"შე ბებერო, შენა..." ანუ როგორ გაამწარა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმირ პუტინი?!
აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინს წერილი გაუგზავნა - თან დასცინა, თან სამშვიდობო მოლაპარაკება შესთავაზა“ (ავტორი - ენდრიუ კრამერი), რომელშიც უკრაინა-რუსეთის ომის პერსპექტივაა განხილული. რაც შეეხება თვითონ უკრაინის ლიდერის წერილის ტონს რუსი კოლეგისადმი, ექსპერტებმა უფრო ნეგატიურად შეაფასეს, ვიდრე -პოზიტიურად.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
„როცა ხელისუფლებაში 26 წელი ხარ, ასაკი უკვე შენზე გავლენას ახდენს“, - ასე დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი რუსი კოლეგისადმი გაგზავნილ წერილში და წაიტრაბახა როგორც ამას წინათ სანქტ-პეტერბურგზე მიყენებული დარტყმით, ასევე - სახმელეთო ოპერაციებში მიღწეული წარმატებით.
წერილში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის საიტზეა გამოქვეყნებული, რუსეთისადმი შეთავაზებულია სამშვიდობო მოლაპარაკების განახლება, მაგრამ სამწუხაროდ, შეთავაზებას თან ახლავს დაცინვა-ირონიები იმაზე, რომ ვლადიმერ პუტინს ბოლო დროს ფორტუნამ ზურგი შეაქცია: ფრონტებზე წარუმატებლობას განიცდის, ეკონომიკაში ინფლაცია მეფობს და რომ რუსეთი ჩინეთზე დამოკიდებული გახდა. გარდა ამისა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა ვლადიმერ პუტინის ასაკს და შეიძლება ითქვას, თანამდებობისთვის შეუფერებლად მიიჩნია.
უკრაინის პრეზიდენტი ომის სხვადასხვა მომენტების დროს, წარსულშიც მიმართავდა თავის მოწინააღმდეგეს - ვლადიმერ პუტინს - პირადად და რუს ხალხსაც - ზოგადად, როგორც ვიდეოთი, ისე - ეპისტოლური წესით, მაგრამ ბოლო წერილი, წინა მიმართვებთან შედარებით, ყველაზე მკვეთრი და დამამცირებელია.
ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ ამჟამად ვლადიმერ პუტინმა ხელისუფლებაში ყოფნის 26 წლიდან 12 წელი უკრაინის წინააღმდეგ დახარჯა. ქრონოლოგიას უკრაინის ლიდერი 2014 წლიდან იწყებს - ყირიმის ოკუპირებიდან, შემდეგ კი აგრძელებს რუსეთის არმიის შეჭრით უკრაინაში - 2022 წელს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინს ცეცხლის შეწყვეტას სთავაზობს და იქვე ხაზს უსვამს, რომ თუ კრემლი დათანხმდება, ეს სრულიად შესაძლებელია. უკრაინის ლიდერი ასევე მზადყოფნას გამოხატავს, გაგრძელდეს შეხვედრები სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან ერთად, რომლებიც ამჟამად შეწყვეტილია, ირანთან ომის გამო.
ვოლოდიმირ ზელენსკის ასევე სურს მოლაპარაკებაში ევროპული ქვეყნების ჩართვა, მაგალითად, შვეიცარიის, თურქეთის და რომელიმე არაბული სახელმწიფოს მონაწილეობაც. საერთოდ მან ადრეც მიმართა მსგავსი შეთავაზებით რუს ლიდერს, მაგრამ - უშედეგოდ.
მართალია, ღია წერილის ადრესატს ვლადიმერ პუტინი წარმოადგენს, მაგრამ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის დაწერილია დონალდ ტრამპის ყურადღების მისაქცევადაც. გარდა ამისა, გაურკვეველია, თუ რის მიღწევას უფრო მეტად ცდილობს ვოლოდიმირ ზელენსკი - მოლაპარაკების განახლება-დაჩქარებას თუ პოტენციური მეტოქის დამცირებას?!
წერილში სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების შეთავაზებას თან ახლავს მწვავე დამცინავი კბენები ე.წ. „მკაცრ, ნებისყოფიან, პრინციპულ ლიდერზე“, რომელსაც სინამდვილეში იმის უნარიც კი არ აქვს, რომ უკრაინის დრონებისაგან მოსკოვი (დედაქალაქი) და სანქტ-პეტერბურგი (მნიშვნელობით მეორე ქალაქი) დაიცვას.
„ხელისუფლებაში 26-წლიანი ყოფნის შემდეგ ასაკი უკვე თავისას შვრება“, - დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წერილში და ამით აქცენტი გააკეთა ვლადიმერ პუტინის 73-წლიან ასაკზე. უკრაინის მეთაური თავის რუს კოლეგაზე 25 წლით უმცროსია. ანუ მან ეჭვი შეიტანა რუსეთის მმართველობის სტაბილურობაში, მისი ლიდერის ძალაუფლებაში და უნარში - სწორად მართავს თუ არა ხანდაზმული ვლადიმერ პუტინი სახელმწიფოს.
წერილში ასევე მოხსენიებულია რუსეთში მზარდი უკმაყოფილება ბენზინის დეფიციტის გამო, რომელიც უკრაინული დრონების ეფექტიანმა მოქმედებამ გამოიწვია.
ამასთან, როგორც დამოუკიდებელი ანალიტიკოსების უმრავლესობა აცხადებს, ვლადიმერ პუტინს შიდა უწესრიგობები და რაიმე ანტისამთავრობო აქცია-მიტინგები სრულიად არ ემუქრება.
პროკრემლურმა ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ წერილში უხეშობისა და უტიფრობის გამოვლენას.
მაგალითად, სერგეი მარკოვმა, რომელიც ხშირად არის კრემლის რუპორი, ვოლოდიმირ ზელენსკის ბრალდება წაუყენა, რომ წერილში „იგი რუსეთის პრეზიდენტს შეურაცხყოფს და რუსეთის საზოგადოებაში დაპირისპირების გაჩენა-გაღვივებას ცდილობს“. სერგეი მარკოვის განცხადებით, ზელენსკის წერილი უზრდელურია, სავსეა ჰიპერტროფირებული თავხედობით და მუქარით“ - შესაბამისად, ასეთ უტიფარ კაცს წერილობითი პასუხი არც უნდა გაეცეს.
როგორც ჩანს, ვოლოდიმირ ზელენსკის წერილს უფრო მეტად პიარის მიზანი ჰქონდა, ვიდრე საქმიანი შეთავაზებისა - სწორედ იმ დღეს უკრაინელმა დრონებმა სანქტ-პეტერბურგი დაბომბეს, რაც რუსეთის „ჩრდილოურ დედაქალაქში“ საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის გახსნას დაემთხვა. უფრო ადრე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, როგორც ცნობილია, ირონიულად მოიხსენია ის ფაქტი, რომ პუტინმა, უკრაინული დრონების სავარაუდო თავდასხმის გამო, მოსკოვში 9 მაისთან დაკავშირებული სამხედრო აღლუმი გააუქმა.
„ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ რუსებისთვისაც არ არის კომფორტული ისეთ რეალურ სიტუაციაში ცხოვრება, როგორშიც უკრაინელები ცხოვრობენ“, - აღნიშნავს წერილში ვოლოდიმირ ზელენსკი. მან ეჭვი გამოხატა აშშ-ის საშუამავლო საქმიანობის წარმატებაში და პუტინს ასე მიმართავს: „ჩვენ გავიგეთ, რომ ალასკის შეხვედრის დროს თქვენ დონალდ ტრამპი უკრაინასთან და ევროპასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრაზე დაგთანხმდათ, მაგრამ თვითონვე ხომ უკვე დარწმუნდით, რომ უკრაინული და ევროპული პრობლემები ანკორიჯში არ გადაწყდება“.
გაურკვეველია, რისი მიღწევა სურს ვოლოდიმირ ზელენსკის ასეთი წინააღმდეგობრივი მიდგომით - დათვის გაჯავრება უნდა მას თუ მშვიდობის მოწოდება?!
თუმცა ერთი რამ ცხადია: წერილის ტონს და დრონების პროვოკაციულ დარტყმას შეუძლია უკრაინელთა განწყობა აამაღლოს. წერილი ასევე შეიძლება იყოს სიგნალი აშშ-ის უპირველესი პერსონისათვის [დონალდ ტრამპისათვის], რომ მისი მეგობრის - ვლადიმერ პუტინის მდგომარეობა უარესდება. და ბოლოს, არ არის გამორიცხული, რომ რუსულ საზგადოებაში უთანხმოება გაღვივდეს.
რაც უნდა იყოს, უკრაინაში დარწმუნებულები არიან, რომ რუსეთს თავისი სარაკეტო დარტყმებით უკვე არაფრის მიღწევა აღარ შეუძლია იმაზე მეტად, რაც უკვე მიღწეულია.
მოამზადა სიმონ კილაძემ