ქართულ-ამერიკული "გადატვირთვის" დილემა: რას ითხოვს ვაშინგტონი თბილისისგან?! - ლევან ლორთქიფანიძის ანალიზი - კვირის პალიტრა

ქართულ-ამერიკული "გადატვირთვის" დილემა: რას ითხოვს ვაშინგტონი თბილისისგან?! - ლევან ლორთქიფანიძის ანალიზი

საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობის შესაძლო გადატვირთვაზე, პოლიტიკურ წინა პირობებზე, რომლებიც ქართულ-ამერიკული ურთიერთობის ახალ ეტაპს უნდა უძღოდეს წინ, ასევე იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება აისახოს ეს პროცესი ქვეყნის შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაზე, რამდენად არის მზად ოპოზიციური სპექტრი ახალი მოცემულობისთვის და როგორია მათი რესურსი, ამის შესახებ პოლიტოლოგი ლევან­ ლორთქიფანიძე გვესაუბრება.

- ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, საქართველოსთან ურთიერთობის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ორ შემთხვევაში: პირველი - თუ საქართველოში შემცირდება "მავნე პოლიტიკური გავლენები", და მეორე - თუ ქვეყანაში დაიწყება ისეთი პოლიტიკური პროცესები, სადაც ოპოზიცია რეალურად ჩაერთვება პოლი­ტიკურ ცხოვრებაში.

"მავნე პოლიტიკურ გავლენებში" იგულისხმება ჩინეთის, რუსეთისა და ირანის როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური გავლენის შემცირება საქართველოში. ამიტომაც იბადება კითხვა, რამდენად შეუძლია "ქართულ ოცნებას" ამ გავლენების შემცირება? ჩინეთთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა უკვე ოფიციალურად არის გაფორმებული, ირანთან კი ხელისუფლებას ინტენსიური ურთიერთობა აქვს. რთულად წარმოსადგენია, რომ "ქართული ოცნება" მიმართულებას ფუნდამენტურად შეცვლის, იქნება ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობის გადახედვა, ირანისგან დისტანცირება თუ რუსეთთან საგარეო პოლიტიკის შეცვლა. შესაბამისად, გადატვირთვის პირველი კრიტერიუმის შესრულება ძალზე სათუოა...

ირაკლი კობახიძის განცხადების ყველაზე მწვავე ნაწილი არის შეფასება, რომ ურთიერთობის გაუარესებაზე პასუხისმგებლობა ასი პროცენტით ეკისრება შეერთებულ შტატებს, რაც მიუთითებს, რომ ქართული მხარე საკუთარ პასუხისმგებლობას არ აღიარებს. ამერიკელების დასმულ მეორე საკითხზე, რომელიც პოლიტიკურ პროცესებში ოპოზიციის ჩართულობას ეხება, იკვეთება პოზიცია, რომ ოპოზიციის პარლამენტში დაბრუნება ამ ეტაპზე რეალისტურ სცენარად აღარ განიხილება და ყურადღება შესაძლოა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გადაერთოს - იმგვარი პირობების შექმნაზე, სადაც ოპოზიციურ პარტიებს ექნებათ არჩევნებში მონაწილეობის ინტერესი და მოტივაცია. ამ კონტექსტში იგულისხმება, რომ მოთხოვნა შეეხება გარკვეულ კომპრომისებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების შესახებ, ისეთი პირობების შექმნას, სადაც პოლიტიკური პარტიებისთვის მინიმუმ ელემენტარული თანასწორობის განცდა მაინც იქნება უზრუნველყოფილი. თუმცა კობახიძის განცხადებები აჩენს სკეპტიციზმს, მზად არის თუ არა "ქართული ოცნება" ამ ტიპის ცვლილებებისთვის და საარჩევნო გარემოს გადახედვისთვის. ამავე დროს, გამოითქმის მოსაზრება, რომ თუ არ იარსებებს შიდაპოლიტიკური წინააღმდეგობა და მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტი, შესაძლებელია ვაშინგტონსა და თბილისს შორის გარკვეული ტიპის შეთანხმებაც შედგეს. ამ არგუმენტის გასამყარებლად პარალელი კეთდება სხვა ქვეყნებთან, მაგალითად, აზერბაიჯანთან, უზბეკეთსა და ტაჯიკეთთან, რომლებთანაც აშშ თანამშრომლობს, მიუხედავად განსხვავებული დემოკრატიული სტანდარტებისა. თუმცა ამასთანავე ხაზგასმულია მნიშვნელოვანი განსხვავება საქართველოს შემთხვევაში: არსებული შეფასებით, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და შიდა წინააღმდეგობა განაპირობებს, რომ საქართველო ჯერ კიდევ სხვა კატეგორიაში აღიქმება და სწორედ ეს ფაქტორი ქმნის ბარიერს მის ისეთი "ავტორიტარული მოდელების" მსგავს ჩარჩოში მოთავსებისთვის, როგორიცაა ბელარუსი, ყაზახეთი ან აზერბაიჯანი. ამ ლოგიკით საბოლოო დასკვნად გამოიკვეთება, რომ ე.წ. გადატვირთვის პროცესზე საუბარი ამ ეტაპზე უფრო პოლიტიკური ილუზიის შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე რეალისტური და მოკლევადიანი სცენარისას.

- ასეთ მოცემულობაში, როგორ ხედავთ ოპოზიციის პასუხისმგებლობას?

- ოპოზიციას თავისი ხედვები უკვე გააცნო სახელმწიფო დეპარტამენტმა, თუმცა ისედაც ჩანს, რომ საქართველოში ბოიკოტის ტაქტიკა, რომელიც 2020, 2024 და 2025 წლებში გამოიყენეს, შედეგს არ იძლევა. გონიერი პოლიტიკური ძალა ამას რეკომენდაციის გარეშეც უნდა ხვდებოდეს. ოპოზიციამ უნდა ჩამოაყალიბოს კონკრეტული მოთხოვნები საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაზე და პარალელურად იმუშაოს ამომრჩევლის ფართო მობილიზაციაზე. ხელისუფლება იდეალურ სისტემას არ შექმნის, მაგრამ გარკვეული გაუმჯობესების მიღწევა შესაძლებელია. საბოლოოდ მთავარი ამოცანა არჩევნებზე კონცენტრირება და უფრო ძლიერი მობილიზაციაა, რასაც ოპოზიცია დღეს აშკარად ვერ ახერხებს.

- ოპოზიციას ნდობის სერიოზული პრობლემაც აქვს, მით უმეტეს მაშინ, როცა ლიდერებს შორის დაპირისპირებაა და სააკაშვილისა და მელიას ურთიერთბრალდებებს ვისმენთ. როგორ აისახება ეს ამომრჩევლის განწყობაზე?

- ოპოზიციურ ალიანსში შემავალი პარტიების ლიდერებს, რომლებიც უკვე ათწლეულებია ქართულ პოლიტიკურ ველზე არიან, არ გააჩნიათ იმ რაოდენობის ამომრჩევლის მობილიზების რესურსი, რომ ივანიშვილის გავლენა დაასუსტონ ან დაამარცხონ, შესაბამისად, აუცილებელია ახალი ძალების გამოჩენა, რომლებიც შეძლებენ ბევრად უფრო ფართო ელექტორატის გააქტიურებას. მხოლოდ სააკაშვილი, მელია და გვარამია ამ კრიტიკული მასის მობილიზებას ვერ ახერხებენ. ამასთან, სამარცხვინოა, "ოპოზიციური ალიანსი" ერთიანობისა და ერთიანი ბრძოლის დეკლარირების პარალელურად ყოველდღიურად ერთმანეთის საჯარო ლანძღვა-გინებით რომ არის დაკავებული, რაც ოპოზიციურად განწყობილ ელექტორატს ძალიან აბნევს. მათ ვეღარ გაუგიათ, რა ფორმაციასთან გვაქვს საქმე - ერთობასთან თუ ერთმანეთთან დაპირისპირებულ პოლიტიკურ ჯგუფებთან.

წაიკითხე ვრცლად