია ასევე ერთი გოგონა, ხოლო ერთი ბიჭი კლინიკაშია გადაყვანილი. საშინელ დღეში იყვნენ მათი მეგობრები. სახლში მოვიდნენ და ბინაში შესვლას ცდილობდნენ, ძაღლი დარჩათ ბინაში და ტიროდა ძაღლი, ვერ გამოყავდათ და გამოიძახეს სამაშველო, მაშინ შევიტყვეთ მათგან ამ ულამაზესი წყვილის და მათი მეგობრების ასე ტრაგიკულად დაღუპვის ამბავი. ძალიან შეგვძრა ამ ტრაგედიამ. მერე გარდაცვლილი ბიჭის მამა მოვიდა, ამ ბიჭს დედა გარდაცვლილი ჰყოლია, როგორც გავიგე, გარდაცვლილი გოგოს დედა ემიგრაციაშია და იქ გაიგებს ამ საშინელ ამბავს. ძალიან განვიცდით ყველანი, ვინც ვიცნობდით მათ, მომხდარს. სამწუხაროდ ახლო ურთიერთობა მათთან არ მქონია, თუმცა თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით ეზოში ერთმანეთს და იმდენად სასიამოვნო წყვილი იყო, რომ უდიდეს სიმპატიას იწვევდა. სხვებს არ ვიცნობ, იქ მოსული მათი მეგობრები ამბობდნენ, რომ კიდევ ორი გარდაცვლილიც ცოლ-ქმარია. ვუსამძიმრებთ ამ ტრაგედიას მთელ საქართველოს”, - ამბობს ჩვენთან გარდაცვლილი წყვილის მეზობელი.

როგორც შსს-ში გვითხრეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. უწყებაში ადასტურებენ რომ ფაქტი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა და არა სოფელ დიდგორში.

"კვირის პალიტრა" სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილების ოჯახის წევრებს მომხდარი ტრაგედიის გამო. მომხდარზე უფრო მეტი დეტაილს გარკვევას ვცდილობთ და მოგვიანებით მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას.

(სპეციალურად საიტისთვის)