რატომ უჭირთ მოქალაქეებს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება?! - მევლუდ მელაძის ანალიზი
„პრობლემა მხოლოდ გზებზე არსებული ორმოები არ არის, ხშირად მონიშვნები ფაქტობრივად, წაშლილია, საგზაო ნიშნების მითითებები კი რეალურ გარემოს არ ემთხვევა“,- ამის შესახებ საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ნაწილზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას საგამოცდო მარშრუტებზე არსებული ინფრასტრუქტურული ხარვეზები წარმოადგენს.
კერძოდ, როგორ მევლუდ მელაძე განმარტავს, ხშირად საგზაო მონიშვნები მკაფიოდ არ ჩანს, საგზაო ნიშნები და გზის მოწყობა ერთმანეთს არ შეესაბამება, მსგავსი გარემოებები კი კანდიდატებს დამატებით სირთულეებს უქმნის.
"მართვის მოწმობის გამოცდაზე კონკრეტული მონიშვნა ან ზებრა, რომელიც ზოგჯერ საერთოდ არ ჩანს, კანდიდატის წინააღმდეგ გამოიყენება"
„თუ სახელმწიფო გამოცდას მაბარებინებს, მაშინ საგამოცდო მონაკვეთი მაინც სრულად უნდა იყოს მოწყობილი ისე, როგორც საჭიროა. ზოლი, საგზაო ნიშანი, გაჩერების ადგილი – ყველაფერი შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს იმ წესებთან, რომელსაც ადამიანი თეორიული მომზადების დროს სწავლობს. როდესაც ინფრასტრუქტურა ამ მოთხოვნებს არ შეესაბამება, ბუნებრივია, კანდიდატი გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდება.
პრობლემა მხოლოდ გზებზე არსებული ორმოები არ არის, ხშირად მონიშვნები ფაქტობრივად, წაშლილია, საგზაო ნიშნების მითითებები კი რეალურ გარემოს არ ემთხვევა.
ასეთ შემთხვევებში გამომცდელმა უნდა შეაფასოს არა მხოლოდ ფორმალური მოთხოვნების დაცვა, არამედ ისიც, რამდენად ადეკვატურად და უსაფრთხოდ მოიქცა მძღოლი კონკრეტულ სიტუაციაში“, - ამბობს მევლუდ მელაძე.
მისი შეფასებით, განვითარებულ ქვეყნებშიც შესაძლოა, ინფრასტრუქტურა ყოველთვის იდეალური არ იყოს, თუმცა იქ გამოცდის მთავარი მიზანი მძღოლის რეალური უნარებისა და უსაფრთხო მართვის შეფასებაა.
„სხვა ქვეყნებში ხშირად უბრალოდ ქალაქში გადაადგილდები, გვერდით გიზის გამომცდელი და აფასებს, რამდენად უსაფრთხო და ადეკვატური ხარ. მნიშვნელობა ენიჭება გადაწყვეტილების მიღების უნარსა და უსაფრთხო მართვას. ჩვენს შემთხვევაში კი ხშირად კონკრეტული მონიშვნა ან ზებრა, რომელიც ზოგჯერ საერთოდ არ ჩანს, კანდიდატის წინააღმდეგ გამოიყენება“, - აცხადებს მევლუდ მელაძე.
მისი თქმით, პრაქტიკული გამოცდების სისტემაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მიდგომაა, რადგან გამომცდელები ხშირად ორიენტირებული არიან არა კანდიდატის ჩაბარებაზე, არამედ მისი შეცდომების მოძებნაზე.