300-ზე მეტ გატაცებულ მიგრანტს თირკმელების ამოჭრით დაემუქრნენ - BBC-ის სკანდალური გამოძიების უმძიმესი დეტალები
ბრიტანეთისკენ მიმავალი 300-ზე მეტი ახალგაზრდა, რომლებიც ერაყის ქურთისტანიდან უკეთესი ცხოვრების საძიებლად გაემგზავრნენ, ლიბიაში მოქმედმა დაჯგუფებამ ტყვედ ჩაიგდო. გამტაცებლები თითოეული ოჯახისგან გამოსასყიდის სახით 5 000 დოლარს ითხოვდნენ, დაგვიანების შემთხვევაში კი ტყვეებს ორგანოების იძულებითი ამოკვეთით ემუქრებოდნენ.
BBC-ი სკანდალური გამოძიების უმძიმეს დეტალებს ასაჯაროებს.

გასულ ზაფხულს, დიდი ბრიტანეთისკენ მიმავალი მიგრანტების ჯგუფი ლიბიაში შეიარაღებულმა დაჯგუფებამ დაატყვევა. მიზეზი ადამიანებით მოვაჭრეებსა და ადგილობრივ მებრძოლებს შორის ფინანსური დავა გახდა. გამტაცებლები ოჯახებს აიძულებდნენ გადაეხადათ თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში აფრთხილებდნენ, რომ გადახდა “თირკმლით“ მოხდებოდა.
სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა შემზარავი კადრები, სადაც ჩანს, როგორ აფრთხილებენ ახალგაზრდა მამაკაცს, რომ მას ექიმთან თირკმლის ამოსაჭრელად მიიყვანენ. ადგილზე ჩასულმა ჟურნალისტებმა ნახეს ფოტომასალა, სადაც ტყვეებს სხეულზე ახალი ოპერაციის კვალი ეტყობათ, რაც აჩენს ეჭვს, რომ ორგანოების იძულებითი ამოღება ზოგიერთ შემთხვევაში მართლაც განხორციელდა.
“მზის შუქი 6 თვე არ გვინახავს... “გადარჩენილი ტყვეები ჰყვებიან იმ საშინელებაზე, რაც მათ ლიბიის საიდუმლო ციხეებში გადახდათ: ერთ პატარა საკანში 180-მდე ადამიანი იმყოფებოდა, რის გამოც მათ მჯდომარე მდგომარეობაში ეძინათ.
- საკვებად დღეში მხოლოდ ერთ ნაჭერ პურს აძლევდნენ და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი დამატებით ფულს გადაიხდიდა.
- დაფიქსირებულია წამების ფაქტები, მათ შორის ფეხების დაწვა.
- მთელი საკნისთვის მხოლოდ ერთი საპირფარეშო არსებობდა, ვინც იქ დიდხანს დაყოვნდებოდა, მებრძოლები სასტიკად უსწორდებოდნენ.