"მონიკა ბელუჩი წითელ ხალიჩაზე გვერდით რომ დამიდგა, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა“
ქართველი მსახიობი თათია წულაძე, იტალიური კინოს მშვენება მონიკა ბელუჩი და ფრანგული კინოს ვარსკვლავი ბენუა მაჟიმელი ერთად თამაშობენ რეჟისორ ლეა მისიუსის ფილმში "დაბადების დღის წვეულება", რომელიც წლევანდელი კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზის "ოქროს პალმის რტოს" მოსაპოვებლად 79-ე ყოველწლიური კინოფორუმის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს. თათია ფილმში მეორე პლანის როლს ასრულებს, მისი გმირია გოგონა, სახელად კიმი, რომელიც მთავარი გმირის, ნორას მეგობარია... თათიამ სამსახიობო ფაკულტეტი ბრიუსელში დაამთავრა. 26 წელია, რაც ოჯახი საქართველოდან წასულია, თუმცა თათია ყოველ წელს სამშობლოს სტუმრობს. თათია წულაძე კანის კინოფესტივალზე იყო მიწვეული და სწორედ იმ დაუვიწყარი დღეების შთაბეჭდილებებს გვიზიარებს:
- თათია, როგორ ემზადებოდით კანის კინოფესტივალისთვის?
- კანის კინოფესტივალისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდი. დაახლოებით ერთი თვით ადრე დავიწყე ზრუნვა, თუ როგორი მექნებოდა კაბა, ფეხსაცმელი, ჩანთა... ვნახულობდი ათასობით ფოტოს, ინტერნეტშიც ვარჩევდი კაბებს. ხანდახან მანეკენზე სამოსი ულამაზესია, მაგრამ იგივე შენზე ისე ლამაზად არ არის. ამიტომაც სულ მაღაზიებში დავდიოდი და ვეძებდი.
ძალიან მიყვარს მეორადები, იქ ძალიან უცხო სამოსს ვპოულობ ხოლმე. ჩემი დაბადების დღის მეორე დილას მე, ჩემი ძმა და ჩემი მეგობარი პარიზში გავედით, იქ ძალიან ბევრია მეორადი ტანსაცმლის მაღაზია და ვიცოდი, რომ ვიპოვიდი რამეს, რომელიც კანის კინოფესტივალისთვის გამომადგებოდა. შესაფერისი ფეხსაცმელიც ძალიან სწრაფად შევარჩიე, ჩანთა კი ჩემმა ძმამ იპოვა, დამირეკა, შენს კაბას ძალიან მოუხდებაო და მართალიც აღმოჩნდა.
ბოლო შტრიხი ფრჩხილების გალამაზება იყო, ფერადი შილაკი მართლაც ძალიან მოუხდა შავ სამოსს, ჩანთას და ფეხსაცმელს. ჩემთვის ჩაცმა ძალიან მნიშვნელოვანია, უზომოდ მიყვარს. ბავშვობაში დიზაინერობაზე ვოცნებობდი, მაგრამ შემდეგ მსახიობობაზე გადავერთე. ამიტომაც გადავწყვიტე კანის კინოფესტივალისთვის სამოსი თავად შემერჩია.

- რას იტყვით კანის კინოფესტივალზე?
- კანში დღის პირველ საათზე ჩავედი და ჯერ ქალაქში გავისეირნე, რადგან იქ პირველად ვიყავი. შემდეგ წითელი ხალიჩისთვის ვემზადებოდი, მუსიკას ვუსმენდი, ვმღეროდი... წითელ ხალიჩაზე გავლა მართლაც საოცრება იყო, რატომღაც სულ არ ვღელავდი. სანუკვარი წუთები იყო, ფილმის მსახიობები რომ ერთად ვიყავით, ერთმანეთს ძალას ვაძლევდით. მართალია, ფილმი ნანახი გვქონდა, მაგრამ ამდენ ხალხთან პირველად რომ აჩვენებდნენ, ამას სულ სხვა ემოცია ჰქონდა.
კანის კინოფესტივალის საზოგადოება განსაკუთრებით დამამახსოვრდა. ემოციების გამოხატვას, ხმამაღალ სიცილს არ ერიდებოდნენ, როცა საჭიროდ ჩათვალეს, ტაშიც დაუკრეს, ზოგ მომენტში მხიარული წივილ-კივილის ფონზე მიდიოდა ფილმის ჩვენება.
ჩვენება რომ დამთავრდა, ისევ სასტუმროში წავედით. ტერასაზე არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ. ვსაუბრობდით, შთაბეჭდილებებს ვუზიარებდით. ფილმის გადაღების დროს ყველას ვერ შეხვდები და ძალიან მინდოდა ზოგიერთ მსახიობთან ამ ფილმის შესახებ მესაუბრა. გამეგო, როგორ მიიღეს, რა მოეწონათ.
მართალია, მონიკა ბელუჩისთან ფილმში საერთო სცენები არ გვაქვს, მაგრამ წითელ ხალიჩაზე გვერდით რომ დამიდგა ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. საოცრად უბრალო ადამიანი და უსაყვარლესი ქალია. როდესაც ფილმის ჩვენება დამთავრდა, ვუთხარი, რომ ძალიან მომეწონა მის მიერ განსახიერებული როლი. გულწრფელად მომეწონა და საჭიროდ ჩავთვალე აღფრთოვანება გამომეხატა.
კანის კინოფესტივალიდან საუკეთესო მოგონებები დამრჩა, ყველაფერი ისე ჯადოსნური იყო, როგორც ვოცნებობდი და დიდი იმედია, ასევე გაგრძელდება.