დაბრუნდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრობის თანამდებობაზე?! - გიორგი შარაშიძის პროგნოზი
თავად ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგი სახელი მოუძებნა, როდესაც კობახიძის წინამორბედზე, ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრობდა - მან თქვა, „რაც გინდათ, ის დაუძახეთ” - აი, რაც გინდათ, ის დაუძახეთ ბატონ ირაკლი კობახიძეს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრიფინგის შეფასებისას განაცხადა.
შარაშიძემ მედიას აჩვენა ფოტო, რომელიც ილჰამ ალიევის ვიზიტის დროს გავრცელდა და სადაც ირაკლი კობახიძე, ბიძინა ივანიშვილი და ილჰამ ალიევი ჩანან.
შარაშიძის თქმით, აღნიშნული ფოტო ყველაფერზე მეტყველებს და აჩვენებს “სინამდვილეში ვინ არის ირაკლი კობახიძე.”
„ერთი ფოტო მინდა გაჩვენოთ - გახსოვთ თქვენ ეს ფოტო? ეს არის ალიევის ვიზიტი და კარგად გახსოვთ, როგორ დგას კუთხეში ბატონი კობახიძე ნაცვლად იმისა, რომ ის, როგორც საქართველოს ფორმალური პრემიერ-მინისტრი, უნდა ყოფილიყო ასეთი მნიშვნელოვანი, მაღალი დონის სტუმრის პირადი მასპინძელი. ეს ფოტო მგონი ყველაფერზე მეტყველებს, არ უნდა ამას ზედმეტი ახსნა-განმარტება. აქ ჩანს კარგად, სინამდვილეში ვინ არის ირაკლი კობახიძე. თავად ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგი სახელი მოუძებნა, როდესაც მის წინამორბედზე, ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრობდა - მან თქვა, „რაც გინდათ, ის დაუძახეთ”. აი, რაც გინდათ, ის დაუძახეთ ბატონ ირაკლი კობახიძეს. როგორც ჩანს, საქართველოში არაფორმალური მმართველობის შემოქმედი თავად არის, თორემ სად გაგიგიათ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ასე აქტიურად იყოს და პირდაპირ აკონტროლებდეს ხელისუფლების ყველა შტოს - საკანონმდებლოსაც და აღმასრულებელსაც?”, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
კითხვაზე, რაზე მეტყველებს პრემიერის ბრიფინგი და შეიძლება თუ არა იგეგმებოდეს ცვლილებები, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პოზიციებში, შარაშიძემ განაცხადა, რომ ყველაფერია მოსალოდნელი, თუმცა ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური თანამდებობა არ იქნება გამოსავალი „იმ ჩიხიდან, რა ჩიხშიც ირაკლი კობახიძემ და „ოცნებამ“ შეიყვანეს ეს ქვეყანა“.
"ინტერპრესნიუსი"