რას ითხოვენ ამერიკელები "ოცნებისგან" და ოპოზიციისგან?! - დავით ზურაბიშვილის ანალიზი: "ჩინეთი და ირანი არ გვინდაო, ოპოზიციამ არჩევნებს ბოიკოტი არ უნდა გამოუცხადოსო და..."
"რაც შტატებს უნდა და რაც მამას უნდა, ამას გაიგებთ თქვენ მოგვიანებით", - ასე გამოეხმაურა პრემიერი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებას, სადაც მარკო რუბიომ მკაფიოდ აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა საქართველოს კითხვის პასუხად უკვე გააცნო ურთიერთობების გასაუმჯობესებლად საჭირო პირობები და ახლა თბილისისგან არა მხოლოდ ორმხრივი ტრაექტორიის, ხელისუფლების ქცევის შეცვლას მოელის. რუბიოს ეს განცხადება ოპოზიციამაც თავისთვის სასარგებლოდ თარგმნა და ხელისუფლებამაც, მაგრამ ცხადია, ახლა პოზიცია-ოპოზიციის აღქმებზე მთავარი ის არის, თუ კონკრეტულად რას ითხოვს აშშ და რისთვის არის მზად "ქართული ოცნება". ამ საკითხებზე ანალიტიკოს დავით ზურაბიშვილს ვესაუბრებით.
- გულწრფელად რომ გითხრათ, ტრამპის ადმინისტრაციაზე მაინცდამაინც მაღალი აზრის არ ვარ, რომ რასაც ამბობს, ბოლომდე მიჰყვება. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა ტრამპს ან მისი ადმინისტრაციის წევრებს რაღაც უთქვამთ და მერე გადაუთქვამთ. ასე მოხდა ირანთან, მანამდე უკრაინასთან დაკავშირებით და ბევრ სხვა შემთხვევაშიც. აქაც ჯერჯერობით ვერ ვხედავ ამერიკისგან საქართველოს ხელისუფლებაზე რაიმე სერიოზულ ზეწოლას.
უფრო მგონია, ეს განცხადებებიც ლობისტური ამბავია - აი, ჩვენი ინტერესები ვუთხარით და ისინიც პოზიტიურად არიან განწყობილიო. რუბიოს ეს ნათქვამიც მე ასეთად მომეჩვენა - კონკრეტულს ის არაფერს ამბობს. სენატორების განცხადებაშიც ერთადერთი კონკრეტული ის იყო, რომ უნდა იყოს ოპოზიციის ჩართულობა. რაში გამოიხატება ეს და რომელ ოპოზიციაზეა ლაპარაკი, არ ვიცით. შეიძლება, სიტყვაზე, იაგო ხვიჩიას გულისხმობენ. ხელისუფლებამ შეიძლება ისეთი ინტერპრეტაცია მისცეს, აგერ გვყავს ოპოზიცია, გახარიას პარტია და სხვები, ხოლო "ნაცმოძრაობა" მტრები არიანო. საერთო ჯამში კი ამ ყველაფერს ორივე მხრიდან უსასრულოდ ოპტიმისტური მოლოდინები მოსდევს და რეალურად კონკრეტულ შედეგს ვერ ვიღებთ.
- რა მოლოდინი გაქვთ, ხელისუფლება შეიცვლის პოზიციას?
- ჯერ ერთი, კობახიძემ გაიმეორა ხელისუფლების ძველი პოზიცია - ჩვენ გვინდა ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვა, მაგრამ ჩვენი სუვერენიტეტის პატივისცემითო. ამ "სუვერენიტეტის პატივისცემაში" კი ის იგულისხმება, რომ ბატონ ბიძინას როგორც მოეხასიათება, ისე უნდა გადაწყვიტოს. სიმპტომატურია ისიც, რომ დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებსა და პატიმრების გათავისუფლებაზე პირდაპირ არავინ საუბრობს - არც ამერიკის და არც ჩვენი მხრიდან. ამიტომ პროგნოზირება მიჭირს, თუ რა შეიძლება მოხდეს. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, "ქართული ოცნების" ამერიკასთან დალაგების იმედი არარეალურად მეჩვენება უფრო სუბიექტური მიზეზების გამო. ჯერ ერთი, საქართველო არ არის მზად ირანთან ურთიერთობის გადასახედად. ერთადერთი, რაც მარკო რუბიოს განცხადებებშიც ჩანდა და ტრამპის მოსვლის შემდეგ ამერიკის პოლიტიკასთანაც უნისონშია, არის ის, რომ ამ რეგიონში ჩინეთისა და ირანის გავლენა არ უნდათ. დანარჩენი კი უფრო ზრდილობიანი ფრაზებია.
- აქ დემოკრატიული პროცესების ფორსირებას რამდენად ელოდებით?
- საერთოდ არ არის ამაზე საუბარი და ამის ნიშნებსაც ვერ ვხედავთ. ერთადერთი, ხელისუფლებისთვის მკაფიო სიგნალი იყო პოზიცია, ჩინეთი და ირანი არ გვინდაო, რამაც შეიძლება ხელისუფლებას ამერიკასთან ურთიერთობაში ძალიან შეუშალოს ხელი. ოპოზიციასთან კი ერთადერთი მკაფიო მესიჯი ის იყო, რომ არჩევნებს ბოიკოტი არ უნდა გამოუცხადონ. მგონი, ეს არ ნიშნავს, თითქოს ამერიკას ბიძინა ივანიშვილისთვის კოჭის გაგორება უნდა. უბრალოდ, არჩევნების ბოიკოტი ამერიკელებისთვისაც, ევროპელებისთვისაც და ზოგადად ყველასთვის გაუგებარია. თუ არ ჩავთვლით ევროპარლამენტის იმ წევრებს, რომლებმაც არჩევნების წინ ოპოზიციონერების ხათრითა და კარნახით რეზოლუციაში ბოლო მომენტში რაღაცები შეცვალეს... მართალი გითხრათ, ვერ წარმომიდგენია, ახლანდელი პოზიციიდან გამომდინარე, ოპოზიცია 2028 წლის არჩევნებზე როგორ უნდა გავიდეს და ეს როგორ უნდა გაამართლოს. ამ ალიანსის ტაქტიკა ის არის, რომ წინა პირობად ბიძინა ივანიშვილის დანებებას ითხოვენ - ჯერ ის დანებდეს და მერე მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობასო. პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა, რა თქმა უნდა, მესმის და არასწორი სულაც არ არის, მაგრამ, როდესაც ამ მოთხოვნებს არჩევნებში მონაწილეობის წინა პირობად აყენებ, ეს უკვე პრობლემაა. ეს ხომ ნიშნავს, თუ ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, არჩევნებში არ მონაწილეობ, შესაბამისად, თავად არჩევნებს ეკარგება აზრი. ეს ხელისუფლებისთვის სტიმულია, რომ არაფერი შეცვალოს. თუ ეტყვიან, რომ არჩევნებზე არ წავლენ, ხელისუფლება არაფერს დათმობს. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2028 წლის მერე ყველაფერი მის ხელში აღმოჩნდეს, ამისთვის კი ერთ-ერთი მთავარი პირობა ოპოზიციის სრული გაქრობაა. ახლა რომ ოპოზიცია პარლამენტში არ არის, რამეში ხელი ეშლება ხელისუფლებას? წამითაც არა! თუ საკონსტიტუციო უმრავლესობაც ექნება, მთლად გარანტირებული იქნება და რასაც მოისურვებს, იმას გააკეთებს. ამიტომ, მიჭირს იმის გაგება, როგორ უნდა გამოძვრეს ოპოზიცია ამ სიტუაციიდან.