რატომ აბრალებენ საქართველოს იმას, რასაც... სომხეთი აკეთებს?
"კვირის პალიტრის" ამ ნომრის გამოსვლისთვის უკვე ცნობილი იქნება, თუ რა შედეგებით დამთავრდა საპარლამენტო არჩევნები სომხეთში და ვინ გაიმარჯვა - დასავლეთისკენ გეზაღებულმა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის მომხრეებმა თუ რუსეთის "საფარქვეშ"“ დარჩენის მოსურნეებმა.
საქართველოსთვის სულერთი სულაც არ არის, თუ რა პოლიტიკურ გზას აირჩევს მეზობელი სომხეთი და თუკი ის რუსეთისგან ევროპისა და აშშ-ისკენ შებრუნდება, ეს ჩვენს ინტერესებშიც უნდა ხვდებოდეს, მიუხედავად იმისა, რომ თავად საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არცთუ ნორმალური ურთიერთობა ჩამოუყალიბდა აშშ-თან და განსაკუთრებით კი ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან. თუმცა, საბედნიეროდ, უკვე გამოჩნდა ნიშნები იმისა, რომ ოფიციალური თბილისი და ვაშინგტონი ურთიერთობების გადატვირთვას იწყებენ, მაგრამ კვლავ არის ცდები, რომ ორ ქვეყანას შორის „გადატვირთვას“ ხელი შეუშალონ.
საქმე ის არის, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მოსმენის დროს საქართველოსთან ურთიერთობების საკითხზე სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მხოლოდ მას შემდეგ ილაპარაკა, რაც პასუხი გასცა რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის კითხვას: "პროირანული რეჟიმისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მხარდამჭერი "ქართული ოცნების" არალეგიტიმური მთავრობა საფრთხეს უქმნის აშშ-ის წვდომას, არჩევნები არ იქნეს გაყალბებული საქართველოში. ისინი ეხმარებიან ირანულ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს სანქციებისთვის გვერდის ავლაში. თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს, რათა მოვაგვაროთ საქართველოს რესპუბლიკაში "ქართული ოცნების" მთავრობის მხარდაჭერილი სწრაფი რადიკალიზაცია?"
79 წლის ედისონ გრეივს ჯო“უილსონ-უფროსი ამერიკელი პოლიტიკოსი-რესპუბლიკელია, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრია და კონგრესის ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიაშიც შედის. კვირა არ გავა, რომ ჯო უილსონმა საქართველო რამდენჯერმე არ ახსენოს, ძირითადად, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მკაცრი კრიტიკით, რაც აჩენს ეჭვს, რომ ამერიკელი კონგრესმენი საქართველოს თემაზე ვინმესთვის რაიმეს საფასურის დაპირების „გამომუშავებას“ ხომ არ ცდილობს?
მისი ბოლო ბრალდება, რომელმაც მარკო რუბიოსთან კითხვის დასმისას გაიჟღერა, ასეთ სიტყვებს შეიცავდა: "პროირანული რეჟიმისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მხარდამჭერი "ქართული ოცნების" არალეგიტიმური მთავრობა საფრთხეს უქმნის აშშ-ის წვდომას.
ეს ბრალდება ძალიან უცნაურია მაშინ, როცა სამხრეთ კავკასიაში საქართველოს მეზობელმა სომხეთმა 28 მაისს ერევანში სამხედრო აღლუმზე ჩაატარა სწორედ ირანული და ჩინური წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები და სადაზვერვო-დამრტყმელი დრონები, რომლებიც სომხეთის მთავრობამ ახლახან შეიძინა, ძალზე გასაიდუმლოებულად, განსხვავებით ინდური და ფრანგული წარმოების შეიარაღებისა, რომელთა ყიდვაზე ხელშეკრულებების დადებას დელისა და პარიზთან ერევანი დიდად არც ასაიდუმლოებდა. რა გამოდის, ამერიკელი კონგრესმენი საქართველოს ბრალად სდებს იმ ირანსა და ჩინეთთან „"ჩახუტებას", რომლებსაც აშშ-ის მტრებად მიიჩნევს და ამასთან, ვერ ხედავს სომხეთის მიერ სწორედ იმ ირანული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების შეძენას, რომლებმაც ამერიკელებს უკვე ჩამოუგდეს 25 ერთეულამდე "პრედატორის"“ ტიპის დრონი ირანის ციდან და ჰორმუზის სრუტის თავზე? ან ჩინური ანტირადიოლოკაციური ბარაჟირებადი, ასევე დიდი სადაზვერვო-დამრტყმელი დრონების შესვლას სომხეთის არმიის შეიარაღებაში?
სომხეთი დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომელსაც სურს თავი დააღწიოს რუსეთის მარწუხებს და ყარაბაღის მეორე ომში წაგების შემდეგ ცდილობს გადააიარაღოს არმია, რისი სრული უფლებაც აქვს. ფაშინიანის მთავრობის მიერ რუსულის ნაცვლად ინდური, ჩინური, ირანული და ფრანგული შეიარაღების შესყიდვა ძალიან აღიზიანებს კრემლს, თუმცა არც ბაქოში არიან ამით აღფრთოვანებული.
ამერიკელი მხცოვანი კონგრესმენი კი საქართველოზე ამტვრევს ჯოხს ირანსა და ჩინეთთან დაახლოების ბრალდებით, მაშინ როცა ეს ორი ქვეყანა რეალურად საქართველოს კი არა, მეზობელ სომხეთს აიარაღებს, რასაც ჯო უილსონი ვერ ან, უფრო სწორად, არ ხედავს, რაც ორმაგი პოლიტიკური სტანდარტის თვალსაჩინო მაგალითია.
იმას, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ძალიან რთული ურთიერთობა აქვს ვაშინგტონთან და მით უმეტეს, ბრიუსელთან, ყველა ვხვდებით, ისევე როგორც იმას, რომ ასე უსასრულოდ გაგრძელება აღარ შეიძლება, თუნდაც მხოლოდ ერთი უმთავრესი მიზეზის გამო - საქართველოს ორი რეგიონი მოსკოვს აქვს ოკუპირებული და არა ბრიუსელსა თუ ვაშინგტონს, შესაბამისად, ამითაც ჩანს, ვინ არის ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი მტერი.
და ამ ისედაც არასახარბიელო სიტუაციის დროს, როდესაც მხცოვანი ამერიკელი კონგრესმენი დამატებით იმას აბრალებს საქართველოს, რომ თურმე ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს სანქციებისთვის გვერდის ავლაში... ვეხმარებით (მაშინ როდესაც სახეზეა სომხეთ-ირანის ინტენსიური სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა), ვის შეკვეთას ასრულებს ის?