"ბავშვობაში არ ვიყავი მთლად დალაგებული" - კვირის პალიტრა

"ბავშვობაში არ ვიყავი მთლად დალაგებული"

გთავაზობთ ინტერვიუს "კვირის პალიტრის" არქივიდან

"ბავშვობაში არ ვიყავი მთლად დალაგებული"

რეპეტიციაა. პარტერში, პირველ რიგში გოგი ქავთარაძე ზის. სცენაზე არაჩვეულებრივი მსახიობები დგანან: ზურა ყიფშიძე, მზია არაბული, გიორგი ნაკაშიძე, გია აბესალაშვილი... ჩემთვის უსაზღვროდ საინტერესოა მათი ყურება, მაგრამ ცნობისმოყვარეობა მაიძულებს, სცენას თვალი მოვწყვიტო და პარტერში მჯდომ რეჟისორს დავაკვირდე. გოგი ქავთარაძეს სახეზე ყველა გმირის ემოცია ეტყობა. ცმუკავს. ხან ისეთ მიმიკას იღებს, რომ სცენისაკენ გახედვა არც გჭირდება - იქ რაც ხდება, ყველაფერი აქაც ვითარდება - ამ ერთი კაცის სულსა და გულში. ცნობილი რეჟისორი, რომელიც ცნობილი მსახიობიცაა, იმდენადაა რეალობიდან სპექტაკლის ცხოვრებაში გადართული, რომ ვფიქრობ: ჩემთან სასაუბრო განწყობა რეპეტიციის შემდეგ ალბათ არ ექნება, ისევ სპექტაკლზე გააგრძელებს ფიქრს-მეთქი. მაგრამ რეპეტიცია მთავრდება და იწყება კიდევ ერთი ძალიან საინტერესო რამ - მოგონებები ცხოვრებაზე, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება სცენაზე გათამაშებულს... ბატონი გოგი აქაც სულითა და გულით "გადაეშვა"...

ჩემი გარიჟრაჟი

1942 წელს მამაჩემი ჯარში წაიყვანეს. მაშინ 2 წლის ვიყავი. რომ ვამბობ, არავის სჯერა: მახსოვს, როგორ მიდიოდა. მხარზე რაღაც ეკიდა. მაკოცა. მე წავეპოტინე. ფორმა ეცვა... ზუსტად ასე იყოო, დედა მეუბნებოდა, მაგრამ მაინც უჭირდა დაჯერება, რომ ეს სურათი მეხსიერებაში მქონდა ჩარჩენილი.

ჩემს დაზე 8 წლით უფროსი ვარ. ის მამაჩემის ფრონტიდან დაბრუნების მერე გაჩნდა, მე მამის სეხნია ვარ. დედას ქეთევანი ერქვა, ჩემი დაც ქეთევანია. რეზო ესაძე მეუბნებოდა: რა უფანტაზიო ხალხი ყოფილა შენი მშობლები, სხვა სახელები ვერ მოიფიქრესო?!

თბილისის მე-19 საშუალო სკოლაში მიმიყვანეს. მაშინ ბიჭები ცალკე ვსწავლობდით, გოგონები - ცალკე. მერე შეგვაერთეს და მეც ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე სკოლაში გადავედი.

ერთხელ, მაშინ მეექვსე კლასში ვიყავი, შინიდან მოვიპარე მიხეილ ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნები". აკრძალული წიგნი იყო. მასწავლებელმა დამინახა, წამართვა და მერე მშობლები დაიბარა. ეს ძალიან საშიში იყო, მით უმეტეს, რომ ტყვეობაში ნამყოფი მამა ყოველ წუთს ელოდა გადასახლებას... იმჯერად გადარჩა... მამა მწერალი და მთარგმნელი იყო. მახსოვს მწერალთა კავშირში გადაღებული ერთი ფოტო. რამდენიმე კაცს სახე ჰქონდა ამოფხეკილი - ისინი რეპრესირებული იყვნენ...

ზაფხულობით სოფელში ჩავდიოდი (ზესტაფონის რაიონის სოფელი ცხრაწყარო), ვცელქობდი, არ ვიყავი მთლად დალაგებული ბავშვი.

დედაჩემის მამა, დავით ბარბაქაძე, მნათე იყო. ეკლესიაში დავყავდი ქუთაისში. მახსოვს ის სუნი, ეკლესიაში რომ იდგა. რომ წამოვიზარდე, მერეც დავდიოდი ეკლესიაში, ხანდახან მორიგეები რომ გამომიჭერდნენ, ვიტყოდი: სპექტაკლისთვის მჭირდება და იმიტომ ვესწრები წირვას-მეთქი.

ძალიან მოუსვენარი და ფანტაზიორიც გახლდით, მაგრამ ძნელი გასაზრდელი არ ვყოფილვარ. ხანდახან დედა სამსახურიდან რომ მოვიდოდა, იატაკს მოპრიალებულს დავახვედრებდი.

თბილისში კამოს ქუჩაზე ვცხოვრობდი. სულ ქუჩისკენ მიმიწევდა გული, ქუჩაში მყავდა ახლობლები.

15 წლისაც არ ვიყავი, მამამ ჯიბეში სიგარეტი მიპოვა. მშვიდად მითხრა, - ეს არ ვარგაო. ნელ-ნელა გადავაგდე სიგარეტი.

კარგად მახსოვს, პირველად რომ გამოვთვერი. სასადილოში შევედით, კატლეტები ვჭამეთ და დავლიეთ. მერე ჩემმა მეგობარმა, ჯემალ იმნაძემ მიმიყვანა თავის სახლში. დამაწვინა. ყველაფერი ტრიალებდა. მამამისის სიტყვები მახსოვს: ქათამმა უთხრა კვერცხსაო, ასე ვიყავი მეცაო...

მარჯანიშვილის თეატრთან ახლოს ვცხოვრობდი და ეს თეატრი ჩემი სახლივით იყო...

ჩემი დილა

თეატრის გარდა არც არაფერზე მიოცნებია...

სკოლაში დრამწრე გვქონდა. ჩვენი ხელმძღვანელი იყო რეზო ესაძე - იმავდროულად ჩვენი ფიზიკისა და ასტრონომიის მასწავლებელი.

ჩემზე რეზო ესაძემ დიდი გავლენა მოახდინა. შემდეგში, უკვე მოწიფულობაში, ასევე დიდი გავლენა ჰქონდა რობერტ სტურუას.

სკოლა რომ დავამთავრე, მოსკოვში წავედი. სხვათა შორის, მოსკოვში იმ წელს ვგიკ-ში აბარებდა რეზო ესაძეც - გამოცდების ნახვა ჰქონდა დაგეგმილი, მერე მოვემზადებიო. ბედად, მიხეილ რომმა შეამჩნია და ჩაირიცხა. ეს დიდი სიხარული იყო. მე კი სტაჟი არ მქონდა და გამოცდებზე გასვლის უფლება არ მომცეს.

ჩამოვედი და მარჯანიშვილის თეატრში დავიწყე მუშაობა სცენის თანამშრომლად. ეს ნიშნავს მასობრივ სცენებში დამხმარე შემადგენლობაში ყოფნას. ბედნიერი ვიყავი, ვუყურებდი მარჯანიშვილის თეატრის კორიფეებს. შალვა ღამბაშიძის გარდა, ყველას მოვესწარი. რეჟისორობაზე ვოცნებობდი, ამიტომ საკუთარი ინიციატივით გავხდი რეჟისორის თანაშემწის თანაშემწე. ვიჯექი და ვიწერდი ყველაფერს.

ერთ მშვენიერ დღეს, მაშინაც, როგორც ყოველთვის, თეატრს უჭირდა, დირექტორი კი აკაკი დვალიშვილი იყო. გამოაკრეს განცხადება: ყველა შტატგარეშე თანამშრომელი და შტატიან სცენის თანამშრომელთა ნაწილი გათავისუფლებულია თეატრიდანო. მე შტატგარეშე ვიყავი, ამდენად, კითხვაც არ მჭირდებოდა, ვიცოდი, გათავისუფლებული ვიყავი. ეს დიდი ტრაგედია იყო ჩემთვის.

რამდენიმე დღის მერე ქუჩაში შემხვდა აწ განსვენებული ბონდო გოგინავა, - თეატრში რატომ არ მოდიხარო... გათავისუფლებული ვარ-მეთქი. შედი და ბრძანება წაიკითხეო. მივედი. გამოკრულია: სცენის შტატგარეშე თანამშრომელი გიორგი ქავთარაძე ჩარიცხულ იქნას შტატში სცენის თანამშრომლად და დაევალოს რეჟისორის თანაშემწის ფუნქციაცო. ამაზე დიდად სასიხარულო ჩემს ცხოვრებაში მერე არაფერი მომხდარა.

განაგრძეთ კითხვა