აღქმის პრობლემა და კითხვა: რატომ შლის სააკაშვილი „ოპოზიციურ ალიანსს“?!
ქართველ პოლიტიკოსთა ნაწილი ყველანაირად ცდილობს არ აღიქვას ერთიანი სურათი და დაინახოს მხოლოდ ის ფრაგმენტი, რომელიც მას აწყობს. ასე მოხდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის შემთხვევაშიც.
კერძოდ, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობის სრულმასშტაბიანად აღდგენისთვის ამერიკულ მხარეს არანაირი წინა პირობები არ წამოუყენებია. ამაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა ტანზე შემოიხიეს და ისეთი სურათი დახატეს, თითქოს ვაშინგტონი საქართველოს ხელისუფლებისგან ლამის კაპიტულაციას ითხოვდა.
გაუგებრობა მოხდა კოლეგა ოპოზიციონერებს შორის. მაგალითად, "ლელოსა" და გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ოპოზიციასთან შეხვედრისას ამერიკელებმა თქვეს, ბოიკოტი არარელევანტურიაო. საპასუხოდ, "ოპოზიციური ალიანსის"“ წარმომადგენლებმა „"ლელო" და გახარიას პარტიელები მატყუარებად გამოიყვანეს. არადა, აშშ-ის საელჩომ სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია და მხოლოდ მისი წაკითხვა იყო საჭირო. აი, რა წერია ამ განცხადებაში მმართველ გუნდთან დაკავშირებით: "მდგრადი სტრატეგიული პარტნიორობისთვის საჭირო იქნება უწყვეტი პროგრესი იმ პირობების უზრუნველყოფით, რომელიც საქართველოს სანდო პარტნიორად აქცევს, მათ შორის, ამერიკული ბიზნესისთვის ხელსაყრელი ბიზნესგარემოსა და სტაბილური შიდაპოლიტიკური კლიმატით, რაც ხელს უწყობს ოპოზიციის ჩართულობას. დელეგაციამ განიხილა კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია და დაგვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში", - ანუ დიახ, ვაშინგტონი ოფიციალური თბილისისგან ითხოვს წინმსწრებად გარკვეული ნაბიჯების გადადგმას.
რაც შეეხება ოპოზიციას - მასთან დაკავშირებით საელჩოს განცხადებაში ვკითხულობთ: "ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესების წარმოსაჩენად, რომლებმაც მას ხმა მისცეს. პოლიტიკური სტაბილურობა და ოპოზიციის რეალური წარმომადგენლობა იმ ფაქტორებს შორისაა, რომლებიც საქართველოს ამერიკული ინვესტიციებისთვის, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობისთვის სანდო პარტნიორად აქცევს". დიახ, ოპოზიციისგანაც ითხოვენ გარკვეული ნაბიჯების გადადგმას.
საერთო სურათი კი ასეთია - ამერიკელებს სურთ საქართველოში გახანგრძლივებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა და ამისკენ მოუწოდებენ პოლიტიკურ აქტორებს. სწორედ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა იქნება წინა პირობა იმისა, რომ თბილისისა და ვაშინგტონის ურთიერთობა სრულფასოვნად აღდგეს, მათ შორის, სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში.
როდის განიმუხტება საქართველოში პოლიტიკური კრიზისი? მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს - იქნება ეს უცნაური კანონმდებლობის შერბილება, აქციებისას დაკავებულების გათავისუფლება (ამის ნიშნები უკვე არის, რაც მისასალმებელია) და პოლიტიკური ოპონენტების მტრებად გამოცხადების აღკვეთა. თავის მხრივ, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა უნდა იფიქროს მომავალ არჩევნებზე, ემზადოს ამისთვის, შეეშვას ბოიკოტს და ქუჩიდან ხელისუფლების შეცვლაზე ფიქრს, რასაც ბოლო ორი წლის განმავლობაში არანაირი შედეგი არ მოუტანია. საბოლოო ჯამში, ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ნორმალური პოლიტიკური ცხოვრების რიტმს.
ეს ქვეყნისთვის არის კარგი - სამშობლო ერთია პოზიციისთვისაც და ოპოზიციისთვისაც. ისევე, როგორც ქვეყნისთვის არის კარგი, რომ თბილისმა აშშ-სთან, ბოლოს და ბოლოს, აღადგინოს სრულმასშტაბიანი ურთიერთობა. ისევე, როგორც ქვეყნისთვის არის კარგი, რომ თბილისმა, ბოლოს და ბოლოს, დაალაგოს ურთიერთობა ბრიუსელთან. სხვა შემთხვევაში, არსებობს საფრთხე, რომ გეოპოლიტიკურმა ქარიშხალმა ჩვენი ქვეყანა გარიყოს ბოროტი და ოკუპანტი მეზობლის იმედად. და ეს საფრთხე, ალბათ, ყველამ, „ამ მხარემაც“ და „იმ მხარემაც“ უნდა დაინახოს და მაინცდამაინც საელჩოს განცხადებებში არ უნდა ამოვიკითხოთ.
რა ხდება „ოპოზიციურ ალიანსში“?!
მოკლედ, როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილს მართლაც აქვს გადაწყვეტილი "ოპოზიციური ალიანსის"“დაშლა. ამ ალიანსის შექმნის დღიდან სააკაშვილი გაერთიანებას ხან აქედან ესხმის თავს, ხან იქიდან - არც ტაქტიკა მოსწონს, არც სტრატეგია და არც ლიდერების რიტორიკა. შემდეგ იმდენი უჩხიკინა ნიკა მელიას იგავ-არაკებით „ლიდერზე, რომელსაც მიშობა უნდოდა, მაგრამ მიშა "ვერ გახდა", "ნაცმოძრაობის"“ ყოფილ თავმჯდომარეს ვრცელი წერილი დააწერინა. წერილში მელია პირდაპირ ადანაშაულებს სააკაშვილს 2022 წელს „"ქართულ ოცნებასთან" გარიგების მცდელობაზე და სთხოვს დაასახელოს ის კაცი, რომელსაც მიშა ღალატს აბრალებს (საქართველოში ჩამომიტყუესო).
სააკაშვილის პასუხი არაკონკრეტული და ლირიკული იყო - ვერ ვაქციე კაცად მელია, ისევე როგორც ბოკერია და ოქრუაშვილიო. სამაგიეროდ, მელიას მიშას თანაგუნდელებმა და ფანებმა შეუტიეს დაახლოებით ასეთი შინაარსის ლანძღვა-გინებით: შენ ვინ ხარ საერთოდ, რომ მიშას ეტოლები, ჩვენი სახელმწიფოს შემქმნელსო. ამას მოჰყვა მელიას პასუხის პასუხი, სადაც კიდევ ერთხელ მოითხოვა, რომ სააკაშვილს დაესახელებინა „"ის კაცი", რომელმაც, მისი ზრით, უღალატა.
მოკლედ, „"ოპოზიციურ ალიანსში" ასეთი ვითარება შეიქმნა: ერთი პარტიის ლიდერი მეორე პარტიის სულიერ ლიდერს ადანაშაულებდა „"ოცნებასთან"“ გარიგების მცდელობაში, ანუ ღალატში. ეს მეორე ლიდერი პირველს ეუბნებოდა, რომ სინამდვილეში მის გარეშე არაფერს წარმოადგენდა, პარალელურად კი, "ოპოზიციური ალიანსი"“ საუბრობდა რაღაც ერთიანობის აუცილებლობაზე. ექსპერტები "მკითხაობდნენ", თუ რა გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული - "კოალიცია ცვლილებებისთვის"“ გაემიჯნებოდა ნიკა მელიას, რათა შეენარჩუნებინა ეს ფორმალური ერთიანობა, თუ სააკაშვილის ფაქტორის გამო „"ნაცმოძრაობა"“ დატოვებდა „"ოპოზიციურ ალიანსს". სანამ ამ მსჯელობაში იყვნენ, „"ალიანსს" ახალი განსაცდელი დაემუქრა ნანუკა ჟორჟოლიანის სახით. კერძოდ, მან თქვა, რომ "კოალიცია ცვლილებებისთვის", ანუ ნომერი 4, ბევრი ამომრჩევლისთვის მიხეილ სააკაშვილთან ასოცირდებოდა. ამას მოჰყვა სააკაშვილის მომხრეების თავდასხმები კოალიციაზე - ხალხს ატყუებდნენ ხმების მოზიდვის მიზნით, ეუბნებოდნენ, სინამდვილეში ჩვენ ერთნი ვართ და ასეა დღეს საჭირო, რათა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება დაჩქარდესო.
პასუხმაც არ დააყოვნა: "ოთხიანი არც ნიშნავდა და არც ნიშნავს მიშა სააკაშვილს. ნანუკა ჟორჟოლიანო, ცდები, თუ ეგრე გგონია, ან ვინმე თუ გარწმუნებს, გატყუებს ან შეცდომაში შეჰყავხარ. თავს ნუ მოიტყუებთ, მეგობრებო: არ ყოფილა ეგრე და ძალიან ღიად, საჯაროდ და ხისტად ითქვა ეს, თან ძალიან ბევრჯერ. არც სააკაშვილის სახელი გამოუყენებია 4-იანს არჩევნებზე და დამარცხებული "ნაცი" რეგიონალების ჭორაობის გარდა, ამის არც ერთი რეალური მაგალითი არსად და არასდროს ყოფილა წარმოდგენილი. დამარცხებული „"ნაცმოძრაობისა"“ და მისი დამფინანსებლების გაპრავება, თუ "რატომ ვერ შეძლეს", ტყუილიცაა და დღემდე სასაცილოდ და უსუსურად გამოიყურება. ყოველ ჯერზე ასე იქნება, ვიდრე "ნაცმოძრაობა" ვერ გაიგებს, რომ მხოლოდ მიშა არ კმარა არათუ არჩევნების მოსაგებად, არამედ ოპოზიციაში ყველაზე წინ გასასვლელადაც კი", - დაწერა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში.
გვარამიას „"ნაცმოძრაობიდან"“ გამოეხმაურნენ: "ძალიან გაკვირვებული ვარ ნიკა გვარამიას წუხანდელი პოსტით. არ მეგონა, რომ ამგვარ თავდასხმას ვიხილავდი „"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე"“ ნიკა გვარამიას მხრიდან. ვფიქრობ, ეს არის განპირობებული იმ შიდაპარტიული ტურბულენციით, რომელიც თავად „ახალშია", - თქვა პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ. გვარამიას პასუხის პასუხის პასუხი ასეთი იყო: "მიხარია, თუ გესმის, თინა ბოკუჩავა - დისფუნქციურ ორგანიზმს რეალურ მოქმედ გუნდად აქცევ. წარმატებას გისურვებ ამაში, მხოლოდ გამიხარდება, თუ ამის შესაძლებლობა მოგეცემა და ყველას და ყველაფრის გინებას მორჩება ენმ. იცი ამაზე ჩემი პოზიცია და არ გაგიკვირდება ჩემი კეთილი სურვილები. ასევე, იმედი მაქვს, ალიანსის საქმიანობაში რამე მონაწილეობას მაინც მიიღებთ, მიტინგზე გამოსასვლელად სცენასთან მოსვლის და სიტყვით გამოსვლის მოთხოვნის გარდა. "ნაცმოძრაობა", სადაც სკანდალურად იცვლება თავმჯდომარეები ბოლო რამდენიმე წელია, სხვა პარტიაში ტურბულენტობაზე ლაპარაკობდეს, ძალიან არასერიოზულია".
გვარამიას მხარი კიდევ ერთმა თანაალიანსელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა აუბა: "საერთოდ არანაირი, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს მანიპულატორ ნარცისებთან და მათ მფრინავ მაიმუნებთან არგუმენტირებულ დებატებს - ა რ ა ნ ა ი რ ი! ამას გეტყვით ნებისმიერი საშუალო დონის ფსიქოლოგი/ფსიქიატრი. თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ რომელიმეს სჯერა, ოთხიანი რომ ხუთიანი ეგონა ხალხს? არა, დაჩაგვრა, დომინაცია უნდათ და იგონებენ! მიშას უნდა დომინაცია, ამისთვის იგონებს ჭორებს, იწყებს მადისკრედიტირებელ კამპანიებს, მერე თავს იმსხვერპლებს, მერე გეჩხუბება, რო უღალატე. ანუ მას არ აინტერესებს არანაირი არგუმენტი, სიმართლე არაა მისთვის მნიშვნელოვანი. სამუდამოდ დაკარგულ დომინაციას ებღაუჭება სასოწარკვეთილად, გზადაგზა ამ სამარცხვინო სისულელეებს იგონებს - ისიც და მისი მფრინავი მაიმუნებიც (ნანულა იქნება თუ სხვა) ერთადერთი სწორი პასუხი არის, რომ „კეფაში წაუთაქო“ ყველა ხმის ამოღებაზე და თავისი ადგილი მიუჩინო იქამდე, ვიდრე შეეგუება".
მოკლედ, აი, ასეთი ამბები ხდება ალიანსში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? რა თქმა უნდა, ოპოზიციონერებს შეუძლიათ სცადონ და შეინარჩუნონ ნაძალადევი ერთიანობა. თუმცა ძნელი წარმოსადგენია, რომ სააკაშვილმა მოისვენოს და შეეგუოს, რომ ალიანსის დიდი ნაწილი მას ლიდერად არ აღიარებს. მას უნდა ლიდერობა - მორჩა და გათავდა! თუ ალიანსს არ უნდა მიშა, მაშინ ალიანსი არ უნდა არსებობდეს. ასე რომ, დიდი ალბათობით, "ნაცმოძრაობა" დატოვებს ალიანსს - როგორც გვარამიას პოსტიდან ირკვევა, ისედაც უკვე დისტანცირებული იყო ამ გაერთიანებიდან. ალიანსი ან „"ნაცმოძრაობის" გარეშე გააგრძელებს საქმიანობას, ან ყველა პარტია თავის გზას გაუდგება. გავა რამდენიმე თვე და, ალბათ, ისევ დაიწყება ოცნებები დიდ ოპოზიციურ გაერთიანებებზე...
არადა, ხელოვნურ და ერთმანეთისადმი ტოქსიკურად განწყობილი პოლიტიკოსების გაერთიანებას დიდი დრო რომ არ უწერია, ეს არაერთხელ დადასტურდა ქართულ პოლიტიკურ რეალობაში. თუმცა, როგორც ჩანს, ეს მაგალითები ქართველი პოლიტიკოსებისთვის გაკვეთილად ვერ იქცა.
გიორგი კვიტაშვილი