ქალაქელების საოჯახო ფერმა თამარაშენშია
"ქალაქიდან კვლავ სოფელში ადაპტირება ძალიან რთული იყო... დღესდღეობით ჩვენს ფერმაში 50 სული საქონელია, როგორც მერძეული, ისე მეხორცული", - ამბობს მაია სამსონაშვილი, რომელიც თავის საქმიანობაზე გვიამბობს.
- ქალაქ რუსთავში დავიბადე და გავიზარდე, მყავს მეუღლე - მურმან ლიჩელი და ორი შვილი. მეუღლე ქარელის რაიონიდანაა, სადაც 9 წელიწადს ვიცხოვრეთ, მაგრამ ბავშვებს სკოლის ასაკი რომ მოუვიდათ, საცხოვრებლად ქალაქში გადავედით. პარალელურად სოფლად მეურნეობაც გვქონდა, მოგვყავდა ბოსტნეული და სხვადასხვა კულტურა. მე კოსმეტიკურ კომპანიაში ვიზაჟისტად, პროდუქციის ტრენერად ვმუშაობდი... შემდეგ შეიცვალა პირობები და სუპერმარკეტში დავიწყე მუშაობა ჯერ კონსულტანტად, შემდეგ მოლარედ. ბავშვები რომ წამოიზარდნენ, სურდათ ბიზნესი წამოეწყოთ. ვინაიდან 4-5 სული საქონელი ყოველთვის გვყავდა, დაიბადა იდეა, ფერმა აგვეშენებინა და რძის პროდუქტები გვეწარმოებინა. ეს უფრო დააჩქარა "კოვიდის" პერიოდმა. ბანკიდან ბიზნესსესხი ავიღეთ და ფერმა ავაშენეთ. მარტივი არ იყო, ჯერ კიდევ არ გვქონდა გაცნობიერებული, რამხელა პასუხისმგებლობას ვიღებდით და რამდენ რამეზე ვამბობდით უარს.
46 წლის ვარ და ძალიან რთული იყო ქალაქიდან კვლავ სოფელში ადაპტირება. თავდაპირველად ადგილობრივი ჯიშის ძროხები მოვამრავლეთ, ვისწავლეთ მათი მოვლა, რძის დამუშავება და რეალიზება. რაც დრო გადიოდა, ეს საქმე მით მეტ დროს, ენერგიასა და ფინანსებს მოითხოვდა, ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვეძინა პროდუქტიული ევროპული ჯიშის ძროხები, რომელთაც ძალიან დიდი მოვლა და ყურადღება ესაჭიროებათ. სტრესი რომ არ განიცადონ, კომფორტი უნდა ჰქონდეთ, რომ შედეგიც შესაბამისი მოგცენ.

ფერმა ქარელის რაიონ სოფელ თამარაშენშია. ჩვენი დევიზია ვაწარმოოთ ნატურალური რძის პროდუქტები, რომელიც არცთუ ბევრია ბაზარზე. ამ სფეროში უკვე 6 წელიწადია ვართ. ეს არის სამსახური 24/7-ზე, სადაც არა გყავს უფროსი, მაგრამ არა გაქვს დასვენების დღეები. ხარ ათობით პირუტყვზე პასუხისმგებელი. მარტივი არ იყო ბაზარზე თავის დამკვიდრება, მიუხედავად იმისა, რომ ნატურალურ პროდუქტს ვაწარმოებთ. ჩვენი პროდუქციის ხარისხი რომ არ გაფუჭდეს, საჭიროა ფურების ხარისხიანი საკვებით დაპურება, რაც, ცხადია, ხარჯთანაა დაკავშირებული.
ჩვენს ბიზნესს სახელი ჩემმა შვილიშვილმა დაარქვა, რომელიც ჩემს ამოყვანილ ყველს ბებოს ყველს ეძახდა. დღეს უკვე უამრავი მომხმარებელი გვყავს, ერთ კმაყოფილ კლიენტს სამი ახალი მომხმარებელი მოჰყავს. ორი წლის წინ შევიძინეთ ევროპიდან შემოყვანილი ჯიშები: ჰოლშტაინი, შვიცი, შვიცბრაუნი, რამაც გაცილებით გაზარდა რძის რაოდენობა და ხარისხი. 5 სახეობის ყველს ვამზადებთ. ყველი გემრიელი რომ იყოს, საჭიროა მაღალი ხარისხის რძე, რისთვისაც სათანადო პირობებს ვუქმნით მეწველ ფურებს. მომავალში წარმოების გაფართოებასაც ვგეგმავთ.
- რა იყო და რა არის ყველაზე რთული?
- ნებისმიერ საქმიანობას ახლავს სირთულეები, რომლის დაძლევის გარეშე წინ ვერ წახვალ. ზოგჯერ ისე არ მიდის ყველაფერი, როგორც ვგეგმავთ, მაგრამ მომავლის იმედითა და ერთმანეთის გვერდში დგომით წინ მივიწევთ. პროდუქტიული საქონლის შეძენის შემდეგ დაგვჭირდა ღია სადგომის აშენება, რადგან პირუტყვი სიცხეს ვერ იტანს, სტრესს იღებს, რის შედეგადაც რძე გემოვან თვისებებს კარგავს. შარშან ზაფხულს ღია სადგომის აშენება შევძელით. ახლა ვგეგმავთ საკვების შემრევის შეძენას, რომელიც საკმაოდ ძვირია. რთულია რძის დამუშავებაც, რაც საჭირო გარემოსა და დანადგარებს მოითხოვს, ეს კი ძალიან ძვირია. საქონელს მუდმივად ვეტექიმი უნდა მეთვალყურეობდეს, რაც ასევე ფინანსებთანაა დაკავშირებული. ამიტომ ჩვენი შემოსავლის 80% ჩვენივე ფურების მოვლას ხმარდება.