“არალეგიტიმური „ქართული ოცნების“ რეჟიმი ქვეყანას ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე, ომის დამნაშავე პუტინსა და ირანზე ყიდის“ - ჯო უილსონი
საქართველო შეერთებული შტატების მამაცი, დიდი ხნის მოკავშირეა და მისი მოსახლეობა აბსოლუტურად უჭერს მხარს დასავლეთთან მტკიცე ურთიერთობას, - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარმომადგენელთა პალატაში "კავკასიაზე ჩინეთის კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლის აქტის“ მიღების წინ განაცხადა.
„არალეგიტიმური „ქართული ოცნების“ გუნდის რეჟიმი ქვეყანას ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე, ომის დამნაშავე პუტინსა და ირანზე ყიდის ქართველი ხალხისა და შეერთებული შტატების ინტერესების საწინააღმდეგოდ. საქართველოში არჩევნები გაყალბდა“, - აღნიშნა უილსონმა.
მისი მტკიცებით, „მარიონეტული „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა“, გასულ კვირას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, ტყუილში დაადანაშაულა.
„ამ თაღლითური რეჟიმის ქცევა საფრთხეს უქმნის ყველაფერს, რასაც პრეზიდენტმა ტრამპმა სამხრეთ კავკასიაში მიაღწია და უნდა შეიცვალოს“, - აღნიშნა უილსონმა.
მისი განცხადებით, „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შეერთებულ შტატებთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან თანამშრომლობს რეგიონში რუსეთის გავლენის მოსაშორებლად და ნატო-ს მოკავშირე თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.