რატომ შეიძინა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 100 მილიონი დოლარის ოქროს ზოდები?!
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, სებ-მა საერთაშორისო რეზერვებისთვის დამატებით 100 მლნ აშშ დოლარის ღირებულების უმაღლესი სინჯის (999.9) LBMA სტანდარტის ოქროს ზოდები შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მიმდინარე შესყიდვის შედეგად, მონეტარული ოქროს წილი საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებში 15.5%-ს მიაღწევს.
„აღსანიშნავია საერთაშორისო რეზერვების ზრდის ტრენდი, რის შედეგადაც რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს - 7.0 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო მათი მოცულობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეზერვების ადეკვატურობის (ARA) მაჩვენებლის 114.8%-ს შეადგენს.
აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების მართვის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილს და მიზნად ისახავს სარეზერვო აქტივების შემდგომ დივერსიფიკაციას, რეზერვების მდგრადობის გაუმჯობესებასა და მათი ინფლაციური რისკებისაგან დაცვას. მონეტარული ოქრო მსოფლიოს ცენტრალური ბანკების მიერ ფართოდ აღიარებული სარეზერვო აქტივია, რომელიც ხელს უწყობს პორტფელის გეოპოლიტიკური რისკების მიმართ მდგრადობის გაზრდასა და რისკების შემცირებას.
ეროვნული ბანკი მომავალშიც განაგრძობს საერთაშორისო რეზერვების მართვას უსაფრთხოების, ლიკვიდურობისა და მომგებიანობის პრინციპების დაცვით. საერთაშორისო რეზერვების ზრდის პარალელურად, სებ-ი კვლავ განიხილავს დივერსიფიკაციის შესაძლებლობებს და გადაწყვეტილებებს მიიღებს გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნებისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ძლიერმა მაკროეკონომიკურმა ფუნდამენტურმა ფაქტორებმა მისცა ეროვნულ ბანკს შესაძლებლობა 2025 წელს მნიშვნელოვნად შეევსო საერთაშორისო რეზერვები. კერძოდ, გასულ წელს სებ-მა 2.4 მლრდ დოლარი შეისყიდა და რეზერვები წლის ბოლოსათვის 6.16 მლრდ დოლარამდე, ხოლო 2026 წლის თებერვალში ისტორიულად მაღალ მაჩვენებლამდე, 6.65 მლრდ-მდე გაზარდა.
"ინტერპრესნიუსი"