ცეცხლი პუტინის მშობლიურ ქალაქში და ღია წერილი კიევიდან
რუსეთ-უკრაინის ომში თვისებრივად ახალი დინამიკა გამოიკვეთა - კიევის დაბომბვების პარალელურად, ომმა რუსეთის ტერიტორიაზეც გადაინაცვლა და თან იმ დონეზე, რომ მოსკოვსა და პეტერბურგს მისწვდა. სანქტ-პეტერბურგის მოვლენები და ზელენსკის მოულოდნელი ღია წერილი მიანიშნებს, რომ ომის დასრულების კონტურები, ასე თუ ისე, იკვეთება. უკრაინის მიერ სანქტ-პეტერბურგზე - პუტინის მშობლიურ ქალაქზე მიტანილი საჰაერო იერიში, თანაც საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის მიმდინარეობისას, უპრეცედენტო მასშტაბის პოლიტიკური და ფსიქოლოგიური დარტყმაა. როგორც ბრიტანული "დეილი ტელეგრაფი" აღნიშნავს, ეს პუტინის "დიდ დამცირებასა და სირცხვილს ნიშნავს", სამხედრო თვალსაზრისით კი, როგორც ანალიტიკოსები მიუთითებენ, სტრატეგიული ობიექტებისა და მათ შორის, პეტერბურგის ნავთობტერმინალის დაზიანება და პულკოვოს აეროპორტის პარალიზება აჩვენებს უკრაინის უნარს, სერიოზული ეკონომიკური და ლოჯისტიკური ზიანი მიაყენოს რუსეთს ღრმა ზურგში. პოლიტიკურად კი ეს ანგრევს კრემლის ნარატივს, რომ ომი არ ეხება რიგით რუსებს. ის ფაქტი, რომ პუტინს ფორუმზე ინვესტორების წინაშე მოუწია "გარკვეული ზიანის" აღიარებამ, მიუთითებს, რომ რეალობის დამალვა უკვე შეუძლებელია. ამ სამხედრო წარმატების ფონზე კი ზელენსკის ღია წერილი და შეხვედრის შეთავაზება პუტინისთვის ცალსახად კლასიკური "ძალის პოზიციიდან მოლაპარაკების" სტრატეგიაა. კიევი გზავნის ორმაგ გზავნილს - ჩვენ შეგვიძლია გაგანადგუროთ ეკონომიკურად და ტერიტორიულად, რასაც პეტერბურგის დარტყმები ადასტურებს, და მეორე, ჩვენ მზად ვართ ომის დასასრულებლად, ახლა ჯერი თქვენზეა. პესკოვის დადასტურება, რომ პუტინი წერილს გაეცნო, ნიშნავს, რომ კრემლში ამ წინადადებას სერიოზულად ეკიდებიან, თუმცა საჯარო პასუხის გაცემა უჭირთ. ფაქტია, ამით უკრაინამ საერთაშორისო არენაზე აიღო მშვიდობისმყოფლის ინიციატივა, ომის გაგრძელების სრული პასუხისმგებლობა კი კვლავ მოსკოვს დააკისრა. ერთი შეხედვით, მოსალოდნელია, რომ ზელენსკის წერილმა და რუსეთის ტერიტორიაზე მზარდმა ზიანმა აიძულოს პუტინი, დათანხმდეს გარკვეულ ფორმატში მოლაპარაკების დაწყებას. ცხადია, ამ შემთხვევაში ომი დაუყოვნებლივ არ შეწყდება, მხარეები შეეცდებიან ფრონტზე და ჰაერში მაქსიმალური ზიანის მიყენებას საბოლოო პოზიციების გასამყარებლად, თუმცა არსებითი თავად მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება იქნება, მაგრამ აქ კითხვის ქვეშ დგება, წავა თუ არა ამაზე პუტინი და თუ არა, რა მოხდება მაშინ. საინტერესოა, რომ დასავლეთში ისევ გაძლიერდა მოლოდინი რუსეთში პოლიტიკურ რღვევაზე. იწერება სტატიები, რომ სანქტ-პეტერბურგის მსგავსი დამცირება და ეკონომიკური ელიტისთვის მიყენებული პირდაპირი დარტყმები, როგორიც არის ინვესტიციების შეჩერება, ბიზნესის პარალიზება, სერიოზულ ბზარებს აჩენს კრემლში. ელიტა აცნობიერებს, რომ ომი წაგებულია და მისი გაგრძელება საფრთხეს უქმნის თავად რეჟიმს. ამ შემთხვევაში შესაძლოა ვიხილოთ პუტინის იძულებითი უკან დახევა ან ძალაუფლების ტრანზიცია, რასაც უკრაინის პირობებით ომის დასრულება მოჰყვება.
რამდენად რეალურია ეს მოლოდინი და რა ფაქტორებმა შეიძლება აიძულოს მხარეები, დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას, ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, GIPA-ს პროფესორ თორნიკე შარაშენიძეს ვესაუბრებით.
- უკრაინაში ომის რუკაზე დიდი ცვლილებები არ ყოფილა, ამიტომ ვინმეს გამარჯვებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. უკრაინელები მოსკოვს კი ბომბავენ, მაგრამ ბოლო დღეების განმავლობაში ლამის მთელმა კიევმა ორჯერ გაათენა ღამე მეტროში. საქმე ასე მარტივად არ არის, თითქოს უკრაინამ გაიმარჯვა და რუსეთი უკან იხევს. მეხუთე წელია ეს გვესმის და ამით რეალური სიტუაცია ჯერ არ იცვლება. სხვა საქმეა, რომ ორივე მხარე აკეთებს ისეთ განცხადებებს, რაც მიანიშნებს, რომ ომის დამთავრება სურთ. ზელენსკის წერილში იყო დაცინვაც, მაგრამ მაინც შეხვედრის შეთავაზებაა. პუტინმაც, როცა ჰკითხეს ზელენსკისთან დალაპარაკებაზე, თქვა, რატომაც არაო - ანუ მთავარია სურვილი იყოს და ჯანდაბას მისი ლეგიტიმურობაო. არადა, აქამდე სულ ხაზს უსვამდნენ, ზელენსკი აღარაა ლეგიტიმურიო. მთავარია, რომ ორივე მხარე უკვე საუბრობს მშვიდობასა და შესაძლო მორიგებაზე. რაც შეეხება იმას, ვინ უფრო დაზარალდა, ცხადია, უკრაინა - მოსახლეობა განახევრდა და ტერიტორიის 20% დაკარგულია. იმის ძახილი, რომ უკრაინამ ომი მოიგო, არასერიოზულია. კი, ხალხი უძლებს და ქვეყანა ნამდვილად გადაურჩებათ, მაგრამ შემცირებულია მოსახლეობა, დაზარალებულია ეკონომიკა. გარდა ამისა, აღარავინ საუბრობს იმ სტრესზე, რაც უკრაინის მოსახლეობამ მიიღო.
- მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორია დღეს შედეგი 2022 წლის თებერვლის, ანუ ომის დაწყების საწყისი წერტილიდან.
- არ ვიცით, რამდენად მართალია, მაგრამ ამბობენ, რომ სტამბოლში უკრაინის ნეიტრალიტეტზე იყო მოლაპარაკება, რაც, პრაქტიკულად, რუსეთის მხრიდან ტერიტორიების, ყირიმის გარდა, დათმობას გულისხმობდა. თუ მართლა ამაზე იყო მოლაპარაკება და უკრაინამ უარი თქვა, მაშინ უნდა შევადაროთ ახლანდელ სიტუაციას - რომელი ჯობდა, მაშინდელი პირობები თუ დღევანდელი? ფაქტია, როცა სტამბოლში რუსეთის ხელისუფლებას გეგმა ჩაუვარდა, როგორც ჩანს, მაშინ სერიოზული დათმობებისთვის იყვნენ განწყობილი. ამან კი ვიღაცებს, მათ შორის ჯონსონს, იმედი მისცა და უკრაინა მოლაპარაკებისკენ არ წაახალისეს. თუმცა შემდეგ რუსეთი გამოფხიზლდა და გეგმა "ა"-დან გეგმა "ბ"-ზე გადავიდა. ასე აღმოჩნდა ორივე ქვეყანა ამ ომში, რომელიც უკვე მეხუთე წელია გრძელდება.
რა თქმა უნდა, რუსეთის ეკონომიკაც არ ყვავის და მოსახლეობამაც იკლო, მაგრამ გაცილებით უარესი სიტუაცია უკრაინაშია.

- დასავლურ მედიაში იწერება, რომ რუსეთში შიდა დაპირისპირება ღვივდება და შეიძლება გადატრიალების მსგავსი რამ მოხდეს.
- არ მჯერა, იმიტომ, რომ პუტინი სწორედ გადატრიალების შიშითაა შეპყრობილი და დიდი ხანია ზომებს იღებს, მთელი სისტემა უშუალოდ მასზეა აწყობილი. ამიტომაც ასეთი მოლოდინი უფრო სურვილია, ვიდრე რეალურად მოსალოდნელი.
- ევროპამ დაიწყო უკრაინის აქტიურად დახმარება, ეს არ იქონიებს გავლენას, რომ არსებითი შედეგი ჰქონდეს უკრაინას?
- თუ უკრაინა დღეს იბრძვის და რუსეთს გარკვეულ ზარალს აყენებს, მათ შორის, მოსკოვსაც ბომბავს, ეს ევროპის დამსახურებაა. ისინი უკრაინას ეხმარებიან წარმოებით, კერძოდ, დრონების დამზადებით. ცხადია, რუსეთი ევროპის ქვეყნებს დრონების საწარმოებს ვერ დაუბომბავს. ერთია, დაბომბო უკრაინა და მეორე, დაბომბო პოლონეთი. ამბობენ, რომ ამერიკა აღარ აწვდის სადაზვერვო მონაცემებს და მხოლოდ ფრანგულით შემოიფარგლებიან, მაგრამ არა მგონია, უკრაინას მარტო ევროპა ეხმარებოდეს. სხვა საქმეა, რომ შემოაკლდა "პატრიოტების" ანტისაჰაერო ჭურვები ირანის ომის გამო. სწორედ ამის წყალობით ახერხებს რუსეთი კიევის ასე ხშირად დაბომბვას.
- რამდენიმე ხნის წინ იყო მოლოდინი, რომ ამერიკა უზრუნველყოფდა მოლაპარაკებას. ახლა ამის მოლოდინი აღარ არსებობს. რა შეიძლება გახდეს ის ფაქტორი, რომ რუსეთი და უკრაინა მოლაპარაკებაზე წავიდნენ?
- როცა ამერიკა ჩაერია და ალასკაზე შეხვედრა გაიმართა, ამერიკასა და რუსეთს შორის შედგა კომპრომისი, რომ უკრაინა უნდა გამოსულიყო დონბასიდან, მაგრამ ევროპელები ამაზე თანახმა არ არიან და უკრაინას მხარდაჭერას ჰპირდებიან. შესაბამისად, ამერიკა ვეღარ თამაშობს იმ როლს, რომლის თამაშიც შეეძლო. ამერიკა უკრაინის დახმარებას ბოლომდე არ ჩამოშორებია, მაგრამ ნაწილობრივ მაინც ჩაიხსნა. ახლა ამას ნაწილობრივ ევროპელები აკეთებენ, ნაწილობრივ - ამერიკელები. მთლიანად ამერიკა რომ აფინანსებდეს ამ ომს და ევროპას უკრაინის დახმარების თავი არ ჰქონდეს, ყველა ბერკეტი ამერიკის ხელში იქნებოდა. რომ ეთქვა, დონბასიდან გადიო, უკრაინა გავიდოდა, რადგან ამერიკის გარეშე ომს ვერ შეძლებდა. თუმცა ახლა ევროპის დახმარებით უკრაინა ბრძოლას ახერხებს.
- რა შემთხვევაში იქნება მოლაპარაკება ევროპის ინტერესში, რომ ომი დასრულდეს?
- ახლა ევროკავშირისთვის რუსეთი დაუძინებელი მტერია, რომელიც უნდა განადგურდეს და ამ ომში ხედავენ ამის შანსს, რომ იქნებ რაღაც დაემართოს, შიგნით ჩამოინგრეს და ამიტომაც, თუ ომი დიდხანს გაგრძელდება, იქნებ მართლაც ჩამოინგრეს.
- დაახლოებით როდის იქნება შესაძლებელი, რომ დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკება?
- მგონი, წელს მოლაპარაკების შანსი არის, რადგან, თუნდაც დამცინავად, ზელენსკი წერილს მაინც სწერს პუტინს, ხოლო პუტინი ამბობს, რომ პრინციპში მზადაა მოსალაპარაკებლად. თუმცა ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ ამერიკა მოლაპარაკებას აქტიურად დაუჭერს მხარს და სერიოზულად ჩაერევა. წესით, ამერიკას ეს უნდა აწყობდეს, რადგან, ფაქტია, ირანის ომიც აქვთ ფონად.
გარდა ამისა, ერთი საინტერესო სტატისტიკა ვნახე - უკვე მესამე თვეა, რუსეთი ნავთობის გაყიდვით თვეში დაახლოებით 20 მილიარდ დოლარს იღებს. შესაბამისად, ალბათ, ომის დამთავრება არც მათ ინტერესში შედიოდა. თუმცა, თუ მოინდომებენ, დაამთავრებენ კიდეც. სხვა საქმეა, რომ ომი ისე უნდა დასრულდეს, რუსეთსაც და უკრაინასაც სახე შეუნარჩუნდეს. ორივემ უნდა თქვას, რომ ომიდან გამარჯვებული გამოვიდა. როგორ მოხერხდება ეს, ჯერ გაურკვეველია.
რუსა მაჩაიძე