არსე-ნულის ქართული გასაღები - კვირის პალიტრა

არსე-ნულის ქართული გასაღები

მნიშვნელოვანი სპორტული ამბებით გასულმა კვირამაც გაგვანებივრა (2-5 ივნისს ორი ამხანაგური მატჩი გამართა საქართველოს ნაკრებმა, ეროვნული გუნდიდან გავაცილეთ ნაკრების კაპიტანი და რეკორდსმენი (129 მატჩი) გურამ კაშია, ბათუმმა უმასპინძლა ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო მულტისპორტული ღონისძიების - საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალურ ეტაპს.), 11 ივნისიდან კი მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება, მაგრამ ქართველი გულშემატკივრისთვის, ისევ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგაზე ნაჩვენებ მის ფანტასტიკურ თამაშს უკავშირდება: "პარი სენ-ჟერმენი" ზედიზედ მეორედ გახდა უეფას ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი, პარიზული კლუბის ქართველი ვარსკვლავი კი წლევანდელი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა!

ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს ზედიზედ მეორედ დავესწარი. უეფას ტურნირების გადამწყვეტი შეხვედრები მედია-ტრიბუნიდან გასულ წლებშიც არაერთხელ მინახავს, ოღონდ ფინალები, სადაც ქართველ ფეხბურთელს არ უთამაშია, რაღა (გა)სახსენებელია?! თუმცა ხუმრობა გვერდით გადავდოთ, მართალია, პსჟ-ს და კვარას ტრიუმფიდან კვირაზე მეტი გავიდა, ვფიქრობ, ბუდაპეშტის "პუშკაშ არენასა" თუ სტადიონს მიღმა მომხდარი ამბები მაინც დაგაინტერესებთ:

ორად გაყოფილი ქალაქი

დუნაი ბუდაპეშტს ორ ნაწილად ყოფს: ქალაქის ძველი ნაწილი - ბორცვებსშეფენილი ბუდა, შედარებით წყნარი უბნებისგან შედგება, ვაკეზე გაშენებული პეშტი კი უფრო ხმაურიანი და ხალხმრავალია - დედაქალაქის ძირითადი ბიზნეს/სატრანსპორტო, გასტრონომიული და სპორტული ნაწილი. პეშტში მდებარეობს სახელგანთქმული "პუშკაშ არენაც" - ლეგენდარული ფერენც პუშკაშის სახელობის სტადიონი. დუნაის მსგავსად, ქალაქი ფინალმაც ორად გაყო - გადარეულ, მუდამ შეზარხოშებულ ინგლისელ ფანებად და ნაკლებად აგრესიულ (რატომღაც, მხოლოდ მშობლიურ პარიზს გადაბუგავენ ხოლმე) ფრანგებად. ფინალის დაწყებამდე ბრიტანელები გაცილებით აქტიურები იყვნენ. თუმცა, დაიწყო თუ არა მატჩი, ინიციატივა პსჟ-ს ქომაგებმა გადაიბარეს და "წითლები" თავიანთ საყვარელ კლუბზე მეტად თუ არა, ნაკლებად არ დაუჩაგრავთ. უეფამ თანაბრად (დაახლოებით 17-17 ათასი) გაანაწილა ბილეთები ფინალის მონაწილე კლუბებზე. დანარჩენი ადგილები ("პუშკაშ არენა" 67 000 მაყურებელს იტევს) "ნეიტრალურ" გულშემატკივარს უნდა შეევსო, თუმცა, ბუნებრივია, რომ ტრიბუნების უმეტესობაზე მაინც ორი ფერი - წითელი და ლურჯი ჭარბობდა. ერთი ინგლისელი ჯეელი განსაკუთრებით დამამახსოვრდა - ჩემგან ათიოდ მეტრში მჯდომი (უფრო სწორად, მდგომი, მთელი მატჩის განმავლობაში არც დამჯდარა) გვარიანად შეზარხოშებული ახალგაზრდა. "არსნალ, არსნალს" პირველი წუთიდან ბოლო თერთმეტმეტრიანამდე გაჰყვიროდა, შუალედებში მსაჯის და მეტოქე გულშემატკივრების გინებასაც ჩაუფენდა ხოლმე, მაგალიაეშის ბოლო პენალტის შემდეგ კი ლონდონის მზესავით დაიკარგა...

მზესთან ერთად, ისიც უნდა ვახსენოთ, რომ ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი ფინალი უეფამ ტრადიციულ დროსთან შედარებით 3 საათით ადრე (18:00 საათი ცენტრალური ევროპის დროით) დანიშნა. ოფიციალურ მიზეზად უსაფრთხოების დონის გაზრდა, მატჩის შემდგომი ტრანსპორტირების გამარტივება, ქალაქის ეკონომიკური აქტივობის ზრდა დასახელდა. კი ბატონო, უსაფრთხოება კარგია და ისიც, ფინალის დასრულების შემდეგ, სხვადასხვა ხასიათზე მყოფ ქომაგებს მატჩის შედეგის აღსანიშნად მეტი დრო რომ მიეცათ, თუმცა... საკლუბო ფეხბურთის მთავარ მატჩს - "მზის შუქზე" გამართვა არ უხდება... აქვე ისიც ვთქვათ, რომ "საფეხბურთო ტურისტის" სტატუსით უნგრეთის დედაქალაქს ასეულათასობით ადამიანი ესტუმრა. ცხადია, სტადიონი ყველას ვერ დაიტევდა, ამიტომ ნაწილმა ფინალს სტადიონის მიმდებარედ დამონტაჟებულ ეკრანზე, ან ბუდაპეშტის რომელიმე ბარში უყურა. მით უმეტეს, რომ "ჰოშოკ ტერეზე" (გმირთა მოედანი) მოწყობილი "ჩემპიონთა ფესტივალის" (ე.წ. ნეიტრალური ფან-ზონა) გარდა, ფინალის წინა დღეს მოეწყო "ლეგენდების ტურნირიც", სადაც ითამაშეს ლუიშ ფიგუმ, კაფუმ, ივან რაკიტიჩმა და სხვა ვეტერანმა ვარსკვლავებმა...

c245b559-6cdd-4ec4-b6eb-f6f0f98de527-1780863966.jpg

წითელი ავტობუსი ლონდონიდან

საფეხბურთო ჟარგონზე "ავტობუსის ჩაყენება" საკუთარი საჯარიმოს მთელი გუნდით დაცვას ნიშნავს. "არსენალმა" კი ბუდაპეშტში სახელგანთქმული ლონდონური ავტობუსის ორივე სართული "ჩაიტანა" და თავისი საჯარიმოდან ფეხი მთელი 120 წუთის განმავლობაში არ მოუცვლია! სწორედ ლონდონის "არსენალია" ერთადერთი კლუბი, უეფას ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშება წაუგებლად რომ დაასრულა (15 მატჩი - 11 მოგება, 4 ფრე). მიკელ არტეტას გუნდი არც ფინალის ძირითად და დამატებით დროში დამარცხებულა, მაგრამ საბოლოოდ მაინც უტიტულოდ დარჩა. "არსენალს" არაფერს ვერჩი, თუმცა "ანტიფეხბურთის" გამარჯვება ისეთ შემტევ გუნდზე, როგორიც ლუის ენრიკეს "პარი სენ-ჟერმენია" - უსამართლობა იქნებოდა!

ფინალი ყველამ ნახეთ და მის განხილვას არ მოვყვები. მხოლოდ რამდენიმე სტატისტიკური შედეგი გავიხსენოთ და თვითონ გადაწყვიტეთ - ჩემპიონთა თასს რომელი კლუბი უფრო იმსახურებდა: პსჟ-ს ბურთის ფლობა - 75,3% იყო, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ჩემპიონთა ლიგის ფინალების ისტორიაში. პარიზელებს 21 დარტყმა ჰქონდათ (მათ შორის, კარის ჩარჩოში - 4), "არსენალს" მხოლოდ - 7. 120 წუთის განმავლობაში ლონდონელებმა ერთადერთხელ მოარტყეს ბურთი მეტოქის კარის ჩარჩოში და ისიც გოლად იქცა. მოკლედ, ფრანგების დომინაცია იმდენად აშკარა იყო, რომ ენამახვილი გულშემატკივრები ხუმრობდნენ, - პსჟ-ს ბურთი ჰქონდა, "არსენალს" მხოლოდ იმედიო. იმედი და "ავტობუსი", რომელმაც ორი საათის განმავლობაში, ფაქტობრივად, შეუფერხებლად იმუშავა და მხოლოდ წამიერად "ჩაქრა" - ინგლისურ-ესპანური სისტემა მწყობრიდან "ქართულმა საწვავმა" გამოიყვანა! მატჩის მსვლელობა ამჯერადაც ხვიჩა კვარაცხელიამ შეცვალა! ტოტალური უპირატესობის მიუხედავად, პარიზული კლუბი ვერაფრით ახერხებდა "არსე-ნულის" კარისთვის გასაღების მორგებას, სანამ... კვარამ კიდევ ერთხელ არ დაამტკიცა, რომ ღრიჭოს პოვნა ნებისმიერ დაცვასა თუ სისტემაში შეუძლია. პენალტის ეპოზოდშიც გამოჩნდა, რომ მთელი მატჩის განმავლობაში ხვიჩა დაშავებული ფეხით თამაშობდა, ძირითადი დროის ბოლო წუთებზე ამას კუნთის დაჭიმვაც დაემატა და პარიზელთა "შვიდიანმა" სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. იქამდე, კვარას გამარჯვების მომტან გოლამდეც ცოტა დააკლდა - მისი დარტყმული ბურთი კარის ძელმა აისხლიტა. თუმცა, შეცვლამდე მოასწრო მთავარი - დემბელეს ანგარიში გაათანაბრებინა, და ისიც აშკარა გახადა, რომ "არსენალი" გოლის გამტანი აღარ იყო... მეტი აღარც პსჟ-ს გაატანინა და უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში პირველად, უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული თერთმეტმეტრიანი დარტყმების სერიამ გამოავლინა.

ნაკრები და მუნდიალი

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე არ თამაშობს. ვილი სანიოლის გუნდმა უკვე მოილია ივნისის ამხანაგური მატჩები (რუმინეთთან 1:1, ბაჰრეინთან - 2:0). ამ ორ მატჩში მოსაწონი ბევრი ვერაფერი ვნახეთ, თუმცა დღევანდელი წერილი სხვა თემაზეა.

და რადგან 19 ივლისამდე მთავარი თემა მსოფლიო ჩემპიონატი იქნება, საქართველოს ნაკრებზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ.

ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი

მოიგებს ხვიჩა კვარაცხელია 2026 წლის "ოქროს ბურთს"? რთული სათქმელია და ალბათ - ნაკლებად სავარაუდოც. არა იმიტომ, რომ მასზე მეტად სხვა ვინმე იმსახურებს. ამ მომენტისთვის რთულია დაასახელო ხვიჩაზე სასარგებლო, კრეატიული, შედეგიანი ფეხბურთელი. მეტი რა მაგალითი გვინდა - ხომ არ დაგვავიწყდა, ვინ დასახელდა უეფას ჩემპიონთა ლიგის 2025-2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ?! იმასაც შეგახსენებთ, რომ სამი წლის წინ კვარა უკვე აღიარეს ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ). მისნაირი სტატისტიკა (16 საგოლე მოქმედება 16 მატჩში - 10 გოლი, 6 "ასისტი") სხვას არავის ჰქონია, მაგრამ... საქმეც ის არის, რომ "ოქროს ბურთის" მფლობელი შემოდგომაზე დასახელდება, 19 ივლისს კი მსოფლიო ჩემპიონის ვინაობა გახდება ცნობილი და... დიდი ალბათობით, სწორედ მუნდიალი იქცევა ჩვენთვის მთავარ წინაღობად. ოთხწლეულის მთავარი ტურნირი, სადაც სტაჟიან თუ ახალბედა ვარსკვლავებს თავის გამოჩენის საუცხოო შანსი ეძლევათ...

ჰოდა, მოდით, 19 ივლისამდე დავიტოვოთ იმედი, რომ მსოფლიო ჩემპიონატი არ იქცევა "ოქროს ბურთის" რომელიმე ფავორიტის ბენეფისად. რომ ტურნირის საუკეთესო/გამორჩეულ მოთამაშედ მაინცდამაინც კვარას კონკურენტები არ მოგვევლინებიან...დავტკბეთ მომენტით, როცა არამხოლოდ ქართველები ვამტკიცებთ, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ჩვენი თანამემამულე ხვიჩა კვარაცხელიაა - ამას აღიარებენ მოქმედი თუ ვეტერანი ფეხბურთელები, მწვრთნელები, სხვადასხვა კლუბების გულშემატკივრები... 25 წლის ასაკში ხვიჩა კვარაცხელის უკვე აქვს უეფას ჩემპიონთა ლიგის ორი თასი (პირველი ქართველია, რომელმაც ეს ზედიზედ ორჯერ მოახერხა. ასევე პირველი ჩვენებური, ვინც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა), არის ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი (იქამდე - საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე), იტალიისა და საფრანგეთის ჩემპიონი, საფრანგეთის თასის და სუპერთასის მფლობელი, უეფას სუპერთასისა და ფიფას საკონტინენტთაშორისო თასის გამარჯვებული, სერია "ა"-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო გოლის ავტორი... რაც მთავარია - წარმატების მთავარი შემოქმედი ყველა კლუბში, სადაც უთამაშია!

ფინალის დაწყებამდე ბუდაპეშტის "პუშკაშ არენის" VIP-შესასვლელთან უამრავი ვარსკვლავი ვნახე. უმეტესობამ კომენტარზე უარი მითხრა (მათ შორის - მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა, რომელმაც გასულ პარასკევს თქვა, რომ "უახლოეს დღეებში "რეალი" კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ - 150-მილიონიან შეთავაზებას გააკეთებს "ერთ-ერთი" ფეხბურთელის სანაცვლოდ", რაფა ბეიტესმა, ანდრეი შევჩენკომ, პატრიკ კლუივერტმა, ედვინ ვან დერ სარმა და სხვ.), თუმცა, ორი სახელგანთქმული იტალიელის "გამოჭერა" მაინც მოვახერხე: ალესანდრო დელ პიერომ მითხრა, რომ კვარაცხელიას ფანტასტიკური სეზონი აქვს და ქართველ შემტევს წარმატებას უსურვებს, ალექსის არანაკლებ პოპულარულმა თანამემამულემ, მომღერალმა ეროს რამაზოტიმ კი, როგორც კი კვარა ვუხსენე, ვაჟიშვილ გაბრიოს დაუძახა და მაჩვენა - შეხედე, ჩემი ვაჟი ფინალზე ხვიჩა კვარაცხელიას მაისურით მოვიდაო!

ბედნიერებისთვის ცოტაც გვყოფნის! რატომაც არა?! მერე კიდევ, თუ რამაზოტის, დელ პიეროს, ტიერი ანრისა თუ სხვა ვარსკვლავების შეფასებები გვეცოტავება, აგერ, ბატონო, "მშრალი" ფაქტები: ხვიჩა კვარაცხელია უეფას ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორგზის ჩემპიონი და სეზონისს საუკეთესო ფეხბურთელია!

ფინალის მოკლე რეზიუმედ კი "პარი სენ-ჟერმენის" გულშემატკივრების კომენტარებიც გამოდგება:

..."ის არის ლიდერი, რომელსაც განსხვავების შექმნა შეუძლია. კვარაცხელია პარიზში ტიტულებისთვის მოვიდა და ზედიზედ ორი ჩემპიონთა თასი მოგვაგებინა!"

..."არსენალი" ფინალში ჭადრაკს თამაშობდა. ეს იყო სისტემების ომი. და ფრანგულმა სისტემამ გაიმარჯვა, რადგან მას კვარაცხელია ჰყავს - ხარვეზი სისტემურ კოდში!"

..."თუ ეს ბიჭი წელს "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, შეგვიძლია ფეხბურთი "დავკეტოთ".

ბუდაპეშტი-თბილისი