რა მოხდება შემოდგომით და მოსალოდნელია თუ არა მასშტაბური სამთავრობო ცვლილებები?! - კვირის პალიტრა

რა მოხდება შემოდგომით და მოსალოდნელია თუ არა მასშტაბური სამთავრობო ცვლილებები?!

სანამ "ქართული ოცნება" ტრაექტორიის შეცვლას არ აპირებს, რადგან, როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, "საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმემ და გამოსწორება მოითხოვოს" და ქართულ-ამერიკული ურთიერთობის გაფუჭებას კვლავ აშშ-ის წინა ადმინისტრაციას აბრალებს, ჩანს, აშშ-ში სულ სხვა განწყობებია - სახელმწიფო მდივანი უკვე საჯაროდ ამბობს, რომ თბილისთან ბოლოდროინდელი კომუნიკაციის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაცია იმედოვნებს, მარტო ურთიერთობების ტრაექტორია კი არა, საქართველოს მთავრობის "ქცევაც" შეიცვლება. როგორც ჩანს, სწორედ ამ ქცევის შესაცვლელად და სტრატეგიული პარტნიორობის პოტენციალის ასამოქმედებლად ეწვია თბილისს მაისის მიწურულს სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია, რომელმაც ხელისუფლებას პირდაპირ დაუტოვა "კონკრეტული ნაბიჯების" სია, სადაც ხაზგასმულია სტაბილური შიდაპოლიტიკური კლიმატისა და ოპოზიციის ჩართულობის აუცილებლობა. თუმცა, სანამ ამერიკელები ოპოზიციის ჩართულობაზე საუბრობენ, თავად ოპოზიცია ერთმანეთთან კინკლაობას თუ სააკაშვილი-მელიას დაპირისპირებას არის გადაყოლილი. ამ დროს კი "ოცნება" ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ სინამდვილეში უკან ამერიკამ დაიხია და ხელისუფლებას ურთიერთობის მხოლოდ "სუფთა ფურცლიდან დაწყება" სურს. ამ საკითხებზე პოლიტიკის ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს ვესაუბრებით.

dzabiradze.png

- "ქართული ოცნება" ჯერ მზად არ არის იმისთვის, როგორც რუბიომ თქვა, ტრაექტორია და ორიენტაცია შეცვალოს. ამიტომ მათი პასუხები იმავე სტილშია, რა სტილითაც ზოგადად ევროპასთან საუბრობენ და ახლა, როგორც ჩანს, იგივე პროცესი ამერიკასთანაც დაიწყო.

ჯერჯერობით მმართველი გუნდი მაინც ცდილობს თავისი გაიტანოს და ვითარება ისე წარმოაჩინოს, თითქოს ამერიკამ უკან დაიხია, რომ ტრამპის პოლიტიკა განსხვავდება ბაიდენის, ანუ წინა ხელისუფლების პოლიტიკისგან და სწორედ ამის დამტკიცებას ცდილობენ. რამდენად გამოუვათ, სხვა საკითხია, თუმცა, ჩემი შეფასებით, ეს მაინცდამაინც სწორი გადაწყვეტილება არ არის.

რაც მთავარია, "ქართული ოცნება" ვერ შეძლებს იმავე კარტის გათამაშებას, როგორც, დავუშვათ, სომხეთსა და აზერბაიჯანში გააკეთა, რადგან აქ აბსოლუტურად განსხვავებული მოთხოვნები და საჭიროებებია. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საგარეო ორიენტაცია და ტრაექტორია, არამედ ის, თუ ვინ მოიაზრება ამ ორიენტაციაში.

როდესაც ამერიკის მხრიდან, თუნდაც მინიშნებით, სახელდება ტრიო, რუსეთი, ირანი და ჩინეთი, ფაქტობრივად, შეგვიძლია ეს სამი ქვეყანა ამერიკის მოწინააღმდეგეთა ბანაკად განვიხილოთ, განსაკუთრებით ლავროვის იმ განცხადების შემდეგ, რომ ბაიდენის ომი ტრამპის ომი გახდა. ეს ეხება როგორც თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე, ისე სამივეს ერთობლივად. ამიტომ "ქართული ოცნების" პრობლემები აბსოლუტურად სხვა სიბრტყეშია.

ეს არ არის მხოლოდ ის, რომ აქ ტოტალიტარული რეჟიმი დამყარდება და სუვერენული ავტოკრატია იარსებებს. ამ სუვერენიზმს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან "ქართული ოცნების" დღევანდელი პოლიტიკა არა მხოლოდ ავტორიტარიზმისკენ მიისწრაფვის, არამედ პოლიტიკურ ოპოზიციასა და დასავლურ სამყაროს სუვერენულ ავტონომიად არ მიიჩნევს.

შესაბამისად, ის სუვერენიტეტი, რომელზეც ხელისუფლება ასე ხშირად საუბრობს, მათ რეალურად არა აქვთ, რადგან ამ შემთხვევაში მათი სუზერენები სწორედ აღნიშნული სამეულის წარმომადგენლები არიან. ეს გაცილებით დიდი პრობლემაა, ვიდრე ის, შეძლებს თუ არა ამერიკა ავტოკრატიული რეჟიმების ატანას.

როგორც ამბობენ, თუ აშშ-მა ეს აზერბაიჯანში შეძლო, იმიტომ, რომ აზერბაიჯანი მაინც სუვერენული სახელმწიფოა და თუ იქ ვინმეს გავლენაზე ვსაუბრობთ, გაცილებით ძლიერია თურქული გავლენა, ვიდრე რუსული. ამიტომ აზერბაიჯანის შემთხვევა მისაღებია, ხოლო საქართველოს რუსეთის სუზერენად არსებობას ამერიკა, რა თქმა უნდა, ვერ დაუშვებს.

- ოპოზიცია აპელირებს ამერიკის მიერ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების მოთხოვნაზე. თქვენი შეფასებით, რას სთხოვს ამერიკა "ოცნებას", ეს არის ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები თუ საგარეო ორიენტაციის შეცვლა?

- თუ საგარეო ორიენტაცია იცვლება, იცვლება ქვეყანაში არსებული ვითარებაც, რადგან ეს პროცესები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. საგარეო ვექტორის შეცვლა ბუნებრივად გამოიწვევს საშინაო პოლიტიკის ცვლილებასაც. ამ შემთხვევაში საგარეო ვექტორის შეცვლა დასავლეთისკენ კურსის აღებას ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" დასავლეთში მიღებულ დემოკრატიულ ღირებულებებზე უნდა გადავიდეს, ეს კი, თავის მხრივ, გამოიწვევს იმ კანონების გაუქმებას, რომლებიც მმართველმა გუნდმა ბოლო პერიოდში მიიღო. საია-ს გათვლებით, კანონმდებლობაში, როგორც მახსოვს, 100-ზე მეტი შესწორება შევიდა იმისთვის, რომ ის უფრო რეპრესიული გამხდარიყო და დღეს კანონმდებლობა მართლაც ასეთია. სწორედ ამიტომ, დღის წესრიგში დადგება ამ რეპრესიული კანონმდებლობისა და საარჩევნო კოდექსის გაუქმება. ასევე, პირველივე საკითხი სინდისის პატიმრების გამოშვება იქნება. ეს უკვე ნიშნავს, რომ ავტორიტარიზმზე, უნდათ თუ არა, უარის თქმა მოუწევთ და პროცესები დემოკრატიული განვითარების მიმართულებით წავა. შესაბამისად, საგარეო ვექტორის შეცვლა არ ნიშნავს მხოლოდ საგარეო პოლიტიკის გადახედვას - ის აუცილებლად ითვალისწინებს საშინაო პოლიტიკის შეცვლასაც.

- ბოლო დღეებში ხელისუფლება ძალიან დაბნეულ განცხადებებს აკეთებს. თქვენი აზრით, ეს რისი მაჩვენებელია, შეცვლის პოლიტიკას და წავა ამ მოთხოვნების შესრულებაზე? თუ არა, მაშინ რა შეიძლება მოხდეს?

- ჯერჯერობით არა მგონია. სანამ ხელისუფლება ძალიან აშკარად არ დაინახავს, რომ უკრაინაში პროცესები ისე არ წავიდა, როგორც კრემლისთვის არის მისაღები, ან ირანში მიმდინარე პროცესები ამერიკის სასარგებლოდ არ გადალაგდა, მეეჭვება, რაიმე დათმობაზე წავიდეს. ვფიქრობ, შემოდგომამდე ეს საკითხი, ალბათ, არ დაიძვრება. ამიტომ ხელისუფლების დღევანდელი მიზანია გაახანგრძლივოს ეს პროცესები, იქნება ეს გარდატეხა თუ საგარეო კურსის შეცვლა. ის ცდილობს მომხრეებისთვის მაინც პროპაგანდისტულად შექმნას ისეთი ვითარება, თითქოს ამერიკასთან ურთიერთობა უმჯობესდება. ეს ხდება მაშინ, როცა მარკო რუბიომ მკაფიოდ ისაუბრა დღევანდელ "ქართულ ოცნებაზე" - უფრო მკაფიოდ რა უნდა ეთქვა, არ ვიცი. თუმცა საპასუხოდ მას ყრუ კედელი დახვდა - ითქვა, რომ რუბიო არ იტყუება, მაგრამ მაინც იტყუება. სხვაგვარად კობახიძის კომენტარს რუბიოს განცხადებაზე ვერ შეაფასებ. ხელისუფლება შეეცდება ასეთი ილუზიის შექმნას, რადგან თუ ამერიკასთან სიტუაცია ვერ დალაგდა და ეს საჯაროდ ითქვა, კატასტროფული ვითარება შეიქმნება და მათთვის ეს ძალიან მტკივნეული პროცესი იქნება.

თუმცა, მეორე მხრივ, უნდა ვთქვათ, რომ ხელისუფლებას, სამწუხაროდ, ოპოზიციის ფლანგზე არსებული ვითარების ფონზე, პრობლემების მოგვარება, თუნდაც დემოკრატიის თვალსაზრისით, იმდენად არ უჭირს, რამდენადაც ქვეყნის გარეთ. შესაბამისად, როდესაც საუბარი დაიწყო იმაზე, თუ რა შედეგი მოიტანა ბოიკოტმა, კი, შედეგი ნამდვილად მოიტანა, მაგრამ როდესაც მიზანი უკვე მიღწეულია ამ პროცესის ისევ გაგრძელება რამდენად სწორია, არ ვიცი. ვგულისხმობ 2024 წლის ბოიკოტს, მაგრამ ადგილობრივ არჩევნებში ისევ ბოიკოტის თემის წამოწევა უკვე უშედეგო იყო. ჩემი აზრით, ამან ქვეყანაში პოლიტიკურ და ოპოზიციურ გაძლიერებას უფრო მეტი ზიანი მოუტანა, ვიდრე დადებითი შედეგი.

- ფიქრობთ, რომ 2024 წელს ბოიკოტი შედეგიანი იყო? რა შედეგი მოიტანა?

- 2024-ში ბოიკოტმა ის მოიტანა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება, როგორც რუბიომაც თქვა, ფაქტობრივად, არალეგიტიმურია და არჩევნები არ ჩატარებულა. ეს არის დასავლური შეფასება და სწორედ ეს შედეგი მოიტანა ბოიკოტმა. თუმცა გასულ წელს ადგილობრივმა არჩევნებმა ის შედეგი მოიტანა, რომ ოპოზიციური ტალღა კი არ გაძლიერდა, არამედ დასუსტდა. სამწუხაროდ, დასუსტება დღემდე გრძელდება, რადგან ვეღარავინ გაერკვა, რა ხდება. არჩევნების ბოიკოტი არ არის პროტესტი, პროტესტი შედეგებმა უნდა გამოიწვიოს. ერთია შედეგის გაპროტესტება და სულ სხვაა არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა. ქართულმა ოპოზიციამ ეს რაღაცნაირად უნდა გააცნობიეროს და თუ ვერ გააცნობიერებს, მივიღებთ იმას, რაც მივიღეთ ადგილობრივ არჩევნებში, როდესაც ის ქალაქები, სადაც ოპოზიციური ამომრჩეველი გაცილებით ჭარბობს "ქართული ოცნების" ამომრჩეველს, ოპოზიციამ ყოველგვარი ბრძოლის გარეშე დათმო. ეს არის პრობლემა. პრობლემაა ის, როცა ოპოზიცია დროისა და არსებული ვითარებიდან გამომდინარე არ აფასებს მოვლენებს და ამოჩემებული გზით, ერთი და იმავე მიმართულებით მიდის. 2016 წლიდან ასეთი არასწორი გზით მიდის ოპოზიციის ერთი ნაწილი მაინც, თუ მთლიანად არა, რომელიც თავისი პროპაგანდისტული საშუალებებით ქმნის ამინდს და უნდა ეს ვინმეს თუ არა, ფაქტობრივად, ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს.

- კვირის ბოლოს ცნობილი შეიქნა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე ნელ-ნელა პრობლემები ექმნებათ: ჯერ უნგრეთმა შეაჩერა საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემა, რასაც უფრო შემაშფოთებელი ინფორმაცია მოჰყვა, რომ ევროკავშირი იწყებს საქართველოს ხელისუფლებასთან შეხვედრებს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ. არსებული პოლიტიკისა და განსაკუთრებით რიტორიკის ფონზე, თუ შეძლებს ხელისუფლება, რომ ეს პროცესი შეაჩეროს და თუ ვერა, რა მოხდება?

- მოხდება ის, რომ საზოგადოებაში ხელისუფლებისადმი უფრო ნეგატიური განწყობა იქნება, მაგრამ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, ამ ქვეყანაში კონსტიტუცია კარგა ხანია გვერდზეა გადადებული და აღარ მუშაობს; ჩემი აზრით, მიღებიდან მეორე დღესვე აღარ მუშაობდა. თუმცა ამას თავი დავანებოთ. ხელისუფლების საყრდენი არა მოსახლეობა, არამედ ძალოვანი სტრუქტურებია, ამ სტრუქტურებთან დაპირისპირება კი დღეს ვერ ხერხდება.

ამასთანავე, პოლიტიკური ოპოზიცია ფრაგმენტირებული, სუსტი და ერთმანეთის კინკლაობას გადაყოლილია. თუ ივანიშვილმა მთელი საქართველო იყიდა, უნდა ვიფიქროთ, რომ ოპოზიციაშიც იყიდდა ერთ-ორ კაცს. ჩვენი საზოგადოება ნამდვილად არ არის სტერილური კორუფციისა თუ ქრთამების მიმართ, პირიქით, ამიტომ გარკვეულ ქმედებებს ამ ეტაპზე ისეთი შედეგი არ ექნება, როგორიც უნდა ჰქონდეს. ეს ძალიან ცუდია, მაგრამ იცით, რა არის მთავარი პრობლემა და რას ვერ ხედავს "ქართული ოცნება"? იმას, რომ ჩვენი პარტნიორები შეიძლება უფრო რადიკალურ ზომებზე წავიდნენ. რადიკალურ ზომებში ვგულისხმობ იმას, რომ ემიგრაციაში მყოფი ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იქ არალეგალურად არის. რა მოხდება მაშინ, თუ უვიზო რეჟიმის შეჩერებას კი არა, პირდაპირ არალეგალების გამოსახლებას დაიწყებენ ჩვენი პარტნიორები? რამენაირად ხომ დაადგენენ, ვინ არის არალეგალი და ვინ არა. ეს იქნება არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური დარტყმაც, რადგან ქვეყანა საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა დატოვა. ვინც დღეს საქართველოში დოვლათს უნდა ქმნიდეს, აქ უნდა საქმიანობდეს და ამ ქვეყანას აშენებდეს, ეს ხალხი წასულია და სხვა ქვეყნებში ეძებს ლუკმაპურს, რათა აქ დარჩენილები არჩინოს. მთელი ეს პროცესი სწორედ აქეთ მიდის და ხელისუფლებამ ამას ანგარიში უნდა გაუწიოს.

დღეს ისედაც რთული ვითარებაა. ოპოზიციას თავისი ვიწრო წრის მიღმა, საზოგადოებაში საშუალო დონის მხარდაჭერა მაინც რომ ჰქონდეს, ხელისუფლება ძალიან მძიმე დღეში ჩავარდებოდა. ის, რომ ოპოზიციას დღეს მხარდაჭერა არა აქვს, რაც არ უნდა ხელისუფლებას აბრალოს, თავად ოპოზიციის ბრალია. ეს არის იმ საზოგადოების ნაწილის ბრალიც, რომელსაც ვერ გაურჩევია და, მიუხედავად იმისა, რომ ღირებულებებზე ლაპარაკობს, წინა ხელისუფლება დღეს მისაღებად მიაჩნია. აი, ეს არის დღეს პრობლემა, რომელსაც "ქართული ოცნება" დიდი ხანია იყენებს და კვლავაც გააგრძელებს გამოყენებას. როდესაც ოპოზიციაში, მაგალითად, სააკაშვილი თავს ესხმის მელიას და ცდილობს გახდეს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი მაშინ, როცა ჩვენი მოსახლეობის მინიმუმ ორ მესამედს ის მიუღებლად მიაჩნია, ივანიშვილი ოპოზიციის სასარგებლოდ ნაბიჯს რატომ გადადგამს? ის ამას არც აკეთებს.

ამიტომ ჩვენი საზოგადოება, თუ მართლა ვსაუბრობთ იმაზე, რომ არა მხოლოდ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, არამედ სახელმწიფო ნორმალურ დემოკრატიულ პრინციპებზე ავაშენოთ, ცოტა მეტად უნდა გამოფხიზლდეს. თუ არა და, ხელისუფლებას კი შევცვლით, მაგრამ ისევ იმავე ჭაობში ჩავრჩებით.

- უახლოეს პერიოდში თქვენ რას ელოდებით, რა შეიძლება მოხდეს?

- თუ პროცესი ისე გაგრძელდა, როგორც დღეს არის, არა მგონია, რაიმე სერიოზული მოხდეს. კაცმა რომ თქვას, ამისთვის არც ოპოზიციაა მზად, არც საზოგადოება და არც ხელისუფლება. პროცესი ასე მდორედ განვითარდება და შემოდგომამდე არაფერს ველოდები. შემოდგომისთვის, თუ საგარეო ფაქტორების ზემოქმედება გაძლიერდა, მაშინ შეიძლება კიდევ იყოს რაღაც ძვრები პოლიტიკურ სივრცეში, მათ შორის უშუალოდ "ქართულ ოცნებაშიც".

საინტერესო მოვლენები ვითარდება ვითომ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, თუმცა რეალურად ეს უფრო სექტორების გადანაწილებაა და არა კორუფციასთან სერიოზული ბრძოლა. თუმცა დროდადრო დავუშვათ, იგივე ბიტკოინების თემა დღეს საკმაოდ აქტუალურია. საზოგადოებაში ეს აქტუალურია არა იმდენად, რომ ამდენი ცენტრი იყო და ამხელა ფული ბრუნავდა, არამედ უფრო ის გვაინტერესებს, თუ კონკრეტულად ვის დაიჭერენ, ვიდრე ის, რომ ვიღაც იპარავდა. მოპარვა ხომ ჩვენთან ჩვეულებრივი ამბავია, ყველა ნაბიჯზე იპარავენ. კორუფციასთან ბრძოლა ყოველთვის იყო ძალაუფლების მოპოვებისა და შენარჩუნების საშუალება და მეტი არაფერი. დღემდე ასეა და ახალი არაფერია.

- ძვრებში რას გულისხმობთ, რა ძვრები შეიძლება იყოს? არჩევნები, ხელისუფლებაში ცვლილებები თუ რა?

- თუ კურსი იცვლება, ვფიქრობ, რიგგარეშე არჩევნები მაშინ შეიძლება ჩატარდეს. სხვა შემთხვევაში, არა მგონია, დაინიშნოს. შეიძლება გარკვეულ მომენტში "უზენაესმა მსაჯულმა" და ქვეყნის პატრონმა კობახიძე და მისი ჯგუფი ძალაუფლებას ჩამოაშოროს, მაგრამ ახლა უფრო შორს რატომ წავა და აუტკივარ თავს რატომ აიტკივებს? თუ უცებ ყველამ გადაწყვიტა, რომ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს, ეს ხელისუფლებას პრობლემებს შეუქმნის. თუ ასე მოხდება, შედეგები უნდა გააყალბონ, ეს კი ზედმეტი თავსატეხია და რაში სჭირდებათ? აი, თუ საგარეო კურსი შეიცვლება, მაშინ დასჭირდებათ არჩევნები, რადგან სხვანაირად ვერ შეცვლიან. სხვა შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არ ველოდები. მაქსიმუმ, გარკვეულ მომენტში კობახიძე და მისი ჯგუფი ჩამოაშორონ ძალაუფლებას და მეტი არაფერი. ასეთ დროს წინა პლანზე სხვა ფიგურა უნდა გამოვიდეს. ჩვეულებრივ, ასე ხდება ხოლმე - ერთი და იგივე პირი ვერ იქნება რეპრესიულიც და შემწყნარებელიც, ავტორიტარიც და დემოკრატიც. მიუხედავად ამისა, დღეს ისინი სწორედ ამის შეთავსებას ცდილობენ.

- სომხეთში გაიმართა საპარლამენტო არჩევნები. რა მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის არჩევანს როგორც უშუალოდ სომხეთისთვის, ასევე ჩვენთვის, და საერთოდ რეგიონისთვის?

- ძალიან კარგია, არჩევნები რაიმე სერიოზული გართულებების გარეშე რომ ჩატარდა. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთი სისხლხორცეულად არის დაინტერესებული ამ არჩევნების შედეგებით. ეს ოფიციალურ დონეზეც ითქვა. ჩვენ გავლილი გვაქვს ეს პერიოდი და ვიცით, რომ ასეთ სიტუაციებში რუსეთი მიმართავს ძირითადად ეკონომიკურ სანქციებს. გარდა ამისა, გიუმრის ბაზა არის რუსეთისთვის ყველაზე დიდი სამხედრო ბაზა კავკასიაში და, თუ სომხეთში ფაშინიანმა ის პოლიტიკა გააგრძელა, რაზედაც დღეს ლაპარაკობს, რუსეთი იძულებული იქნება გაიყვანოს გიუმრის ბაზიდან თავისი შეიარაღებული ძალები, რაც მისთვის კავკასიის სრულად დათმობას ნიშნავს.

ახლა მნიშვნელოვანია, რომ ფაშინიანმა უპრობლემოდ შეძლოს მთავრობის ჩამოყალიბება, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ სომხეთში დასავლეთის პოზიციები გაძლიერდება, რაც, ბუნებრივია, იმოქმედებს საქართველოზეც. ფაშინიანის გამარჯვების შემთხვევაში, კავკასიის პოლიტიკა მთლიანობაში უფრო პროდასავლური გახდება, მიუხედავად იმისა, "ქართული ოცნება" რა პოზიციას დაიჭერს. ეს პროცესები მისცემს დასაბამს საქართველოში პროტესტის ახალ ტალღას და ბევრი თემა შეიძლება სხვანაირად იქნეს გადააზრებული.

რუსა მაჩაიძე