გზა ტრიუმფისკენ
სანამ მსოფლიოს ახალი ჩემპიონი ეყოლება, გავიხსენოთ ბოლო ანუ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული და მათი განვლილი გზა ტრიუმფამდე.
არგენტინა ყატარში ჩადის, როგორც ერთ-ერთი ფავორიტი. ეს მათი ოქროს თაობის ბოლო შანსია, ისევე როგორც ლიონელ მესისთვის, მოიგოს ნანატრი და ყველაზე დიდი პრიზი ფეხბურთის ისტორიაში - გახდეს მსოფლიოს ჩემპიონი არგენტინასთან ერთად...
2022 წლის 22 ნოემბერი. ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, არგენტინის ნაკრები, საუდის არაბეთის გუნდს უპირისპირდება, თანაც არგენტინას 36 მატჩია არ წაუგია თამაში, რაც დამატებითი მოტივაციაც იყო არგენტინელთათვის. პირველ ტაიმში გატანილი პენალტით მესიმ არგენტინა დააწინაურა, თუმცა მეორე ტაიმში სალეჰ ალ-შეჰრისა და სალემ ალ-დაუსარის გოლებმა საუდის არაბეთს ისტორიული გამარჯვება მოუტანა. საუდის არაბეთის შოკის მომგვრელმა 2:1 გამარჯვებამ არგენტინასთან დაასრულა არგენტინის ისტორიული 36-მატჩიანი წაუგებელი სერია. ეს სერია მხოლოდ ერთი მატჩით ჩამორჩა იტალიის ეროვნული ნაკრების ყველა დროის რეკორდს - 37 ზედიზედ მატჩს მარცხის გარეშე.
გაბრაზებული პრესა არგენტინის ნაკრებს არ ინდობდა, მსოფლიო ჩემპიონატის წაგებას მიჩვეული არგენტინელები კი კვლავ მარადონას იხსენებდნენ და თავს ამით იმშვიდებდნენ.
2022 წლის 26 ნოემბერი. მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ საუდის არაბეთთან დამარცხებულ შემადგენლობაში ხუთი ცვლილება განახორციელა. არგენტინას შემდეგი მატჩი მექსიკის ნაკრების წინააღმდეგ ჰქონდა, რომელიც აუცილებლად მოსაგები იყო, თუ არგენტინას ჯგუფიდან გასვლა სურდა. დაძაბული უგოლო ერთი საათის შემდეგ ლიონელ მესიმ არგენტინა "გააცოცხლა" და მთელ ბუენოს-აირესში ერთხმად გაისმა "გოოოლ!" მესიმ საჯარიმოს გარედან დაბალი დარტყმით ბურთი კარის ქვედა კუთხეში გაგზავნა. მოგვიანებით მან საგოლე გადაცემაც შეასრულა, რის შემდეგაც შეცვლაზე შემოსულმა ენცო ფერნანდეზმა საერთაშორისო კარიერაში პირველი გოლი გაიტანა. არგენტინა ჯერ კიდევ არ ტოვებდა მსოფლიო ჩემპიონატს და გაჩნდა იმედი.
როდრიგო დე პოლი: "პირველ ტაიმში ყველაფერი კარგად არ მიდიოდა - პირიქით, მაგრამ იმ დღეს ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ჩვენთვის გამარჯვების მოტანა შეეძლო, ნომერი 10 იყო და მან ეს გააკეთა".
ემილიანო მარტინეზი: "მექსიკასთან მატჩის შესვენება დაძაბული იყო. დარწმუნებული არ ვიყავით, რას ვაკეთებდით, საკუთარ თავს არ ვგავდით".
ჟულიან ილვარეზი: "სულ ცოტა გვაკლდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მეორე მატჩშივე გამოვვარდნილიყავით ტურნირიდან".
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ლიონელ მესი
2022 წლის 30 ნოემბერი. ამჯერად არგენტინამ პოლონეთი 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით არგენტინა ჯგუფის გამარჯვებული გახდა და მერვედფინალში გავიდა.
ემილიანო Mმარტინეზი: "ვიცოდი, რომ პოლონეთს დავჯაბნიდით. ისინი უბრალოდ გრძელ გადაცემებს აკეთებდნენ ლევანდოვსკის მიმართულებით. როცა გუნდები ღრმად იცავენ თავს, ჩვენ ბურთს კარგად ვათამაშებთ და მათთვის კარის მშრალად შენახვა ძალიან რთულია".
მესი: "ყველა მეტოქეს პატივს ვცემთ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთთან მოხდა, მაგრამ პოლონეთი შესწავლილი გვყავდა. თუ ჩვენ საუკეთესო ფორმაში ვიქნებოდით, მათ იოლად დავამარცხებდით".
2:0-ის დროს ერთმა ეპიზოდმა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო: შელაპარაკებამ მესისა და ლევანდოვსკის შორის.მესის მანამდე არაერთხელ შეუქია ლევანდოვსკი და აცხადებდა, რომ მას ეკუთვნოდა 2020 წლის ოქროს ბურთი, რომელიც ჩOVID-19-ის პანდემიის გამო არ გაცემულა. მოგვიანებით მესიმ იფიქრა, რომ ლევანდოვსკიმ მიანიშნა, თითქოს ეს სიტყვები გულწრფელი არ იყო, რამაც ძალიან გააღიზიანა. მატჩში ჩანდა, რომ მესი განზრახ ცდილობდა ლევანდოვსკის წინააღმდეგ თამაშს ერთ-ერთ ეპიზოდში და შემდეგ ხელის ჩამორთმევის ცდაც უგულებელყო.
ლიონელ მესი: "როცა "ოქროს ბურთი" მოვიგე და ის სიტყვები ვთქვი, გულწრფელად ვამბობდი. ამიტომ მისმა კომენტარმა გამაბრაზა. მოგვიანებით ვისაუბრეთ და აღმოჩნდა, რომ ეს გაუგებრობა იყო... მას გავუსწარი დრიბლინგით იმიტომ, რომ სწორედ ის იყო ჩემს პირისპირ. გაბრაზებული ვიყავი. ვფიქრობდი, რომ რაც თქვა, სწორი არ იყო".
2022 წლის 3 დეკემბერი. მერვედფინალი. არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დაუპირისპირდა ავსტრალიის ეროვნულ ნაკრებს, რომელმაც D ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და საფრანგეთის ნაკრებს ქულებით გაუთანაბრდა.
არგენტინა უკვე მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფშია: არგენტინა - ავსტრალია, 2:1
მესიმ არგენტინა დააწინაურა ტურნირზე მესამე გოლით. საჯარიმოში მასთან შემთხვევით მოხვედრილი ბურთით ისარგებლა და ანგარიში გახსნა, ხოლო მოგვიანებით ალვარეზმა უპირატესობა 2:0-მდე გაზარდა.
მესი: "ბურთი შემთხვევით მომივიდა. ოტამენდიმ დამინახა, შეჩერდა და ბურთიც დამითმო. ვეცადე სწრაფად დამერტყა, რადგან საჯარიმოში ბევრი სივრცე არ იყო. კართან ახლოს ვიყავი, მეკარემ კი დაგვიანებით მოახდინა რეაგირება, რადგან ამას არ ელოდა. ძალიან კარგი მომენტი იყო".

არგენტინა - ნიდერლანდები, 2:2
(პენალტები 4:3)
2022 წლის 9 დეკემბერი. მეოთხედფინალების წინ და მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე მიღებული ტრავმის რისკის მიუხედავად, ნახევარმცველი დე პოლი თამაშისთვის მზად არის. არგენტინას ნიდერლანდებთან მეოთხედფინალამდე ოთხი საათით ადრე ლუსაილში ბრაზილია ხორვატიასთან თამაშობს.
მესი: "სტადიონისკენ მაშინ გავედით როცა ბრაზილია 1:0-ს იგებდა. როცა სტადიონს ვუახლოვდებოდით, [ხორვატიამ] ანგარიში გაათანაბრა. გასახდელში მასაჟს მიკეთებდნენ. პენალტების სერია დაიწყო. ტელეფონით კუნი [აგუერო] პენალტებზე მწერდა..."
ფერნანდესი: "ჩვენ პენალტების სერიას ვუყურებდით. მახსოვს, როცა ბრაზილია გამოვარდა, ვყვიროდით და გვიხაროდა, შემდეგ სკალონი შემოვიდა და გვითხრა: "რას აკეთებთ, იდიოტებო, თამაში გვაქვს სათამაშო!" ნიდერლანდებთან მატჩამდე 10 წუთი იყო დარჩენილი და გასახდელში ხორვატიის გამარჯვებას ვზეიმობდით".…
არგენტინა-ნიდერლანდები ნამდვილი ომი იყო, რომელიც მაყურებლებს დაამახსოვრდათ, როგორც "ლუსაილის ბრძოლა", რაც ბარათებშიც აისახა - მატჩში 16 ყვითელი და 1 წითელი ბარათი აჩვენეს.
მატჩის პირველი ტაიმი შედარებით თანაბარი იყო და ორივე მხარეს პირველ ნახევარ საათში მკაფიო საგოლე მომენტი არ შეუქმნია. ორივე გუნდს ჰქონდა პერიოდები, როცა ისინი დომინირებდნენ, ხოლო არგენტინა რამდენჯერმე ახლოს იყო მომენტის შექმნასთან, მაგრამ დისციპლინირებულმა ნიდერლანდების დაცვამ ისინი შეაჩერა. არგენტინის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ვალტერ სამუელი დაახლოებით ნახევარი საათის ნიშნულზე გააფრთხილეს. შემდეგ არგენტინის კაპიტანმა და ფორვარდმა ლიონელ მესიმ საუცხოო ზუსტი პასით, რომლის დროსაც ნეთან აკეს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა და გაჭრა ნიდერლანდების დაცვა, ნაუელ მოლინას გაატანინა მატჩის პირველი გოლი. ტაიმი შედარებით მშვიდად მიმდინარეობდა, თუმცა 43-ე წუთიდან თამაში დაიძაბა: ნიდერლანდების ცენტრალურმა მცველმა იურიენ ტიმბერმა მიიღო პირველი ყვითელი ბარათი, რასაც მალევე მოჰყვა კიდევ სამი ყვითელი ბარათი - ნიდერლანდელ ვაუტ ვეგჰორსტს (რომელიც იმ დროს სათადარიგოთა სკამზე იყო), ასევე არგენტინელებს კრისტიან რომეროსა და მარკოს აკუნიას. აკუნიამ ტურნირზე მეორე გაფრთხილება მიიღო და ნახევარფინალში მონაწილეობა ვეღარ შეძლო. პირველი ტაიმი დასრულდა იმით, რომ არგენტინა აკონტროლებდა თამაშს, ხოლო ნიდერლანდებმა ვერ შექმნა ვერც ერთი მკაფიო საგოლე მომენტი.
მეორე ტაიმი ძალიან დრამატული იყო, რადგან თამაში გამძაფრდა და ნიდერლანდები გათანაბრებისკენ აქტიურად უტევდა. დაახლოებით 70-ე წუთზე აკუნია საჯარიმოს კიდესთან წააქციეს და მიღებული პენალტი მესიმ ზუსტად გამოიყენა. ამით არგენტინელებმა ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს, როცა მატჩის დასრულებამდე მხოლოდ 20 წუთი იყო დარჩენილი. შემდეგ მესი ნიდერლანდების მთავარი მწვრთნელის, ლუი ვან გაალისა და გუნდის სათადარიგოთა სკამის წინ ზეიმობდა. ეს მესისთვის მსოფლიო ჩემპიონატებზე მეათე გოლი იყო და მან გაათანაბრა გაბრიელ ბატისტუტას რეკორდი - არგენტინელი ფეხბურთელის მიერ მსოფლიო ჩემპიონატებზე გატანილი გოლების რაოდენობით. გოლის შემდეგ მესიმ ხელები ყურებთან მიიტანა ნიდერლანდების სამწვრთნელო შტაბის წინ, რაც ჰოლანდიელთა მწვრთნელის ვან გაალის მიმართულებით ირონიულ ჟესტად იქნა აღქმული. ეს ჟესტი მოგვაგონებდა ხუან რომან რიკელმეს, რომლის ურთიერთობაც ვან გაალთან მაშინ გაუარესდა, როცა ისინი 2000-იანი წლების დასაწყისში "ბარსელონაში" ერთად მუშაობდნენ, თითქოს მესიმ თანამემამულეზე "შური იძია".…
შემდეგ ნიდერლანდებმა შეცვლები გააკეთა, რათა არგენტინასთან შედარებით თავიანთი სიმაღლე და ფიზიკური უპირატესობა გამოეყენებინათ.
შემდეგ ვეგჰორსტმა ანგარიში 2:1 გახადა - მან თავი გამოიჩინა ზუსტი თავურით სტივენ ბერგჰაისის ჩაწოდების შემდეგ. ამის შემდეგ ნიდერლანდებმა უფრო გააძლიერა გათანაბრებისკენ სწრაფვის ჟინი და თამაში ძალიან დაიძაბა, რამდენიმე ფეხბურთელმა ყვითელი ბარათი მიიღო.
88-ე წუთზე ლეანდრო პარედესმა ნეთან აკესთან იუხეშა, შემდეგ კი გაჩერებული ბურთი ნიდერლანდების სათადარიგოთა სკამისკენ დამიზნებით ძლიერად დაარტყა, რის შემდეგაც დიდი შეხლა-შემოხლა დაიწყო - გაბრაზებული ნიდერლანდელი ფეხბურთელები პარედესს მიეჭრნენ, ხოლო ნიდერლანდების კაპიტანმა ვირჯილ ვან დაიკმა ის ძირს დააგდო. არგენტინის სათადარიგოთა სკამი მაშინვე ჩაერთო თანაგუნდელის დაცვაში, რასაც დაპირისპირება მოჰყვა, და პარედესი გააფრთხილეს. ამ ინციდენტების შემდეგ დაძაბულობა იმდენად გამწვავდა, რომ არგენტინის მწვრთნელიც კი, ლიონელ სკალონი, გააფრთხილეს.
მატჩის ბოლოს დამატებით 10-წუთიანი კომპენსირებული დრო დაინიშნა. მატჩის ბოლო მე-100 წუთზე ნიდერლანდებს საჯარიმოს გარეთ საჯარიმო დარტყმა მიეცათ, რაც მათთვის ბოლო შანსი იყო თამაშის გასათანაბრებლად. დარტყმის პირდაპირ კარში შესრულების ნაცვლად, ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა ტეუნ კოპმაინერსმა ბურთი რბილად გადააწოდა ვეგჰორსტს, რომელიც დამცველებს შორის შეძვრა და გოლი გაიტანა - ამით ანგარიში გაათანაბრა და მატჩი დამატებით დროში გადავიდა.
ბოლო წუთზე გაშვებული გოლის შოკის შემდეგ არგენტინელი ფეხბურთელები მაშინვე შეტევაზე გადაერთვნენ, თუმცა ნიდერლანდების მტკიცე დაცვამ თამაშის გათანაბრებული ანგარიში შეინარჩუნა.
მატჩი პენალტების სერიაში გადავიდა და არგენტინამ გაიმარჯვა ანგარიშით 4:3.
მესი: "მაღიზიანებს, როცა ხალხი მოედნის გარეთ ლაპარაკობს და უპატივცემლობას იჩენს. მოედანზე შეიძლება მილიონი რამ მოხდეს, მაგრამ ეს იქვე რჩება. მატჩის წინ სიტუაციის დაძაბვა ან უპატივცემლობა არასდროს მახასიათებდა და არ მომწონს, როცა სხვები ასე მექცევიან".
მესი კიდევ ერთხელ იყო არგენტინის მთავარი შთაგონება - მან ჯერ ნაუელ მოლინას პირველი ტაიმის გოლისთვის გააკეთა საგოლე გადაცემა, შემდეგ კი პენალტი ზუსტად გამოიყენა.
მესი: "როდესაც გოლი რიკელმეს სტილში აღვნიშნე, ეს იმ წამსა და მომენტში გავაკეთე და მაშინვე ვინანე. ვიფიქრე: "რა სულელი ვარ... ახლა მთავარია, არ წავაგოთ".
2:0-დან ნიდერლანდებმა თამაში შემოაბრუნა, თუმცა მაინც დამარცხდნენ... მეკარე ემილიანო მარტინეზი არგენტინის გმირი გახდა პენალტების სერიაში - მან ორი პენალტი მოიგერია: ვირჯილ ვან დაიკისა და სტივენ ბერგჰაისის დარტყმები.
2022 წლის 13 დეკემბერი - ნახევარფინალი. არგენტინა-ხორვატია
ეს გუნდები ერთმანეთს ბოლოს წინა მსოფლიო ჩემპიონატზე შეხვდნენ, სადაც ხორვატიამ არგენტინა 4:0 დაამარცხა და ტურნირს გამოთიშა. ახლა კი არგენტინა ფინალთან ერთ ნაბიჯში იყო და შურისძიების წყურვილიც ძლიერი ჰქონდა...
მესი: "ჩვენ ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე [2018]-ში ხორვატიასთან ვითამაშეთ და მათ ოთხი გოლი გაგვიტანეს, მაგრამ ეს სხვა იყო. ვიცოდით, რომ თუ გავიდოდით, ხორვატიის დამარცხება შესაძლებელი იყო".
ალვარეზის პირველი გოლი ხორვატიის ნახევარზე გაკეთებული ლამაზი სპრინტით დაიწყო, ხოლო მისი მეორე გოლი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კომბინაციის შედეგი იყო ტურნირზე - მესის საოცარი დრიბლინგის შემდეგ, რომელმაც ხორვატიის მცველი გვარდიოლი "დააბნია", და ბოლოს ალვარესს მარტივი გოლის გატანა დაუტოვა დავალებად.
არგენტინამ ხორვატიის წინა მსოფლიოს წყენა არ დაივიწყა და მათ ანგარიშით 3:0 მოუგო. ამ გამარჯვებით არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა...
2022 წლის 18 დეკემბერი - მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი
არგენტინა 3:3 საფრანგეთი (პენალტებით 4:2). მატჩი ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ფინალი იყო მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში.
არგენტინამ პირველი ტაიმი 2:0 ანხელ დი მარიასა და მესის გოლების წყალობით მოიგო. არგენტინელები თითქოს უკვე თასის აწევაზე ფიქრობდნენ, როდესაც კილიან მბაპემ არგენტინის კარში დანიშნული პენალტი გამოიყენა და სხვაობა შეამცირა - 2:1. პირველი გოლიდან ძალიან მალე კილიან მბაპემ ძალიან ეფექტური და ლამაზი გოლი შეაგდო, რამაც ტრიბუნებზე მყოფი ემანუელ მაკრონი აღაფრთოვანა, ისევე როგორც მთელი საფეხბურთო სამყარო და ანგარიში უკვე თანაბარი იყო. მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა. არგენტინას თითქოს უკვე მოგებული თასი ხელიდან ეცლებოდა. 2:0-დან 2:2-მდე ანგარიშის შეცვლა, თანაც ასეთ მოკლე დროში ნამდვილად დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა იყო არგენტინელთათვის. მატჩში დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც 108-ე წუთზე ლიონელ მესიმ ჰუგო ლორისის მოგერიებული ბურთი კარში გაგზავნა, რითაც არგენტინის ნაკრები 3:2 დააწინაურა. ნანატრ ჯილდომდე არგენტინას 10 წუთი აშორებდა, თუმცა მატჩის ბოლოს არგენტინელ მცველ გონზალო მონტიელს ბურთი ხელზე მოხვდა და კილიან მბაპეს კიდევ ერთი პენალტის შესრულების შანსი მიეცა, რომელიც მან წარმატებით გამოიყენა და სტადიონიც თავიდან "ააფეთქა".
ანგარიში 3:3 გახდა. მთელი მსოფლიო უკვე პენალტების სერიას ელოდებოდა, როდესაც უეცრად ფინალების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მომენტი ვიხილეთ.
დამატებითი დროის 120-ე წუთზე, როცა ანგარიში 3:3 იყო, ფრანგი კოლო მუანი აღმოჩნდა ემილიანო მარტინეზის პირისპირ. მარტინეზი სწრაფად გამოვიდა კარიდან, შეამცირა კუთხე და მარცხენა ფეხით გადამწყვეტი მოგერიება გააკეთა, დაბლოკა კოლო მუანის დარტყმა. დამატებაზე ბურთი მცირე ხნით ისევ თამაშში დარჩა, მაგრამ არგენტინის მცველებმა სიტუაცია გაასუფთავეს. ამ მოგერიებამ ანგარიში უცვლელი დატოვა და მატჩი პენალტების სერიამდე მიიყვანა, სადაც არგენტინამ საბოლოოდ 4:2 მოიგო.
გადამწყვეტი, ბოლო პენალტი გონზალო მონტიელმა გაიტანა, სწორედ იმ მოთამაშემ, ვის გამოც არგენტინის კარში მეორე პენალტი დაინიშნა და ანგარიში 3:3 გახდა... სანამ გონზალო მონტიელმა ბურთი მარცხენა კუთხეში გაგზავნა, მანამდე ოპერატორების ყურადღება ლიონელ მესის ეთმობოდა. როდესაც მონტიელი დასარტყმელად ემზადებოდა, მესიმ ჩაილაპარაკა: "ეს შეიძლება დღეს მოხდეს, ბებო" - ის ამ მსოფლიო ჩემპიონობას ბებიას უძღვნიდა. მისი თქმით, სწორედ ამიტომ აღნიშნავს ყველა გოლს ხელების აღმართვით: "ყველა ჩემი წარმატება ბებიაჩემს ეძღვნება, მან შემიყვანა ფეხბურთზე და სჯეროდა ჩემი". ამასობაში მონტიელმა დაარტყა და ამ გოლით "უკვდავი" გახდა, ისევე როგორც ყველანი არგენტინის იმ გუნდში, რადგან მათ მოუტანეს მომავალ თაობებს ის მესამე და ნანატრი ვარსკვლავი მაისურზე, რომელსაც მთელი არგენტინა მოუთმენლად ელოდა.
არგენტინამ მოიგო 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, ხოლო მესიმ - კარიერაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატი.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ლიონელ ანდრეს ლეო მესი კუჩიტინი დასახელდა.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშე ასევე ლიონელ მესი იყო.
ტურნირის საუკეთესო მეკარე: ემილიანო მარტინეზი.
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი კი ენცო ფერნანდესი.
* * *
მესის მიერ არგენტინას მაისურით წაგებული ფინალები.
2007 წლის "კოპა ამერიკას" ფინალი: წააგო 3:0 ბრაზილიასთან მარაკაიბოში, ვენესუელა.
2014 წლის FIFA მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი: წააგო 1:0 გერმანიასთან დამატებითი დროის შემდეგ, რიო-დე-ჟანეიროში, ბრაზილია.
2015 წლის "კოპა ამერიკას" ფინალი: წააგო ჩილესთან 4:1 პენალტებში, სანტიაგოში, ჩილე.
2016 წლის "კოპა ამერიკა ჩენტენარიო“-ს ფინალი: წააგო ჩილესთან 4:2 პენალტებში, ნიუ-ჯერზი.
ფინალებში წაგებისგან განრისხებული გულშემატკივრების მიერ მესის დამწვარი მაისურები, ჩამოხეული პლაკატები, ქალაქებში წარწერები: "შენ ხარ მესი, მაგრამ ვერასდროს იქნები მარადონა". ყველა ცუდი მოგონება ერთად გაქრა, დაკარგული იმედი კი თავიდან გაჩნდა - ლიონელ მესიმ მსოფლიოს თასი აღმართა და ამით არგენტინის კიდევ ერთი #10 სამუდამოდ დარჩა ისტორიას...
დაჯილდოების ცერემონიის დროს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომენტატორი პიტერ დიური ამბობს: "პატარა ბიჭს როსარიოდან, ბოლოს და ბოლოს, თავისი მსოფლიო თასი აქვს... ლიონელ მესი ამ წამს ხელს ჩამოართმევს ფეხბურთის სამოთხეს, ლიონელ მესი, ყველა დროის უდიდესი ფეხბურთელი".
დიურის კომენტარი ხაზს უსვამდა, რომ მესიმ საბოლოოდ "დახურა ფეხბურთი" 2022 FIFA World Cup-ის მოგებით არგენტინასთან ერთად, და განსაკუთრებით ემოციურად აღწერდა მისი კარიერული ისტორიის დასრულებას, ვიდრე ერთ კონკრეტულ მოკლე ციტატას.
ფინალის დასრულების შემდეგ დიურის ეს სიტყვები მესიმ განამტკიცა: "ფეხბურთში მისაღწევი მე აღარაფერი დამრჩა, ყველა არსებული ტიტული მოვიგე..."
ნიკოლოზ თევდორაშვილი