"როგორც ჩანს, მართლა წყალი აქვს შემდგარი ირაკლი კობახიძეს...ბიძინა ივანიშვილი რამდენიმე კანდიდატზე მსჯელობს და" - ლევან სანიკიძე
როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი ძალიან უკმაყოფილოა მისი მთავარი ვეზირის სამსახურით. როგორც ჩანს, მართლა წყალი აქვს შემდგარი ირაკლი კობახიძეს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან სანიკიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის ბრიფინგს, სადაც მან „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეზე, ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრა.
როგორც სანიკიძემ აღნიშნა, „ფაქტია, რომ ქვეყნის დასავლელ პარტნიორებსა და ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს ლიდერს ვერ არწმუნებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი არაფერ შუაშია“.
„როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი ძალიან უკმაყოფილოა მისი მთავარი ვეზირის სამსახურით. ეს არის ამ ქვეყნის სირცხვილი. სრული ქლესაა ირაკლი კობახიძე. ეს არის ქლესაობა, რასაც ვუყურებთ. ირაკლი კობახიძე არის კლასიკური ქლესა. ოღონდ, ქლესებშიც გადის მეორე ადგილზე, იმიტომ, რომ ირაკლი ღარიბაშვილზე მაგარი ქლესა მაინც ვერ იქნება. სად ზის ირაკლი ღარიბაშვილი კი ვხედავთ. აღმოჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მესამედ მობრუნებულა იმის გამო, რომ ირაკლი ღარიბაშვილი და გრიგოლ ლილუაშვილი დაეჭირა. კორუფციას მიაქვს ეს ქვეყანა, შეჭამეს ივანიშვილმა, მისმა ოჯახმა და მისი ოჯახის სათამაშოებმა... ირაკლი ღარიბაშვილზე მაგარი ქლესა მაინც ვერ იქნება. როგორც ჩანს, მართლა წყალი აქვს შემდგარი ირაკლი კობახიძეს და ის მოარული ხმები, რომელიც დადის, რომ უკვე მისი შემცვლელები არიან შერჩეულები და ბიძინა ივანიშვილი რამდენიმე კანდიდატზე მსჯელობს, როგორც ჩანს, ამაშია ეს კაცი დარწმუნებული და ამიტომ ცდილობს, რომ ივანიშვილზე უფრო ივანიშვილი იყოს. არ გამოვა ეს ამბავი.
კაცმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყანაში არის არაფორმალური მმართველობის ზენიტი. კაცი ამბობს, რომ ხომ კონსტიტუციურად არცერთი ორგანოს ხელმძღვანელი არ არისო ბიძინა ივანიშვილიო, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან რჩევებს სახელმწიფოსთან დაკავშირებით მას ვეკითხებიო. ანუ ვინ მართავს ამ ქვეყანას? - ბიძინა ივანიშვილი, კაცი, რომელიც არაფერზე არ აგებს პასუხს. ირაკლი კობახიძემ პასუხი რაზე უნდა აგოს? ხომ არის ვითომ პრემიერ-მინისტრი, რაზე უნდა აგოს პასუხი? ყველამ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი მართავს და მაშინ პასუხისმგებლობა აიღოს ბიძინა ივანიშვილმა.
ფაქტია, რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და არამარტო დასავლელ პარტნიორებს, ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს ლიდერს ვერ არწმუნებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი არაფერ შუაშია. როგორც ჩანს, აქვს დამატებითი შიშები ახალი სანქციების, აშშ-ის შეერთებული შტატების გააქტიურების რეგიონში და ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი არაფერ შუაშია, ირაკლი კობახიძე მართავს საქართველოს. ამის ვის სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი არაფერ შუაშია?
"ინტერპრესნიუსი"