"არ მჯერა, რომ გიგი უგულავამ 5 დეკემბერს გაიღვიძა და პარტიული ფუნქციონერიდან ერთბაშად ხალხზე მზრუნველ სახელმწიფო მოღვაწედ გადაიქცა" - კვირის პალიტრა

"არ მჯერა, რომ გიგი უგულავამ 5 დეკემბერს გაიღვიძა და პარტიული ფუნქციონერიდან ერთბაშად ხალხზე მზრუნველ სახელმწიფო მოღვაწედ გადაიქცა"

თბილისის მერი გიგი უგულავა ახალი ინიციატივით გამოდის და მომავალი წლიდან დედაქალაქის მთავრობა 100-ლარიანი ვაუჩერების დარიგებას, ხელფასების 20%-ით გაზრდას და საბინაო ამხანაგობათა ხელშეწყობის პროგრამის გაძლიერებას აპირებს. ბიუჯეტის პროექტი, რომლის მიხედვითაც, 2013 წლიდან 100-ლარიანი ვაუჩერით ყველა თბილისელი აბონენტი, სულ 350 000 ოჯახი ისარგებლებს, სოციალურად დაუცველი ოჯახები კი (70000-მდე სარეიტინგო ქულა) – 250 ლარის დახმარებას მიიღებენ, მერიამ საკრებულოს უკვე გაუგზავნა. ეს ბიუჯეტი საკრებულომ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში უნდა დაამტკიცოს, თუმცა ეჭვს იწვევს თუ საიდან მოახერხებს მერია ამ თანხების გამონახვას მაშინ, როდესაც მერიისვე განცხადებით, წელს პირველად არ მიიღებს დედაქალაქი ცენტრალური ბიუჯეტიდან სპეციალურ ტრანსფერს, რის გამოც ბიუჯეტის მოცულობა წინა წლებთან შედარებით შემცირდება და 640 მილიონი ლარი იქნება. საკრებულოს ოპოზიციურ ფრაქციებში აცხადებენ, რომ ეს ინიციატივები გიგი უგულავას პოლიტიკურ მიზნებზეა მორგებული. მერიაში კი ამბობენ, რომ თავად აპირებენ საკუთარი რესურსების მობილიზებას და საბავშვო ბაღებში, სასწრაფო დახმარების სამსახურში, მუსიკალურ სკოლებში, საგანგებო სიტუაციების სამსახურში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში, დასუფთავების სამსახურსა და თვითმმართველობის სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანებისთვის ხელფასს 20%-ით გაზრდიან.

გვესაუბრება თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" ხელმძღვანელი ზაზა გაბუნია:

– არ მჯერა, რომ გიგი უგულავამ, რომელიც სახელმწიფო ხარჯებს აქამდე ხშირად არგებდა "ნაციონალური მოძრაობისა" თუ პირად ინტერესებს, 5 დეკემბერს გაიღვიძა და პარტიული ფუნქციონერიდან ერთბაშად გადაიქცა ხალხზე მზრუნველ სახელმწოფო მოღვაწედ. ეს მისი ინიციატივა ისევ და ისევ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებითაა განპირობებული. უგულავა კარგად ხედავს, რა ხდება რეგიონებში, როგორ უპირისპირდება ხალხი ადგილობრივ თვითმმართველობას, ამიტომაც ახლა ცდილობს, როგორმე თბილისელების გული მოიგოს და დედაქალაქის მოსახლეობის რისხვა აიცილოს თავიდან. თუმცა ამ ქვეყნაზე ორი მსაჯულია – სასამრთლო და ხალხი, არა მგონია, ვინმეს მოტყუება შეძლოს ამ იაფფასიანი ხრიკებით. თავისთავად ასლარიანი ვაუჩერი ბევრს არაფერს ნიშნავს. ახლა რომ იძახის, ამ ვაუჩერით კომუნალური გადასახადები უნდა შევუმსუბუქოთ ხალხსო, ეგ არ იყო დენისა და ნაგვის ერთიანი ქვითრის შემომქმედი? ამ მილიონების ვაუჩერებად გადაყრას ნაციონალურ ხელისუფლებას ერჩია, სამუშაო ადგილების შექმნაზე ეზრუნა. ისე, დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტის გადანაწილება არაერთ კითხვას ბადებს, კვლავაც რჩება არაერთი გზა იმისა, რომ სახელმწიფო ხარჯები არამიზნობრივად, პირადი ინტერესების მიხედვით განიკარგოს. მაგალითად, ერთი მუხლი ე.წ. ამხანაგობების დაფინანსებას შეეხება. წელს ეს დაფინანსება 19 მილიონით იყო განსაზღვრული, 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით კი – 70 მილიონამდე იზრდება. რატომ გახდა ერთბაშად ასეთი მატება საჭირო? კიდევ ხომ არ გეგმავს ვინმე, რომ ეს ფული უკანონოდ კვლავ ვიღაცების ჯიბეში დაილექოს? ასევე საინტერესოა ე.წ. სხვა ხარჯებად გაწერილი თანხა, რომელიც 110 მილიონს შეადგენს.

ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)