“საყვარელი ადამიანების დაკარგვის შიში ყველას აქვს, მაგრამ მე ამ შიშს თვალებში ჩავხედე” - რას ჰყვება და იხსენებს ანა ჯავახიშვილი პირად ცხოვრებაზე? - კვირის პალიტრა

“საყვარელი ადამიანების დაკარგვის შიში ყველას აქვს, მაგრამ მე ამ შიშს თვალებში ჩავხედე” - რას ჰყვება და იხსენებს ანა ჯავახიშვილი პირად ცხოვრებაზე?

ანა ჯავახიშვილის "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის ანა ჯავახიშვილი?

ანა ჯავახიშვილი: ემოციური ადამიანი.

– როგორია შენთვის საოცნებო ცხოვრება?

– რთულია თქმა, მაგრამ ალბათ, რაც არ გვაქვს, ის გვგონია საოცნებო. რეალურად, ხუთი წლის ანასთვის რომ მეკითხა, როგორი იყო მისი საოცნებო ცხოვრება, იმ ცხოვრებას აღწერდა, რომელიც დღეს მაქვს. ჩემი ყოველდღიურობა სრულიად მაკმაყოფილებს და ვფიქრობ, რომ ზუსტად ეს არის საოცნებო.

მაქვს ოჯახი, მყავს მეუღლე, რომელიც მიყვარს და რომელსაც ვუყვარვარ, ვაკეთებ საქმეს, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. ჰიპოთეტურ ოცნებებზე ფიქრი, მგონია, რომ არ უხდება ჩვენს მენტალურ მდგომარეობას. მილიონი რომ მქონდეს, იახტა და ასე შემდეგ – ასეთი აზრებით არ ვიღლი თავს.

– რამდენად ემოციური ადამიანი ხარ და გულჩვილობაც თუ გახასიათებს?

– გულისამაჩუყებელ ფილმს თუ ვუყურებ, ძალიან გულჩვილი ვარ, ცხოვრებაში – იშვიათად.

რაც შეეხება ემოციურობას, როგორც დასაწყისშივე აღვნიშნე, ძალიან ემოციური ვარ. ზედმეტად განვიცდი, ზედმეტად მიხარია, ძალიან ბევრს ვფიქრობ ისეთ საკითხებზე, რაზეც არ არის საჭირო ამდენი ფიქრი. სპექტაკლი რომ მეწყება, ძალიან ვნერვიულობ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სამი წელი ვთამაშობდე სპექტაკლს, დასაწყისში მაინც გული ამომივარდება ხოლმე, ხელისგულები მიოფლიანდება და პირი მიშრება. სულ მგონია, დრო რომ გავა, ასე აღარ ვიქნები, მაგრამ უკვე საკმარისი დრო გავიდა და არაფერი შეცვლილა.

– როდის იტირე ბედნიერებისა და ტკივილით გამოწვეული ცრემლებით?

– მგონია, რომ ყველას ცხოვრებაში არაერთხელ ყოფილა ასეთი მომენტი. მახსოვს, როდის ვიტირე ბედნიერების ცრემლებით, მაგრამ მტკივნეულ მომენტებს რაც შეეხება, სამწუხაროდ, ცხოვრებაში ძალიან ბევრჯერ ყოფილა.

ბედნიერებისგან წამომივიდა ცრემლი, როცა გავიგე, რომ ჩვენი ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კანის კინოფესტივალზე გადიოდა. მახსოვს, მაშინ სიხარულისგან ისე ვიკივლე, შიშისგან კატა დაიმალა და ორი დღე არ გამოსულა სამალავიდან (იცინის).

– წარსულიდან რას მიიჩნევ შენს მცდარ ნაბიჯად?

– არცერთი ჩემი ნაბიჯი არ მინანია და არ მიფიქრია, რომ მცდარია, მაგრამ ალბათ, 18-19 წლის ასაკში რომ წავსულიყავი უცხოეთში სასწავლებლად, კარგი იქნებოდა. ამ დროს კარგად გამოვიყენებდი. არც იმას ვნანობ, რომ აქ დავრჩი და თეატრალურში ვისწავლე, მაგრამ რადგან შემეძლო წასვლა და გარკვეული მიზეზების გამო ვერ ან არ წავედი, ცოტა გულდასაწყვეტია. ვრცლად