გია ხუხაშვილის ანალიზი: ცდილობდა თუ არა მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებასთან გარიგებას და ვინ არის მართალი ნიკა მელიასა და მიშას დაპირისპირებაში?!
"ოპოზიცია იკრიბება, ალიანსებს ქმნის, ერთმანეთს ეხუტებიან, შემდეგ ლანძღავენ, ვირტუალურ პარტიებად იქცნენ. თუ ხალხის მხარდაჭერა არ გექნებათ, კაპიკია თქვენი ფასი, რაც ამერიკელებმაც იციან და ევროპელებმაც. ველი უნდა მოსუფთავდეს", - ამ განცხადებით ეხმაურება ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ბოლო პერიოდში ქართულ ოპოზიციურ ველზე არსებულ ვითარებას და საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიას დაპირისპირებას. მისივე თქმით, რადიკალიზმი, რომელსაც ოპოზიცია თესავს, საბოლოოდ თავად მათ ჭამთ. ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ თუ მოქმედმა პოლიტიკურმა ძალებმა ამომრჩევლის ნდობის აღდგენა ვერ შეძლეს, პოლიტიკური სისტემის განახლებისა და ახალი ლიდერების გამოჩენის აუცილებლობა დადგეს. რამდენად ღრმა კრიზისშია ოპოზიცია, რას ელოდება დასავლეთი ქართული პოლიტიკური ძალებისგან და რამდენად რეალურია პოლიტიკური ველის გადალაგება, - ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" გია ხუხაშვილს ესაუბრა.
- ფაქტობრივად, ორი ფრთა არსებობს: ერთი ე.წ. ალიანსი, თუ მას შეიძლება ალიანსი ეწოდოს, რადგან შიდა დაპირისპირებები სრულიად აშკარაა; მეორე ფრთას უფრო ობიექტური პრობლემები აქვს. "ნაციონალური მოძრაობისა" და მასთან დაკავშირებული ჯგუფების მიღმა ორი პოლიტიკური პარტიაა, რომელთა მთავარი სირთულე ის არის, რომ ორივე პარტიის ლიდერი დევნილობაშია.
ხელისუფლებამ ყველაფერი იღონა, რომ ისინი პოლიტიკური პროცესებისთვის ჩამოეცილებინა. ეს მოცემულობა ხელისუფლებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის, თუმცა ოპოზიციას პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. მთავარი პრობლემა ის არის, რომ კვლავ ვერ ახერხებს საზოგადოებასთან ნორმალური კომუნიკაციის დამყარებას. რეალური პოლიტიკური ძალა პარტიებში კი არა, ხალხშია. თუ გინდა გაძლიერდე და ხელისუფლების რეალურ ალტერნატივად იქცე, საზოგადოების მხარდაჭერა უნდა მოიპოვო, ხოლო მხარდაჭერა მხოლოდ ხალხთან მუდმივი დიალოგით, უშუალო ურთიერთობით, რეგიონებში სიარულითა და ყოველდღიური პრობლემების გაზიარებით მიიღწევა. ეს ურთულესი პროცესია, რომელსაც თან ახლავს როგორც ფინანსური, ისე უსაფრთხოების რისკები, მაგრამ პოლიტიკა რთული და მძიმე საქმეა და თუ ამის კეთება არ შეგიძლია, უნდა აღიარო. ასეთ შემთხვევაში პოლიტიკური სივრცე იმ პირებისთვის გათავისუფლდება, ვისაც რეალურად შეუძლია საზოგადოებასთან მუშაობა და პოლიტიკური ლიდერობა. სამწუხაროდ, დღეს საპირისპირო პროცესს ვხედავთ, პოლიტიკურ ველზე ახალი პირების გამოჩენა მოქმედი პოლიტიკური ჯგუფების აგრესიას იწვევს. როგორც კი ახალი ფიგურა გამოჩნდება, მისი დისკრედიტაციისა და განეიტრალების კამპანია მყისიერად იწყება. ამ ვითარებაში ხელისუფლებისთვის საკმარისია ამომრჩეველს დაანახოს, რომ ოპოზიცია სუსტი, დაქსაქსული და არაეფექტიანია. მისი გზავნილი მარტივია: შესაძლოა მე იდეალური არა ვარ, მაგრამ ჩემი ოპონენტები უკეთესები არ არიანო. სამწუხაროდ, ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილიც სწორედ ასე ფიქრობს, ხელისუფლება არ მოსწონს, მაგრამ ალტერნატივასაც ვერ ხედავს. პროტესტის კაპიტალიზაცია და კონსოლიდაცია ლიდერის გარეშე შეუძლებელია. ნებისმიერი მასშტაბური პოლიტიკური პროცესი საჭიროებს ადამიანს ან ჯგუფს, რომელიც საზოგადოებრივ უკმაყოფილებას მიმართულებას მისცემს. მსოფლიოში არ არსებობს არმია, რომელმაც მთავარსარდლის გარეშე ომი მოიგო. ხელისუფლების მთავარი ამოცანაც სწორედ ეს არის - პროტესტი დააქუცმაცოს, საზოგადოების უკმაყოფილება ერთმანეთთან დაპირისპირებულ ჯგუფებად აქციოს.
- მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ "მიუხედავად ყველაფრისა, ჯანსაღი პროცესი მიმდინარეობს და მღვრიე წყალი, ბოლოს და ბოლოს, იწმინდება", რომ პოლიტიკაში საბოლოოდ იდეა და იდეალისტი ადამიანები იმარჯვებენ და არა ინტერესები, ფული და გავლენიანი ჯგუფები. რამდენად ეთანხმებით ამ შეფასებას?
- გასაგებია, მაგრამ როდესაც თავად ამღვრევ წყალს და შემდეგ ამბობ, რომ ეს წყალი, ბოლოს და ბოლოს, იწმინდება, ცოტა წინააღმდეგობრივად ისმის. რა თქმა უნდა, რაღაც ეტაპზე ვითარება შესაძლოა დალაგდეს, მაგრამ ეს მისი ძალისხმევის შედეგი არ იქნება. პირიქით, ის მუდმივად ხელს უწყობს დაპირისპირებისა და კონფლიქტის გაღრმავებას. თუმცა მხოლოდ მასზე ვერ ვიტყვით ამას, პრაქტიკულად ყველა ამღვრევს წყალს და ძნელი სათქმელია, ვინ ასრულებს რეალურად პოზიტიურ როლს.
- მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა მელიას საჯარო პოლემიკა დიდი ხანია გრძელდება და ხშირად მთელი ოპოზიციური დღის წესრიგის მნიშვნელოვან ნაწილსაც იკავებს. თქვენი შეფასებით, ვინ უფრო მეტად განსაზღვრავს ამ დაპირისპირების ტონსა და დინამიკას და რამდენად ახდენს ეს პროცესი გავლენას მთლიანად ოპოზიციურ ფლანგზე?
- მელიას წერილის წაკითხვის შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის გულწრფელად საუბრობს. დეტალებში არ შევალ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ნიკა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის წინააღმდეგი იყო და პირადად აფრთხილებდა ამ ნაბიჯის შესაძლო შედეგზე. ამიტომ გაუგებარია სააკაშვილის საუბარი შეთქმულებაზე, როდესაც არ ასახელებს იმ პირებს, ვინც, მისი თქმით, საქართველოში ჩამოიტყუა. თუ კონკრეტულ პირებს ადანაშაულებს, რატომ არ ამბობს, ვის გულისხმობს? რატომ ტოვებს ამ საკითხს ბუნდოვანს და სხვადასხვა ინტერპრეტაციის სივრცედ? იქმნება შთაბეჭდილება, რომ საკითხს განზრახ არ აზუსტებს, რაც მხოლოდ სპეკულაციებისა და ურთიერთეჭვების გაძლიერებას უწყობს ხელს. ასეთი მიდგომა უფრო უნდობლობას აღრმავებს, ვიდრე სიმართლის დადგენას უწყობს ხელს.
- მელიამ ასევე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლებასთან შესაძლო გარიგების ცდებზე. თქვენ თუ ხედავთ რაიმე გარემოებას, რომელიც ამ ვერსიას რეალურთან დააახლოებდა?
- სააკაშვილი ყოველთვის გამოირჩეოდა ძლიერი ეგოცენტრიკულობით. მას არაერთხელ დაუდასტურებია, რომ საკუთარ თავს განსაკუთრებული პოლიტიკური მისიის მქონე ფიგურად აღიქვამს. ეს დამოკიდებულება მის დღევანდელ განცხადებებშიც ჩანს. ამ ხედვიდან გამომდინარე, მგონია, ის თავს გარკვეულწილად შეზღუდულად გრძნობს. მას სჭირდება პოლიტიკური სივრცე და ეს სივრცე მხოლოდ ქართულ პოლიტიკას არ უკავშირდება, საკუთარი თავი უფრო ფართო, საერთაშორისო პოლიტიკური პროცესების ნაწილად წარმოუდგენია. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ თავისუფლების სანაცვლოდ ხელისუფლებასთან გარკვეული ტიპის შეთანხმების სურვილი ან ცდა ჰქონოდა. თუმცა ფაქტია, თუ მსგავსი რამ მართლაც არსებობდა, შედეგამდე არ მისულა. სააკაშვილი კვლავ პატიმარია, ისევე როგორც ნიკა მელია, ამიტომ რეალურ შეთანხმებაზე საუბრის საფუძველი დღეს არ ჩანს.