დაარტყამს თუ არა უკრაინა აფხაზეთში რუსულ ბაზებს?! - დააკავეს გემი, რომელსაც აფხაზეთიდან ოდესაში აფეთქებებისთვის დრონები გადაჰქონდა
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) დავალებით, ოკუპირებული აფხაზეთიდან უკრაინაში გემით რუსული იარაღი და თავდასხმითი დრონები შეჰქონდათ, იგეგმებოდა ტერაქტი ოდესაში, - ამის შესახებ ინფორმაციასა და ვიდეოკადრებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (SBU) ავრცელებს. სპეცოპერაცია 29 მაისს ჩატარდა. დაკავებულია ოთხი პირი. სამართალდამცავებმა ამოიღეს 1800 კოლოფი კონტრაბანდული სიგარეტი, იარაღი, საკომუნიკაციო აღჭურვილობა და რუსული საბრძოლო დრონები (БПЛА) საბრძოლო ქობინებით, რომლებიც კონტრაბანდული თამბაქოს ტვირთში იყო დამალული.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ოპერაციას SBU და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გეგმავდნენ. გამოძიების თანახმად, კონტრაბანდული სქემის ორგანიზატორი ოდესელი ბიზნესმენია, რომელიც დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო ბიზნესსაქმიანობას ეწევა. უკრაინული მხარის მტკიცებით, კავკასიაში კონტრაბანდული საქმიანობისთვის საჭირო "ნებართვების" სანაცვლოდ ის რუსეთის ეფ-ეს-ბესთან თანამშრომლობდა. გამოძიების ვერსიით, სწორედ რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით დათანხმდა ის ოდესაში საბრძოლო დრონის შეტანას, რომლის გამოყენებითაც ტერორისტული თავდასხმა იგეგმებოდა.
უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ოდესელმა მეწარმემ სქემაში კიდევ სამი პირი და ოდესის ერთ-ერთი მესაზღვრე ჩართო. მესაზღვრეს უნდა უზრუნველეყო გემების შეუფერხებელი გადაადგილება ქალაქის სანაპიროსკენ. ამასთან, უკან დაბრუნებისას ჯგუფის წევრებს კონტრაბანდისტული ქსელის ხელმძღვანელის ძმა უნდა გაეყვანათ უკრაინიდან. სქემის ორგანიზატორს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. საქმეში მონაწილე დანარჩენ პირებს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და ქონების კონფისკაცია ემუქრებათ.
ეს პირველი საჯარო შემთხვევაა, როდესაც ოკუპირებული აფხაზეთის პორტი უკრაინაში დაგეგმილ რუსულ სპეცოპერაციას უკავშირდება.

"რადგან აფხაზური პორტები უკრაინის სისტემური დარტყმის ქვეშ არ არიან, რუსებისთვის იქიდან ოპერირება უფრო კომფორტულია"
მამუკა არეშიძე, "სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელი: - რუსეთი აფხაზეთის ტერიტორიას იყენებს იმისთვის, რომ უკრაინაში შეღწევადობის ხარისხი გაზარდოს. დღეს რუსეთი უაღრესად რთულ მდგომარეობაშია. ბლოკირებულია საზღვაო მარშრუტები და ბევრ მიმართულებას უკრაინული დრონები აკონტროლებენ. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ რუსული დრონებიც საკმაოდ აქტიურები არიან, მაგრამ რუსეთის სანაპიროები - ტუაფსე და ნოვოროსიისკი, სადაც თავდაცვის ინფრასტრუქტურაა, მუდმივი დარტყმის ქვეშაა. ამიტომ რუსებმა ოჩამჩირის პორტში განათავსეს ანტიუკრაინული სამხედრო პოტენციალის გარკვეული სეგმენტი, მათ შორის სამხედრო-საზღვაო სადაზვერვო კომპონენტი. ისევე, როგორც თავის დროზე იყო და ახლაც არის განლაგებული ბომბორას აეროდრომზე. აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ ოჩამჩირის პორტიდან გარკვეული სადაზვერვო და შეღწევადობის ოპერაციები იგეგმება. აქამდე ამ ოპერაციებს უკრაინის ეკონომიკის რღვევის სახე ჰქონდა, კონტრაბანდა იქნებოდა თუ სხვა ასეთი რამე. როგორც მერე გახდა ცნობილი, აფხაზეთის პორტებიდან უკრაინაში ნელ-ნელა იარაღის გადაზიდვაც დაიწყეს რუსული კონტინგენტის შესაიარაღებლად. შეიარაღებას ყირიმის მხრიდან და სხვა ადგილებიდანაც აწვდიან, მაგრამ რადგან აფხაზური პორტები უკრაინის სისტემური დარტყმის ქვეშ არ არიან, რუსებისთვის იქიდან ოპერირება უფრო კომფორტულია. აფხაზეთში მოსახლეობამ ეს არც იცის, ამიტომაც შეშფოთებას იწვევს უკრაინული დრონების ეპიზოდური გამოჩენა.
აფხაზურ პრესაში უკრაინულ სპეცოპერაციაზე არაფერს წერენ, პორტი აფხაზეთის ტერიტორიაზეა, მაგრამ მას რუსი სამხედროები განაგებენ და, შესაბამისად, ჩვენ რა შუაში ვართო, დაახლოებით ასე პოზიციონირებენ. გვახსოვს, როდესაც მარტში უკრაინულმა დრონებმა გადაკვეთეს აფხაზეთის საჰაერო სივრცე და ერთი ამბავი იყო ატეხილი, უკრაინელებს ამგვარი ტიპის თავდასხმებზე ახლაც ეხსნებათ გზა. ახლანდელი ტვირთი, რომელიც ოდესაში ჩავიდა, იმ მოცულობისა და საფრთხის შემცველი არ იყო, როგორადაც საინფორმაციო საშუალებებში გაჟღერდა, მაგრამ უკრაინელებისთვის მას დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა სამომავლოდ მოქმედების მეტი თავისუფლება ჰქონდეთ. უკრაინულ სპეცსამსახურებში ძალიან კარგად იციან, რა ტიპის პოტენციალი აქვს აფხაზეთში განლაგებულ რუსულ სამხედრო კონტინგენტს და როგორ აქტიურად მუშაობს უკრაინის წინააღმდეგ, რომ, მაგალითად, აქვს ძალიან მაღალი დონის ელექტრონული დაზვერვის შესაძლებლობა, რომელიც პრაქტიკულად უკრაინის ორ მესამედს ფარავს, ყირიმის ჩათვლით. თავის დროზე ეს სისტემა გუდაუთაში, ბომბორას აეროდრომზე იყო განლაგებული.
გასული წლის ბოლოს ოჩამჩირის პორტი ჯერ კიდევ არ იყო გადამწყვეტი მნიშვნელობის ობიექტი, მაგრამ შარშან დაიწყო მისი რეორგანიზაცია. ამის შემდეგ რუსეთის შავი ზღვის პორტებს სერიოზული დარტყმები მიაყენეს და გემები მიმოიფანტა. სევასტოპოლში მათი შენარჩუნება ვეღარ ხერხდებოდა, ნაწილი ნოვოროსიისკში შეიხიზნა, შედარებით მცირე ზომის გემებმა კი ოჩამჩირეს შეაფარეს თავი. ეს გემები შემდეგ გადაადგილდნენ და სად აღმოჩნდნენ, ვერ გეტყვით, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ თუ დეკემბერში ოჩამჩირე ჯერ კიდევ არ წარმოადგენდა მნიშვნელოვან კომპონენტს, დღეს ვითარება შეცვლილია. არ არის გამორიცხული, აფხაზეთის ტერიტორიას გაცილებით მეტი დატვირთვა ჰქონდეს და იქ განლაგებული რუსული კონტინგენტი სპეციალური დავალებებით უფრო მეტად იყოს დაკავებული, ვიდრე ადრე. ოჩამჩირელები ძალიან შეშფოთებული არიან - ერთი შეხედვით, ისინი უშუალოდ ომში ჩართული არ არიან, მაგრამ დარტყმის რისკს მაინც იღებენ. ახლა საქმეში ჩახედული ადამიანის შეკითხვაზე, აფხაზი მოხალისეები ხომ იბრძვიან რუსეთის მხარეს, ეს ადამიანები გმირებადაც არიან შერაცხილი, 84 დაღუპულზეა უკვე საუბარი და როგორ არ არიან ჩართული, მაგრამ აფხაზებს დემაგოგიური პასუხი აქვთ, ქართველი მოხალისეებიც იბრძვიან უკრაინის მხარეს, მაგრამ საქართველო ხომ არ არის ჩართული ამ ომშიო. ასეა თუ ისე, აფხაზები თვლიან, რომ ისინი ომში არ მონაწილეობენ და რატომ უნდა დაზარალდნენ. აფხაზების ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ აფხაზეთი გამოიყენება უკრაინაში დივერსიული ოპერაციებისთვის ისე, რომ მათ აზრს არავინ ითვალისწინებს, მოსწონთ ეს თუ არა. ერთი-ორი კვირის წინ ასლან კობახიამ, რომელსაც აფხაზეთის გმირის სტატუსი აქვს, ინტერვიუში თქვა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ჩვენ კი საჰაერო თავდაცვა არა გვაქვს და თავდასხმის შემთხვევაში თავს როგორ დავიცავთო.

- თუკი უკრაინა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსულ ბაზებს დაარტყამს, რა პოზიცია უნდა დაიკავოს თბილისმა?
- აფხაზეთი ოკუპირებული ტერიტორიაა და ასეთ შემთხვევაში დარტყმას ოკუპანტ ძალას მიაყენებენ. შესაბამისად, შეფასებაც სწორედ ამ მოცემულობიდან უნდა გაკეთდეს.
"როგორი იქნება თბილისის რეაქცია, თუ უკრაინა გუდაუთის ბაზას ან ოჩამჩირის პორტს დაარტყამს?"
ირაკლი ცქიტიშვილი, კონფლიქტოლოგი: - ამ ეტაპზე აფხაზეთში ისეთი განსაკუთრებული არაფერია, რაც რუსეთმა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში შეიძლება გამოიყენოს, გარდა გადაზიდვებისა. აფხაზეთში სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს გუდაუთის ბაზასა და ბაბუშერის აეროდრომს. ეს აეროდრომი თავის დროზე იმიტომ აშენდა, რომ თურქეთის აეროდრომებზე დაბლა მდებარეობს და შესაბამისად, იქიდან ადვილად კონტროლდება თურქეთის, ანუ ნატოს წევრი ქვეყნის, აეროპორტებიდან თვითმფრინავების აფრენა. დღეს ვერ ვხედავ, რომ ამ ინფრასტრუქტურას რაიმე კონკრეტული დანიშნულებით იყენებდნენ. გუდაუთის ბაზაზე რუსული სამხედრო კონტინგენტი მნიშვნელოვნად არის შემცირებული, თითქმის გაყვანილია. ერთადერთი, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სანქციებისგან თავის არიდების მიზნით, გარკვეული გადაზიდვები აფხაზეთის გავლით ხდება. დადასტურებით ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ გამორიცხული ნამდვილად არ არის, რადგან ოჩამჩირის პორტთან საკმაოდ სერიოზული ინფრასტრუქტურა და ახალი სასაზღვრო ტერმინალებია აშენებული. ეს ყველაფერი აშკარად მომზადებულია ტვირთების გადასაზიდად. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი პროდუქცია, რომელსაც სამხედრო ან ორმაგი დანიშნულება აქვს და საერთაშორისო სანქციების ქვეშ ექცევა. შესაძლოა მსგავსი ტვირთები გემებით თურქეთსა და ოჩამჩირეს შორის გადაადგილდებოდეს. ასევე არ არის გამორიცხული, თურქეთიდან საქართველოს გავლით ხდებოდეს სანქცირებული საქონლის შეტანა. საინტერესო იქნება ეკონომიკურ სტატისტიკაზე დაკვირვებაც, რომელ სფეროებში ვხდებით ექსპორტის ლიდერები. მაგალითად, ერთხანს საქართველო კოსმეტიკის ერთ-ერთ მსხვილ ექსპორტიორად მოგვევლინა. შეიძლება მსგავსადვე აღმოვჩნდეთ ტექნიკური ნაწილების ექსპორტის მიმართულებითაც, თუ მსგავსი ინფორმაცია სადმე გაჟონავს.
- თუკი აფხაზეთიდან გემები დივერსიული ოპერაციებისთვის გამოიყენება, რამდენად შესაძლებელია, რომ აფხაზეთის ტერიტორია უკრაინის სამიზნე გახდეს?
- თუ უკრაინას ექნება კონკრეტული ინფორმაცია და საფუძველი იმის სათქმელად, რომ აფხაზეთის ტერიტორიიდან მის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებია, ან იქიდან სამხედრო გემებით შეიარაღება გადააქვთ და ამ გზით მონაწილეობენ უკრაინის წინააღმდეგ ომში, უკრაინული მხარე შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს. საზღვაო ხომალდების განადგურება მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ისევე როგორც შორი მოქმედების საჰაერო დრონების გამოყენება. თუმცა მეორე საკითხიცაა, აფხაზეთი ოფიციალურად საქართველოს ტერიტორიის ნაწილია და თუ უკრაინა გუდაუთის ბაზას ან ოჩამჩირის პორტს დაარტყამს, როგორი იქნება თბილისის რეაქცია? უფრო მოსალოდნელია, რომ უკრაინა კონკრეტულ გემს ჩაძირავს, ვიდრე აფხაზეთში მდებარე რუსულ სამხედრო ობიექტს დაარტყამს. პირველ რიგში, დარტყმის ფასი შედეგს უნდა შეესაბამებოდეს, და მეორეც, საუბარია საქართველოს ტერიტორიაზე, რაც დამატებითი შემაკავებელი ფაქტორია.
ეკატერინე ბასილაია